მარად თანამედროვე - კვირის პალიტრა

მარად თანამედროვე

ახლა 2012 წელია. 80 წელი ჩამოცლილა ქვიშის საათში... მტკივნეულად გაგკენწლავს გულში... ისევ იმ წრეზე ვბრუნავთ? - ქუჩებს ისევ აფართოვებენ... სული ისევ შეავიწროვეს?!

თბილისთან, მის წარსულსა და აწმყოსთან გაიგივებული იოსებ გრიშაშვილის შემოქმედება ბევრისათვის საყვარელი და ახლობელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, ბოლომდე ნაცნობია-მეთქი. "შენი ყელი, ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი", ან "შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი, მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოჰქარგა უწინ" - ყველამ იცის, მაგრამ საქართველოსთვის მარად მართალი და, როგორც დრომ გვიჩვენა, მარად აქტუალური სტრიქონები ხომ არ გახსოვთ? - "უსიხარულოდ მიდიან წლები... თავში - კუჭი გვაქვს და გულში - ჯიბე"...

მას მერე, რაც იოსებ გრიშაშვილმა ეს სტრიქონები დაწერა, კარგა ხანი გავიდა, მაგრამ ჩვენ "იგივე ვართ მარად და მარად" - "თავში კუჭი გვაქვს და გულში - ჯიბე"! იქნებ ამისი ბრალიც არის, რაც მოვიმკეთ. კიდევ ბევრს ნახავთ საინტერესოსა და თქვენთვის ახალს იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებაში...

ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მწერლის ოთხტომეულს მიიღებს, რაც მართლაც კარგი საჩუქარი იქნება გემოვნებიანი და ინტელექტუალური მკითხველისათვის.

იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების უკანასკნელი საღამო 1922 წელს ჩატარდა, მერე ამისი საშუალება აღარავის მიუცია... 1922 წელს წაიკითხა საღამოზე ლექსი "სუმბათაშვილის და ეკატერინე სარაჯიშვილის ნადიმზე", რის გამოც დაიჭირეს და მეტეხის ციხეში უკრეს თავი... 3-4 თვე მოუწია ციხეში ჯდომამ.

მერე ძალიან ფრთხილობდა, ცდილობდა, რაღაცნაირად თავიც გადაერჩინა და მემკვიდრეობაც, რომლის საქართველოსთვის დატოვებას აპირებდა.

უკვე მოხუცებული და სნეული, როცა ცნობიერება თითქმის აღარ ჰქონდა, ყველა წიგნს იხსენებდა, რომელიც კი ოდესმე ეყიდა და შეენახა. ცნობდა იმ წიგნებსაც, რომლებსაც ყდები თავად დააცალა, ერთგვარად შენიღბა - სწავლა-განათლებით "განთქმულ" წითლებს რომ ენახათ, ვერ ეცნოთ აკრძალული ავტორების წიგნები... ერთი შეხედვით ამბობდა, რომელი - რომელი იყო... არადა, იმ წუთებში შეიძლებოდა უახლესი ადამიანები ვერ გაეხსენებინა, ოჯახის წევრები ვერ ეცნო...

და კიდევ: ბოლომდე ახსოვდა უმშვენიერესი ქალები, რომლებიც სხვადასხვა დროს უყვარდა. ზოგი მათგანის სახელი სამარეში წაიღო, ზოგის - ლექსებში უკვდავყო... ზოგ მათგანს საერთოდ არ მიახლოებია, მხოლოდ წერილებს სწერდა სიყვარულით ატაცებული, ზოგთან შვილი შეეძინა...

უყვარდებოდა და მერე ეს სასიყვარულო ამბები ისტორიის საკუთრება ხდებოდა. იოსებ გრიშაშვილი თავისი აშიკური იუმორით აცილებდა ყველა ყოფილ გატაცებას:

"ვინაიდან შეგიყვარდა ივლიან,

ჩემს ბინაზე ახლა სხვები ივლიან."

"ახ, გათხოვდი ნუთუ მიტომ,

რომ გაგხადოს ავად მიტომ?"

მეუღლე ერთადერთი ჰყავდა - ქეთო ჯაფარიძე, პირველი და უკანასკნელი სიყვარულიო, - იტყოდა ხოლმე მასზე და ეშმაკურად ჩაიცინებდა...

იოსებ გრიშაშვილის სიყვარულზე საუბარი შორს წაგვიყვანს... ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ.

