სასიკვდილოდ განწირულები - კვირის პალიტრა

სასიკვდილოდ განწირულები

ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ძაღლთან ერთად მოსეირნე ხნიერ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. ძაღლი მიცვალებულს გვერდიდან არ მოშორებია - დიდხანს დასჩერებოდა, მერე გვერდით მიუწვა და თავი დაადო.

ძაღლებმა ხომ საოცარი მეგობრობა იციან. ადამიანი კი ყოველთვის როდი პასუხობს იმავე გრძნობით. ულამაზეს ქართულ ნაგაზს ერთი თბილისელი ბიჭი მხოლოდ იმისთვის ზრდიდა, რომ სხვა ძაღლებთან ეჩხუბებინა და ამ სანახაობაში აღებული ფულით თავი ერჩინა. ლომა გმირულად იბრძოდა და იგებდა ყველა შერკინებას. ერთხელ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შეახვედრეს... ლომა  დამარცხდა, თავის აწევაც კი არ შეეძლო. ესმოდა პატრონი როგორ  დაღრიალებდა, - როგორ დამარცხდიო და  მერე ერთი-ორი წიხლიც უთავაზა. ლომა მარტო დარჩა, თუმცა გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც უპატრონა და გადაარჩინა. ისევ დამშვენდა ლომა, არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ ბედნიერად არ ეგრძო თავი, მაგრამ პატრონი ენატრებოდა, მერე რა, რომ მოძალადე იყო, და ამ ნატვრაში გულის ინფარქტით დაიღუპა. მისმა გადამრჩენელმა  თამაზ ელიზბარაშვილმა კი ლომას ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა, პატრონებისგან მიგდებული ძაღლები დაეცვა და დააარსა თავშესაფარი, სადაც, არსებობის ხუთი წლის მანძილზე უამრავი ჩხუბში დამარცხებული, დასახიჩრებული, სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მიუყვანიათ.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ასეთი ბინადარი გამოჩნდა თავშესაფარში, კავკასიური ნაგაზი, ძუ კატო. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ცხოველების მიმართ სისასტიკეს, საქართველოში ძალიან ხშირად ეწყობა სისხლიანი სანახაობა.  ძუს შერკინებაც ჩვეულებრივი მოვლენაა გლადიატორთა ბრძოლის მოტრფიალე საზოგადოებაში. სუსტი სქესი კი ძაღლებშიც სუსტია და კატოც დამარცხდა. ძაღლს გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. სამწუხაროდ, კატო არ იქნება უკანასკნელი ძაღლი, რომელიც კაცთა სისასტიკეს ეწირება. (!)

კატოს გულშემატკივრებისგან გავიგე, - კვირა არ გავა, სადმე ძაღლების ჩხუბი არ გაიმართოსო. ახლა თბილისში კავკასიურ ნაგაზებში ყველაზე ძლიერი მოჩხუბარი მახო ყოფილა. ბოლო ხანს კახელ ჯარჯისთან” უჩხუბებიათ.  ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მათ პატრონებს მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მიღებული  კანონი აუკრძალავს ძაღლებისადმი სასტიკად მოპყრობას და მახო  და ჯარჯი ლომას ბედს არ გაიზიარებენ.

ძაღლების ჩხუბის ერთ-ერთ მოტრფიალეს ვკითხე, - გიყვარს შენი ძაღლი-მეთქი? ძალიანო. ჩხუბის დროს რომ მოგიკვდეს, არ შეგრცხვება საკუთარი თავისა? - ჩავეძიე. არ მოკვდება. ძაღლი იმისთვის არის, რომ უნდა აჩხუბოო.

აი, დიალოგი ერთ-ერთი მოჩხუბარი ძაღლის პატრონთან:

- სად მართავთ ხოლმე ამ სისხლიან სცენებს?

- თბილისში, კახეთში, ბოლოს საგარეჯოში ვიყავით. ლოტკინზე და თბილისის ზღვაზე განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოდის. მალე მახოს უნდა ჩამოუყვანონ აზერბაიჯანის ჩემპიონი და ბევრი მაყურებელი მოიყრის თავს.

- როგორ იგებს ხალხი ამ სანახაობის თარიღს?

- ერთმანეთს ვურეკავთ, ინტერნეტით ვატყობინებთ.

- კანონის არ გეშინიათ?

- არც კი ვიცოდი, თუ რაიმე კანონი არსებობდა... თბილისის ზღვაზე საპატრულო პოლიციაც კი შეგვიმჩნევია, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამთ.

- ფულის გამო აჩხუბებთ ძაღლებს?

- ზოგი ფულის, ზოგიც სახელის გამო. გამარჯვებული ძაღლის ლეკვები კარგად იყიდება... მაინც ფულისთვის გამოდის შერკინება. ისე,  თუ გადარჩება, კარგია, თუ არადა, ძაღლი კი არა, კაციც კვდებაო(?!) - დასძინა საუბრის დასასრულს ჩემმა მოსაუბრემ. “რა უნდა მეთქვა, "რკინის ლოგიკაა".”

