"სიკვდილის ქალაქის" მოქალაქენი - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ქალაქის" მოქალაქენი

"კამიკაძეები ხომ არ არიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან?"

"დღეს ჩვენს ქვეყანაში 80 წლის ვეტერანები შიმშილობენ"

"ეს რეზიდენცია  ოქროს ღილია დახეულ შარვალზე!"

რეზიდენტის ფეშენებელური რეზიდენციის წინ სუსხიან ზამთარში ორ ხეს შორის გადებულ ძელზე 80 წელს მიტანებული მოხუცები შიმშილობენ. მათ გარშემო ხანში შესული მამაკაცები და ქალები დგანან, - ეს სცენა მხატვრული ლიტერატურიდან გადმოღებული არ გეგონოთ. ეს დღევანდელი საქართველოს მწარე რეალობაა, რეალობის პერსონაჟები კი ვეტერანი ავიატორები არიან.

ვეტერანმა პილოტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შიმშილობა 25 იანვარს დაიწყეს. 80 წლის აკაკი ბითაძემ, 78 წლის ზაურ ბედიამ და 72 წლის ალბერტ ნურბეკიანმა პროტესტის  რადიკალურ ზომას მიმართეს. ისინი ექვსი წლის წინ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ.

ალბერტ ნურბეკიანი, მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი: "ვეტერან ავიატორებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრისთვის 417 წერილი გვაქვს გაგზავნილი. ჩვენ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდას ვითხოვდით. ვეტერან პილოტებს ხელთ გვაქვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ხუთი გადაწყვეტილება. სახელმწიფოს პილოტებისთვის საწარმოო ტრავმისათვის დადგენილი თანხა უნდა გადაეხადა. გადაწყვეტილებები ძალაში ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიდა. რისთვის სჭირდებათ სასამართლო სისტემა, თუ გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ? სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. არაერთხელ მივმართე სხვადასხვა ინსტანციას, მათ შორის - პროკურატურასაც, აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ უარს ამბობენ. კამიკაძეები ხომ არ არიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან?  რომელ დასავლურ ქვეყანაში შიმშილობენ 80 წლის ვეტერანი მფრინავები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით?

ჩვენ ხელისუფლება არა გვყავს. ქვეყანა ბოროტმოქმედების ხელშია! ციხეში ალპობენ ნემსის ქურდებს, აქლემის ქურდები კი ხელისუფლებაში მოკალათებულან!

თუ ვინმეს ჰგონია, საქართველოსთვის იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ვეტერან პილოტებს, ძალიან ცდება. პირადად მე 167 მგზავრის სიცოცხლე გადავარჩინე 10600 მ სიმაღლეზე. თვითმფრინავი საქართველოს საკუთრება იყო. განჰერმეტიზაციის გამო დავინვალიდდი. ხომალდის მეთაური მალევე დაიღუპა, ხოლო ბორტგამცილებელი ეპილეფსიით დაავადდა. ამ სიმაღლეზე ადამიანი 30 წამში კარგავს გონებას.  თვითმფრინავში ავტომატურად არ ცვიოდა ჟანგბადის ნიღბები. ასეთი ავარიის დროს ბორტგამცილებელი უნდა მიხმარებოდა მგზავრებს, მაგრამ მან და ხომალდის მეთაურმა გონება დაკარგეს.  ცალი ხელით როგორღაც მოვახერხე ჟანგბადის ერთი-ორჯერ შესუნთქვა და თვითმფრინავი ავარიულად დავსვით სოჭში. ასე ვიხსენით 167 კაცის სიცოცხლე და დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გვიწევს შიმშილობა. აკაკი ბითაძე საბჭოთა კავშირის დამსახურებული პილოტი იყო, ან ზაურ ბედიას, რომელსაც მთელი სოხუმის აეროპორტი და 200 მგზავრი ჰყავს სიკვდილს გადარჩენილი, დამსახურების გარეშე ანდეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე?"

