აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება ინტერნეტსივრცეს?! - კვირის პალიტრა

აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება ინტერნეტსივრცეს?!

"ეს არის მანქანა, რომელსაც ვინც აამუშავებს, იმას გამოადგება"

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოში ინტერნეტმოხმარება შეიზღუდოს. მოარული ხმების თანახმად, შეზღუდვა სწორედ სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს ემუქრებათ. ამბობენ, რომ ხელისუფლება ამას მზრუნველობის საბაბით გაამართლებს - იტყვის, რომ სურს, ხალხი ახალი "ნარკოტიკისგან" იხსნას. უკვე გაისმის მინიშნებები, რომ ინტერნეტს, კერძოდ კი - სოციალურ ქსელებს, სწორედ ნარკოტიკივით შეუძლია ხალხის მიჩვევა და მართვა. ამის შედეგი მსოფლიომ უკვე ნახა არაბულ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში - სოციალური ქსელებით ორგანიზებულმა ამბოხმა ქუჩებში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა. შეიძლება თუ არა, საქართველოს ხელისუფლებამ ამის გამო მართლაც შეზღუდოს სოციალური ქსელები? ამის მცდელობა უკვე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა გარე სამყაროსთან ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებად ინტერნეტი და სოციალური ქსელები რჩებოდა, ქართულ-რუსული სახალხო ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის აკრძალვის მიზნით ხელისუფლებამ რამდენიმე ვებგვერდი დაბლოკა, მათ შორის - სოციალური ქსელებიც. მაშინ საქართველოს ხელისუფლების საქციელი, ასე თუ ისე, გასაგები იყო. რა შეიძლება მოხდეს დღეს? ხომ არ გადაიქცევა "ფეისბუკი" ან სხვა ქსელი მოსახლეობის აზროვნების კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმად?

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გამო, უპირველეს ყოვლისა, დასავლელი პარტნიორები მოსთხოვენ პასუხს საქართველოს ხელისუფლებას, ამიტომ ის ასეთ ნაბიჯს ადვილად ვერ გადადგამს. თუ სოციალური ქსელები ისეთივე საფრთხეს შეუქმნის, როგორიც არაბული ქვეყნების ხელისუფალთ შეექმნათ, მაშინ მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ამ ეტაპზე სოციალური ქსელები საქართველოს მმართველთათვის ასეთი საშიში არ არის.

- ანუ ტელევიზიებისგან განსხვავებით, დღეს სოციალური ქსელები ვერ შეძლებს ქუჩებში ხალხის გამოყვანას?

- ქართველ ინტერნეტმომხმარებელსა და ზოგადად, ქართველ საზოგადოებაში ქუჩის აქციებისკენ მიდრეკილება არ ჩანს. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის 77%-ზე მეტი თანახმაა, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება. ამასთან, სოციალურ ქსელებში, ძირითადად, ჩართულია ახალგაზრდობა, რომელიც პოლიტიკურად ინდიფერენტულია და თუ პოლიტიკოსებზე რაიმე კრიტიკულს ამბობს, ეს ორთქლის გამოშვებაა და მეტი არაფერი. საპროტესტო მუხტი საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში უფრო იგრძნობა, თანაც - რეგიონის მცხოვრებლებში, რომლებიც, როგორც წესი, სოციალური ქსელების მომხმარებლები არ არიან და რომც იყვნენ, ალბათ, არ გამოიყენებენ ბრძოლის იმ მეთოდებს, სადაც სოციალური ქსელი ტელეფონის როლს შეასრულებს და ამბოხისკენ მოუწოდებს მილიონებს თუ არა, ათასებს მაინც...

ცხადია, თუ სოციალური ქსელების  მომხმარებელი გახდება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ქსელში გამოჩნდება ხელისუფლებისთვის საშიში პოლიტიკური განწყობა, ისინი დაფიქრდებიან, როგორ მოიქცნენ. პოლიტიკური მოვლენების კულმინაციამდე ერთი წელიც აღარ დარჩა... თუ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ გაიმარჯვა, სოციალური ქსელების კონტროლი აღარ დასჭირდება, რადგან მოსახლეობას ოპოზიციური მუხტი ისედაც ჩაუქრება; თუ ხელისუფლება დამარცხდა, ახალ ხელისუფლებას სოციალური ქსელების კონტროლი კიდევ დიდხანს არ დასჭირდება.

