ძიება და ბრძოლა... - კვირის პალიტრა

ძიება და ბრძოლა...

ოთარ მეღვინეთუხუცესი - 80

"რასაც ფიქრობ, ის არის მთავარი, ამისი როგორ უნდა გრცხვენოდეს კაცს?!"

ჭაბუა ამირეჯიბის რომანის, "დათა თუთაშხიას" პერსონაჟი მთელმა საქართველომ გააიგივა იმ როლთან, რომელიც დიდი ოსტატობით განასახიერა ოთარ მეღვინეთუხუცესმა.

ოთარ მეღვინეთუხუცესის შემოქმედება რაინდულია, ამიტომ რა როლიც უნდა ითამაშოს, რა ასაკისაც უნდა გავიდეს სცენაზე, მისი ახალგაზრდული, მებრძოლი პერსონაჟი დროის მიღმა დგას. თავად მსახიობი საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური სიღრმით ხასიათდება. იქნებ ამიტომაცაა, რომ მთელი სიცოცხლე ისე გაატარა, როგორც ბრძოლის ველზე - ებრძოდა საკუთარ თავს... ბრძოლაგადატანილი კიდევ უფრო ძლიერად ამაგრებდა ჯავშანს, რომელსაც უნდა გადაერჩინა...

ქართველებმა ხომ ასე ვიცით: თუ ვეთანხმებით ადამიანის პოზიციას, ან საქმიანობას, ბოლომდე თვალდახუჭული ვუკრავთ ტაშს, თუ არ ვეთანხმებით - მაშინაც თვალდახუჭული ვესვრით ქვას... ასეთ სიტუაციაში არაერთ ტკივილს მიაყენებდნენ დიდ მსახიობს, არაერთ მწარე სიტყვას გააგონებდნენ.

იქნებ ამიტომაცაა, რომ ურჩევნია, იყოს თავისთვის... ის არ არის მილოცვა-იუბილეებზე ორიენტირებული... ამიტომ წოდებების ვრცელი სია სულაც ვერ გადმოგცემთ მისი სულიერი სამყაროს არსს.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, მარჯანიშვილის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის I პრემიის (დიმიტრი ასტახანის ფილმი "განვედ ჩემგან"), სტანისლავსკის, რუსთაველის, რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია "თოლიას", საქართველოს სახელმწიფო პრემიების მფლობელი ოთარ მეღვინეთუხუცესი 80 წლისაა. მისი შესრულებული როლები თეატრისა და კინოკლასიკად არის ქცეული.

კინომცოდნე გიორგი გვახარია წერდა: "ვინც არ უნდა განესახიერებინა მეღვინეთუხუცესს სცენაზე თუ კინოში - ოტელო თუ მეფე გიორგი, კრეონი თუ ელიოზი, ფიროსმანი თუ ოიდიპოს მეფე, დონ კიხოტი და არზაყანი, საკუთარ თავს არასდროს ღალატობდა. იშვიათი გამონაკლისიაო,”როცა ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითუარყოფისკენ მიდრეკილება აბსოლუტურად ყველა არტისტს ახასიათებს. სწორედაც რომ არა, უამრავ მსახიობს ჰქონია სურვილი, გადაელახა "ქამელეონად ყოფნის" ვნება და სცენასა და ეკრანზე საკუთარი თავი განესახიერებინა. მაგრამ ყოველმა მსახიობმა იცის, რაოდენ სახიფათოა ეს: რაოდენ დიდია განმეორების საშიშროება, რაოდენ სარისკოა ითამაშო ერთი და იგივე როლი - საკუთარი თავი. იმისათვის, რომ მაყურებელს თავი არ მოაბეზროს, განუწყვეტლივ უნდა იზრდებოდეს, არა იმდენად როგორც მსახიობი, რამდენადაც როგორც პიროვნება, უნდა იყოს იმდენად მდიდარი, რომ საკუთარი თავი არასდროს ამოწუროს, რათა მაყურებელმა ერთი მხრივ იცნოს და გაუხარდეს მსახიობის ცნობა, მეორე მხრივ კი, გაუკვირდეს, რაღაც ახალი აღმოაჩინოს მასში.

ოთარ მეღვინეთუხუცესის თავდაჭერილობა, უნარი, არასდროს გაშიშვლდეს”ბოლომდე და ყველა როლში თავისთვისაც, მაყურებლისთვისაც რაღაც საიდუმლო დატოვოს, მას მსახიობთა იმ ჯგუფთან აერთიანებს, რომელთაც "მონუმენტალისტებს" უწოდებენ ხოლმე.