აკაკი ბითაძე, ვეტერანი მფრინავი: "ღირსებას ვერავინ წამართმევს. დაე,  მსოფლიომ გაიგოს, რა "დემოკრატიული", მთავრობაც გვყავს, დაე, ქვეყანამ ნახოს, პრეზიდენტის მდიდრული რეზიდენციის წინ როგორ იხოცებიან 80 წლის ვეტერანები.

კუთვნილი კომპენსაციის მოლოდინში საშინელ სიღატაკეში, 11 ვეტერანი მფრინავი გარდაიცვალა.   ეს ცხვირმოუხოცავი ჩინოვნიკები კი ფუფუნებაში ცხოვრობენ. ეკონომიკის სამინისტროდან უსირცხვილოდ მოგვწერეს, რომ ჩვენი დავალიანების დაფარვის (რომელიც 424 ათას ლარს შეადგენს) რესურსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გააჩნია! სოფლის მეურნეობის ახალდანიშნულ მინისტრ ზაზა გოროზიას ჯიპში ხომ გადაიხადეს 150.000 ლარი?!"

ზაურ ბედია, ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავი, ხომალდის მეთაური: "დიაბეტით დაავადებულმა მოხუცმა შიმშილობა გადავწყვიტე. უნდა გადაგვიხადონ ის საინვალიდო პენსია, რომელიც  2006 წლის ოქტომბრიდან არაკანონიერად შეგვიწყვიტეს. ჩვენ პენსიასაც არ ვიღებთ. სახელმწიფო ეგრეთ წოდებულ კომპენსაციას გვიხდის, რომელიც 108-დან 135 ლარამდე მერყეობს. არც შეღავათები გვაქვს. სომხეთში პენსია მფრინავს 800 დოლარი აქვს, აზერბაიჯანში - 1.200,  ქართველი მფრინავები შიმშილით ვიხოცებით, განცხრომაში მყოფი ბალღები კი გვეუბნებიან, სახელმწიფოს ფული არა აქვსო. მაშ, საიდან ეს რეზიდენცია, რომელიც პრეზიდენტმა წამოჭიმა ამ ღატაკ ქვეყანაში. დახეულ შარვალზე ოქროს ღილს არავინ აკერებს, ეს რეზიდენცია კი ოქროს ღილია დახეულ შარვალზე!"

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "ლილოს საავიაციო დასახლებას მე "სიკვდილის ქალაქი" შევარქვი. თვე არ გადის, რომ ვეტერანი ავიატორი  არ დაიღუპოს. დღესაც ერთ-ერთის დაკრძალვაა. სიღატაკეში გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკვებისა და მედიკამენტების თანხა არ ჰქონდა. ხელისუფლებას დაახლოებით 200 ვეტერანი ავიატორისა 400 ათას ლარამდე მართებს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა ვალდებულებებიც აკისრია. როგორც ჩანს, უნდათ, ეს თანხა სახელმწიფო შიდა ვალში აღიარონ, მაგრამ ლაპარაკია 70-80 წლის ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე მიდიან ამ ცხოვრებიდან".

შარშან ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ქართულ ავიაციაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მაშინ ჩვენი რესპონდენტი მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი, დღეს მოშიმშილე ალბერტ ნურბეკიანი გახლდათ. წერილების ციკლის დასრულებისთანავე ალბერტ ნურბეკიანმა გადაწყვიტა, წერილი გაეგზავნა მომავალში. ნურბეკიანი შარშან ამბობდა: "არ მინდა ვინმეს გული გავუხეთქო, მაგრამ გადმოგცემთ წერილს, სადაც ვწერ, რა მოხდება 1 წლის შემდეგ მესტიასა თუ საერთოდ ქართულ ავიაციაში. თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს" (ეს წერილი დავლუქეთ და "კვირის პალიტრის" რედაქციაში შევინახეთ. - ავტ.). წერილის გახსნა ვეტერანი პილოტების შიმშილობის აქციაზე მოგვიხდა.

