"აფეთქებული" მკერდი და "გაყინული სახის" ეფექტი - კვირის პალიტრა

"აფეთქებული" მკერდი და "გაყინული სახის" ეფექტი

"ბოტულიზმის ტოქსინი ერთადერთი შხამია, რომელიც კუნთს ლოკალურად აშეშებს და ამის ხარჯზე ნაოჭებს ასწორებს"

ცხვირის პლასტიკა, მკერდის გადიდება, ლიპოსაქცია, ბოტოქსით ნაოჭების გასწორება, ტუჩის კორექცია - ეს იმ პროცედურების არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც დღეს ქართველი ქალები მიმართავენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს. გაგიკვირდებათ და, თურმე ქართველმა მამაკაცებმაც მოუხშირეს პლასტიკურ ქირურგებთან სიარულს. როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი, გარეგნობა გაიუმჯობესოს, ახალგაზრდობა შეინარჩუნოს, მაგრამ ზოგჯერ ეს ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე ხდება.

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში,  საქართველოშიც ბოტოქსის ბუმია. ნემსის რამდენჯერმე ჩხვლეტა და კანი გლუვი და გადატკეცილი ხდება. თუმცა, ქრება მიმიკა, რომელიც ადამიანის ემოციას გამოხატავს. გაშეშებული სახის ნაკვთებითა და დაბერილი ტუჩებით ქალები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, ზოგჯერ მათი გარჩევაც ჭირს. ბოტოქსზე მაღალი მოთხოვნის გამო, ამ მომსახურებას სილამაზის სალონებშიც სთავაზობენ მსურველებს, თანაც ბევრად იაფად, ვიდრე ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში. ყველაზე მეტი მომხმარებელიც სწორედ მათ ჰყავთ. ექიმები ამბობენ, რომ სწორედ არაპროფესიონალიზმის შედეგია, როცა ჭარბი ბოტოქსის კვალი თვალში საცემია და ე.წ. "ნიღბის ეფექტს" ქმნის. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა მრავლობითი ჰემატომა ან სახის გამოხატული ასიმეტრია გამოიწვიოს. საქართველოში ბოტოქსიცა და მისი ანალოგი დისპოტიც იყიდება აფთიაქებში, ბოტოქსდამოკიდებულთა რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი იტარებს გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, პლასტიკური ოპერაციებიც კი სტატისტიკაში ასახული არ არის.

ამერიკასა და ევროპაში "გამაახალგაზრდავებელი ნემსი" იმდენად პოპულარულია, რომ "ბოტოქსი-ფართებიც" კი ეწყობა, სადაც "სილამაზის შხამს" მსურველებს წვეულებაზე უკეთებენ. ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების მონაცემებით ბოტოქსის ინიექცია მხოლოდ გასულ წელს 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

კოსმეტიკურ ქირურგიაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს მკერდის გაზრდა სილიკონის იმპლანტით. 2010 წლის სტატისტიკით, ამერიკაში დაახლოებით 400 000 ოპერაცია ჩატარდა. საქართველოში არც ამ მიმართულებით არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გამოკითხვამ ცხადყო, რომ პლასტიკურ ოპერაციებს შორის ყველაზე პოპულარული მკერდის გადიდებაა. ის, რომ მნიშვნელოვან რისკთან ეს ოპერაციაც არის დაკავშირებული, საფრანგეთში მომხდარმა სკანდალმა დაადასტურა. ფრანგული კომპანია პიპ-ი, რომელიც სილიკონის იმპლანტების წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, დანაშაულში ამხილეს, - ეს უკანასკნელი თურმე სამედიცინო სილიკონის ნაცვლად, საყოფაცხოვრებო სილიკონს იყენებდა. მხოლოდ საფრანგეთში ამ კომპანიის იმპლანტი 30 000 ქალს აქვს მკერდში, ეს პროდუქცია კი 66 ქვეყანაში გაჰქონდათ. ფალსიფიცირებული იმპლანტებისგან გამოწვეული გართულებებით საფრანგეთში ორი ქალი გარდაიცვალა, მათ კანისა და ლიმფური კვანძების სიმსივნე განუვითარდათ.

