"წინ რთული საარჩევნო პერიოდი გველის, ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ" - კვირის პალიტრა

"წინ რთული საარჩევნო პერიოდი გველის, ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ"

მედიაორგანიზაციების სოლიდურმა წარმომადგენლობამ შუალედური მემორანდუმი შეიმუშავა

მას შემდეგ, რაც არასახელისუფლებო მედიას სახელმწიფო მოხელეებმა სხვადასხვაგვარი პრობლემა შეუქმნეს, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის წარმომადგენლები ახალი გაერთიანების შექმნაზე დაფიქრდნენ. გასულ კვირას საზოგადოებას ვამცნეთ, რომ  არასახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები უნდა შეკრებილიყვნენ და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მემორანდუმი შეემუშავებინათ. ასეც მოხდა, - მედიაორგანიზაციების სოლიდურმა წარმომადგენლობამ შუალედური მემორანდუმი შეიმუშავა.

როგორ გეგმავენ არასახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები სახელისუფლებო შეტევების მოგერიებას, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" პრესის ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში ესაუბრა: "შუალედური მემორანდუმის არსი დაახლოებით ასეთია - "ყველა ერთისათვის". თუ რომელიმე ჩვენგანს საფრთხე დაემუქრება, მას მემორანდუმზე  ხელმომწერი ყველა მედიაორგანიზაცია დაიცავს. 1-ელ თებერვალს საბოლოოდ გავაფორმებთ მემორანდუმს. შეიძლება ის მანამდე უფრო დაიხვეწოს, გაუმჯობესდეს. მართალია, მასზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მაგრამ 1-ელ თებერვლამდე კიდევ შემოგვიერთდებიან.

ცხადია, დაცვა უფრო არასახელისუფლებო მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სჭირდებათ, რადგან მათ სახელმწიფო მოხელეები პრობლემებს უქმნიან.

ვფიქრობ, ჩვენ თვითონვე უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და სხვის იმედზე არ ვიყოთ. სწორედ ეს აზრი აქვს მედიაორგანიზაციების უმრავლესობას. ნათქვამია, გზა მერე გამოჩნდება, როცა ურემი გადაბრუნდებაო, ჩვენ კი არ გვინდა "ურმის გადაბრუნება" დავუშვათ. ჩვენ, ყველანი, მომსწრენი ვართ, რომ ბოლო დროს  არასახელისუფლებო მედიის საწინააღმდეგო ისტერიული კამპანია გაჩაღდა. სავსებით მოსალოდნელია, რომ კამპანია გაგრძელდეს. წინ რთული საარჩევნო პერიოდი გველის და  პრესას უფრო მეტად  შეუტევენ. ამიტომაც ვფიქრობთ ეფექტიან ფორმაზე, თუ როგორ დავიცვათ თავი. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს შეუძლია თავისი იდეა მოგვაწოდოს. არასახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ერთად უფრო ძლიერი ვიქნებით".