იოსებ გრიშაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც სიმართლეს ამბობდა და ვის სიტყვებსაც 1921 წელს განდევნილი ქართველები გულზე მალამოდ იცხებდნენ:

"ძმათა საფლავზე ვიყავ პარასკევს,

სადაც ისვენებს მოღლილი ჯარი,

აი, გწერ მკვდართა ნალაპარაკევს:

დავკეცეთ დროშა, გავტეხეთ ჯვარი.

ბაგრატიონი და ფეიქრები,

არ მინდა ერი სხვა ერს მიებას,

დახეულ ქუდად მოდის ფიქრები,

ოცნება საზღვრავს უსაზღვროებას.

ძმაო, არ მინდა, შენც დამაობლო,

ჩემი ლექსები სხვის კარზე ჰქროდეს,

თუ პოეზიას არ აქვს სამშობლო,

პოეტს სამშობლო ხომ უნდა ჰქონდეს?

და დღეს არ ვიცი, თუ რომელ ალაგს

ამოვა ისევ დილა-აისი,

დღეს გორგასალის სატახტო ქალაქს

მხოლოდ სახელი შერჩა თავისი".

საქართველოში ამ დროს უცხო მეტად და მეტად იკიდებდა ფეხს... ჩრდილოეთიდან მონაბერ "ტკბილ სულს" მწარე შედეგები მოჰყვებოდა... ცალ ხელს საფერებლად უსვამდნენ თავზე ქართველებს, მეორით - ბორკილს ადებდნენ: ქართულს დევნიდნენ სიტყვასაც, სამოსსაც, წეს-ჩვეულებებსაც. მედიდურობის სურვილი მედროვე ქართველებს ჯგროდ მიერეკებოდა დროებითი გამდიდრების და რეალური გაღატაკების გზაზე. იოსებ გრიშაშვილი მისტიროდა ამ გაღატაკებას და არა უბრალოდ ძველ თბილისს. ამიტომაც მის შემოქმედებას ყავლი არ გასვლია. გეგონება, ეს წუთია, ბოლო სტრიქონი დაწერა და კალამი მაგიდაზე დადო... ამიტომ რასაც ვკითხულობთ, ჩვენ გვეხება - დღევანდელებს:

"მე დარდი მკლავს იმ უბნის,

იმ ქუჩის, იმ მიღმისა,

შუბლი გამიფართოვდა,

როგორც ველი დიღმისა,

ვფიქრობ, მაინც ვერ მივხვდი,

სადაური წესია,

ვინც კვნესოდა ძველ დროში,

ეხლაც ისევ კვნესიან.

ქათმებსა და კურდღლებსა

ამრავლებენ ჯიშებად,

ივარჯიშონ, რას დავდევ

თუკი ევარჯიშებათ,

მაგრამ მე ეს მაკვირვებს,

მაგრამ ეს მეფიქრება,

კაცის ჯიშს რომ სწყვეტავენ,

შემდეგ ვიღა იქნება?

ქუჩებს აფართოვებენ...

ვაი, ამგვარ სიფართეს,

იქ ქართველებს ვერ ვხედავ,

ვხედავ უცხო სიფათებს.

საფლავიდან მკვდრებს ჰყრიან -

დაღლილებს და ნასვენებს,

დასანგრევს აშენებენ

და ანგრევენ ნაშენებს.

ქუჩებს აფართოვებენ!

ჰყვირიან და ჰკივიან,

ქუჩებს აფართოვებენ!

ესეც კოლექტივია?

ქუჩებს აფართოვებენ,

ასწორებენ იწროებს,

ქუჩებს აფართოვებენ, -

სული შეავიწროვეს".

ეს ლექსი 1932 წელს, 19 ოქტომბერს დაწერა იოსებ გრიშაშვილმა... ახლა 2012 წელია. 80 წელი ჩამოცლილა ქვიშის საათში... მტკივნეულად გაგკენწლავს გულში... ისევ იმ წრეზე ვბრუნავთ? - ქუჩებს ისევ აფართოვებენ... სული ისევ შეავიწროვეს?! ამიტომაც რჩება მარად თანამედროვედ კაცი, რომელმაც  დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა თბილისს თავის უნიკალურ ბიბლიოთეკასთან, სიძველეების კოლექციასა და ნახევრად უცნობ შემოქმედებასთან ერთად...