"მზე ჩემი მეგობარია" - კვირის პალიტრა

"მზე ჩემი მეგობარია"

ვაჟა აზარაშვილი - "ამინდის პროგნოზის კომპოზიტორი", სკრიპაჩ-ტრიპაჩი "კირიჩნიდან" და ლეგენდარული "დინამოს" შემოქმედი...

როგორ დაიწერა სიმღერა "გაიზე"

"გაიხედავ და გაგიკვირდება, ამდენი წელი როგორ გავიდა, როგორ გამეპარა... ახლა შვილიშვილებს შევხარი..."

ბიძინა კვერნაძეს მისთვის ხუმრობით ამინდის პროგნოზის კომპოზიტორი დაურქმევია. - აბა, რა ხარ ასეთი სიმღერების ავტორი: "ისევ წვიმს", "თოვლი, თოვლი, მდუმარება"... თანაც მზე ხომ შენი მეგობარიაო... მზე მართლაც მისი მეგობარია, რადგან ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებში ყოველთვის არის სინათლე, სითბო - მუსიკის სულისშემძვრელი სხივები...

ზამთრის სუსხიან დღეს, ლოჯიის ფანჯრებს მზის სხივები ანათებს. კომპოზიტორი ხალისით მხვდება. გათბობაც არ ჩამირთავს, მზე ხომ ჩემი მეგობარიაო, - ამბობს ღიმილით. ვიწყებ ამბის მოსმენას, რომელიც სწორედ მისი მზის ამოსვლიდან - მისი გარიჟრაჟიდან იწყება...

ჩემი დილა

მახსოვს, დედულეთში ვიყავი, გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ციცქნა ბიჭი... გავიღვიძე... გარეთ გამოვედი ფეხშიშველი და ეკალი შემესო... მახსოვს, მდინარეში ღორჯოებს ვიჭერდით. საჭმელი ბევრი არაფერი გვქონდა: მჭადი, ყველი, კიტრი, პომიდორი და ხილი...

თბილისში მარჯანიშვილის 49 ნომერში ვცხოვრობდი, ეგრეთ წოდებულ "კირიჩნზე"...

მახსოვს ომი. ჩვენი მამები, ბიძები ომში წავიდნენ. ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. დედა ერთ ნატეხ შაქარს მომცემდა, მე კი შუაზე გავყოფდი. ჭამე, კიდევ გვექნებაო, -  მეუბნებოდა. ხვალ რომ ვეღარ ვიშოვოთ-მეთქი...

1945 წელს ჩემმა მეზობელმა, რომელიცI სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, შემომთავაზა, ვიოლინოზე მესწავლა. უარი ვუთხარი. მაშინ მამა დაკარგული იყო. ისეთი სიმძიმე გვაწვა გულზე, რომ მუსიკაზე ნამდვილად ვერ ვივლიდი!

1946 წლის 13 იანვარია. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა ოლღა ჩხარტიშვილი-კილაძე, დედაჩემის დეიდა. იმ დღეს მასთან მისულა მამას ბიძაშვილი გაიანე, - ამბავი მაქვს შალიკოსგანო. დაეხვივნენ ჩვენი ნათესავები - რა ამბავიო. წერილი შინ დავტოვე, საღამოს მოვიტანო. საღამოს მოვიდა, ყველა შევიყარეთ: სად არის წერილიო... წერილი არა და, შალვა არის ჩემთან შინო. დედამ იფიქრა, ალბათ იმიტომ არ მოვიდა, ან ხელი არ აქვს, ან ფეხიო... დავიძარით გაიანეს სახლისკენ. რომ ამიტყდა ტირილი, ვერ გავჩერდი. თურმე მამა იმიტომ არ მოვიდა შინ, რომ იფიქრა, იქნებ გათხოვდა ჩემი მეუღლე, უხერხულ დღეში არ ჩავაგდოო...

მუსიკის ნიჭი რომ მქონოდა, ეს გასაკვირი არ იყო. ჩვენი ოჯახი გამოირჩეოდა ამ ნიჭით. მამაჩემი კონსერვატორიაში სწავლობდა, კარგი ბას-ბარიტონი ჰქონდა... დედის მხრიდან ბიძა ქართული ხალხური სიმღერების გუნდში მღეროდა, ბაბუა ჩონგურზე უკრავდა.

მეორე წელს წავედი მუსიკალურ სკოლაში.  დამცინოდნენ - სკრიპაჩ-ტრიპაჩო... მაგრამ გულთან დიდად არ მიმქონდა.

IV კლასში ვიყავი, სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებული ორკესტრი რომ ჩამოყალიბდა. იქ ჩემი პარტია მქონდა. პოლიფონია რომ მოვისმინე, საოცრად მომეწონა. მაშინ გადავწყვიტე - მუსიკას გავყოლოდი.

თავიდან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მუსიკაში სერიოზულად მეცადინეობა რომ დავიწყე, სხვა საგნებს თავი მივანებე. განსაკუთრებით მათემატიკას არ ვსწავლობდი. ჩვენი დირექტორი ალიოშა ცინცაძე ამბობდა: - დაანებეთ ამ კაცს თავი, არ უნდა ეს შენი მათემატიკაო... როცა ჩემი პირველი ფირფიტა გამოვიდა, ვაჩუქე წარწერით - ლეგენდარულ ადამიანს-მეთქი!..

ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ერთი წელი შუადღისას გვეწყებოდა გაკვეთილები. მახსოვს, ფეხბურთის მატჩი იყო. როგორ გინდა, არ წახვიდე! არადა, გაკვეთილებიდან ვინ გამიშვებდა? მეგობარმა მასწავლა - შუბლი მაგრად დაიზილე, გაგიხურდება, მერე მასწავლებელს უთხარი, რომ სიცხე გაქვს და გაგიშვებენო. ასეც მოვიქეცი. გამიშვეს. მეორედ დახურული კონცერტი მქონდა, არადა, ისევ ფეხბურთის მატჩი იყო. გავაცდინე კონცერტი.

ერთი ცოდვა უნდა გაგიმხილოთ. ერთხელ მამიდამ წამიყვანა წითელწყაროში. ბიბლიოთეკაში ვნახე ჟურნალი "სოვეტსკი სპორტი". სოლოვიოვის კარგი შარჟი იყო დაბეჭდილი. სად ვიშოვე სამართებელი არ ვიცი, ამოვჭერი ეს შარჟი, სიჩქარეში ხელიც მივაყოლე და ის ჟურნალი სისხლით დავსვარე. ასე რომ, ახლა ჩემი სისხლი ინახება ალბათ იმ ჟურნალთან ერთად. ამ სიყვარულმა დამაწერინა სიმღერა "დინამოზე"... ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ...

მუსიკის სწავლა ტექნიკუმში განვაგრძე. მე და ნუგზარ ვაწაძე შევედით დირექტორთან - ქსენია ჯიქიასთან - მუსიკას ვწერთო. მოიწვია ალექსანდრე შავერდაშვილი, დიდად არ გვაქებდა, თუ გვეტყოდა, ცუდი არ არისო, ვიცოდით, რომ კარგი იყო. მესამე კურსზე ვიყავით - გამოგვიცხადა, კონცერტი უნდა გამართოთ კონსერვატორიის დიდ დარბაზშიო. გაგვიკვირდა... წარმატებით ჩაიარა ამ კონცერტმა. ბისზე გაიმეორეს "რა კარგი ხარ, რა კარგი".

მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირში გამოცხადდა რომანსების დახურული კონკურსი. წარვადგინე "მადლი შენს გამჩენს", "მძინარე ქალი" და "ღამე მთაში".

ჩემი შუადღე

13 რიცხვი ძალიან ბედნიერია ჩემთვის. 1936 წლის 13 ივლისს დავიბადე. ჩემი ქალიშვილი 13 ივნისს დაიბადა. 1971 წელს 13 მაისს ელდარ ისაკაძემ რომ დაუკრა ჩემი ჩელოს კონცერტი, მაშინ დაიწყო ჩემი შემოქმედებითი აღმავლობა. ესწრებოდნენ: შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, ცინცაძე, თაქთაქიშვილი... 1976 წელს, ჩვენებმა რომ "არარატს" მოუგეს, დავწერე "დინამო". 13 მაისს 1981 წელს დიუსელდორფში ევროპის თასი მოვიპოვეთ.

მორის ფოცხიშვილის და პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსებზე ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი. მორისთან რომ დავუკრავდი, მეორე დაკვრისას უკვე მოძებნილი ჰქონდა ტექსტი სიმღერისათვის. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი უფრო ბევრჯერ მაკვრევინებდა: იუზგარ, ერთხელაც დაუკარი, რა! - მეტყოდა...

ორივე დიდოსტატი იყო!

ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა სიმღერის კონკურსი... ფული ძალიან მჭირდებოდა და გადავწყვიტე, დამეწერა სიმღერა გაიზე. ტექსტისთვის მივაკითხე პეტრეს. ბიჭო, მთელი სიცოცხლე მაგათ ვაგინებ და ახლა სიმღერის ტექსტი როგორ დავწეროო... მაინც დაწერა იმანაც და მეც... მივიღეთ პრემია. ხომ უნდა გვეცხოვრა, რა გვექნა...

დეიდაჩემი ებრაელების უბანში ცხოვრობდა. მახსოვს, როგორ ჩამოივლიდნენ კინტოები... მეარღნე. ამ შთაბეჭდილებით დავწერე "კინტო", "არღანი", "ისანი"...

"ბანტიანი გიტარა" იცით, როგორ დავწერე? მოსკოვში, კამერული მუსიკის კონცერტში სამი ქართველი მიგვიწვიეს. შესრულდა სულხან ცინცაძის "პრელუდიები" (ნატალია შახოვსკაია ასრულებდა), სულხან ნასიძის "მესამე კვარტეტი" და ჩემი ვოკალური ციკლი შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე.

