კეთილი და დამცინავი უილიამ თეკერეი - კვირის პალიტრა

კეთილი და დამცინავი უილიამ თეკერეი

უილიამ თეკერეის ის რომანი, რომელსაც მომავალი კვირიდან მისი სიდიდის გამო ორ ნაწილად გთავაზობთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში პირველივე თარგმანის გამოსვლის პერიოდიდან და როგორც "50 წიგნის" პროექტის გამოკითხვამ უჩვენა, არც ჩვენს დროში დაუკარგავს ეს პოპულარობა.

არადა, არ ვიცი, - დღევანდელი ცხოვრების ტემპისა და მუდმივი უდროობის ბრალია თუ მკითხველის გემოვნებამ განიცადა მკვეთრი ტრანსფორმაცია, მაგრამ ასეთ დიდტანიან რომანებს ნაკლები "გასავალი" აქვთ XXI  საუკუნეში.

ალბათ, მაინც მნიშვნელობა აქვს ხარისხს და ეს სამწუხარო რეალობა სწორედ იმიტომ არ ეხება "ამაოების ბაზარს".

"ამაოების ბაზარს" რაც შეეხება: Vanity Fair- ასე ჰქვია ამ რომანს ორიგინალში, რუსებმა თარგმნეს როგორც Ярмарка тщеславия და Vanity მართლაც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ამაოებაც" და როგორც "პატივმოყვარეობა" ან "თავმომწონეობა", მაგრამ ვისაც რომანი უკვე წაკითხული აქვს, დაგვეთანხმება, ამ სათაურშივე ჩანს იმ აზრის ჭეშმარიტება, რომ თარგმანით ბევრი რამ იკარგება ლიტერატურაში: რუსულში "ამაოებაა" დაკარგული, ქართულში - "პატივმოყვარეობა"; სინამდვილეში კი ეს დიდი წიგნი (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) სწორედ ამაოებაზეც არის და პატივმოყვარეობაზეც, უფრო სწორად, პატივმოყვარეობის ამაოებაზე და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი არა მხოლოდ შორიდან მაცქერალი დაკვირვებული დიდოსტატის აღწერილია, არამედ იმ მონაწილე კაცის მიერაც, რომელიც ხელით ეხებოდა, "გემოს უსინჯავდა" ამ "ბაზრის პროდუქტს".

ისევე, როგორც ჩარლზ დიკენსი, თეკერეიც ზუსტად, საინტერესოდ და რაც მთავარია, დაუფარავი სარკაზმით აღწერს ყველაფერს.

თუმცა, რადგან რომანს ორ ნაწილად ვბეჭდავთ, საკუთრივ მის შესახებ ორი კვირის შემდეგ ვისაუბროთ, ახლა კი მხოლოდ თეკერეის ბიოგრაფიის რამდენიმე საინტერესო დეტალი გავიხსენოთ:

დიკენსი ვახსენეთ და, უკვე მათ სიცოცხლეშივე დაიყო ინგლისელი მკითხველი (ისინი ერთსა და იმავე დროს მოღვაწეობდნენ) ორ ბანაკად: ერთნი დიკენსს აღმერთებდნენ, მეორენი კი ასპარეზზე ცოტა გვიან გამოჩენილ თეკერეის ანიჭებდნენ უპირატესობას.

მკითხველთა ამ დავას არც თვით მწერლები დაუტოვებია გულგრილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ პაექრობით ლიტერატურამ მხოლოდ მოიგო.

სხვათა შორის, თეკერეისა და დიკენსის თანამშრომლობა, შესაძლოა, სულ სხვა ხასიათისა ყოფილიყო: თეკერეი კარგად ხატავდა და პარიზში საგანგებოდ წავიდა, რათა დასაოსტატებლად იქაური მხატვრებისგან რამდენიმე გაკვეთილი მიეღო. სწორედ იქიდან ჩამოსულმა შეიტყო, რომ დიკენსი "პიკვიკის კლუბის ჩანაწერებისთვის" მხატვარს ეძებდა. თეკერეიმ თავისი ნახატები აჩვენა, მაგრამ, როგორც ამბობენ, რატომღაც ვერ შეთანხმებულან.

სამაგიეროდ, საკუთარ ნაწარმოებებს ხშირად ასურათებდა და ეს ერთიორად ზრდიდა მათ პოპულარობას.

თეკერეის ზოგი საყვედურობდა, რომ მხოლოდ მაღალი საზოგადოების შესახებ წერდა, მაგრამ მას ამაზე არგუმენტირებული პასუხი ჰქონდა: მე ვისზეც ვწერ, მას დავცინი კიდეც, ჩემს რომანებს გმირები არა ჰყავთ ("ამაოებათა ბაზრის" "ქვესათაურიც" ხომ სწორედ ეს არის: "რომანი გმირის გარეშე"), ხოლო უბრალო ხალხი, ღარიბი და პატიოსანი ადამიანები მე ძალიან მიყვარს და მათზე წერა არ შემიძლიაო.

