ვაჩუქოთ სითბო პატარებს! - კვირის პალიტრა

ვაჩუქოთ სითბო პატარებს!

იყავი დედა ან მამა თუნდაც ერთი საათით!

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლში 5 წლამდე ასაკის პატარები ცხოვრობენ. ისინი სულ მნახველს ელიან და თვალი კარისკენ გაურბით იმ იმედით, რომ დედიკო ან მამიკო გამოჩნდება. სამწუხაროდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება - მშობლები პატარების წასაყვანად არ ბრუნდებიან...

ბავშვთა სახლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხალისედ მუშაობა. ნინო ერთ-ერთი მათგანია. გვარს არ გვიმხელს, საუბარზეც ძლივს დავითანხმე - აქ იმიტომ არ დავდივარ, რომ ვინმემ შემაქოსო. ოთხი წელია, კვირაში ერთ დღეს ერთი საათით ესტუმრება ხოლმე პატარებს. ზოგჯერ დრო ისე გარბის, საათს საათი ემატება და სამსახურში აჩქარებით მიმავალს ბავშვების ფიქრი, ღიმილი და სიყვარული მიჰყვება.

ნინო: - სამწუხაროდ, შვილის გაჩენა ვერ შევძელი. ოთხი წლის წინ ბავშვის აყვანა გადავწყვიტე. სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ შემეძლო მესარგებლა არა მხოლოდ შვილად აყვანის, არამედ შვილობილობის პროექტითაც. ახლახან მშობელმა თავშესაფარში პატარა ბავშვი დატოვა და იქნებ გაგიმართლოთო. ისე მინდოდა დედობა, ამაზეც თანახმა ვიყავი. შვილობილს გვარს ვერ მისცემ, თანაც, შესაძლოა, მომავალში მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა შვილი დაიბრუნონ, ამიტომ ბევრს შვილად აყვანა ურჩევნია. მოკლედ, ბავშვთა სახლში იმ პატარის სანახავად გავიქეცი. ფრთხილად შევაღე კარი და ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ოთახში მოვხვდი. ყველა ტიროდა... პირველი ტკივილი იმ ოთახში ვიგრძენი. Mმერე ბაგის ასაკის ბავშვებთან შევედი, ერთი პატარა ავიყვანე, ვეთამაშე...

სანამ ბავშვთა სახლში აღმოვჩნდებოდი, მოხალისეობა არც მიფიქრია, მაგრამ პატარები რომ ვნახე, მივხვდი, ვეღარ მოვშორდებოდი. ადმინისტრაციაში ვიკითხე, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მოხალისედ ვიმუშაო-მეთქი? საჭირო აღმოჩნდა იმ საბუთების მოგროვება, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო სამსახურში მისაღებად, ეს კი ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ბევრს უკარგავს მოხალისედ მუშაობის სურვილს.

- რა არის მოხალისის მოვალეობა?

- სურვილისამებრ ირჩევ სამუშაო დროს - დღე-ღამის რომელ მონაკვეთში გინდა იმუშაო და რამდენი ხნით. იმ პირველ დღეს ერთი საათი დავყავი ბავშვთა სახლში და ემოციებით ისე დავიტვირთე, მეგონა მძიმე ფიზიკური სამუშაო შევასრულე... მოხალისეები უმეტესად უცხოელი ქალბატონები არიან. მათ სამუშაო გამოცდილებად და დიდ საქმედ ეთვლებათ ასეთ ორგანიზაციებში მუშაობა. ქართველებსაც ნახავთ, მაგრამ ისინი, ძირითადად, პრაქტიკანტი ფსიქოლოგები ან სოცმუშაკები არიან, თუმცა იშვიათად უანგაროდაც მოდიან ბავშვებთან სამუშაოდ. ვცდილობ, ხელცარიელი არასდროს მივიდე, თუმცა, ეს მათთვის მეორეხარისხოვანია. ბავშვებს ჩაცმა, კვება და სათამაშო არ აკლიათ. ყველაზე მეტად დახურული სივრციდან გასვლა, გარემოს შეცვლა სჭირდებათ... ზოგი ბაღში დაჰყავთ, მაგრამ არიან ნერვიული ბავშვები, რომელთაც ჩვეულებრივ ბაღში ვერ წაიყვანთ. ზოგიერთი დღესასწაულებზეც მიჰყავთ. თუ ვინმე ღვთისნიერი დააფინანსებს, ბავშვებს ტრანსპორტით სადმე, მაგალითად, ზოოპარკში წაიყვანენ. სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება. ამიტომაც ვცდილობ, ბავშვები თავშესაფრის ეზოში მაინც ჩამოვიყვანო. ეზოში ბიჭებს ფეხბურთსაც კი ვეთამაშები. ერთ-ერთ ბიჭუნას ფეხბურთი მე ვასწავლე. ბიჭებს იქ მამა არ ჰყავთ და აბა, ვინ ასწავლიდა თამაშს? კალათბურთს ვერ ვთამაშობთ, რადგან ფარი არ გვაქვს. აქამდე ვერ მოვახერხე მისი შეძენა. უცხოეთში მყოფ მეგობრებსაც შევეხმიანე.…იმედი მაქვს, ვინმე გულისხმიერი გამოჩნდება და დაგვეხმარება.

