საუბრები ქართველ მამაკაცებზე - კვირის პალიტრა

საუბრები ქართველ მამაკაცებზე

"დღეს ისეთი პოლიტიკა დომინირებს, რომელიც მამაკაცთა სოციალურად დასაჭურისებას

უწყობს ხელს"

ერეკლე საღლიანი: "დღევანდელი ჩვენი სუფრა უკულტურობის მაჩვენებელია და არა კულტურის"

გასულ წელს ტაქსით გუდაურისკენ მიმავალს ორი ბიჭი დამემგზავრა  - 16 და 21 წლის. დუშეთის სოფლებს რომ ავყევით, ყაზბეგის გმირები მომაგონდნენ და მათ ჩემი განცდები გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ ბიჭებს ყაზბეგი და ვაჟა ერთმანეთში ერეოდათ და უარესი, წაკითხულიც არ ჰქონდათ. მთელი გზა შეუსვენებლივ ვუამბობდი მათ ყაზბეგის პერსონაჟების - მთიელი ვაჟკაცების ტრაგიკული ცხოვრების ისტორიებს, ვაჟას გმირებსაც გადავწვდი. ისეთი თავგანწირვითა და სიყვარულით ვცდილობდი, რომ მიზანს მივაღწიე. Mმანქანა გაჩერდა, ბიჭმა მითხრა: იცით, თქვენ მე ისე დამაინტერესეთ, ყველაფერს წავიკითხავო... ერი თითქოს დაიღალა, მიიძინა დაბნეულმა და ხელჩაქნეულმა. ამასობაში კი გლობალიზაციის დროშით უამრავი სისულელე ინერგება მოზარდ თაობაში, უცხო ერებისთვის მისაღები უნარ-ჩვევები, მიუღებელი ცხოვრების წესები - ყველაფერი ეს ილექება ახალგაზრდების ცნობიერებაში და რა ნაყოფს გამოიღებს, ღმერთმა უწყის! Gგანა შეიძლება გაიზარდოს ქართველი კაცი და არ იცნობდეს ყაზბეგისა და ვაჟას ნაწარმოებებს?!  მაშ, საიდან შეისრუტოს ვაჟკაცური სული? საიდან გაიგოს, სად არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი?

ამან გადამაწყვეტინა გავსაუბრებოდი ქართველებს თემაზე: ვინ არის და როგორი უნდა იყოს ქართველი მამაკაცი? გავსაუბრებოდი იმათ, ვინც ეპოქა შექმნა ქართულ რეალობაში, იმათ, ვისაც გული შესტკივა დღევანდელობაზე, იმათაც, ვინც, უბრალოდ, იცხოვრა კაცურად.

ჩვენი სტუმრები ფილოსოფოს-ანთროპოლოგი ვახუშტი ფარცვანია და პოეტი ერეკლე საღლიანი არიან.

ვახუშტი ფარცვანია: - ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ ერთი კი არა, ათასი სტატია ვერ ამოწურავს, იმიტომ, რომ ისტორიული ეპოქების თავისებურებების ლოგიკური ახსნაა საჭირო... უპირველეს ყოვლისა, ქართველი მამაკაცი დღენიადაგ საქართველოს მტრებს ებრძოდა. ამდენად, მას რამდენიმე ფუნქციის შეთავსება უხდებოდა. ეს ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველო რუსეთის გავლენა-მფარველობის ქვეშ მოექცა. შეწყდა ომები და  ქართველ მამაკაცზე საომარი დატვირთვა ნაკლებად მოდიოდა.  მისი რაინდული, თავის გამოჩენისა და პირველობის მისწრაფებებმა ოჯახში გადმოინაცვლა, რამაც თვისებრივად შეცვალა მამაკაცისა და ქართველი ქალის დამოკიდებულება ქალის საზიანოდ. მამაკაცმა ოჯახის მეთაურობასთან ერთად ტოტალური, ერთპიროვნული მმართველი-დიქტატორის ფუნქციებიც შეიძინა.

- და მაინც, ვინ არის დღეს ქართველი მამაკაცი?

