"საქართველოს ისტორიის" განმეორებითი ტირაჟი მარტის დასაწყისში ჩამოვა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ისტორიის" განმეორებითი ტირაჟი მარტის დასაწყისში ჩამოვა

მთელი ტირაჟი რეკორდულ დროში გაიყიდა

"პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის (რომელიც უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის ისტორიას მოიცავს) პრეზენტაციას საზოგადოების გაცხოველებული ინტერესი მოჰყვა. წიგნები მაღაზიის დახლზე გამოჩენისთანავე სარეკორდოდ მოკლე დროში გაიყიდა. ამის გამო მისი შეძენა ყველამ ვერ მოასწრო და ბევრი გულდაწყვეტილი დარჩა. "პალიტრა L"-მა "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის მეორე გამოცემა უკვე შეუკვეთა და სტამბაში დღედაღამ მუშაობენ, რომ მარტის დასაწყისში ოთხტომეული უკვე დახლზე იდოს.

ოთხტომეულზე სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა, რომლის მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გახლავთ.

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:

- ქალბატონ მარიამთან ერთად სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან აკადემიკოსები: ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი და როინ მეტრეველი. ოთხივე წიგნს სხვადასხვა ავტორი ჰყავს. ქართველი ისტორიკოსების 13-კაციანი ჯგუფი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ოთხტომეული პირველი გამოცემაა (საქართველოს ისტორიის შესახებ), რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მომზადდა. წიგნები პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა (მეოთხე ტომის ერთ-ერთი ავტორი) მოგვიტანა და მორიდებით გვაჩვენა - არ ვიცით, რამდენად კომერციულია, თქვენთვის მომგებიანი თუ იქნებაო. ის დღე უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის, როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენლისა და რიგითი ქართველისთვის. როცა წიგნების ავტორებს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ქართველ ისტორიკოსთა "თანავარსკვლავედს" უმუშავია! უკვე ცხადი იყო, რომ საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომი მოგვიტანეს. "პალიტრამედიის" დამფუძნებელს ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე: საქართველოს ისტორია უკეთესს ვის უნდა დაეწერა? ესაა განძი-მეთქი. მისგანაც მაშინვე ადეკვატური პასუხი მივიღე. ისტორიკოსთა ჯგუფის წარმომადგენელს მეორე დღესვე დავურეკე და ვუთხარი, რომ მათთან ვითანამშრომლებდით. არ ეგონათ, რომ დამოუკიდებელი კომერციული ორგანიზაცია ასე უცებ მათთან თანამშრომლობას გადაწყვეტდა. ისტორიკოსებისგან მზა ნაშრომი მივიღეთ, მაგრამ მათთან ერთად, კიდევ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ ისეთი წიგნები გამოსულიყო, როგორიც გამოვიდა.

- ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით, ოთხტომეულში სერიოზული კორექტივებია შეტანილი?

- კონკრეტულ ფაქტებს ვერ გეტყვით, მაგრამ თანამედროვე მკითხველების ინტერესთა გათვალისწინებით, ისტორიკოსებმა განსხვავებული ტიპის ნაშრომი დაწერეს, რომელიც მხოლოდ მეცნიერებისთვის ან სტუდენტებისთვის კი არაა განკუთვნილი, არამედ - ყველასთვის, ვისაც საქართველოს ისტორია აინტერესებს. იაფი არაა - 60 ლარი ღირს, მაგრამ ბევრი ადამიანი დაინტერესდა. სიმართლე რომ გითხრათ, მკითხველთა ასეთ გაცხოველებულ ინტერესს არც ველოდით. ოთხტომეულის პრეზენტაციაზე წიგნების ავტორები საათ-ნახევრის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდნენ. ალბათ, ღირებულებათა სისტემა, რომელზეც ერი დგას, ისეთი ურყევია, რომ წიგნებმა საზოგადოების საოცარი ინტერესი გამოიწვია. ვერ ვიტყვი, რომ ოთხტომეული დიდი ტირაჟით გამოიცა, მაგრამ საქართველოსთვის - მცირეც არაა. საერთოდ, "პალიტრა L "-ს ასეთი ძვირად ღირებული წიგნების მომზადება არ ახასიათებს, რადგან ხალხის ფინანსურ შესაძლებლობებს ვითვალისწინებთ. "საქართველოს ისტორიის" სასაჩუქრე კომპლექტში 4 წიგნია (მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, ფერადი ჩანართებით, საგანგებო შეფუთვით), ამიტომ არც ფასთან და მით უმეტეს, არც ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ამ წიგნების მნიშვნელობა ყველამ ადეკვატურად შეაფასა: ოთხტომეულის მატერიალური და მორალური ღირებულება მაღალია, ამიტომ ფასი მკითხველისთვის მიუღებელი არ ყოფილა.

- ვინც ოთხტომეულის შეძენა ვერ მოასწრო, მის ყიდვას როდის შეძლებს?

- მაქსიმუმ, 2-3 კვირაში.

- ოთხტომეულის ცალ-ცალკე ტომებად ყიდვის საშუალება თუ ექნებათ?

- არა, წიგნებს ყუთებიდან ვერ ამოვიღებთ. ამას თავისი დანიშნულება აქვს: ძირითადად, ოთხტომეულს ოჯახებისთვის, საყვარელი და ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრად ყიდულობენ. სხვაგვარი პროექტის განხორციელებაზეც - ცოტა სხვა ტიპის წიგნის გამოცემაზე ვფიქრობთ, რათა მისი ყიდვა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს, - 60 ლარის გადახდა ბევრს მაინც უჭირს...

ეთო ყორღანაშვილი