გემბლინგი -ფსიქოლოგიური ნარკოტიკი - კვირის პალიტრა

გემბლინგი -ფსიქოლოგიური ნარკოტიკი

"პროფესორას" აღსარება

"წარმოიდგინეთ, რომ უსასრულო ფულსა და უსასრულო დროს ეთამაშება სასრული ფული და სასრული დრო"

"ვთამაშობ ყველაფერზე და ყველგან, სადაც აზარტი და ფულია. თამაში ბუნებრივ მოთხოვნილებად მექცა. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არ გამომდის. ახალ წელს მთელი ღამე სლოტკლუბში ვიყავი, იქაურობას თავი ვერ დავაღწიე. მიშველეთ ვინმემ!"

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შეარყია ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ნერვები. ბევრჯერ ვცადე "გადაგდება", მაგრამ არაფერი გამომივიდა".

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეთი შინაარსის წერილი მივიღე ჩემი ვირტუალური მეგობრებისგან. ამ დაავადებას ლუდომანია ჰქვია, იგივე გემბლინგი, რაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. გახშირებული შემთხვევების გამო, მეცნიერებმა უკვე უწოდეს მას XXI  საუკუნის ეპიდემია...

დღეს მხოლოდ თბილისში ოთხი მოქმედი კაზინოა და რამდენიმე ათეული აზარტული თამაშების სალონი თუ სლოტკლუბი. საქართველოს კანონმდებლობა სათამაშო ბიზნესის მიმართ მეტად ლიბერალურია, - სამორინეს გახსნაზე აკრძალვები არ არსებობს, მეტიც, შეღავათებით სარგებლობს ის, ვინც კაზინოს ტურისტულ ზონაში გახსნის. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი სათამაშო სახლი დედაქალაქშია თავმოყრილი, მოთამაშეების უმეტესობა კი ადგილობრივი მოსახლეობაა.  ეს ბიზნესი საქართველოში მეტად მომგებიანი საქმეა. მართალია, ოფიციალური სტატისტიკა კაზინოსა და სათამაშო კლუბების კლიენტების შესახებ არ არსებობს, მაგრამ სამორინეების მესვეურები ამბობენ, რომ საშუალოდ დღეში 500 მოთამაშე ჰყავთ. სახელმწიფო ბიუჯეტშიც სოლიდური თანხები შედის. გამოდის, ამ ჯაჭვში წაგებული მხოლოდ მოთამაშეა, რომელსაც დახშულ სივრცეში, სადაც არც სარკმელია, არც სარკე და არც საათი, დროისა და რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს.

"პროფესორა" (გამოცდილი მოთამაშე): - 15 წელიწადია კაზინოში ვთამაშობ, ეს სახელი მოთამაშეებმა ჩემი თამაშის თავისებურების გამო შემარქვეს. ხშირად ვიცი ხოლმე ციფრის წარმოთქმა, რომელიც მოდის. ამიტომ დამარქვეს პროფესორა. რამდენიმე წლის წინ თბილისში 24 მოქმედი კაზინო იყო. პირველი სასტუმრო "ივერიაში" გაიხსნა. მახსოვს, ვიღაც გიბრალტარელი მაღალი ასაკოვანი ქალი, ეროვნებით ინგლისელი, ხელმძღვანელობდა, მოთამაშეთაგან რესპექტაბელობას მოითხოვდა და ლოყაზე ხელს შეავლებდა ხოლმე ახალგაზრდა მამაკაცს, წვერი გაპარსული გვქონდა თუ არა, ფეხსაცმლის ლანჩებს ნახულობდა, შემთხვევით ე. წ. ტრაქტორის ძირზე ხომ არ გვეცვა.

იმ დროს კაზინოში "ძველი ბიჭებიც" და ბიზნესმენებიც დადიოდნენ. მახსოვს, ერთი ასაკოვანი კაცი "კოკა-კოლას" მეწილე იყო, ერთიც - პურის ქარხნის დირექტორი. დაახლოებით ათასამდე კაცი კაზინო "ივერიის" აქტიური მოთამაშე იყო. რა თქმა უნდა, ყველა წაგებული წავიდა. აქედან ბევრს საერთო ჯამში მილიონ დოლარზე მეტი აქვს წაგებული. მე შედარებით ნაკლები წავაგე. ჯამში ყველა აგებს, რადგან პრინციპია ასეთი, რომ კაზინოს მათემატიკური უპირატესობა აქვს. თუმცა კაცი რომ ერთი-ორჯერ შევა კაზინოში, მისთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს. წარმოიდგინეთ, რომ უსასრულო ფულსა და უსასრულო დროს ეთამაშება სასრული ფული და სასრული დრო...

