გადაიხადეთ გადასახადი ან ენას კბილი დააჭირეთ! - კვირის პალიტრა

გადაიხადეთ გადასახადი ან ენას კბილი დააჭირეთ!

ხალხი დუმს, ხელისუფლება კი ახალ-ახალ გადასახადს გვაპარებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბუნებრივი აირის მოხმარება ძვირდება. ტარიფი ასე განისაზღვრება: თუ თქვენი ბინა აღემატება 29 კვადრატულ მეტრს და ამასთან, თვეში ხარჯავთ 20 კუბ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს, არსებულ ტარიფს დაემატება იმდენი ხუთი თეთრი, რამდენი კვადრატული მეტრიც არის თქვენი ბინა.

მთავრობის დადგენილებით მუშავდება ასევე კანონპროექტი ჰაერის დაბინძურების გადასახადის შესახებ, რომელსაც გადაიხდის ყველა, ვისაც კი თვეში მგზავრობაში 5 ლარზე მეტი ეხარჯება. ხელისუფლებამ ჯერ ვერ მოიფიქრა, რას მიაბას ეს გადასახადი, პურის თუ მინერალური წყლის საფასურს.

ანერვიულდით? ალოგიკურად მიგაჩნიათ ბუნებრივი აირის ტარიფის განსაზღვრის ფორმა და ჰაერის დაბინძურებაზე გადასახადი? მთავრობას ჯერ არ განუზრახავს ასეთი რამ, მაგრამ ის ტესტებს გვიტარებს და თუ დარწმუნდება, რომ საზოგადოება ყველაფერს ეგუება, ალბათ, ბუნებრივი აირის ტარიფიც გაიზრდება და ჰაერის დაბინძურებისთვის კი არა, სუნთქვისთვისაც დაგვიწესებენ გადასახადებს.

მანამდე კი სამაშველო სამსახურების ტელეფონებზე დარეკვისთვის სავალდებულო გადასახადი შემოიღეს.

კომპანია "მაგთიკომი”მობილურ ტელეფონზე მიგზავნის ასეთ შეტყობინებას: "მთავრობის #489 დადგენილებით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, თუ ნომრიდან თვეში დახარჯულია 5 ლარზე მეტი 112-ის საფასური 20 თეთრი (იურიდიული პირებისთვის - 50 თეთრი)  ანგარიშიდან დაგექვითებათ".”დავრეკავ თუ არა სამაშველო სამსახურის ნომერზე, მაინც უნდა გადავიხადო ეს აბსურდული გადასახადი(?!).

მობილური კომპანიების თანამშრომლები ჟურნალისტების კითხვებზე უხერხულად იშმუშნებიან და არაოფიციალური საუბრებისას ამბობენ, რომ თვითონაც არ იციან, რა ხდება, ოფიციალურად კი ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფია, რომელსაც აბონენტს ოპერატორების საშუალებით ახდევინებენ. შესაბამისად, 112-ზე დარეკვა ყველა აბონენტისთვის უფასოა, მაგრამ ამავე დროს ფასიანია, რადგან ყველა აბონენტი, რომელსაც სატელეფონო ანგარიშზე თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტი აქვს ჩარიცხული, უნდა თუ არა სამაშველო სამსახურის გამოძახება, იძულებულია, გადაიხადოს მომსახურების თანხა. " "როგორც ვიცი, ამ საკითხზე მობილურ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, მაგრამ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის კანონის ძალა აქვს და შესაბამისად, 112-ის ტარიფიც ჩამოგეჭრებათ"", - განაცხადა ""მაგთიკომის"" მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ.