იყო შემთხვევები, როდესაც ქალებს სილიკონის მკერდი "აუფეთქდათ", ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მიუხედავად სკანდალისა, კომპანია PIP-ის პროდუქცია ისევ იყიდება. ერთ-ერთი ვერსიით, ფალსიფიცირებული სილიკონის დიდი პარტია ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ფირმამ შეიძინა, რებრენდინგი ჩაატარა და უკვე ახალი სახელწოდებით იყიდება დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, პოლონეთისა და ჩეხეთის სამედიცინო ცენტრებში.

ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ბოტოქსის გასაკეთებლად ლიცენზიას არავინ ითხოვს, ამიტომ თუ ნემსის ჩხვლეტის შემდეგ არასასურველი შედეგი მიიღეთ, კანონს საკუთარი ინტერესების დასაცავად ვერ მოიშველიებთ.

ლია სონიშვილი (კლინიკა "მედის" გენერალური დირექტორი): - ჩვენი შიდასტატისტიკის თანახმად, პაციენტები ყველაზე ხშირად რინოპლასტიკას (ცხვირის კორექცია), მკერდის, მუცლისა და სახის პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ. სხვათა შორის, პაციენტებს შორის მამაკაცებიც მრავლად არიან. მაგალითად, ხუთი წლის წინ ჩვენს პაციენტებს შორის მამაკაცები მხოლოდ 5%-ს შეადგენდნენ, 2010 წელს ეს მონაცემი 10%-მდე გაიზარდა, გასულ წელს კი 20%-ით. ხშირად მამაკაცები სახის ნაოჭების გასასწორებლად, კოსმეტოლოგიური წმენდისთვის, თმის ცვენის საწინააღმდეგო მეზოთერაპიისა და ლაზერული ეპილაციისთვისაც მოდიან.

რატომ არის მოდური ბოტოქსი და სხვა შემავსებლები? იმიტომ, რომ მოდურია უნაოჭო სახე, მაგრამ ბოტოქსიცა და შემავსებელიც პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. გაშეშებული სახე ისეთივე არაესთეტიკურია, როგორიც დანაოჭებული სახე. ყველა ბოტოქსი, რომელიც ბაზარზე იყიდება, მაღალხარისხიანი როდია. არ შეიძლება ბოტოქსის ინიექციის გაკეთება სილამაზის სალონებში.

ბოტოქსი ბოტულიზმის ტოქსინია, უძლიერესი შხამი. ბოტულიზმის ტოქსინი ერთადერთი შხამია, რომელიც ლოკალურად მოქმედებს, კუნთს აშეშებს და ამის ხარჯზე ნაოჭებს ასწორებს.

ბოტოქსის ინიექცია მხოლოდ 4-5 თვე მოქმედებს. შესაბამისად, პაციენტმა უნდა გაიკეთოს წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ. უხარისხო ბოტოქსი, რომელიც სხვადასხვა სახელწოდებით იყიდება ბაზარზე, ზოგი კორეული, ზოგიც ჩინური პრეპარატია. იმის გამო, რომ ძალიან იაფია, მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. მაგალითად, თვალების ირგვლივ ხარისხიანი ბოტოქსის ერთი ინიექცია დაახლოებით 300 ლარი ღირს, უხარისხოს კი 50 ლარადაც აკეთებენ. ამას მოსდევს ფტოზი - კუნთების მოდუნება და ა.შ.

გართულება შეიძლება მოჰყვეს უხარისხო იმპლანტის გადანერგვასაც. მკერდის იმპლანტის მორგება საკმაოდ ძნელია, რადგან ეს დამოკიდებულია მკერდის ზომაზე, სარძევე ჯირკვლებს შორის არსებულ მანძილზე. როგორც უნდა აირჩიო და მოირგო სათვალე, ისევე უნდა მოირგო იმპლანტი. ხარისხიანი შემავსებელი, რომელიც ტუჩის გასადიდებლად და ნაოჭის გასასწორებლად გამოიყენება, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ბუნებრივად გაიწოვება. უხარისხო შემავსებელს აუცილებლად შენიშნავთ, პაციენტს ტუჩები არაბუნებრივად აქვს დაბერილი. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ამ შემავსებელმა ორგანიზმში მიგრაცია დაიწყოს და ქირურგის ჩაურევლად პაციენტს ვეღარაფერს უშველი.

