"ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანს იხსენებოდე"
23-01-2012
"ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანს იხსენებოდე"
ძველი ფოტოა, გაცრეცილი, ალბათ მალვა-მალვაში დაღლილი. დიდხანს ვერ გამოაჩენდნენ, რადგან ამ ფოტოზე რომ მოხდენილი ვაჟკაცი ჩანს, მიხა ხელაშვილია, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მტრად შერაცხილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. "ჩოლოყაშვილი რომ ვნახე, უცხო რამ სანახავია, / ვუამბე მთების ამბავი: - მტერმ წაგვიხდინა ფშავია, / დღემდე მარტოკა ვიბრძოდი, მტერთან არ შავკარ ზავია, / სამშობლოს უნდა შავსწირო სიცოცხლე, ჩემი თავია", - წერს ხელაშვილი. თავი არც დაუზოგავს...
ფოტოსი არ იყოს, მისი განვლილი ცხოვრებაც დიდხანს იყო დამალული,
რადგან მიხა ხელაშვილის თანაგრძნობა კი არა, ხსენებაც სასჯელის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ის კი სამშობლოს შეჰხაროდა და მისთვის იხარჯებოდა: "საქართველოსა შევხარი და მისთვის შეფიცულებსა", - წერდა.

იანვრის თვეში შეუძლებელია არ გავიხსენოთ მიხა
ხელაშვილი, რადგან 25 იანვარს დაბადებული, სწორედ 25 იანვარს მოკლეს მუხთლობით. 1925 წელი იდგა... მიხა ხელაშვილი სულ 25 წლისა იყო...
გიგი ხორნაულის წიგნში, "მიხა ხელაშვილი", მისი ბოლო დღე დაწვრილებითაა აღწერილი: "ყინვისაგან შეწუხებული მიხა დილითვე შეპარულა ძმობილის - ლუკა მარცვალაშვილის სახლში. მას და მიხას ფიც-ვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად "გახარებია" მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე: - ლუკავ, გატყობ, ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო! ლუკას ძალიან შეუცხადებია, დამჯდარა და ტირილი დაუწყია: - მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არ გჯერაო. ხელაშვილს დაუმშვიდებია. მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, რაღაცას მაინც ამჩნევდა და თავისი სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია: როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო. "შენთხვევით" მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ძალიან "გაიხარა" მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას, - შემცივნებული იქნებიო. ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ დაბრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ კომკავშირელები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ... ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა. ზოგის თქმით, ლევანს ხელი აუკანკალდა ბოლო წამს და იქვე მყოფმა კაცის კვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას სიკვდილი იმ დღეს დამალეს, მეორე დღეს მაღაროსკარიდან მილიცია ამოიყვანეს, ყასიდად ატყდა ბრძოლა და ვითომ მაშინ დაიღუპა მიხა ხელაშვილი"...

იანვრის სუსხიან დღეს შინ ვეწვიე მწერალ გიგი ხორნაულს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 75 წელი შეუსრულდა და ვაჟა-ფშაველას პრემიაც მიენიჭა. აბა, სხვა რაზე ვისაუბრებდით, თუ არა მიხა ხელაშვილზე... ადრეც რომ ასე ყოფილიყო, ასე თავისუფლად რომ შესძლებოდათ მასზე საუბარი, ვინ იცის, რამდენი ამბავი დარჩებოდა ისტორიას, რამდენი ლექსი - მის შემოქმედებას. ყველაფერი ნადგურდებოდა, რადგან შიში იყო, დიდი, დაუძლეველი შიში:

- პანკისში ვიყავი საღვთო სუფრაზე თამადად 70-იან წლებში, - ახსენდება მწერალს, - მეორე დღეს, როცა სუფრა ისევ გაიშალა, ვთხოვე, ვინმე დამდგარიყო თამადად. არავინ ისურვა - კარგად ითამადე გუშინ და გააგრძელეო... მაშინ გუშინდელ სადღეგრძელოებს არ გავიმეორებ-მეთქი... ავიღე სასმისი და დავლიე მიხა ხელაშვილისა და მისი თანამებრძოლების მოსაგონარი. ამაში ვერკვეოდი მამაჩემის გამო. ამათ კი ეგონათ, როგორც საბჭოთა სახელმწიფო არწმუნებდა ხალხს, ქაქუცა ბანდის მეთაური იყო, ხელაშვილი და სხვები - ყაჩაღები. უცებ შეთხელდა ხალხი სუფრასთან. 80-იან წლებში მოსაკითხით ჩამოვიდნენ ჩემთან პანკისიდან, ღვინოც მოიტანეს, სხვა სანოვაგეც. მითხრეს: გიგი, მაშინდელი უნდა გვაპატიო, ხელაშვილის სადღეგრძელოს მერე გვეგონა, იმ საღამოს შენც დაგიჭერდნენ და ჩვენც, ამიტომ გაგერიდეთო...

