რატომ სცემეს საჩხერეში ახალგაზრდები - კვირის პალიტრა

რატომ სცემეს საჩხერეში ახალგაზრდები

ძველით ახალი წელი საჩხერეში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა, სადაც ჯგუფი "მგზავრები", "ჯეოსტარი 2011"-ის გამარჯვებული მარიტა როხვაძე და ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.კონცერტს  ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლება და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომელიც საჩხერელებს დაჰპირდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ რაიონის   მკვიდრთათვის 2012 წელი უკეთესი იყოსო. საჩხერელები ამბობენ, გუბერნატორის დაპირებაც კარგი იყო, კონცერტიც, ფეიერვერკიც, მაგრამ ძველით ახალი წლის ღამეს საჩხერეში მხოლოდ კარგი და გასახარელი ამბები არ მომხდარა. კონცერტზე რამდენიმე ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. ამის მიზეზად კი ბიძინა ივანიშვილისადმი კეთილგანწყობა დაასახელეს.

მომხდარის შესახებ "კვირის პალიტრის" ყოფილ ჟურნალისტ ვაჟა გავაშელს ვკითხეთ, რომელიც საჩხერეში ცხოვრობს: - ძველით ახალი წლის ღამეს საჩხერეში საკონცერტო ბრიგადა ჩამოიყვანეს. ვერ ვიტყვი, რომ უგემოვნო რეპერტუარი ჰქონდათ. კარგად იმღერეს და ბევრი ახალგაზრდაც მივიდა კონცერტზე. რამდენიმე საჩხერელს  "ქართული ოცნების" კაშნე ეკეთა. ერთმა მეგობრების წრეში თქვა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც ბიძინას გაუმარჯოსო. კონცერტის დამსწრეებს შორის თურმე ქუთაისიდან ჩამოყვანილი ზონდერები მდგარან, ერთი კი ადგილობრივი ყოფილა. ზონდერებმა ბიჭს ხელი სტაცეს და მოსთხოვეს, "ქართული ოცნების"კაშნე მოიხსენი და სახალხოდ შეაგინე ბიძინასო. ბიძინას ვერ შევაგინებ, მაგრამ თქვენ დედებს კიო. ეს ბიჭი და მისი მეგობარი ჩააგდეს  მანქანაში, გააცილეს დასახლებას და მაგრად სცემეს. ერთს ფეხი გადამტვრეული აქვს, ბოთლები ურტყამთ წვივის ძვალზე. მეორე ისეა ნაცემი, ფეხზე ვერ დგება.

ბიჭები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ შიშით ვერ ამხელენ, როგორ დაშავდნენ. ფეხმოტეხილმა თქვა, კიბიდან ჩამოვვარდიო, მაგრამ ზონდერებმა კონცერტიდან რომ გაიყვანეს, ხალხმა ხომ ნახა?

მერე ზონდერები მოტრიალდნენ და კიდევ ორი წაიყვანეს, მერე კიდევ ორი და ასე ათამდე 16-17 წლის ახალგაზრდაა გალახული. პირადად ვესაუბრე  ნაცემ ბიჭებს. 5 დაზარალებულის ვინაობა ვიცი (დანარჩენები იმალებიან). ესენი არიან: ზვიად ბრეგვაძე, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, იმედა ჭიღლაძე, ავთანდილ მაჭარაშვილი, გიორგი აბრამიშვილი და სავანელი დათო კიკნაძე,   მამამისი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა, დედა კი მასწავლებელი. გვინდოდა ამ ოჯახისგან მიგვეღო ინფორმაცია მომხდარზე, მაგრამ  დაგვემალენ.

საჩხერეში შეტევაა მასწავლებლებზე, რადგან აქ დასაქმებულთა 90% პედაგოგია. ივანიშვილისადმი ლოიალობაში შემჩნეულ მასწავლებლებს სამსახურიდან ყრიან. უკვე შვიდი პედაგოგი გააგდეს.

- როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საჩხერე "განსაკუთრებული" ყურადღების ცენტრშია.

- გაყალბებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში ხმების საგრძნობ პროცენტს თუ დააკარგვინებს,  მერე ეტყვის, შენს რაიონში ვერ მიიღე ხმების მაქსიმუმი და სხვაგან როგორ მიიღებდიო. ხელისუფლებას ძალა იქით აქვს მიმართული, რომ როგორმე ივანიშვილი საკუთარ რაიონშივე დაამარცხოს.

როგორც ჩანს, ამ "სადამსჯელო კონცერტით" ხელისუფლებამ საჩხერელები გააფრთხილა, ვინც მხარს ივანიშვილს დაუჭერს, იგივე ელოდებაო.

P.S. ძველით ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტზე კომენტარის მიღება საჩხერის გამგებელ ზურაბ ცერძვაძისგან ვცადეთ, რომელმაც გვითხრა, ჩემს კომენტარს აზრი არ აქვს. სტატიის პათოსი იგივე დარჩება. თუ საჩხერის თემა სამომავლოდ კვლავ აქტუალური იქნება, აქ ჩამობრძანდებით და ინტერვიუს აიღებთ, ჩემთვის ეს პატივი იქნებაო. სავარაუდოდ, საჩხერის თემა აქტიუალურობას არ დაკარგავს და უახლოეს მომავალში უთუოდ ვეწვევი საჩხერეს.