ბევრი ისეთი პაციენტიც მოგვმართავს, ვისაც მკერდის იმპლანტი ამოსაღები აქვს და ახალს ვუნერგავთ. ჩივიან, რომ იმპლანტი მოძრაობს, გადაადგილდება. არ დავასახელებ არც ექიმსა და არც კლინიკას, საიდან მოდიან, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი ოპერაციების 20% უშედეგოდ ჩატარებული ოპერაციების გადაკეთებაზე მოდის.

გუგა კუზანოვი (პლასტიკური ქირურგი): - ჩვენთან პირველ ადგილზეა რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკა, მეორეზე - ლიპოსაქცია. მესამე ადგილზე კი ახლახან გადმოვიდა მკერდის პლასტიკა. მხოლოდ ჩვენს კლინიკაში წელიწადში დაახლოებით 65-70 ასეთი ოპერაცია კეთდება. იმპლანტის ამოღების აუცილებლობა შესაძლოა იმ შემთხვევაში შეიქნეს საჭირო, თუ ადამიანს შეუთავსებლობა აქვს უცხო სხეულებთან. ასეთი სულ ორი შემთხვევა გვქონდა.

- რამდენად დაცულია ჩვენი პაციენტი, რომ ნამდვილად ხარისხიან იმპლანტს მიაწვდის კლინიკა?

- მსოფლიოში იმპლანტების მწარმოებელი სულ ორი წამყვანი კომპანიაა. პირველი ამერიკულია, მეორე კი გერმანული. მთელი ჰოლივუდი მათ იმპლანტებს მოიხმარს. საქართველოში ოფიციალურად ამ ორი კომპანიის იმპლანტია წარმოდგენილი. სხვა იმპლანტი, რომელიც ლიცენზირებული არ არის, აქ ერთადერთი გზით მოხვდება, - თუ ვიღაც თავად ჩამოიტანს უცხოეთიდან ან ინტერნეტით შეუკვეთს. ვფიქრობ, საქართველოში PIP-ის იმპლანტის გამოყენებით ოპერაცია არ ჩატარებულა.

- ბოლო დროს ბოტოქსი ძალზე პოპულარული გახდა. არის შემთხვევები, როცა ამ ინიექციას არასასურველი შედეგი მოაქვს.

- ბოტოქსსაც და დისპოტსაც თან ახლავს ანოტაცია, სადაც წერია, რომ ეს პროცედურა უნდა გააკეთოს მხოლოდ ლიცენზირებულმა ექიმმა. ისე, როგორც კეთდება ბოტოქსის ინიექციები საქართველოში, ყოვლად დაუშვებელია. თუ არაპროფესიონალი აკეთებს, მაგალითად, წარბი შეიძლება ქვემოთ ისე დაიწიოს, რომ მხედველობასაც კი შეუშალოს ხელი.

ვახტანგ პეტრიაშვილი (პლასტიკური ქირურგი): - ჩვენ ყოველთვის ვუხსნით პაციენტებს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ ოპერაციამ. შემდეგ თავად წყვეტს, უღირს თუ არა გაკეთება. ზოგ პაციენტს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს.

მაგალითად, გვყავდა პაციენტი, რომელმაც ცხვირის გაზრდა გადაწყვიტა,

უფრო ვაჟკაცური ცხვირი უნდოდა ჰქონოდა. არადა, ცხვირის გაზრდა უფრო  რთული ოპერაციაა, ვიდრე დაპატარავება.

- ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ღიპების ოპერაცია არ კეთდება?

- მამაკაცებს ჰგონიათ, რომ წინ წამოწეული მუცლის მოცილება მარტივად, ლიპოსაქციით არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხიმი მდებარეობს არა მხოლოდ კანქვეშ. ლიპოსაქცია შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპზე აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა - ნაკლები დალევა და მეტი ვარჯიში, რათა მუცელი გასწორდეს. ღიპი შედეგია იმისა, რომ კუნთები მოდუნებულია და ორგანოები ზომაზე მეტად გარეთ გამოსული. ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, - კუნთები უნდა გაიკეროს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა. ასე რომ, ღიპების ოპერაციას მამაკაცები იშვიათად იკეთებენ, უფრო ქალები იპატარავებენ მუცელს.

