6-ცოლიანი რეკორდსმენი - კვირის პალიტრა

6-ცოლიანი რეკორდსმენი

"კვირის პალიტრის" არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წელს

8 მარტს დაბადებული გეგე სულხანიშვილი ქალების სარვამარტო საჩუქარია?!

"ვალია, ტანია... "თავ კანტროლი" ვერ გავუწიე... ქალს მოჰბეზრდა და..."

"რა ვქნა, სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ"

ვინმე გეგეს კოლორიტს თუ ეძახის, ალბათ, იმიტომ, რომ მის სიმღერას ლამაზად და არაორდინარულად განვლილი ცხოვრება სდევს.

- ჩემზე რომ თქვეს, კოლორიტიაო, დავფიქრდი, ნეტავ, საიდან მოუვიდათ თავში-მეთქი. მე ხომ ერთი უბრალო კაცი ვარ, ჩემებურად ვცხოვრობ, ეგ არის და ეგ, - მეუბნება გეგე სულხანიშვილი.

- მოდი, თქვენი ახალგაზრდობიდან დავიწყოთ.

- დამოუკიდებელი აზროვნება 14 წლიდან ჩამომიყალიბდა, როცა ოთარ ქორქიამ ოდესაში წაგვიყვანა გასვლით თამაშებზე. 1,95 მ ვიყავი და საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. მანამდე ქალი რა იყო, არ ვიცოდი და ჩემი "ნათლობაც" სწორედ მაშინ მოხდა. ძმაკაცებს ამას რომ ვეუბნები, არ სჯერათ. კაცო, თუკი 14 წლის მეფე ერეკლემ მთელ ლეკებს გადაუარა, ერთ გოგოზე ჩემი "გადავლა" რატომ არის დაუჯერებელი-მეთქი.

არ მივტირი წინა ცხოვრებას, ჩემთვის კომუნისტები, ისეთები და ასეთები არ არსებობდნენ, მაგრამ, ის ხომ ნაღდი იყო, რომ ყოველ კვირას ოდესიდან ვილნიუსში მივდიოდით. ჩემი 35 მანეთი მოგზაურობისთვის საკმარისი იყო. იმ დროს ანგელოზივით ქალი ერთ ვარდზე უკვე შენი იყო. ასე გავიზარდე და ახლა მეკითხებიან, ექვსი ცოლი რა ამბავიაო...

- ჰო, მაგრამ თქვენი მრავალცოლიანობა ყბადაღებულ თემად იქცა...

- ერთი მეგობარი მყავს, მერაბ ბერაძე. გაგიკვირდებათ, მაგრამ არ იცოდა, რომ ექვსი ცოლი მყავდა. ტელევიზიით გაუგია, ცხელ გულზე დამირეკა და ლექსად მითხრა:

"კოლექციონერ ყოფილხარ, კალათბურთელი კი არა,/ სუყველა ცოლად დაისვი, ვინც სახლში ჩამოგიარა,/ ექვსი სხვადასხვა ცოლი და ექვსი სხვადასხვა სურნელი,/ შენ გენიოსი ყოფილხარ, მე გამოვედი სულელი".

რა ვქნა, სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ. ისე, ქალებისთვის მეც საჩუქარი ვარ და ვალში არასდროს ვრჩები.

- ეგ როგორ?

- როგორ და 8 მარტს ვარ დაბადებული...

- ყოფილ ცოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ძალიან კარგი. პირველი უკრაინელი იყო და მასთან 43 წლის ბიჭი მყავს. საქართველოში ვერ ვიცხოვრებო, მე კი დიდხანს სხვაგან ვერ ვჩერდები. რა გვექნა? წავიდა...

დედისერთა ვარ. მამა რომ გარდამეცვალა, დედას მარტო ვერ ვტოვებდი და თბილისიდან თელავში სიარული ხშირად მიწევდა. მაშინ გავიცანი საოცრად მომხიბლავი ლია ახვლედიანი, თელავის თეატრის იმჟამინდელი დირექტორის, პლატონ ახვლედიანის ქალიშვილი. შემიყვარდა, შევუღლდით და შემეძინა მეორე ბიჭი. მამაჩემის სახელი - მიხეილი დავარქვი. ახლა 40 წლისაა. მე და ლიამ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ... თელავი პატარა ქალაქია. იმ დროს ტურისტები, დროს ტარება, ვალია, ტანია არ გვეკლდა და როგორც კახელები ამბობენ, "თავ კანტროლი" ვერ გავუწიე - ზედმეტი მომივიდა. ქალს მოჰბეზრდა და... მაშიIნ იმ წუთიერ გატაცებებს ღალატად არ ვთვლიდი. გვიან მივხვდი, ასე არ იყო...

