"მგლის ბილეთზე" უარესია?! - კვირის პალიტრა

"მგლის ბილეთზე" უარესია?!

"უფროსი თაობა ჩარეცხეს, მაგრამ ბავშვებთან რაღა უნდათ"

"პედაგოგიკა აღარ არსებობს, მის ადგილას პოლიციაა"

6 იანვარს განათლების სამინისტრომ  საგანგებო ბრძანებით მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ ამაზრზენი ინიციატივა უწოდა. ნინო გოგუაძეს შაშკინის უწყებაში მომზადებულ მორიგ სიახლეზე ვესაუბრეთ:

- "მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესახებ" ბრძანებაში მოცემულია ნუსხა, თუ რა შემთხვევაში აქვს სკოლას უფლება შეუჩეროს მოსწავლეს სტატუსი. რამდენიმე პუნქტმა მიიქცია ყურადღება. მაგალითად, მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება, თუ 6 თვის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში. განათლების სამინისტრო ვალდებულია რესურსცენტრებისა და სოციალური აგენტების მეშვეობით გაარკვიოს, რატომ არ ცხადდება მოსწავლე სკოლაში. იქნებ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან სხვა პრობლემა აქვს. ოპტიმიზაციის გამო სკოლების დახურვის შემდეგ მოსწავლეებს 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად. თავის დროზე გაპიარებული წითელი ავტობუსების სისტემა რეგიონებში აღარ მუშაობს. იქნებ მოსწავლეს უჭირს ამხელა მანძილზე სკოლაში სიარული, ან იქნებ მის ოჯახს ფინანსური პრობლემა აქვს და ბავშვს ვერ უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და სასწავლო ნივთებით. ახალი ბრძანების თანახმად, თუ სკოლაში ჩარიცხული 5 წლის მოსწავლე ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 1-ლი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას, მასაც უჩერებენ სტატუსს. არადა, მინისტრს უნდა სცოდნოდა, რომ ყველა გამოკვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვი მოუმზადებელია სკოლისათვის, რატომ დაუშვა 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა? წარმოგიდგენიათ, ბავშვისთვის რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა იქნება სტატუსის შეჩერება და მერე თავიდან სკოლაში შესვლა. კიდევ ერთი მუხლია საინტერესო: თუ მოსწავლე არაერთგზის უხეშად დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს, შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი.

ეს ნიშნავს, რომ ასეთი მოსწავლე არის პრობლემური,  რთული ბავშვი. ჩვენ ასევე მივიღეთ სრულიად დრაკონული, არაჰუმანური კანონი სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლა-პანსიონების შექმნის შესახებ. იქმნება სპეცსკოლები, სკოლა-პანსიონები, სადაც რთულად აღსაზრდელ ბავშვებს გადაიყვანენ. ვინ განსაზღვრავს, ბავშვი ძნელად აღსაზრდელია თუ არა? ბევრი გენიოსი ბავშვობაში სწორედ ძნელად აღსაზრდელი იყო. ამ ლოგიკით ვერც აინშტაინი დაამთავრებდა სკოლას და ვერც პუშკინი. ამ კანონის შემოღება ემსახურება იმას, რომ სპეცსკოლები რაც შეიძლება მეტი მოსწავლით დატვირთონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთ სკოლაში მოსწავლეების გადაყვანა. ძნელად აღსაზრდელი ბავშვები კი არ უნდა განდევნონ, მათთან უნდა იმუშაონ ფსიქოლოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მეგობრებმა, მათი დახმარებით უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა. არავინ იცის, რა რეჟიმი იქნება იმ სკოლა-პანსიონში და იქ უსამართლოდ მოხვედრილი ბავშვი როგორი გაიზრდება, ამაზე ფიქრობენ?!

- რით ახსნით განათლების უწყების ასე გატაცებას სპეცსკოლებით?

- შაშკინმა რეპრესიული განათლების სისტემა შემოიღო. დაშინებულია მასწავლებელი, რომელიც ყოველ წუთს სკოლიდან დათხოვას ელოდება, შეშინებულია მოსწავლეც და მშობელიც. შეშინებულის მართვა კი იოლია. მაშინ როდესაც ქვეყანა შიშით იმართება, სპეცსკოლები სწორედაც მისაღებია სახელმწიფოსათვის.

სპეცსკოლები საბჭოთა კავშირშიც იყო, ჯალათობით ცნობილ ე. წ. მე-8 პოლკში, რომელსაც სადამსჯელო ოპერაციებისთვის იყენებდნენ, სწორედ ამ სკოლა-ინტერნატდამთავრებული ბავშვები ჰყავდათ. საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული სახელმწიფო იყო, ასეთივე ტოტალიტარიზმის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოს განათლების სისტემაშიც.

- ბევრი რამ პედაგოგზეც არის დამოკიდებული.