ხშირად მოდიან გოგონები, რომლებმაც არ იციან, რა უნდათ. რაღაცის შეცვლა უნდათ გარეგნობაში, მაგრამ ვერ ჩამოყალიბებულან. ასეთ შემთხვევაში ვეუბნები, რომ ძალიან ლამაზები არიან და არაფრის შეცვლა არ სჭირდებათ. იშვიათად, მაგრამ არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც გარეგნობაში ერთდროულად ბევრი რამის შეცვლა სურთ, მაგრამ საბოლოოდ ვთანხმდებით მხოლოდ ერთ პროცედურაზე, მაგალითად, მხოლოდ წარბის აწევაზე. არ შეიძლება, ფულის გასაკეთებლად პაციენტის ყველა სურვილს დაჰყვეს ექიმი. ზოგჯერ ექიმს უჭირს წინააღმდეგობის გაწევა, მით უფრო, თუ პაციენტი ცნობილი პირია. შესაძლოა თქვას, რომ ექიმმა არ გაუკეთა ის, რაც სურდა. არადა, შეწინააღმდეგება აუცილებელია, რადგან შესაძლოა სავალალო შედეგი მიიღოს. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბუნებრიობა ყველაზე კარგია.

ია დარსაველიძე ("ესტეტიკ სერვისის" ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი): "უშედეგო პლასტიკური კორექციის მსხვერპლი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც კი გამხდარან. მერწმუნეთ, არც ერთ ექიმს არ სურს, მისი პაციენტი ცუდად გამოიყურებოდეს. ხშირად მქონია ურთიერთობა ისეთ პაციენტებთან, რომლისთვისაც მითქვამს, რომ ბოტოქსი და შემავსებელი აღარ სჭირდება, მაგრამ დაჟინებით ითხოვს, რომ კიდევ დავამატოთ. ასეთ შემთხვევაში ექიმი პასუხისმგებლობას იხსნის და პაციენტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ჰიპერკორექციაზე თანახმაა. ფრანგები ამბობენ, რომ ბოტოქსის ინიექცია "ლანჩის პროცედურაა", ანუ გამოვლენ ლანჩზე და შეივლიან კლინიკაში, სადაც გაიკეთებენ ბოტოქსს და დაბრუნდებიან სამსახურში. თავისთავად ეს მარტივი პროცედურაა, მაგრამ თავად ნივთიერება პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს.

მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ საქართველოში "ბოტოქსი-ფართი" მოეწყოს, ან ვინმემ პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო სტუდიაში მოახდინოს ამის დემონსტრაცია. ამას სტერილური გარემო და პროფესიონალის ხელი სჭირდება".

"ეს ყველაფერი ხომ შენთვინ მინდოდა"

ჯოსელინ ვილდენშტეინმა, ერთ დროს სიმპათიურმა შვეიცარიელმა ქალბატონმა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ თავისი მეუღლისთვის მუდამ სასურველი და მიმზიდველი ყოფილიყო. პირველად 30 წლისა პლასტიკურ ქირურგთან პირდაპირ ნიშნობიდან გაემართა, რომ თვალების გარშემო ნაოჭები მოეცილებინა. მას შემდეგ გარეგნობაზე "ზრუნვა" აკვიატებულ იდეად ექცა და პლასტიკურ ქირურგებთან სხვადასხვა პროცედურაში 4 მილიონი დოლარი დახარჯა. შედეგად კი ასეთი "მშვენიერი" გარეგნობა მიიღო და უმადურმა ქმარმაც მიატოვა. ეს ქალი არაფრით ჰგავს იმას, ვისზეც ვიქორწინე, ნამდვილი მაიმუნიაო, - ამბობს "გამშვენიერებული" ცოლყოფილის გარეგნობით აღშფოთებული ქმარი. არადა, მაროსი არ იყოს, - ეს ყველაფერი ხომ მისთვინ უნდოდა...

სხვადასხვა ქართულ სოციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, თუ რამდენად პოპულარულია კოსმეტიკური პლასტიკა საქართველოში. კითხვაზე, რას შეცვლიდით თქვენს გარეგნობაში, ასეთი შედეგები მივიღეთ:

ცხვირს - 33.91%

ტუჩებს - 7.79%

ყურებს - 2.42%

ლიპოსაქციას გავიკეთებდი - 13.84%

მკერდს გავიზრდიდი - 13.15%

მკერდს დავიპატარავებდი - 2.25%

ნაოჭებს გავიქრობდი - 5.19%

არაფერსაც არ შევცვლიდი 14.88%

უკვე შევცვალე - 6.40%ვ