მე და ლია ორი კვირის შეუღლებულები ვიყავით, თან ახალი ნაყიდი მქონდა 01 მარკის "ჟიგული" და საძმაკაცო ქეიფსა და დროს ტარებას გადავყევით. ცოლმა მითხრა, დაქალებს ყარაჯალაში ქსოვილების საყიდლად გვინდა წასვლა და წაგვიყვანეო. კარაპეტას მაღაზიასთან ძმაკაცები მელოდებოდნენ და ნაჭრები მინდოდა?! რა მექნა, ავდექი და რაც ენაზე მომადგა, წამოვიძახე: მე და დედაჩემი საფლავზე ვაპირებთ გასვლას და აბა, როგორ იქნება-მეთქი. სიტყვა ვერ დავასრულე, რომ დედაჩემმა შემოაღო კარი. ჩემმა ცოლმა ეშმაკურად ჰკითხა, როდის მიდიხართ საფლავზეო? თვალის ჩაპაჭუნებით ვცადე, დედაჩემისთვის მენიშნებინა, "ჰო" ეთქვა, მაგრამ დედაჩემმა შეშინებულმა გასწია ჩემი მეუღლე და შეწუხებული სახით მეკითხება - უიმე, შვილო, თვალზე რა მოგივიდაო? აი, ასე დავიწვი უცებ.

მახსოვს, მამა რომ გარდამეცვალა, დედამ მითხრა, შვილო, თუ ვინმე გიყვარს, უკან არ დაიხიო, მაქვს გადანახული ფული და 200-კაციან ქორწილსაც გადაგიხდიო. ვუთხარი, არ ჯობია, 10-ჯერ იყოს 20-20-კაციანი-მეთქი? ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი - მეხუთე ცოლის ხელში დალია სული...

ძნელია საკუთარ დედაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც გეტყვი. "თელავ-ქალაქობაზე" საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. უთხრეს, თელავის თეატრში მესამე რიგში ერთი ადგილი თქვენთვის ყოველთვის იქნებაო. ძალიან უყვარდა თეატრი.

- კინოსაც შემორჩა დედათქვენის სახე..

- "გარიგებაში" ორწუთიან კადრში გამოჩნდა და ფილმში "ათოვდა ზამთრის ბაღებს" ერთი პერსონაჟის დედა განასახიერა.

- არც თქვენთვის არის უცხო კინოკამერა...

- თელავში კინოსტუდიიდან გადამღები ჯგუფები რომ ჩამოდიოდნენ, ვეხმარებოდი, რეჟისორები კი, მადლობის ნიშნად, ეპიზოდურ როლებში მიღებდნენ. ერთ კურიოზს მოგიყვებით. რეჟისორი ლევან თუთბერიძე ჩამოვიდა, მომძებნა და მითხრა: ისეთმა ხალხმა გაგიწიათ რეკომენდაცია, რომ... რა არის საჭირო-მეთქი და - დიდი არაფერი, ეპიზოდში გადაგიღებო. სკოლის დირექტორის როლი შემომთავაზა. ჩამაცვეს ფორმა და ამიხსნეს - ჩაჯდები მოტოციკლეტის "კალიასკაში" მონიშნულ ბორდიურთან, რაღაც "ჩეპეს" დანახვაზე გაოცებული სახით წამოდგები და ეგ არისო. დაიწყეს პირველი დუბლის გადაღება და სცენის ბოლოს, მონიშნულ ბორდიურზე შესკდომის შემდეგ თავი ტალახში ამოვყავი. წამოვდექი. ხელი მტკივა, მაგრამ არაფერი. წავიდა მეორე დუბლი. ისევ ისე შევეჯახეთ ბორდიურს და ძირს დავებერტყე. წამოვდექი, მაგრამ ყველაფერი მტკივა.

მივედი ჩემს მძღოლთან და ვუჩურჩულე, კაცო, რატომ არ ამუხრუჭებ-მეთქი. იმან კიდევ - მოტოციკლეტს "ტორმუზი" არა აქვს და რომ მეთქვა, სხვას გადაიღებდნენ, არადა, მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა ეკრანზე მნახონო. ძლივს გამაკავეს. გამწარებულმა შევუკურთხე - შენ შვილიშვილებმა ეკრანზე გინდა გნახონ და მე ჩემმა შვილებმა - კუბოში-მეთქი?!

- რა პროფესიის ხართ?

- აგრონომი, მებაღე-მევენახე, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. მამაჩემი იტყოდა ხოლმე, ჩემი შვილი აგრონომია და ვაშლს და მსხალს თუ არჩევდეს, შობელძაღლი ვიყოო.

ერთ ამბავსაც გავიხსენებ: 1987 წელია და თელავში ჩემი შემოსავლის წყარომ ცოტა იკლო. ერთხელაც, ალავერდში ჩასული ვხედავ - ტურისტები ცხენებსა და ვირებზე სხედან და იღებენ სურათებს. ვიფიქრე, რაღაც ახალი და იშვიათია საჭირო-მეთქი და აზერბაიჯანში, ყარაბაღში, აქლემის ჩამოსაყვანად წავედი. მინდოდა მშვიდი, უწყინარი და თანაც ნორჩი აქლემი, შესაჯდომად და სურათის გადასაღებად რომ გამომდგომოდა. ვიპოვე ასეთი, ფასიც მომეწონა - 1.500 მანეთი ღირდა, მაგრამ მეპატრონემ აიჩემა, როგორც კინოსტუდიის წარმომადგენელს (ასე გავეცანი), ისეთ აქლემს გაგატან, შენ გარდა არავის იკარებდესო. როგორ ფიქრობ, მინდოდა მასეთი? ჩემი გავიტანე და 15 წლის მაია წამოვიყვანე.