1973 წელს დავიწყე ფშავის ტოპონიმიის აღწერა. ჩარგალში მითხრეს, რა გინდა აფხუშოში, ყველანი აქ არიან ჩამოსულები, იქ  ერთი ბებერიღა არის, ისიც ალბათ გადაჟამყრუებულიო... თუკი ერთი ბებერი მაინც არის, უნდა ავიდე-მეთქი. ავედი. ჟამიაშვილის ბებერს ეძახდნენ... არავინ მითხრა, რომ ეს ქალი - სალომე, მიხა ხელაშვილის და იყო, სწორედ ის, ვინც ძმა გადმოასვენა დუშეთიდან თავისი ვაჟკაცობის წყალობით... ღამით ხევსურ ჭინჭარაულთან ერთად მოიპარა ცხედარი... დაჭრეს, დაანაწევრეს ფშაური წესით, ხურჯინებში ჩააწყვეს. დღე იმალებოდნენ ხევებში და ღამღამობით მიჰქონდათ ფშავისკენ...

- ცხედრის დანაწევრება ფშაური წესითო, ამბობთ... ეს რა წესი იყო?
- სადმე რომ კვდებოდა ფშაველი, იქ არ დამარხავდნენ, ასე დაანაწევრებდნენ და გადაასვენებდნენ ფშავში. ამ წესზე ვაჟასაც აქვს დაწერილი. სალომე ხელაშვილი თავისი გამბედაობით, სიმამაცით ვაჟკაცებს არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც შეძლო ამ მისიის ასრულება, ძმის გადასვენება ფშავში. რა სამწუხაროა, რომ მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო. არავინ მითხრა, მიხა ხელაშვილის დააო... ვინაობა მკითხა. ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. გადამეხვია. მიმასპინძლა. ვუთხარი, ბოწახში უნდა გადავიდე, ტყით დიდი გზა მაქვს გასავლელი და რომ არ დამიღამდეს, უნდა წავიდე-მეთქი. მთხოვა: შვილო, მარტო ბებერი ვარ აქ, დარჩი ამაღამ, ხინკალს გავაკეთებ, ამაძრახებ, ხმას გამცემო... დავრჩი. რაღა არ ჩამაწერინა: ლექსები, კაფია... რა ვიცოდი, ვინ იყო, თორემ ვკითხავდი ძმაზე... მერეღა მითხრეს, როცა უკვე თელავში გადაიყვანა შვილმა. იქ გარდაიცვალა... ვინ იცის, როგორ ელოდა, რომ რამეს ვკითხავდი მიხაზე... რაკი არ ვკითხე, იფიქრა: ამასაც ეშინიაო და აღარაფერი მითხრა. ეს ამბავი სანანებლად მაქვს დღემდე. თითქოს დანაშაული ჩავიდინე...

აფხუშოში, სალომესთან დედამისი იყო შეფარებული ერთხანს თურმე... ერთხელ უკვე აწიოკებული მიხას ოჯახი აფხუშოში იყო გახიზნული და-სიძესთან. მიხამ მთა-მთა და ტყე-ტყე სირბილით მიაღწია, გააფრთხილა ოჯახი, რომ დამალულიყვნენ. მეორე დღეს ტყიდან უცქერდნენ, როგორ არბევდა მილიცია მათ სახლ-კარს. გამოიტანეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა. საქონელი გარეკეს. რამდენ ხანს გაძლებდნენ ტყეში? მილიციას და კომკავშირელებს ჩარგლის ყველა გზა ჰქონიათ შეკრული. ხელაშვილის დედას აუკიდებია სახედრისთვის ახლობლებისათვის მისაბარებელი შერჩეული ნივთები, ტანსაცმელი. ხოდასთან ახლოს დაუჭერიათ და წამებაში შემოჰკვდომიათ, გვითხარი, სად არის შენი ყაჩაღი შვილიო...  "სადრარა ვიყავ, დედაო, როცა შენ გაგიჭირდაო, / დაგკრავდენ, დაიკვნესებდი, დაინატრებდი შვილსაო, / ხელშიით გლეჯდენ სუდარსა ჯაგებში გადაჩრილსაო. / დედა მომიკლეს ფშავლებმა სამოც-ოთხმოცი წლისაო.../ მტერიც არ შამხვდა მტრისფერი, ვარ უბედურის დღისაო", - წერს მიხა.  ვერ ბედავდნენ ჩარგლელნი მიხას დედის დასაფლავებას. მიხამ გააბედვინა. ტყიდან დაუნახავს, საფიხვნოს ყოფილან რაღაცაზე შეკრებილნი. მივარდნილა ორივე ხელში იარაღშემართული, - დედა მომიკალით და დამარხვა არ გინდათო? დამარხეთ, როგორც წესია, თორემ განანებთო! მერე კოჭუკუღმა წასულა, აუფარებია მურყნიანი. ჩარგლელებს ყველა წესი დაუყენებიათ მიხას დედისათვის და საფლავიც ეკლესიასთან გაუთხრიათ... საფლავში დედის ჩასვენების წინ მოსულა მიხა, დედა დაუტირებია და ისე მძიმედ წასულა, - ვაითუ ვინმემ გაბედოს და ზურგში მაინც მესროლოსო. უთქვამს კიდეც ვიღაცას, - ვესროლოთო. სხვა გასჯავრებია... არ უსვრიათ.