- დღევანდელი მამაკაცის ფუნქციონალური ნორმები და მისი როლი არანაირად არ მომწონს, ეს კატასტროფაა. მართალია, ღირსეულ მამაკაცთა გენოფონდი ჯერ კიდევ გაგვაჩნია, მაგრამ ამ მხრივ საგანგაშო გზავნილები სახეზეა. ამის არგუმენტად, თუნდაც ერთ შემზარავ ფაქტს მოვიყვან - ასეულათასობით ემიგრანტ ქართველ ქალთა სიმრავლეს უცხოეთში და საქართველოში მათი გზავნილების მომლოდინე მამაკაცთა ნაწილს. მართალია, ეს ნაწილია, მაგრამ ტენდენცია ხომ მზარდია? ჩემს ყურებს ყოველდღიურად განგაშის ზარების ხმა ჩაესმის.

- რამ განაპირობა ქართველი მამაკაცის სახეცვლილება?

- სახეცვლილება ქართველი მამაკაცისა და, ზოგადად, ქართველებისა სახეზეა და ეს ცვლილება საზოგადოებაში ფულის კულტის დამკვიდრების პირდაპირპროპორციულია. რაც მეტი იქნება ფულის ფეტიში, მით მეტად დაიკარგება როგორც ადამიანური იდეალები, ასევე ნაღდი მამაკაცური ნიშან-თვისებები.

- "კარგ ყმად ვინა ვთქვათ, სწორებო?"

- ცოტას თუ აქვს მორალური უფლება "კარგი ყმა" უწოდოს თავის თავს დღევანდელ საქართველოში. ამისი უფლება ჰქონდა, მაგალითად, ვაჟა ფშაველას და კიდევ ერთეულებს.

შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ღირსეული ქართველი ქალი შეიძლება დღეს ოჯახის გარეშე დარჩეს! იმიტომ, რომ მილევადი გახდა ღირსეულ მამაკაცთა რიცხვი და ხომ შეიძლება, ვერ შეხვდეს თავის სწორს მათი სიმცირის გამო?

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი მამაკაცი ხშირად ოჯახს ვერ არჩენს და, საერთოდ, ისეთი პოლიტიკა დომინირებს, რომელიც მამაკაცთა სოციალურად დასაჭურისებას უწყობს ხელს.

- როგორ აღვზარდოთ ქართველი ბიჭი?

- ძალიან რთულია დღეს შვილების აღზრდაზე საუბარი და განსაკუთრებით ბიჭის აღზრდაზე. მე ქალიშვილი მეზრდება, პატარაა ჯერ. რომ ვუყურებ, ერთი თვალი ტკბება, ხოლო მეორე ცრემლს ვერ იკავებს. რაც დრო გადის, მით უფრო მეუფლება თავსატეხი განცდა: როგორ, რა ღირებულებებით აღვზარდო შვილი? არ მინდა ყველაფერი მინორულ ტონალობაში გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს შვილს სრულფასოვნად ვერ აღზრდი თუ ეს სოციალური პოლიტიკა არ შეიცვალა. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს კაცობრიობა, ადამიანის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, უფსკრულისკენ მიექანება, ოღონდ ჩვენ რატომ უნდა გადავყვეთ ზედ მაშინ, როდესაც არსებობს გადარჩენის შანსი, ვერ ვიგებ. ამიტომაცაა ჩემი ოცნება, რომ საქართველოს ყველა მხარეში თითო საავტორო სკოლა მაინც გაიხსნას, სადაც შრომით, ბუნებასთან დიალოგით, აღზრდასთან ერთად მათი განათლება მოხდეს, რათა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი  ნამდვილ ქალად და დედად ჩამოყალიბდეს და მამრობითი სქესის მოზარდი კი - ნამდვილ მამაკაცად, რაც შრომისა და აღზრდის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან შრომა აწრთობს სხეულს და აკეთილშობილებს სულს, ხოლო გაკეთილშობილებული მოზარდის შემეცნების დიაპაზონი მზადაა სრულფასოვან და ჯანსაღ ცნობიერებას დაუდოს საფუძველი.

- როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან ქართველი მამაკაცის ტრადიციული სახე და დღეს ასე აქტუალური გლობალიზაციის მოთხოვნები?

- ეს არ გახლავთ მარტივი საკითხი, ვინაიდან, როგორც სიყვარულსა და სიძულვილს შორის რთულია ზუსტი ზღვრის დადგენა, ასევე რთულია ამ ეპოქალური გამოწვევის ჟამს მიუღებელი და მისაღები ფასეულობების დადგენა.