უცნაურია, რომ ამ აკრძალულ სანახაობებზე ყურს არ იბერტყავენ სამართალდამცველები. არადა, ინტერნეტი აჭრელებულია ბრძოლის ამსახველი ვიდეომასალით და ფოტოებით. ამასთან, კანონის დარღვევა არის არა მხოლოდ ძაღლების მიმართ სასტიკად მოპყრობა, არამედ ამ სისასტიკის ამსახველი მასალების გავრცელებაც.

ძაღლების შერკინება შორეული წარსულიდან მოდის, მაგრამ ცივილიზებულმა დასავლეთმა კარგა ხანია, აკრძალა ეს სისხლიანი სანახაობა. ასევე აიკრძალა შინაურ პირობებში მებრძოლი ძაღლების ყოლა, რადგან მათი არამდგრადი ფსიქიკა ერთ დღეს შესაძლოა ოჯახური ტრაგედიის მიზეზი გახდეს, რაც არცთუ იშვიათად მომხდარა. აკრძალვას შემდეგი მოტივი განაპირობებს: ეს სანახაობა არა მხოლოდ ცხოველების მიმართ მავნებლობაა, ხელს უწყობს აგრესიულობის განვითარებას ადამიანებშიც. საქართველოში უსაზღვროდ გაზრდილი საზოგადოებრივი აგრესიულობიდან გამომდინარე, ეს განმარტება ძალიან დამაფიქრებელია.

P.S. ამ სისხლიანი სანახაობის შემდეგ გულქვა უნდა იყოს ადამიანი, გულგრილი რომ დარჩეს ძაღლების მიმართ.

ადამიანო, კანონიც რომ არ გაიძულებდეს, ნუ გაწირავ მეგობარს, თუნდაც ოთხფეხს, რომელსაც ერთგულებაში ვერც ერთი სულიერი ვერ შეედრება.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე, ცხოველის წვალება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სამწუხაროდ, დღემდე კანონი მხოლოდ ქაღალდზე კანონობს.

სისხლიანი ორთაბრძოლა

XIX საუკუნის დასაწყისში ლონდონის დაბალმა ფენამ ფულის შოვნის "იდეალურ" გზას მიმართა: შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ძაღლებთან ერთად უშვებდნენ ათობით, ზოგჯერ ასობით ვირთხას და იწყებოდა სანახაობა. ამ სისხლიან ორთაბრძოლას თანამედროვე ენაზე შეიძლება ვირთხის ტოტალიზატორი ვუწოდოთ. გადარჩენილი ვირთხის პატრონი იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას იღებდა. გამოხდა ხანი და ვირთხები ძაღლებით ჩაანაცვლეს. ასე გაჩნდა ძაღლების ორთაბრძოლა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ირლანდიასა და შოტლანდიაში, ის კი არა, ექსპერიმენტების ჩატარებაც დაიწყეს ტერიერსა და ბულდოგზე და მათი შეჯვარებით იდეალური მებრძოლი ბულტერიერი მიიღეს. 1835 წელს ინგლისში მიიღეს კანონი ძაღლების ორთაბრძოლის აკრძალვის შესახებ.

ამერიკაში ძაღლების ჩხუბი 1866 წელს აიკრძალა.

კიდევ ერთი სისასტიკე - მამლების ჩხუბი

მამლების ჩხუბი ჯერ კიდევ უძველეს დროს იმართებოდა  ინდოეთში, ჩინეთსა  და სპარსეთში. ბრძოლის დაწყების წინ მამლებს დეზებზე ლითონის ან ძვლის დაახლოებით 4-სანტიმეტრიან დეზებს წამოაცვამდნენ ხოლმე, ხანდახან უფრო გრძელსაც იყენებდნენ.

მებრძოლი მამლები ბაბილონში დაახლოებით ჩვ. წ.-მდე 700 წელს მოხვდნენ ინდოეთში ლაშქრობიდან დაბრუნებულ ირანელ ჯარისკაცებთან ერთად.

საბერძნეთში კი ისინი პოპულარები თემისტოკლეს დროს გახდნენ. მოგვიანებით მამლების ჩხუბი აზიასა და სიცილიაშიც გავრცელდა. რომაელები მასხრად იგდებდნენ მამლების ბრძოლას, მაგრამ ნაშრომებში იმდროინდელ სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე არის ჩანაწერები, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრძოლის მოყვარულმა ქონებაც კი წააგო. მამლების ბრძოლა, როგორც სანახაობა, რომიდან ბელგიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, უელსში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ლუქსემბურგშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეკლესია წინ აღუდგა მამლების ბრძოლის გავრცელებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ბრიტანეთში მამლების საბრძოლო არენა პირველად მეფე ჰენრიხ VIII-მ ააგო. ჩანს, მამლების ბრძოლამ უდიდესი პოპულარობა იმიტომაც მოიპოვა, რომ მის გასამართად არცთუ ბევრი ადგილი და ფული იყო საჭირო.

დიდ ბრიტანეთში მამლების ჩხუბი 1849 წელს აიკრძალა, კუბაში კი 1959 წელს, ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლისთანავე.