"ოცი წლის წინ უკანასკნელად ვითამაშეთ ჩვენს ქალაქში" - კვირის პალიტრა

"ოცი წლის წინ უკანასკნელად ვითამაშეთ ჩვენს ქალაქში"

ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის ქართულ თეატრს დაარსების 135 და დევნილობის 20 წელი შეუსრულდა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თეატრის ღირსეული ისტორია ღირსეულად გაგრძელდეს"

135 წლის წინ ზაალ და ივანე მაჩაბლების თაოსნობით ცხინვალში სამოყვარულო თეატრი შეიქმნა. რეგიონისთვის ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 1935 წელს, ოსური დასი ცხინვალშიც ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ სპექტაკლები ორივე დასის მსახიობთა მონაწილეობით იდგმებოდა.

ზაალ და ივანე მაჩაბლებს, რა თქმა უნდა, არ უფიქრიათ, რომ თეატრი ოდესმე დევნილობაში აღმოჩნდებოდა, არადა 20 წელია, ცხინვალის თეატრი თბილისში აღმაშენებლის გამზირზე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში მართავს სპექტაკლებს.

90-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის რეგიონში ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

ზაზა თედიაშვილი, ცხინვალის ქართული თეატრის დირექტორი: “"9 აპრილის შემდეგ ოსები ხმამაღლა ალაპარაკდნენ - თუ თქვენ გინდათ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, ჩვენც გვინდა დამოუკიდებლობაო. ამას კი ამბობდნენ, მაგრამ რატომღაც იმაზე არ ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ისტორიული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გვსურდა, მათ კი ჩვენს სამშობლოში უნდოდათ განცალკევება. ორ ხალხს შორის მტრული დამოკიდებულება მანამდე არ ყოფილა, მერე კი ყველაფერი ქართული აიკრძალა,  იდევნებოდა ქართული სიტყვა...

ოსი სეპარატისტებისთვის გამაღიზიანებელი იყო ქართული თეატრის არსებობა. მიუხედავად ურთულესი სიტუაციისა, მაინც დავდგით დავით გაჩეჩილაძის„"ბახტრიონი." სპექტაკლი აწ გარდაცვლილმა ლერი პაქსაშვილმა 1990  წელს დადგა. თეატრის შენობაზე ავის მომასწავებლად ფრიალებდა ოსური დროშა  ნიშნად იმისა, რომ ქართულ სპექტაკლზე ქართველი მაყურებელი არ უნდა მოსულიყო. თეატრი შეიარაღებულმა რაზმმა ალყაში მოაქცია - მცირე პროვოკაციასაც კი შეეძლო აფეთქების გამოწვევა, მაგრამ  მაინც გადავწყვიტეთ, სპექტაკლი  გვეთამაშა.  თეატრის შენობას ხალხი მოაწყდა, სპექტაკლის დასრულებისთანავე მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ყველა მღეროდა "ჩემო კარგო ქვეყანავ"... მაშინ დაპირისპირებას გადავრჩით, მაგრამ ეს იყო ჩვენთვის ბოლო სპექტაკლი. მალე ქალაქი დავტოვეთ და  მას შემდეგ დევნილები ვართ.

2001 წელს ჩვენი მსახიობი   ჯემალ გოჩაშვილი სამოცი წლის გახდა და იუბილეს გადახდა გადავწყვიტეთ. ოს კოლეგებთან დაკავშირებაც ვცადეთ - გვინდოდა, მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღოთ. ცხინვალში დავრეკეთ. მსახიობებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი ხმის გაგონება, მაგრამ  ჩამოსვლაზე უარი გვითხრეს, ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო... სამწუხაროდ, გვიან შევიტყვეთ, რომ ცხინვალიდან ერთადერთი ქალი ჩამოსულა, თეატრის გარდერობის გამგე, ჩუმად შემოსულა დარბაზში. ჩვენი თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა ნახა და გვითხრეს, კედელს ამოფარებული იდგა, თითქოს ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და ჩუმად ტიროდაო.

მანამდე ასლან აბაშიძემ ცხინვალის ოსური თეატრის დასი ორკვირიანი გასტროლით მიიწვია ბათუმში. სამი თუ ოთხი სპექტაკლი ჩაიტანეს. მსახიობები დაასაჩუქრა, 500-500 დოლარი გადასცა, კარგად უმასპინძლა და გაისტუმრა. ვიცოდი, რომ თეატრის მიწვევას აპირებდა, ამიტომაც ვცადე, აბაშიძისთვის ხმა მიმეწვდინა - მივწერე, პარლამენტის დეპუტატები ჯემალ გოგიტიძე და გივი ბოლოთაშვილიც ვინახულე, ვთხოვე, დაგვეხმარეთ, რომ ოსები და ქართველები ერთმანეთს შევხვდეთ-მეთქი. ძალიან კარგი სურვილია, გადავცემთ ბატონ ასლანსო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია.

ახალი სპექტაკლებით გასტროლზე ყოველთვის მივდიოდით  დიდი ლიახვის და ფრონეს ხეობაში,  ბევრჯერ აღმოვჩენილვართ ექსტრემალურ სიტუაციაში. ერთხელ საახალწლო წარმოდგენა მიგვქონდა ხეობაში. ოსმა სეპარატისტებმა დაგვაკავეს, ორი საათი სნაიპერების ალყაში ვიყავით მოქცეული, ვიღაცის ბრძანებას ელოდნენ, როგორ ემოქმედათ.

ხეობაში ბოლოს 2008 წლის 25 ივლისს ვიყავით. ღია ცის ქვეშ, სტადიონზე წარმოვადგინეთ„ზეინაბ მეტრეველის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "საყდრის ჩიტები", რომელიც ქართველთა და ოსთა ურთიერთობას ეხებოდა. ღამის პირველ საათზე ქართველი სამშვიდობოები ერედვიდან უკან გაბრუნდნენ. მალე შევიტყვეთ, რომ ისინი ააფეთქეს, რამდენიმე დაიღუპა, ზოგიც დაიჭრა.

მალე საიუბილეო წიგნის პრეზენტაციას მოვაწყობთ და ორ სპექტაკლს ვითამაშებთ - პალიკო ნოზაძის მიერ რეზო მიშველაძის მოთხრობის მიხედვით დადგმულ "ოკუპანტს" და დავით კლდიაშვილის "აზნაურებს", რომელსაც ჩვენი თეატრის კონსულტანტი გოჩა კაპანაძე დადგამს.

დასის მსახიობთა 80% დევნილია. სულ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საიმისო ფუფუნება, უგემოვნო წარმოდგენა ვაჩვენოთ მაყურებელს. არ შეიძლება ტაში მხოლოდ იმიტომ დაგიკრან, რომ დევნილი ხარ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თეატრის ღირსეული ისტორია ღირსეულად გაგრძელდეს.

2008 წლის შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი სამუდამოდ დავკარგეთ, მე კი  ოპტიმიზმს არ ვკარგავ, ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც პროცესები სასიკეთოდ განვითარდება. როდესაც მესამე ძალა აღარ ჩაერევა და ქართველები და ოსები ურთიერთობას თავად მოვაგვარებთ."