მწერალი რომ არ "ეშმაკობდა" და სიმართლეს ამბობდა, თანამედროვეთა მოგონებებიც მოწმობს: ამერიკაში მოგზაურობისას მისთვის ერთ მდიდარ კაცს უკითხავს, ინგლისში ვაპირებ წასვლას და ლონდონში რის ნახვას მირჩევთო. "უდედმამო ბავშვთა თავშესაფარი ნახეთ", - უპასუხია თეკერეის. თვითონ ხშირად დადიოდა თურმე და დახმარებაც არ ენანებოდა მათთვის, ისევე, როგორც გაღარიბებული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მხატვრების, ლიტერატორებისა და მუსიკოსებისათვის. სხვა მეგობარი იხსენებდა, როგორ მიდიოდა ხოლმე თეკერეი ლონდონის უღარიბეს გარეუბანში, როდესაც გაიგებდა, რომ იქ ერთ დროს ცნობილი ნიჭიერი კაცი ლოთობაში ასრულებდა სიცოცხლეს, დაუჯდებოდა, "ჭკუას დაარიგებდა", წამოსვლისას კი მასპინძელი მაგიდაზე "შემთხვევით" დატოვებულ წიგნს იპოვიდა, რომელშიც ბანკის ჩეკი იდო და თანაც 1.000(!) გირვანქა სტერლინგზე - ეს ფული მაშინ ერთი კი არა, რამდენიმე "მომაკვდავის გაცოცხლებას" ეყოფოდა.

როგორც მისი სკოლის მეგობრები ამბობდნენ, ასეთივე კეთილმოსურნე ყოფილა ბავშვობაშიც; იმის მიუხედავად, რომ ადრეულ ასაკშივე, მატერიალური პრობლემების უქონლობის გამო, საკმაოდ ბევრი ტკივილი გადაიტანა: 4 წლისა იყო, მამა რომ გარდაეცვალა, დედა მეორედ გათხოვდა და მასთან განშორება მოუხდა. 6 წლისა ინდოეთიდან ინგლისში დაბრუნდა და მოხუც პაპასთან განაგრძო ცხოვრება.

ინდოეთში კი იმიტომ იყო, რომ იქ დაიბადა 1811 წელს (თავის მთავარ მეტოქე დიკენსზე ერთი წლით ადრე) ინგლისის კოლონიური მმართველობის მაღალჩინოსნის ოჯახში.

ჯერ კიდევ პაპამისს - უილიამ თეკერეი-უფროსს, უმსახურია იქ, ქალაქ კალკუტაში, ჯერ მოსამართლედ, მერე კი მთავარ მებაჟედ. დიდი ქონების დაგროვების შემდეგ თავისი თანამდებობა ვაჟისთვის (მომავალი მწერლის მამისთვის) გადაუბარებია და თვითონ ინგლისში დაბრუნებულა.

როგორც ვთქვით, ექვსი წლისა უილიამ-უმცროსიც პაპასთან ჩავიდა და მისი განზრახვით სწავლის დასრულების შემდეგ მას ოჯახური ტრადიცია უნდა განეგრძო, მაგრამ ბედმა და მომადლებულმა ნიჭმა სხვაგვარად ინება.…

სხვათა შორის, თეკერეი წერდა: "ინდოეთი საინტერესო ქვეყანაა და კარგი იქნებოდა, რამე მხსომებოდა იმ დროიდან, მე ხომ არც ისე პატარა ვიყავი - 6 წლისა; მაგრამ ინგლისისკენ გემით მგზავრობისას ისეთი რამ ვნახე, მთელი ბავშვობის შთაბეჭდილებების ადგილი დაიკავა და სხვა არაფერი მახსოვს: გემი გზად წმინდა ელენეს კუნძულზე შეჩერდა, ჩემმა ინდოელმა მსახურმა სანაპიროზე გამასეირნა. ერთ სახლს რომ მივადექით, ეზოში დაბალი კაცი დაინახა და შეჰყვირა: "ის არის, ის, ბონაპარტი. თითო ჭამაზე სამ ცხვარს ათავებს და თუკი სადმე ბავშვს მოიგდებს ხელში, იმასაც სანსლავს!". ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ბავშვობიდან სხვა ყველაფერი დამავიწყაო, სიცილით ჰყვებოდა თეკერეი. სამაგიეროდ ნაპოლეონთან ეს "შეხვედრა"  შთამბეჭდავად აღწერა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებში.

ინგლისში ჩასულმა განათლების ყველა ის საფეხური გაიარა, რაც მისი კლასის ადამიანისთვის იმ დროს მიღებული იყო, ოღონდ უნივერსიტეტამდე კემბრიჯში მხოლოდ წელიწად-ნახევარს დაყო და პარიზში გაემგზავრა ხატვაში დასაოსტატებლად; იქიდან კი მწერლად დაბრუნდა (მანამდე კემბრიჯში გამოცემულ ჟურნალში გამოქვეყნებულ რაღაცებს თვითონვე არ თვლიდა მწერლობად).

სამწუხაროდ ისევ ადგილის სიმცირის გამო არა გვაქვს საშუალება, უფრო მეტი გიამბოთ თეკერეის ბიოგრაფიიდან, მაგრამ ორი კვირის შემდეგ შევეცდებით შევავსოთ ეს დანაკლისი. მანამდე კი შეუდექით "ამაოების ბაზრის" კითხვას და ავტორთან ერთად განიცადეთ მის პერსონაჟთა ყოფის ამაოება.