გზავნილი მომავალში

"დღეს, 2011 წლის 22 იანვარს, მაშინ როცა ვეტერანმა პილოტებმა აღვნიშნეთ ორმოცი დღე ამ რეჟიმის მეშვიდე  მსხვერპლის, შოთა თომაძის  გარდაცვალებიდან, გადავწყვიტე,  ეს გზავნილი მომავალში გავგზავნო გაზეთ "კვირის პალიტრის" მეშვეობით. მაშ, ასე: ყოველგვარი უმსგავსობა, მათ შორის - ქართულ ავიაციაში, მხოლოდ ძალას მოიკრებს. გაგრძელდება ქართული ავიაციის მიზანმიმართული განადგურება. ჩვენს სახელმწიფო ჩინოვნიკებს კი კიდევ უფრო გაეზრდებათ მილიონების მოპარვის მადა. "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილები ააფორიაქებს ქართული ავიაციის მაფიოზ "მამებს", მაგრამ რეალური ცვლილებები არ იქნება. ქართული მაფიის ჯიბეები კიდევ უფრო გასქელდება, მათ შორის - ქართული ავიაციის ნგრევის ხარჯზეც. ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში, ქვეყანას სიკეთე არ უწერია.

ახლა ის დროა, როცა მესტიის აეროპორტზე დიდი პიარკამპანია და ჰაი-ჰუია. ირწმუნებიან, რომ მესტიაში ბოინგები იფრენენ და მესტია მსოფლიოს ტურისტული ცენტრი გახდება, მესტიის აეროპორტი კი მილიონობით ტურისტს მიიღებს. მესტიის აეროპორტთან დაკავშირებული პიარკამპანია ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება. მაგრამ ცოტა ხანში დაიწყება ფოთის აეროპორტის, ანაკლიისა და კიდევ რამდენიმე არასაჭირო აეროპორტის მშენებლობასა და მის მნიშვნელობაზე მორიგი პიარკამპანიები. ეს იქნება მორიგი ბლეფი და ისევე ჩავარდება, როგორც მესტიის აეროპორტის დაპიარებული პროექტი. ერთი წლის შემდეგ, როცა ეს წერილი გაიხსნება, უკვე იარსებებს ოფიციალური მონაცემები იმისა, რომ მესტიის აეროპორტი წამგებიანი პროექტი იყო...

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივარზე, რომელიც ვეტერანი პილოტების კომპენსაციის საკითხს ეხება, ამ დროისთვის არ ექნება გამოტანილი".

ალბერტ ნურბეკიანი

22.01.2011

ნურბეკიანის წინასწარმეტყველება ახდა. მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა  მესტიის აეროპორტში შესრულებული ფრენების გრაფიკი. ირკვევა, რომ მესტიაში დღეში მხოლოდ 2 ან 2-ნახევარი მგზავრი დაფრინავს. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მესტიის აეროპორტის წამგებიანობაზე საჯაროდ ილაპარაკა.

ჩვენ დავუკავშირდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც გაგვიმარტეს, რომ ვეტერანებისთვის კომპენსაციის გადახდა ფინანსთა სამინისტროს ევალება. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, ფინანსთა სამინისტროში ამ  მოთხოვნით რამდენიმე წერილი გაგზავნეს, ხოლო რას ფიქრობს ფინანსთა სამინისტრო წერილების პასუხად, ეს პრესსამსახურში არ იციან. ფინანსთა სამინისტროში კი ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვეს(?!).

ამბობენ, ქვეყნის ხელისუფალთა სახე იმის მიხედვით იცნობა, თუ როგორ ექცევიან ვეტერანებსა და პენსიონერებსო. დღეს ჩვენს ქვეყანაში 80 წლის ვეტერანები შიმშილობენ.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა 80 წლის აკაკი ბითაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).

ძალადობაზე გამარჯვება, სიკვდილზე გამარჯვებას უდრის

დმიტრი მერეჟკოვსკი