კონცერტის შემდეგ ნატალია შახოვსკაიამ შინ დაგვპატიჟა - კომპოზიტორთა კავშირის დარბაზის ახლოს ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი საღამო იყო. მედეა ფანიაშვილმა დაუკრა პაროდიები, მეც ვხუმრობდი, სხვებიც... ოთარ ჩუბინიშვილმა ჩელო გიტარასავით დაუკრა... წლები რომ გავიდა, ეს გამახსენდა და დავწერე "ბანტიანი გიტარა".

1969 წელს მუსიკალური კომედიის თეატრში დაიდგა ჩემი ოპერეტა "მეცხრე ტალღა". ცოტა ლიბრეტო იყო სუსტი - რევოლუციაზე, მაგრამ მუსიკა იმდენად მოეწონა მოსკოვის ოპერეტის თეატრის მთავარ რეჟისორს, მაინც წაიღეს გასტროლებზე. სწორედ მაშინ მოხდა ერთი ამბავი: მე და მსახიობმა ნოდარ პიპინაშვილმა ბიძამისს ევპატორიაში ჩავაკითხეთ. ცხადია, თან ღვინოც წავიღეთ... ამასობაში გაჩნდა ქოლერა. აბა, ბიჭებო, ვიდრე კარანტინი დაიწყება, გავასწროთ-მეთქი... წამოვედით. მოვდივართ რამდენიმე დღე. გზაში ჩვენი მასპინძლის ნამღერი ქალაქური სიმღერები სულ ყურში მაქვს. დავწერე მელოდია ამ განწყობით... ამ დროს "ორერა" ახალ პროგრამას ამზადებდა. ამ მელოდიით წავედით პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან შინ მე, ნანი ბრეგვაძე და რობერტ ბარძიმაშვილი. ცოტა აღმოსავლური სიმღერა იქნება და მოდი, სიუჟეტი ასე მოვიფიქროთ: ვითომ ნანი აზერბაიჯანელია და ქართველი ბიჭები უმღერიან-მეთქი... ასე გზაში დაწერილი გახლავთ "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება".

ძალიან გამიმართლა - დიდებული შემსრულებლები მყავდა. ნანი ბრეგვაძე ჩემი კურსელი იყო - ფორტეპიანოზე სწავლობდა. ძალიან მეგობრული და თავმდაბალი იყო ყოველთვის. როგორი პოპულარულია და რა თავდაჭერილი და უბრალო...  მას ძალიან ბევრი სიმღერა დავუწერე.

ერთი სიმღერაც მინდა ვახსენო... 1984 წელს გრიშა ქსოვრელმა მთხოვა, დამეწერა სიმღერა მისი ანსამბლისთვის. დავწერე "ქსოვრელები მღერიან". ეს სიმღერა არც ერთ ალბომში არ შემიტანია, თურმე სულ ტყუილად! ხალხმა ძალიან შეიყვარა...

ჩემი საღამო

ლხინი და დროს ტარება არ დამიკლია. მაგრამ მქონდა ორი პუნქტი: ყოველდღე 9-დან 2 საათამდე ვმუშაობდი. მერე თუ ლექცია არ მქონდა, გადავდიოდი მეორე პუნქტზე - მეგობრებთან ქეიფზე... რომ შემხვდებოდნენ ბიჭები, ვკითხავდი: აბა, რომელ პუნქტზე ხართ-მეთქი. მეორეზეო, თუ მეტყოდნენ დილიდან, ვეუბნებოდი, ჯერ პირველი პუნქტი უნდა შეასრულოთ-მეთქი.

11 წელი ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. ორგანიზებული კაცი ვარ. რადიოში სულ უკვირდათ, მოწესრიგებული რომ მქონდა კატალოგი: ვინ ასრულებს, რამდენი წუთი მიდის ჩემი ნაწარმოები... გემახსოვრებათ, მქონდა გახმაურებული კონფლიქტი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის გამო. მე სიმართლის თქმა მიყვარს... ეს ბევრს არ მოსწონს. რა ვქნა...

როცა ძალიან მიჭირს, მაშინაც ვმუშაობ. მამა 56 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. მაშინ დავწერე "ჩელოს კონცერტი"... დატირებაა ისეთი, რომ ახლაც რომ ვუსმენ, ცრემლი მომდის, ხშირად მახსენდება დედა... ერთხელ ბათუმში მივდიოდით. გზად ჩემს დისკებს ვუსმენდით. დედაჩემის სოფელს რომ მივუახლოვდით, დაიწყო ჩემი სიმღერა "დედაზე". თითქოს საგანგებოდ... გადავირიე კაცი!

ცხოვრება საოცარი რამ არის. ხან გგონია, ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაწერე და... არაფერი... ზოგჯერ კი სულ რომ არ ფიქრობ, უცებ პოპულარული ხდება სიმღერა. გააჩნია, ვის ჩაუვარდება ხელში და როგორი არანჟირებაა...

წლები კი გადის. ჩემი საქმე მიყვარდა და ახლაც მიყვარს. გაიხედავ და გაგიკვირდება, ამდენი წელი როგორ გავიდა, როგორ გამეპარაო... სულ ვმუშაობდი, საქმეს ვაკეთებდი! ასე გავიდა დრო, გავხდი ბაბუა... ჩემს ქალიშვილს ორი შვილი ჰყავს... შვილიშვილებს შევხარი...