"მამილო პისარო" - იმპრესიონიზმის ერთგული ჯარისკაცი - კვირის პალიტრა

"მამილო პისარო" - იმპრესიონიზმის ერთგული ჯარისკაცი

ფრანგი იმპრესიონისტი ჟაკობ კამილ პისარო დაიბადა 1830 წლის 10 ივლისს ანტილის არქიპელაგის პატარა კუნძულ სენ-ტომაზე, საპორტო ქალაქ შარლოტა-ამელიაში, ფრანგი ვაჭრის ოჯახში.1841 წელს სასწავლებლად გაგზავნეს პარიზში, პასის პანსიონში, რომლის დირექტორმაც ხატვის ნიჭი შეამჩნია და ურჩია, მხატვ-რობას გაჰყოლოდა. თუმცა, მამამ, რომელსაც ხელოვნების არაფერი ესმოდა, სახლში დაბრუნებული 17 წლის ჭაბუკი დახლთან გაამწესა სავაჭროდ. კარგი გასამრჯელოს მიუხედავად, კამილი 5 წელი იტანჯებოდა და ამაოდ ცდილობდა შეეთავსებინა ერთმანეთთან ხატვა და ვაჭრობა. ამ პერიოდში დაუმეგობრდა მასზე ორი წლით უფროს დანიელ მხატვარ ფრიც მელბის, რომელთან ერთადაც 1852 წელს გემით ვენესუელაში, კარაკასში გაემგზავრა, რათა“საბოლოოდ გაეწყვიტა კავშირი ბურჟუაზიულ ცხოვრებასთან.

1854 წელს პისარო კუნძულზე დაბრუნდა, 1855 წელს კი პარიზში გაემგზავრა მსოფლიო გამოფენის სანახავად და აღარც დაბრუნებულა სენ-ტომაზე. პისარომ ლემანის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. შემდეგ პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში” ჩაირიცხა, მაგრამ სკოლას მისთვის ბევრი არაფერი მიუცია, თავად ძალიან ბევრს, დამოუკიდებლად მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ მხატვრობაში მისი ინტერესის საგანი პეიზაჟია.

პისაროს კერპი კი გახდა ჟან ბატისტ კამილ კორო, რომელმაც უფლება მისცა დებიუტანტს სამხატვრო სალონების კატალოგებში მის მოწაფედ მოეხსენიებინათ. მხატვარი კოროს გავლენით მონაცისფრო-ვერცხლისფერ ტონებში ქმნის პეიზაჟებს. არანაკლებ დიდი გავლენა მოახდინა პისაროზე გუსტავ კურბეს ფერწერამ, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა მუქ ნაცრისფერსა და მწვანე ტონებს. სწორედ ამ ფერებშია შესრულებული პისაროს იმდროინდელი სურათები: '"ქალბატონი პისარო ქარგვის დროს", '"პატარა ფაბრიკა" და სხვ.

კამილ პისაროს დებიუტი ოფიციალურ სალონში პირველად 1857 წელს შედგა - ტილო "პეიზაჟი მონმორანსიში" ჟიურის მოეწონა, მაგრამ მხატვრის ოსტატობის სწრაფად ზრდის მიუხედავად, სალონის ჟიურისთან პისაროს ურთიერთობა შემდგომში გაცივდა.

ამავე წლებში შეხვდა კლოდ მონესა და პოლ სეზანს. მათთან მეგობრობამ და მოგვიანებით კაფე„"გერბუაში" ედუარ მანეს ლექციებმა დიდი გავლენა მოახდინა მის იმპრესიონისტად ჩამოყალიბებაში. 1865 წელს მის ერთ-ერთ პეიზაჟს ემილ ზოლას დიდი მოწონება ხვდა წილად, როგორც მწერალი სწერდა მხატვარს, "მას პეიზაჟმა “ნახევარსაათიანი სიამოვნება და დასვენება აჩუქა"...

1866 წლიდან პისარო გათავისუფლდა კოროს გავლენისგან, მისი პალიტრა გაცილებით ნათელი გახდა, გაქრა ნეიტრალური ტონები და მის მზით გაჯერებულ პეიზაჟებში ჰაერის მსუბუქი მოძრაობის შეგრძნება გაჩნდა. ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნის მიზნით მან დატოვა პარიზი და ქალაქგარეთ, პონტუაზში დასახლდა.

მანამდე, 1863 წელს, ის ცნობილ  განკიცხულთა სალონში მონაწილეობს. მონეს მსგავსად ისიც დაინტერესდა წყლის ზედაპირის ლივლივითა და მასზე შუქის მოძრაობით. ასევე ეუფლება ფუნჯის მოსხლეტილ მონასმებს. ამ სტილში შესრულებული ტილოებია: "დილიჟანსი ლუვესიენში" (1870), "პონტუაზის ბულვარი" (1873), "აყვავებული ხეხილი".

1868-1870 წლებში მხატვარი ლუვესიენში ცხოვ-რობდა და მის შემოქმედებაში იქაური პეიზაჟებიც გაჩნდა. მისი უსაყვარლესი მოტივი გზები და ქუჩებიც იყო. მუდამ“გზაზე მდგარ პისაროზე მისი

საუკეთესო ტილოების სახელწოდებებიც მეტყველებს: "გზა გარეუბანში", "გზა ლუვესიენის უბანში", "ტყის გზა გაზაფხულზე", "ეპისერის ქუჩა რუანში", "მონმარტრის ბულვარი პარიზში"...

1870-1871 წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, პისარო ინგლისში ცხოვრობდა. როგორც თავად წერდა, ინგლისში მისი ფერწერა არ მოსწონდათ. არც თავად მოსწონდა იქაური ცხოვრების წესი, ამიტომაც იშვიათად მუშაობდა და უმეტესად მუზეუმებსა და გამოფენებს ათვალიერებდა.

1870 წელს ცოლად შეირთო პისაროების მოახლე ჟიული ველეი, რომელთანაც უკვე ჰყავდა შვილები. კამილ პისაროსა და ჟიულის 7 შვილი ჰყავდათ - ორი ქალიშვილი და 5 ვაჟი, რომლებიც მხატვრები გახდნენ. ამის გამო მეგობარი მხატვრები "მამილო პისაროს" ეძახდნენ.

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მეგობარ მხატვრებზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე. პისაროს ხშირად ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა მეგობარი მხატვრების გამოფენებში, რადგან მათთან კარგი დამოკიდებულება უკვე მოპოვებულ კარგ რეპუტაციას შეულახავდა. პისაროს ღალატად მიაჩნდა მეგობრების მხარდაჭერაზე უარის თქმა და ერთგულად მონაწილეობდა მათ რვავე გამოფენაში.

სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, პისაროს სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათები, მშრომელი გლეხის სახე აინტერესებდა. სოფლის თემაზე შექმნილი მისი ჟანრული ტილოები გამოირჩევა მზიური ტონებით, ხალისიანი განწყობით, გულთბილი დამოკიდებულებით, თუმცა ოფიციალური კრიტიკა მის პეიზაჟებს გაუგებარს უწოდებდა.

1878 წელს მხატვარი წერდა: "ამ კვირაში მთელი პარიზი შემოვირბინე და ამაოდ ვეძებდი ვინმე უცნაურ ადამიანს, ვინც იმპრესიონისტულ სურათს შეიძენდა. არაფერი შეცვლილა რამდენიმე წლის შემდეგაც: დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამუშევრების დანახვისას დამპალ ვაშლებს დამიშენენ. პარიზისთვის ჩვენ  ჯერ კიდევ ვიგინდარები ვართ. შეუძლებელია, მოეწონოთ ხელოვნება, რომელიც ძველ წარმოდგენებს ამსხვრევს. რას იზამ, ბურჟუა თავიდან ფეხამდე ბურჟუაა!". 1884 წელს პისარომ უკანასკნელად გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ერანი-სიურ-ეპტში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

1885 წელს მის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა სერასა და სინიაკის ფერების განლაგების თეორიამ (დივიზიონიზმი). პისაროს ამ თეორიაში განსაკუთრებით მოსწონდა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთშეთავსების შესაძლებლობა. სწორედ ამ ახალი თეორიით ჩაეყარა საფუძველი ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობა პუანტილიზმს. მან მონაწილეობაც კი მიიღო მათ გამოფენაში, მაგრამ 1890 წელს გამოეყო დივიზიონისტებს და იმპრესიონისტებს დაუბრუნდა. პისარო მაინც იმპრესიონიზმის ერთგული ჯარისკაცი იყო.

პლენერზე მუდმივმა მუშაობამ პისაროს მხედველობა დაუზიანა. მას უჭირდა ბუნებაში გასვლა და ამიტომ ქალაქში, დახურულ სივრცეში მუშაობას ამჯობინებდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მუშაობდა ჰავრში, რუანში, პარიზში და ქმნიდა ცნობილი ბულვარების სერიას, გვიანი იმპრესიონიზმის შედევრს.

სხვათა შორის, პისარო თავის მეგობრებს შორის ყველაზე განსწავლული მხატვარი იყო. მან დაგვიტოვა არაერთი ნახატი, აკვარელი და ლითოგრაფია. მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში მოვიდა აღიარება, მაგრამ უზრუნველი სიბერე დიდხანს არ გაგრძელებულა - პისარო 1903 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.