მოკლედ, ხელისუფლებამ არჩევანის წინაშე დაგვაყენა, ისევე როგორც ელექტროენერგიის მოხმარებაზე გვითხრა, თუ გინდა ნაკლები ნაგვის გადასახადი დაგიგროვდეს, ცოტა დენი დაწვიო. ახლაც, თუ გინდა, 20 ან 50 თეთრი არ გადაიხადო, 5 ლარზე მეტი ღირებულების არ ილაპარაკოო. მერე რა, თუ მობილურ სატელეფონო კომპანიასთან ხელშეკრულებაში ამგვარ თვითნებობაზე არაფერი წერია, მთავრობამ დაავალა და ისიც არჩევანის წინაშე გაყენებს, - ან ენას კბილი დააჭირე და ნაკლები ილაპარაკე, ან დაგვმორჩილდიო. შეეძლოთ თუ არა მობილურ კომპანიებს ამ თავს მოხვეული გადასახადის გაპროტესტება? საჯაროდ ამაზე არავინ ლაპარაკობს, არაოფიციალურად კი ამბობენ: არ იცით, მაგას რა მოჰყვება? ფინანსური პოლიცია და საგადასახადო მოგვადგება და "დაადგენენ", რომ სპილოსხელა ბუზებს ვაწარმოებთო.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, სამსახური 112, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს აერთიანებს, მაისის მიწურულს შეუდგება მუშაობას.

არ გახსენდებათ მგზავრობის ტარიფის გაძვირება და ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა თბილისში? მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ და მერიამ პირობა დადეს, მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდებაო, ის მაინც გაძვირდა, თანაც, იმ მოტივით, რომ თურმე ახალი მიკროავტობუსების შენახვა დიდ ხარჯს მოითხოვს. არადა, სანამ ტრანსპორტს შემოიყვანდნენ, მგზავრობა მანამ გააძვირეს, დაპირებული 3000-ზე მეტი მიკროავტობუსიდან კი ქალაქში მესამედიც არ დადის, თურმე ევროპაში შექმნილ კრიზისს მიკროავტობუსების მწარმოებელ "ფორდის" ქარხანაშიც შეუღწევია და ამის გამო დაყოვნებულა სათბილისოდ გამზადებული თუ გასამზადებელი ტრანსპორტი. ჩვენ კი ძველებურად ბინძური და დანჯღრეული, უსაფრთხოების ნორმებდარღვეული ძველი ტრანსპორტით დავდივართ, სადაც არ არსებობს მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა და, შესაბამისად, ვერც მეტრომანის ბარათით ვსარგებლობთ და ვერც შეღავათიანი 65-თეთრიანი ტარიფით. მაგრამ ხალხი დუმს, ხელისუფლება კი ახალ-ახალ გადასახადს გვაპარებს.

მილიონზე ნაკლები აბონენტი არც ერთ მობილურ კომპანიას არა ჰყავს, გადაიანგარიშეთ, რას შეადგენს თანხა, რომელსაც თვეში თუნდაც 3 მილიონი მომხმარებლისგან 20-20 ან 50 თეთრობით შეგროვების შემთხვევაში მიიღებს ბიუჯეტი (სხვა საქმეა, რაში დაიხარჯება ეს ფული, მორიგი უსახური ძეგლისთვის თუ სხვა არაფრისმთქმელი იდეისთვის). სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, საბიუჯეტო სახსრების მოძიება სულ უფრო ჭირს და ან კვლავ შემცირებების სერია უნდა დავიწყოთ საბიუჯეტო სამსახურებში, ან კიდევ ინოვაციებს მივმართოთ ახალი გადასახადების“მოსაზიდადო. აი, ამის დასტურიც, გინდათ თუ არა, "112"-ის საფასური გადაიხადეთ ან ენას კბილი დააჭირეთ, ან კიდევ... მერე რა, თუ ერთი აბონენტის სახელზე ორი და მეტი ნომერიც არის გაფორმებული, მერე რა, თუ ერთ-ერთი კორპორატიულიც არის, 20-20 თეთრს ყველა საკუთარ ნომერზე გადაიხდით, 50-საც კიდევ კორპორატიულზე აგახევენ. მთავრობამ ასე გადაწყვიტა, სულაც არ ანაღვლებს, რამდენით და რამდენად კანონიერად ზარალდება თქვენი ჯიბე, მან ბიუჯეტი უნდა შეავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გასცემს ხელფასებს, პენსიებს და ეს სიტყვებით შეკოწიწებული, "მდგრადი" ეკონომიკაც ჩამოიშლება. ვის უნდა ახლა ეს?