საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული

- ჩვენი საზრდო და საყრდენი

ოთხტომეული გათვლილია ყველა ასაკის მკითხველზე და განსაკუთრებული შენაძენი იქნება ყველა ოჯახისთვის

"ეს ჩვენი ერის დიდი საუნჯეა"

მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსისა არ იყოს, ქართულ გენსა და სისხლზე რომ წერს: "და მოდიოდა,/ ვითარცა მტკვარი/ გზადაგზა სვამდნენ,/ ამღვრევდნენ,/ ღვრიდნენ,/ უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,/ უგულოდ ჰყიდდნენ", საქართველოს ისტორიასაც მსგავსი რამ გადახდა თავს. ათასგზის დაამახინჯეს და აამღვრიეს ჩვენი ერის მტრებმა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ერის დამარცხებისკენ უმოკლესი გზა მისი ისტორიის შერყვნაზე გადის.

საქართველოს ისტორიას დღესაც ამახინჯებენ, ეკლესიის კედლებიდან ფრესკებთან ერთად შლიან, წიგნის ფურცლებზე სპეციალურად თავდაყირა აყენებენ. ასეთ ჟამს მთავარი იარაღი ცოდნაა, მხოლოდ ისტორიის ძირეული ცოდნით შევძლებთ წინააღმდეგობის დაძლევას, რომ საუკუნეების მერე რომელიმე პოეტს ისევ შეეძლოს იმედიანი სიტყვების თქმა: "და მოდიოდა!.. იარონ, იარონ, იარონ, ამინ!"

სწორედ ამ დიდი საქმის სამსახურში შეიძლება ჩაითვალოს გამომცემლობა ""პალიტრა  L"-ის მიერ გამოცემული "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული. ის უკვე იყიდება.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ყველა ოჯახისთვის საჩუქარი იქნება, რადგან ამ ტომებშია თავმოყრილი ქართველების საზრდო და საყრდენი, განვლილი ისტორია, გაუყალბებლად და არგუმენტირებულად მოწოდებული.

სასაჩუქრე წიგნების პრეზენტაციას, რომელიც ვაჟა-ფშაველას #47-ში მდებარე ""ბიბლუსის"" მაღაზიაში გაიმართა, წიგნის ავტორებიც დაესწრნენ.

ოთხტომეულის საბაზრო ღირებულება 60 ლარია, თუმცა, "პალიტრა  L"-ის გადაწყვეტილებით პრეზენტაციაზე მსურველებს მისი შეძენა 50 ლარად შეეძლოთ.

მარიკა ლორთქიფანიძე, სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი: "ოთხტომეული უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიას მოიცავს. 13-კაციანი სარედაქციო კოლეგია ამ წიგნზე თითქმის 20 წელია ვმუშაობთ. ოთხტომეულმა შეაჯამა, რაც მანამდე გაკეთებულა საქართველოს ისტორიოგრაფიაში. რასაკვირველია, თავის დროზე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ გამოცემებს. ახალში ბევრი ახლებური ინტერპრეტაციაა. ცხადია, როგორც სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარემ ყველა საკითხზე გამოვთქვი ჩემი აზრი, მაგრამ მოგეხსენებათ, ავტორები უფლებამოსილი არიან, თავის აზრზე დარჩნენ, ამიტომ ოთხტომეულში არის ზოგი საკითხი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ინტერპრეტაციითაა მოწოდებული და ჩემს აზრს არ ემთხვევა. ასეც უნდა იყოს".

დავით მუსხელიშვილი, ავტორი, პირველი ტომის სამეცნიერო რედაქტორი, აკადემიკოსი: "ოთხტომეული მოიცავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან, ქართველი ხალხის ეთნოგენეზიდან მოყოლებული მისი ისტორიის ყოველ პერიოდს. ვფიქრობ, ყველა უნდა დაინტერესდეს და აუცილებლად ნახოს, რა წერია ამ ოთხტომეულში. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე. იმდენად დიდხანს, რომ რამდენიმე მეცნიერი ვერ მოესწრო წიგნის დაბეჭდვას... საბედნიეროდ, კომპანია "მაგთიკომის" დახმარებით ეს კეთილი საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და მკითხველს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი შევთავაზეთ. როგორ მიიღებენ ამ ოთხტომეულს, უკვე მკითხველის სათქმელია".

როინ მეტრეველი, მეორე ტომის სამეცნიერო რედაქტორი, აკადემიკოსი: "მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც ამ ოთხტომეულის დაბეჭდვასა და გამოცემაში მონაწილეობდა, კომპანია "მაგთიკომს", გამომცემლობა "პალიტრა  L"-ს. ეს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ პოპულარული, საზოგადოებისთვის დაწერილი წიგნია. ვეცადეთ არა მარტო საქართველოს ისტორია გადმოგვეცა, არამედ მისი განვითარება მსოფლიო ისტორიის ფონზეც მოგვეწოდებინა.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოცემაა საქართველოს ისტორიაში".

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა  L"-ის მთავარი რედაქტორი: "ეს არის საეტაპო მნიშვნელობის გამოცემა ჩვენი გამომცემლობის ცხოვრებაში. ოთხტომეული გათვლილია ყველა ასაკის მკითხველზე და განსაკუთრებული შენაძენი იქნება ყველა ოჯახისთვის. ეს არის ყოვლისმომცველი გამოცემა, რომელიც მოიცავს უძველესი დროიდან ჩვენს ეპოქამდე ყველა მოვლენას.

კომპანია "მაგთიკომი" ინტენსიურად თანამშრომლობს სამეცნიერო წრეებთან. მისი ერთ-ერთი სლოგანია "ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ". საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის გამოცემაში მონაწილეობა კი უდავოდ დიდი ქართული საქმეა".

წიგნის პრეზენტაციაზე ვაჟა-ფშაველაზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიაში ტევა არ იყო. მეცნიერებსა და მწერლებთან ერთად, მობრძანდა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე  დანიელი: "ეს ოთხტომეული პირველი სრული გამოცემაა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ადრე  ჩვენს მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება, ყველა საკითხზე თავისუფლად გამოეხატათ აზრი. ეს ჩვენი ერის დიდი საუნჯეა. ვულოცავ ქართველ ერს ამ გამოცემას".