"ბიბლუსმა" ოზურგეთიც გაახარა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსმა" ოზურგეთიც გაახარა

"ამ ლამაზად მორთული დახლებიდან იცით, რა სიმდიდრეს გავიყოლებ სახლში?"

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, ტაძრიდან გამოსულ ოზურგეთელებს ოზურგეთის მთავარ მოედანზე ლამაზი მინის შენობა გახსნილი დახვდათ: "წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები", - "იუწყებოდა" შენობა. ეს "ბიბლუსის" მორიგი წიგნის მაღაზია იყო, ამჯერად - ოზურგეთში. გურულებს თვალებში სიხარული ჩაუდგათ და მიუხედავად იმისა, ვინ საით მიეშურებოდა, ყველა "ბიბლუსის" კარს მიაწყდა...

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს ოზურგეთიც შეემატა. აქ ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველი შეძლებს სასურველი წიგნის შეძენას. იმედია, ოზურგეთს ეს სიახლე ძალიან მოეწონება და დიდ სამსახურს გაუწევს", - გვითხრა თენგო ხელაიამ, "ბიბლუსის" დირექტორმა. ამასობაში, ოზურგეთის ეს სიახლე, პრეზენტაციაზე მოწვეული ოფიციალური პირების გამოჩენამდე, პირველად ოზურგეთელმა ეთერ მიქელაიშვილმა შეაფასა: "წიგნები ისეთი მაღალი ხარისხითაა დაბეჭდილი, მგონი, ჩვენს ახალგაზრდა თაობასაც მოაწყურებს წიგნის კითხვას. მასწავლებელი ვარ და მაწუხებს, ბავშვებს კომპიუტერს რომ ვერ ვაცილებთ. ამ ლამაზად მორთული დახლებიდან იცით, რა სიმდიდრეს გავიყოლებდი სახლში? ამჯერად მხოლოდ ლალი მოროშკინას საინტერესო წიგნის შეძენით გავიხარებ"...

პირველ მყიდველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და უცებ "ბიბლუსში" რიგი დადგა.

- რათ უნდა ამდენი თვალიერობა წიგნს, იყიდე დროზე! - რა გასაკვირია, წიგნის დახლთანაც აჩქარებდნენ ერთმანეთს გურულები...

"ბიბლუსის" წიგნების მაღაზიის გახსნას ოზურგეთში გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ:

ვალერი ჩიტაიშვილი, გურიის გუბერნატორი: "ოზურგეთის მთავარ მოედანს ძალიან მოუხდა "ბიბლუსის" ეს მაღაზია. გურიაში ბევრი მკითხველია და "ბიბლუსმა" ისინი ძალიან გაახარა. აქ თითოეული ჟანრის ლიტერატურას თავისი თარო აქვს და კონსულტანტებიც კვალიფიციურად გემსახურებიან. მეგობრის ბავშვისთვის უკვე შევიძინე საბავშვო წიგნი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონება. შეხედეთ, რა საუცხოოდაა დასურათებული!"

ავთანდილ მექვაბიშვილი, ოზურგეთის გამგებელი: "როცა "ბიბლუსისგან" მივიღეთ წინადადება, ქალაქის მთავარ მოედანზე წიგნის მაღაზიის გახსნის თაობაზე, სიამოვნებით დავთანხმდით. ასეთი მაღაზია ქალაქის კულტურის დონის მაჩვენებელიცაა. ჩემთვის წიგნზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს. ჰოდა, ვაფრთხილებ მეგობრებს: ვისაც ჩემი გახარება უნდა, იცოდნენ, სწორედ აქ უნდა შემირჩიონ საჩუქარი".

Gამ დროს გურულები მაღალჩინოსნებსაც უსმენდნენ და იმავდროულად, წიგნებს ათვალიერებდნენ.

- ნახეთ, ბატონო, რა ლამაზი "ვეფხისტყაოსანია". დავაგროვებ ჩემს პენსიას, თუ კაცი ვყოფილვარ, და ამ წიგნს დუუტიებ შვილიშვილს, - ჩურჩულებდა თემურ ღლონტი. აი, აკაკი სანიკიძეს კი ედუარდ შევარდნაძის "მემუარების" კითხვა პირდაპირ წიგნის სალონში წამოეწყო.

- წიგნის მაღაზია როგორ მოგეწონათ?

- ძალიან კარგია. მოდუნდა და გაჩერჩეტდა ხალხი. იქნება გამოგვაფხიზლოს წიგნმა. რომ გამევიარე და წიგნის მაღაზია დავინახე, გამიხარდა. ნეტა ყველა ფეხის ნაბიჯზე წიგნი გვხვდებოდეს. იქნება მივხვდეთ, რა უბედურებაც გვჭირს. ამფერ კაი და ლამაზ-ლამაზ წიგნებს ვინ არ წეიკითხავს აწი?!

მართლაც, ვინ არ მოვიდა წიგნის მაღაზიაში: მასწავლებელი, მოსწავლე, სტუდენტი თუ მოხუცი, ხაჭაპურის და ფუნთუშის გამყიდველი, ცოცხით ხელდამშვენებული ქალები...

ბოლოს, ავტომანქანების მეთვალყურემ, კუკური ვაშაკიძემაც ფრთხილად შემოაღო მაღაზიის კარი და ინტერესით დაუწყო თვალიერება წიგნის დახლებს, - მობრუნებულიყოს ქვეყანა წიგნისკენო, - თქვა კიდეც ხმამაღლა და მაღაზიიდან გასული ხალხის მოწვევასაც შეუდგა აქტიურად:

- ილარიონა ღვთის პირიდან გადავარდნილო, შემეიარე და ნახე, რაფერ ლამაზად ბზინავს ჩვენი ნოდარ დუმბაძის წიგნები!..

მერე ახალგაზრდებს მიუბრუნდა ბატონი კუკური:

- რას იყურებით აღმა-დაღმა. ა, ბატონო, მიბრძანდით აგერ და წიგნი წეიკითხეთ. გამაგებიეთ მერე, რა ხდება დუნიაზე!

ამ დროს პატარა ილიკო საბავშვო ლიტერატურის დახლთან თვალგაბრწყინებული ცდილობდა სასურველი წიგნის შერჩევას:

- მინდა, ცხოველთა სამყაროს შესახებ წიგნები ვიყიდო. მეც მინდა, წავიკითხო და უკეთესად ვიყო!