- თქვენ მაინც ზუსტად გაარკვიეთ და ჩაიწერეთ ბევრი ამბავი, რომელიც მიხა ხელაშვილს ეხებოდა... მისი ლექსებიც აღმოაჩინეთ...
- მამაჩემის არქივში ახლაც მიაგნო ჩემმა მეუღლემ მიხა ხელაშვილის ახალ ლექსებს. მიხას ხელმოწერილი, მისი ხელნაწერია. მინდა ხელახალ გამოცემაში ეს ლექსები შევიტანო... სამწუხაროა, რომ ხელაშვილის ბევრი ლექსი განადგურებულია. პანკისში, სადაც ქაქუცას რაზმი იდგა ბოლოს, ბევრი ლექსი დაუწერია. იმდენი დაუგროვებია, რომ წაღება გაუჭირდა თურმე და იქვე, თავისი ნათესავის თუ საიმედო მეგობრის, ყაყიდაშვილისთვის მიუბარებია. როცა ხელაშვილი მოაკვლევინეს, დაიწყეს მათი დახვრეტა, ვისაც უმასპინძლია, ან მის ლექსს ინახავდა. ყველა მაღაროსკარში მიჰყავდათ და ხვრეტდნენ. მაგალითად, კარგი ვაჟკაცი ნიკო ხორნაული მარტო იმიტომ დახვრიტეს, რომ ვიღაცას ეთქვა, ქაქუცაზე კარგი თქვაო... ყაყიდაშვილი ამდგარა და მიხას ლექსები ბუხარში შეუყრია. იმის ცოლი გადაშვებულა გადასარჩენად, გამოუხვეტია, რასაც მისწვდა თურმე. ქმარს ჯოხი დაურტყამს: - გინდა, რომ დამიჭირონ და დამხვრიტონო?! გვიან თამარი წავიდა მამის კვალზე, ეძებდა ამბებს მამაზე. მამიდისგან სცოდნია, რომ ლექსები პანკისში უნდა მოეძიებინა. ყაყიდაშვილის ცოლიც უნახავს და იმას უამბნია ეს ამბავი.
თუ მოვახერხე წიგნის გამოცემა, მინდა პავლე ხელაშვილის - მიხას ძმის ლექსებიც შევიტანო. იმისი რვეული აღმოვაჩინე პანკისში. კარგი ლექსებია... ისიც ტყეში იყო გასული ცოტა უფრო გვიან, იქ დაჭლექდა და მთავრობას ჩაჰბარდა. ციმბირში გადაასახლეს და იქ დაიკარგა.

P.S. დიდი ფოლკლორისტის, ვახტანგ კოტეტიშვილის შეგროვებულ მასალაში არის მიხა ხელაშვილის ნათქვამი, უცებ გახალხურებული ლექსი "ლექსო, ამოგთქომ"... სწორედ ის, რომლის ბოლო სტრიქონებიც ასე ხშირად მოგვყავს ხოლმე საუბრისას: "დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა". ბევრმა არც დღეს იცის, რომ ამ ლექსის ავტორი მიხა იყო, ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, ყმაწვილკაცი, თუმცა ლექსის სიბრძნე მის ასაკს დაგავიწყებს:

"ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანამც
იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი
გაჰქვეყნდებოდე,
შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი
აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ
გათხოვდებოდე..."

მურთაზი
28 იანვარი 2012 19:08
მესმის თქვენი გაფრთხილების და შედარებით რბილდ გეტყვით: აქ მოხსენებული გვარები თუ კომკავშირლები დღესაც ჩვენ გვერდში არიან. რამდენი დაგისახელოთ, მიშა თავხელიძე, ზურაბ ჯაფრიძე და ა.შ. მათ ჯანსუჟ ჩარკვიანის მიბაძვით ვეტყოდი:
თავდაჯერებულო ხეპრევ,
გული რატომ გვატკინე,
ჯოზეფ ფუშეს მემკვიდრე ხართ,
თქვენი დედაც ვატირე...
pa-litra
28 იანვარი 2012 16:35
როგორ და ვისი ხელშეწყობით გაიქცა სეირნობის დროს ქაქუცა ციხიდან, თითქმის ყველა ხნოვანმა თელაველმა იცის.
vazha
26 იანვარი 2012 17:35
mTiuli ასიანი ხარ რა .თავისუფლებისთვის იბრძოდა და გაქცეულიყო მერე რა ამით?თავისუფლებისთვის ბრძოლაში ან უნდა მოკვდე ან მიაღწიო საწადეს სხვა ვარიანტი ტყუილია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?