]ღირსეული, ძლიერი სახეების შექმნა იტაცებს და თუ გმირს ეს თვისებები აკლია, თავად მიანიჭებს მას.–არ უყვარს ზიზილ-პიპილები, არ უყვარს მორთულ-მოკაზმულობა. მარჯანიშვილელთა არცთუ ისე წარმატებულ სპექტაკლში "მაყურებლისთვის ამ სპექტაკლის ნახვა აკრძალულია", როცა იგი სცენაზე გამოდის (მეღვინეთუხუცესი თეატრის მსახიობის როლს თამაშობს), ყველაფერი მაშინვე იჩრდილება. ყველაფერი და ყველა... სწორედ იგი ხდება ცენტრალური პერსონაჟი. მაგრამ, ამავე დროს, ეს არ არის არც აკაკი ხორავას და არც ჟან გაბენის სტილი, ეს არ არის მონუმენტურობა მონუმენტურობისთვის, როცა არტისტი ქანდაკებას ემსგავსება სცენასა თუ ეკრანზე. ცენტრალური პერსონაჟები იქმნება არა ძალის, თუ მტკიცე ნებისყოფის, არამედ იმ იდუმალების, ბოლომდე ართქმულის” გამო, რასაც მისი გმირები თავიანთ თავში ატარებენ. მაყურებლის ყურადღება მისკენაა მიმართული, რადგან სურს ჩასწვდეს ამ საიდუმლოს, პუბლიკა ხედავს, თავად მსახიობი იღვწის ამისკენ და მსახიობთან ერთად მიჰყვება ჭეშმარიტების ძიების ამ გზას".

ძიება და ბრძოლა - ამ ორი სიტყვით შეიძლება მისი ცხოვრების დახასიათება.

მოხდენილი, ვაჟკაცური, რომანტიკული ოთარ მეღვინეთუხუცესის როლები თითქოს წინა პირობად იქცა და ადამიანები შეეჩვივნენ მისგან გმირის განსახიერებას, ცხოვრებაშიც გაჩნდა მოლოდინი: მეღვინეთუხუცესი იტყვის, ის დაიცავს, ის ბრძოლას განაგრძობს... ჩვენი პოლიტიკური ბრძოლებით გადატვირთულ ცხოვრებაში ამას უარყოფითი მხარეც დაჰყვა თან: ვიღაც მოხიბლული იყო მისი პოზიციით, ვიღაც - განრისხებული. ის კი თავისი თავი იყო და თავისი თავი უნდოდა, ყოფილიყო.

- გაგიკვირდებათ: ჩემი ხელობის კაცი საზოგადოებაში ცუდად რატომ უნდა ვიყო... სულ ცუდად ვარ, უხერხულობის გრძნობა ვერ მოვიშორე. ეტყობა, ბალღობიდანვე დამყვა კომპლექსი... ჩემი ქალიშვილი ერთი წელი სწავლობდა ამერიკის კოლეჯში... იმასაც კომპლექსები ჰქონდა. რომ ჩამოვიდა, მითხრა, - სულ შევიცვალეო. იქ ეუბნებოდნენ, - მხოლოდ ის თქვი, შენ რას ფიქრობ, თუნდაც მცდარი იყოსო. ეს ათავისუფლებს ადამიანს... რასაც ვფიქრობ, ის არის მთავარი. რაც ხარ, ის უნდა იყო. ამისი როგორ უნდა გრცხვენოდეს კაცს?! ღმერთმა როგორიც გაგაჩინა, ისეთი უნდა იყო.

თქვა და აასრულა კიდეც. იქ არ გამოჩნდა, სადაც არ უნდოდა გამოჩენა, ის არ თქვა, რაც ძლიერთა ყურს ეამებოდა... არც ის გაიმეორა, რასაც მისგან მოითხოვდნენ... თითქოს საქვეყნოდ გამოაცხადა: ნება მიბოძეთ, ვიყო ის, ვინც ვარო და დარაბები მიხურა.

მარტოობა ადრეც ჰქონდა გამოცდილი:

- მინდოდა, მეც ისეთი ვყოფილიყავი, როგორებიც ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ. პურმარილზე ყოფნაც მიყვარდა, გოგი გელოვანთან ერთად სიმღერაც, ჩხუბიც შემეძლო, ქალებისკენაც მებრიცებოდა თვალები, მაგრამ სული რომ არსებობს, ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის და ეს დალოცვილი სული თავისას ითხოვდა. ის მაფიქრებდა. მერე ლიტერატურა გვაქვს ისეთი, პირდაპირ სულზე რომ ზემოქმედებს, - ძუნწად ამბობს სათქმელს დიდი არტისტი, დანარჩენს თავად უნდა მიხვდე.

მისი სიფიცხე ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბი გამხდარა. არც თავად მალავს, რომ "ცეცხლის წაკიდება" იცის, მაგრამ მაშინ, როცა უსამართლობას ხედავს.

80 წლის იუბილე ძალიან მოკრძალებულად ჩატარდა. სახელმწიფო არხებს არ მოუმზადებიათ საიუბილეო გადაცემა, კულტურის სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია... მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა ამ თარიღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით. ეს იყო და ეს...

ისევ ძველი ამბით დავასრულებ: ერთ-ერთი შეხვედრისას მკითხა: რა გაინტერესებთო. მოგვენატრა თქვენთან შეხვერა გაზეთის ფურცლებზე-მეთქი... ნეტავ ჩემი თავი მეც მენატრებოდესო, - თქვა გულწრფელად. მისი რთული ფსიქოლოგიური სამყარო ჯერ კიდევ ელის დანახვასა და ღირსეულ დაფასებას.