- ესე იგი, დღეს სოციალურ ქსელებში საზოგადოების პოლიტიკური აქტიურობა ორთქლის გამოშვებას ჰგავს და ამიტომაც ის ხელისუფლებისთვის საშიში არ არის?

- დიახ, თანაც თითოეული თავის ორთქლს უშვებს და ეს ორთქლი ღრუბლად და ჭექა-ქუხილად ჯერჯერობით არ იქცევა. შესაძლოა, ეს ქართული ხასიათის ბრალია... მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური ქსელები მაინცდამაინც არ იზიდავს. ჩვენ ტრადიციების მოყვარული ერი ვართ. არაბებსაც ვერ დავაბრალებთ არატრადიციულობას, მაგრამ ინერციულობა ჩვენ უფრო გვახასიათებს. გვიჯობს, შეჩვეულს არ გადაგვაჩვიონ და შეუჩვეველს არ შეგვაჩვიონ.

არაბები, სანამ ამბოხისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებდნენ, ორმოცი წელი ითმენდნენ ტირანიას. ბოლოს გასკდა კონფორმიზმის ბუშტი... აღსანიშნავია, რომ ისინი ტექნოლოგიური ცივილიზაციისკენ უფრო ისწრაფვიან.

ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ოცი წლის წინ  დავიხსენით თავი და ჯერაც გვაქვს რკინის  ფარდის განცდა, ისინი კი ცივილიზაციას ფეხდაფეხ მისდევდნენ.

სოციალური ქსელების ორგანიზაციულ ინსტრუმენტად გამოყენების ერთ-ერთი ინიციატორი ბარაქ ობამა იყო - საარჩევნო კამპანიის დროს მან სწორედ ასე შეძლო მომხრეთა მობილიზება, ამიტომ ფიქრობენ, რომ  არაბულ სამყაროში მომხდარ მოვლენებში ამერიკული ხელი ურევია.

ბოლოს და ბოლოს, რა არის სოციალური  ქსელი? ტელეფონი, რომლითაც  ერთდროულად ელაპარაკები მილიონობით ადამიანს და ისინიც ერთდროულად გპასუხობენ.

თანდათან ცხადი ხდება, რომ ამ ტელეფონის გამოყენება პაემნის დასანიშნად შეიძლება. თუ ამ მილიონებს ეტყვი, ამა და ამ ადგილზე შევხვდეთო, ეს უკვე პოლიტიკური აქცია იქნება და შეგიძლია მერე ამ აქციას მიმართულებაც მისცე. ინგლისმაც ახლა გააცნობიერა, რომ ეს ინსტრუმენტი არსებობს და საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის გამოიყენა.

მოსალოდნელია, რომ ამ ქსელებმა  კიდევ ბევრ ქვეყანაში შეასრულოს მსგავსი როლი და თავსატეხი საქართველოს ხელისუფლებასაც   გაუჩინოს. თუმცა, არ არის გამორიცხული, თვითონ ხელისუფლებამ გამოიყენოს იგი და თავისი  მომხრეები ჩართოს ამ სისტემაში (თუ უკვე ჩართული არ ჰყავს). ეს არის მანქანა, რომელსაც ვინც აამუშავებს, იმას გამოადგება.

დღეს ფორუმებზე ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება თავის ხალხს ამუშავებს. მან გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ორგანიზებულად მოქმედებს. არგუმენტაცია, ლოგიკა და ა.შ. სხვადასხვა ავატარის მატარებელ პიროვნებასთან ერთი და იგივეა და იმაზე მეტყველებს, რომ სათქმელი და სამოქმედო გეგმა ერთ კაბინეტში მზადდება, ოპოზიციის ხელწერა კი არ ჩანს, ანუ ოპოზიცია სოციალურ ქსელებსა და ზოგადად, ინტერნეტს სათანადოდ არ იყენებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისევე როგორც პიარს, ხელისუფლება მეტ  ყურადღებას აქცევს და ოპერატიულად იყენებს. თუ ხელისუფლება დაასწრებს და უფრო ალღოიანად  მოიქცევა (ანუ ადვილად არ გაიშიფრება), გამორიცხული არ არის, სწორედ ის შეიარაღდეს თანამედროვე ტექნოლოგიის შემოთავაზებული ამ ინსტრუმენტებით.