ინტერნეტისა და ნანოტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ოკეანე ინფორმაციის შემოტევის მოგერიება გიხდება და არ იცი, საით უნდა გასწიო, რომელი გზაა მართებული, რთულია შეინარჩუნო ისტორიულ-ლოგიკური ფასეულობების ურყეობა, რომლითაც გამოირჩევი და ამაყობ, იყო თვითმყოფადი სუბიექტი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან ერთად, უარყო შენთვის მიუღებელი და დაამკვიდრო ახალი ნორმები მაშინ, როდესაც, საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკა მიმართულია ქართული თვითმყოფადი სახის სრული წაშლისკენ. მე, როგორც ფილოსოფოს-ანთროპოლოგი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი უკიდურესობის, მაგრამ მაშინ, როდესაც მსოფლიო დამწერლობაში შენი ადგილი გაგაჩნია, შენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო საზოგადოებასაც კი შეიძლება ეყოს ზნეობის, მორალის, კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის მაგალითად, ამ ყველაფრის უარყოფა არა მარტო ქართველი მამაკაცის ტრადიციულ სახეს, არამედ საერთოდ სპობს ქართულ თვითმყოფადობას. დღეს ტელევიზიებით "ახალი" ახალგაზრდა მამაკაცების სახეები იკვეთება, გაუგებარი ორიენტაციით, გაუგებარი ფასეულობებით, არამდგრადი ფსიქიკით, უზნეო მისწრაფებებით, პარაზიტული გადახრებით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება მომავალში, განვითარების როგორ სტრატეგიასა და ტაქტიკას ავირჩევთ, როგორი საზოგადო მოღვაწეები ეყოლება ქართველ ერს, როგორ განათლების სისტემას ჩამოვაყალიბებთ, რა დოზით მოვახდენთ ინტეგრირებას გლობალურ სამყაროსთან. ანუ ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.

ერეკლე საღლიანი: - თავისთავად არაფერი ხდება. არის რაღაცები, რასაც დედის რძესთან ერთად იღებ, ამას გარდა, გარემო, ადამიანები, მეგობრები. დღესაც, როცა რთული საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, მამაჩემის მეგობართან, დიდ მაესტროს ნოდარ ანდღულაძესთან მივდივარ, ვსაუბრობთ, ვსწავლობ მისგან, არ ვთაკილობ დარიგებას. უნიკალურმა ხალხურმა სიმღერებმა, პოეზიამ, ცეკვამ, სუფრამ ქართულმა - ყველაფერმა ერთად იმოქმედა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. დღეს თუ შეილახა ქართული სუფრის ტრადიცია, ამაში სუფრა კი არა, მისი წარმომადგენელია დამნაშავე. სვანეთში საქორწილო სუფრა იშლებოდა და წესის მიხედვით, ოჯახის მასპინძელს მიწვეული ჰყავდა თავისი უახლოესი ნათესავები. როდესაც ვინმე შეეცდებოდა ლხინი ღრეობაში გადაეზარდა, მიდიოდნენ და მითითებებს აძლევდნენ, სუფრას ნუ მილახავ და ოჯახს შეურაცხყოფას ნუ აყენებო. დღეს რა ხდება? თამადა მიკროფონით გველაპარაკება და გამომთვრალ-გამომტყვრალი მონადიმეები ისე ხორხოცობენ, თამადის ხმასაც ფარავენ. დღევანდელი ჩვენი სუფრა უკულტურობის მაჩვენებელია და არა კულტურის...

ისტორია მშრალი ფაქტების გროვა კი არ არის. უნდა წარმოიდგინოს ყველა ქართველმა საკუთარი თავი ერეკლე მეფის ლაშქარში, როცა იგი უთანასწორო ბრძოლას ეწეოდა კრწანისის ველზე.