მიმაჩნია, რომ იქ მომუშავე პერსონალიც მოხალისეა. მათ ძალიან მცირე ანაზღაურება და უზარმაზარი დატვირთვა აქვთ. ჯგუფში 15-20 ბავშვია და საქმეს მხოლოდ ორმა ადამიანმა უნდა გაართვას თავი. წარმოიდგინეთ, სახლში გყავდეთ ამდენი პატარა და მათ მხოლოდ ორი ქალი უვლიდეს...

- დღესასწაულებს მათთან ატარებთ?

- ვცდილობ, არც ერთი ისეთი დღე არ გამოვტოვო, რომელიც ბავშვებისთვის საინტერესოა, თუმცა ახალი წლის მათთან გატარებამ დამთრგუნა და გული მატკინა.

ერთხელ, 31 დეკემბერს პატარებთან დავრჩი და გარეთ გამოსვლის შემდეგ ძალიან ცუდად გავხდი - გარე სამყარო სრულიად განსხვავებულია თავისი საახალწლო ორომტრიალით, მხიარულებით, ბედნიერი სახეებით, ისინი კი, პაწიები და უსუსურები, მარტო რჩებიან თავიანთ ბავშვურ ოცნებებთან, რომელთაგან მთავარი მშობლების დაბრუნებაა.

- ალბათ პატარები ძალიან შეგეჩვივნენ.

- მისვლისას ყველა ერთად შემომეხვევა და მეფერებიან. როცა მოვდივარ, დავალებებს მაძლევენ, რაღაცას მაბარებენ. რომ იზრდებიან, ასაკობრივი ჯგუფის შეცვლა უწევთ და ამ თავშესაფრიდან სხვაგან გადაჰყავთ. ძალიან მიჭირს მათთან განშორება.

ბოლო დროს გახშირდა შვილობილად აყვანის შემთხვევები. ბევრს უჩნდება სურვილი, საკუთარი შვილების გვერდით ეს ბავშვებიც ჰყავდეს.

- ბავშვის გასართობ ცენტრებში წაყვანა შეიძლება?

-  დრო, გამოცდა თუ დოკუმენტი სჭირდება ისეთი ნდობის მოპოვებას, რომ ბავშვი სადმე გაგატანონ, ამიტომაც ასეთი რამ არც მიცდია, თუმცა თავშესაფრიდან ბავშვების გამოყვანა სასიკეთო საქმეა - ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა პატარების ფსიქიკას განსაკუთრებით აზიანებს, არადა, ეს ბავშვები ჩვენი მომავალია... ამ პატარებში სიყვარული უნდა დავთესოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მარტონი არ არიან.

ზოგიერთ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და საკუთარ თავს ვნებს. მახსოვს, 2 წლის გოგონა როგორ გამწარებით ჰკბენდა საკუთარ ხელს, მაჯები სულ დაგლეჯილი ჰქონდა.

P.S. ნინოსთან საუბრის შემდეგ ვეცადე, გამერკვია, რატომ გაიზარდა შვილობილად აყვანის მსურველთა რიცხვი. აღმოჩნდა, რომ ნაწილი ეკონომიკური მოსაზრებით ინტერესდება, რადგან პროექტის პირობების თანახმად, სახელმწიფო აღმზრდელ ოჯახს ჯანმრთელი ბავშვის შვილობილად აყვანის შემთხვევაში 450 ლარს უხდის, დაავადებული ბავშვის შემთხვევაში კი - 600 ლარს. რატომ არ აძლევს იმავე თანხას სახელმწიფო დედას, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს და ამის გამო აბარებს ბავშვს თავშესაფარში? შვილობილად ამყვანს ხელფასს ვუხდით, მშობელ დედას კი შვილის აღზრდა ისედაც ევალებაო, - ასეთია სახელმწიფოს პოზიცია. საინტერესოა, რატომ არ შეიძლება დედას წავაშველოთ ხელი საკუთარი შვილის აღზრდაში? სანამ სახელმწიფო ამ პატარების საკეთილდღეოდ უკეთეს კანონებს მიიღებს, ისღა დაგვრჩენია, მათ ჩვენი სითბო და სიყვარული გავუზიაროთ. ჩვენ, "კვირის პალიტრის" თანამშრომლები, მზად ვართ, კვირაში რამდენიმე საათი მათთან გავატაროთ.

შემოგვიერთდით! იყავი დედა ან მამა თუნდაც ერთი საათით! მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ეს ძალიან სჭირდებათ!