- მაია აქ დაარქვით?

- არა, ასე ერქვა. თან ვკითხე, რამდენი წელი ცოცხლობს-მეთქი და - ოციო. დავმშვიდდი, 18-მდე ხომ მაინც მიატანს-მეთქი და წამოვედით ალავერდში. ვიღას ახსოვდა ცხენი და ვირი, შაბათ-კვირას ტურისტების რიგი გვედგა, მაგრამ დანარჩენი 5 დღე დაკარგული მქონდა. ამიტომაც მაია ბორჯომში წავიყვანე, იქ მთელი 3 თვე ზღვა ხალხია. ახლობლის წერილით მივადექით ტურბაზის დირექტორს და დავბინავდით ე.წ. НЗ-ში (კომუნისტების დროს იყო გადანახული ადგილები საგანგებო სტუმრებისთვის). იმ ბატონმა მკითხა, რას აკეთებო? აქლემთან სურათს ვიღებ-მეთქი. აშკარად დახატული აქლემი წარმოიდგინა, რადგან სასტუმროდან გამოსვლისას რომ ვკითხე, აქლემს რა ვუყოთ-მეთქი, მაჯახა, დაახვიე და კუთხეში მიაყუდეო. აი, ასეთი კურიოზით დაიწყო ბიზნესტური ბორჯომში.

- და როგორ გაგრძელდა?

- რაც მაიაში გადავიხადე, იმ თანხას იქ ერთ თვეში ვაკეთებდი, მაგრამ ფული სამად ნაწილდებოდა - ჩემზე, ფოტოგრაფსა და მამა-შვილზე, რომლებიც ფოტოებს ბეჭდავდნენ.

...ერთ საღამოს ჰამაკში ვწევარ და ნეტარებას ვეძლევი. ვხედავ, ჩერდება მანქანა, გადმოდის მთვრალი კაცი და მიდის ჩემს მაიასა და ფოტოგრაფთან. გავხედე - იქაჩება, ფოტოგრაფის ხმაც მესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ; ბოლოს ხმამაღლა უთხრა, თავი დამანებე, აგე, აქლემის დირექტორი იქ არის და იმასთან მიდიო. მოვიდა. გინდა თუ არა, აქლემის კისერზე შემომჯდარმა უნდა გადავიღო სურათიო. ვერაფერი გავაგებინე. ბოლოს, ყელში რომ ამომივიდა, ვაჯახე - ბიჭო, იცი, რას გეტყვი? მაგ აქლემს კისერზე სამი ოჯახი ვასხედვართ და შენი ადგილი ნაღდად აღარ არის-მეთქი...

- გავიგე, ბაყაყების დირიჟორიც გაგიჩუმებიათ...

- ალაზნის პირზე ვქეიფობდით ძმაკაცები და მორიგეობით ვთამადობდით. ბიჭებმა თავიანთი სადღეგრძელოები ბაყაყების ყიყინის ფონზე თქვეს. ჩემი ჯერი რომ დადგა, ქვა ვისროლე და შედეგმაც არ დააყოვნა... ოც წამში აჩქარებით ვთქვი სადღეგრძელო, ყიყინი აღარ ისმის... ბიჭები გაოგნებულები მეკითხებიან, რა ქენიო. მეც არ დავიბენი და - მაგათ დირიჟორს გავარტყი-მეთქი, - ვუპასუხე. ბაყაყებში თურმე ერთი იწყებს და დანარჩენები "ზაპევალას" უკეთებენ. ჰოდა, ეტყობა ქვა იმ დამწყებს მოვარტყი...

- პოპულარული ხართ და ტელევიზიებშიც ხშირად გიწვევენ...

- იცი რა, ტელევიზიებში ჩემი ექვსი ცოლის თემა უფრო აინტერესებთ, ვიდრე სხვა რამე. მახსოვს, ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა თქვა, რაღა ამ ცოლებზე ვლაპარაკობთ, მოდი, ამ კაცის სიმღერაზე ვისაუბროთო.

როცა ქუჩაში უცნობი ქალბატონი ან მამაკაცი ჩემი ექვსცოლიანობით გაღიზიანებული კი არ გამომლანძღავს, თბილი სიტყვებით მომიკითხავს, ძალიან მსიამოვნებს. როგორც ჩანს, ხალხი მიხვდა, რომ მრავალცოლიანობა სიტუაციების შედეგია და არა - რეკორდის მოხსნის სურვილისა.

გურამ სოზაშვილი