ერთხელ თურმე ნაპოლეონი პარიზის ქუჩებში სეირნობდა და სინაგოგიდან გოდება შემოესმა. შეგზავნა ხალხი ამბის გასაგებად. უთხრეს, ებრაელები ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაქცევაზე გოდებენო. Nნაპოლეონმა განაცხადა: უკვდავია ერი, რომელიც 2500 წლის წინანდელ ამბავს ისე განიცდის, როგორც დღევანდელსო. Aაი, ეს არის ისტორია. ჩვენ ისტორიის ცოცხალი განცდა რომ გვქონოდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ დავკარგავდით. ვერც ჩვენ განვიცადეთ ისტორია, ვერც ოსმა და ვერც აფხაზმა, რომელსაც დიდი წინაპარი ჰყავდა ხუტუნია შერვაშიძის სახით, რუხის ბრძოლაში 16 თურქი რომ განგმირა. აფხაზის გენეტიკურ მეხსიერებას არც მუჰაჯირობა შემორჩა, როცა რუსებმა ათასობით მოსახლე აყარეს და თურქეთში გადაასახლეს. არც ოსებს ახსოვთ 500 ალანი მხედარი დავით აღმაშენებლის გვერდით რომ იბრძოდა. არც ის, რომ თამარის დედა ბორდოხანი ოსი იყო, ხოლო დავით სოსლანი ბაგრატიონთა ოსური შტოს წარმომადგენელი...

- როგორია დღევანდელი მამაკაცი?

- დღეს მას ფუნქცია წაართვეს. საქართველოში გეგმაზომიერად ხდება ის, რომ ქალი, რომელიც შვილების გაზრდით უნდა იყოს დაკავებული, სამსახურშია. ისე ნუ გამიგებთ, რომ ქალი უნდა გამოვამწყვდიოთ ოთხ კედელში. ქალმა შვილები უნდა აღზარდოს, ამაზე კარგი ფუნქცია მას არ აკისრია, ამის მაგივრად  დილიდან საღამომდე გარეთაა, ბავშვები კი სტიქიურად იზრდებიან დედის ყურადღებას მოკლებულნი, ამიტომ მათგან სრულყოფილი ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება. კაცმა ოჯახი უნდა არჩინოს, ამის მაგივრად თანხმდება ცოლი უცხოეთში გაუშვას მშიერი ოჯახის გამოსაკვებად. როცა ფუნქციები იღრევა, ცნობიერება თავისთავად დარღვეულია...

ტელევიზიებში პათოლოგიურ ფილმებს აჩვენებენ, სადაც იმის პროპაგანდაა, რომ ადამიანი მთლიანად ემორჩილება ცხოველურ ინსტინქტს, ჯანსაღ სექსს კი არა სექსის შეურაცხმყოფელ კადრებს აჩვენებენ. ასეთ დროს შიშვლდება სულიც და ხორციც. ნურავინ იფიქრებს, რომ სექსში მხოლოდ ხორციელი გრძნობაა, თუ იქ ამაღლებული გრძნობა არ დევს, მაშინ იგი ცხოველურ ურთიერთობამდე დადის...

ვერავის შევკადრებ მივუთითო ასე და ასე მოიქეცი-თქო. აღზრდაში ცოცხალი მაგალითი უფრო ჭრის, ვიდრე დარიგება.

75 წლის ერეკლე მეფე ცხენზე რომ ამხედრდებოდა და ლაშქარს წაუძღვებოდა, რამის თქმა დასჭირდებოდა? MEეს იყო ყველაზე დიდი იდეოლოგია, მეფე რომ წინ გაგიძღვებოდა...

დღეს ყაზბეგი და ვაჟა რომ არ იციან, რატომ გიკვირთ? ჩვენ წიგნით ვარსებობდით, დღეს იმდენი საინფორმაციო საშუალებაა მოძალებული, საკითხავად არავის სცალია. განსხვავებულია შეხედულებებიც.  ერთხელ სტალინს ჰკითხეს - რა არის სიბერეო? ,სიბერე ის არის, როცა ადამიანი კარგავს სიახლის შეგრძნებასო". სიახლის შეგრძნება არ უნდა დაკარგო, მაგრამ სიმახინჯეს რომ სიახლედ მონათლავ, ეს უკვე ამაზრზენია. Aახლა ვაჟასნაირად ვეღარ დაწერ, მოვიდა გალაკტიონი და სულ სხვა ხელწერა მოიტანა. Aაი, რა არის სიახლე და არა ის, რასაც დღეს ცდილობენ შემოგვაჩეჩონ...

ნათია გოგიტიძე