- რა თქმა უნდა. ბევრი ცელქი ბიჭისგან დამდგარა გენიალური ადამიანი და ხუთოსნებისგანაც ნაძირლები გამოსულან. ბავშვი თუ ცელქია და ძნელად აღსაზრდელს ვარქმევთ, ვინ აიღებს მის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას?! ბავშვისთვის ძნელად აღსაზრდელთა სკოლა-პანსიონის დამთავრება დაღის დასმასავით იქნება. რისთვის არიან მანდატურები სკოლაში? - როგორც ვიცით, წესრიგის დასამყარებლად, ახლა კი ის ფუნქცია შერჩებათ, რომ მასწავლებელი დაასმინონ ან მოსწავლე გამოაცხადონ ძნელად აღსაზრდელად. ამას უთუოდ მოჰყვება ამ საზოგადოების დეჰუმანიზაცია. თითქოს ლომაია და შაშკინი ერთმანეთისაგან განსხვავებულ რეფორმას ატარებდნენ, მაგრამ ლომაიაც ფიქრობდა ალტერნატიული სკოლების ქსელის შექმნაზე. უბრალოდ, ლომაია უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა დასავლეთის რჩევებს.  მახსოვს, ეს იდეა ლომაიამ პირველად ატლანტის განათლების სისტემის მესვეურებთან ტელეხიდზე გაახმაურა. მათ უთხრეს, ასეთი რამ ჩვენთან არ არსებობსო და ამაზე მაშინ ლაპარაკი შეჩერდა, მაგრამ იმას, რაც ლომაიამ ვერ შეძლო, შაშკინმა შეასხა ხორცი.

- ერთხელ პატრიარქმა ბრძანა, მასწავლებლის უხეშობა დღემდე მტკივნეულად მახსოვსო და მასწავლებლებს მოუწოდა, უფრო ლმობიერნი იყვნენ მოსწავლეებთან.

- მოზარდი მძიმედ განიცდის უსამართლობას. ბავშვს ფრთხილად უნდა მოეპყრო, რომ მის სულზე უხეში კვალი არ დატოვო. როგორ შეიძლება ცელქი ბავშვის სპეცსკოლაში გამწესება? ასეთი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოში მოსდით თავში.

- ამას წინათ პროკურატურამ ყველაზე წარმატებულ პროგრამად  გამოაცხადა "განრიდებულების" პროგრამა, რომლის თანახმადაც მოსწავლეს ციხეში გაშვების ნაცვლად "განრიდებულის სტატუსი" ექნება.

- მოსწავლეს ციხეში წასვლას, ალბათ, ურჩევნია, "განრიდებული" ერქვას, მაგრამ ეს სახელიც დაღივით არის. უფრო ჰუმანური სახელდების შერჩევა აჯობებდა. "განრიდებული" შემზარავია.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ითვალისწინებს, რომ თუ მოსწავლემ 14 წლის მერე დანაშაული ჩაიდინა, ციხეში უშვებენ, მაგრამ თუ  ბავშვი  14 წლის არ არის, სკოლა-ინტერნატში გაამწესებენ. ამ კანონის თანახმად, შეიძლება 10 წლის ბავშვიც გადაიყვანონ ასეთ სკოლაში. რა გამოვა მისგან? ასე რომ, Eეს საზარელი კანონია, მასში ჩანს ხელისუფლების სულისკვეთება. ასეთი სკოლა-პანსიონებისგან ხელისუფლების შეცვლა Yთუ დაგვიცავს.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგიის პროფესორი: "ყველაფერი ისე კეთდება, თითქოს ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, არ არსებობს და ვიღაც ჩინოვნიკს რაც მოუვა თავში, ის უნდა გააკეთოს. ძნელად აღსაზრდელ ბავშვს მოვლა,  გაზრდა, სპეციალური ღონისძიე\ბები სჭირდება და არა გარიყვა და ბავშვობიდანვე უვარგისისა და საზოგადოებისთვის საშიშის იარლიყის მიწებება. ეს დანაშაულია. ასეთი ბავშვი ვეღარასოდეს მოიშორებს ამ დაღს. ადრე სკოლა ასეთ ბავშვზე ზრუნავდა, დამრიგებლები მშობლებთან მუშაობდნენ და მისი სოციალიზაციისთვის რას არ აკეთებდნენ. ახლა კი რადგან ბავშვი ძნელად აღსაზრდელია, ფიქრობენ, მოვიცილოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ეს არის ამათი მუშაობა? დებილზე არ შეიძლება თქვა, დებილიაო და  ნორმალური ბავშვისთვის შეიძლება იმის თქმა, უვარგისი ხარ და საზოგადოებას უნდა მოსცილდეო? პედაგოგიკა აღარ არსებობს, მის ადგილას პოლიციაა. კომუნისტები სულელები კი არ იყვნენ, უფასო სპორტულ სექციებს რომ ხსნიდნენ, სადაც აქტიური და ცელქი ბავშვები იყვნენ ჩაბმული და თავიანთ თავს ავლენდნენ. უფროსი თაობა ჩარეცხეს, მაგრამ ბავშვებთან რაღა უნდათ?!"

P.S. ხომ გახსოვთ საბჭოეთის დროინდელი "მგლის ბილეთი", რომლის მინიჭების შემთხვევაში ადამიანს ცუდი დახასიათება ეძლეოდა და სახელმწიფო სამსახურებში მისთვის კარი დახურული იყო. გამოდის, მოსწავლის სტატუსის შეჩერება "მგლის ბილეთზე" უარესია, რადგან "მგლის ბილეთიანის" მოკვეთა საზოგადოებისგან არ ხდებოდა. განათლების სამინისტროს ინიციატივა კი მოსწავლეს "კეთროვანის" დამღას ასვამს.