კაზინო "ივერიას" შესასვლელში ბარი იყო, "მწვანე თუთიყუში" ერქვა, იქ ვიპარსავდით წვერს, რომ კაზინოში შესვლის პრობლემა არ შეგვქმნოდა. გვეცინებოდა, მაგრამ ჯოჯოხეთში გვქონდა თურმე თავი შეყოფილი და რა გვაცინებდა?!

ერთხელაც ხმაური შემოგვესმა, კარი გაიღო და ნიღბიანები შემოცვივდნენ. სავსე იყო კაზინო. დაახლოებით 20 წუთი იატაკზე ვეყარეთ. როგორც გავარკვიეთ "მღებრიშვილის ბიჭები" იყვნენ, ვიღაცას ეძებდნენ. თვალი გავაპარე სათამაშო მაგიდისკენ, სადაც გამჭვირვალე ყუთით ფულის ფიშკები იდო და დავინახე, როგორ ამოიღო ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მოწითალო-მოვარდისფრო ფიშკების ბღუჯა (ერთი ასეთი ფიშკა 100 დოლარს უდრიდა),  და ჩაიყარა ჯიბეში...

იყო დრო, როცა კაზინოდან კაზინოში გადავდიოდი, ფაქტობრივად იქ ვცხოვრობდი და რა ხდებოდა ამ ეშმაკის სამყაროში ყველაფერი ვიცი.  მართლაც ამ ჭაობის "პროფესორი" ვარ.

ერთი ცნობილი პოეტი, ეროვნული მოძრაობის წევრი, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, დოსტოევსკისეული "მოთამაშის" მსგავსად თამაშობდა და "რულეტკაზე" შუაში აწყობდა ფულს. ყოფილა შემთხვევა, რომ მოუგია, მაგრამ ძირითადად აგებდა. მახსოვს ერთხელ, გაგარინის მოედანზე, სადაც ადრე კაზინო "ოლიმპია" იყო, ახლა კი სლოტ-კლუბია, დიდი ფული მოიგო. მსხვილი კუპიურები არ ჰქონდათ, გაზეთში გაუხვიეს მოგებული თანხა და ასე ნახევარი მეტრის სიგრძის მუთაქასავით, იღლიაში ამოდებული გაატანეს. მაგრამ ის ფული მეორე დღესვე წააგო...

ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ხშირად ნახავდით კაზინოში. ძალიან უსიამოვნო გრძნობაა, როცა ხედავ, შენი ქვეყნის მთავრობა კაზინოში თამაშობს და ერთ ჯერზე რამდენიმე ათას დოლარს ხარჯავს. ერთი იმდროინდელი პოლიციელი, ოპერატიული მუშაკი იარაღით დადიოდა კაზინოში.

რომ წააგებდა, პისტოლეტს გააძრობდა, სროლას ატეხდა ხოლმე. მახსოვს კაზინო "მონაკოში" ჭერში ისროლა. ამის გამო შეშინებულებმა წაგებული ფული უკან დაუბრუნეს. ერთხელ კაზინო "სამ ჯუჯაშიც" რომ ამოიღო იარაღი, კრუპიემ სტაცა ხელი, ამ ჭიდაობაში სხვებიც ჩაერთნენ, ახლოს ვიდექი და სამჯერ უნებურად დამიმიზნა იარაღი. სიკვდილს ძლივს გადავურჩი...

ერთი ჩემი მეგობრის ამბავს მოგიყვებით. დიდი ფული წააგო კაზინოში, რომელიც ოჯახიდან მოიპარა...  ამიტომ წავიდა სახლიდან და ერთი წელი ნათესავთან ცხოვრობდა. იმ ოჯახს ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის გაყიდვა უნდოდა. ჩემს მეგობარს ვერის ბაღში, ოქროს ბირჟაზე ნაცნობი ჰყავდა და მასპინძელს შესთავაზა, მე გაგიყიდითო. ენდნენ, თან იცოდნენ, მას შემდეგ, რაც ის ფული წააგო, აღარ უთამაშია. ამ ზომბად ქცეულმა ჩემმა მეგობარმა კი წაიღო ბეჭედი, ძალიან იაფად გაყიდა და მთელი ფული კაზინოში დატოვა. რა თქმა უნდა, ნათესავის ოჯახიდანაც გაიქცა. საშინელი სინდისის ქენჯნა ჰქონდა, ორი თვე არ უძინია, ჯანმრთელობაც შეერყა.

წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი აცნობიერებს რასაც აკეთებს, მაგრამ ზომბია და როცა თამაშის შანსი ეძლევა შეურაცხადი ხდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მეგობარი საბოლოოდ თაღლითად იქცა და  საუკეთესო მეგობარიც გადააგდო.

ლომბარდში ჩადო მისი ოქროს ნივთები - 7-8 ათასი დოლარის ძვირფასეულობა. ეს ფული ხომ წააგო, შემდეგ კიდევ მონახა სხვა ახლობლები, ვისაც ამ ოქროს ნივთების ლომბარდიდან გამოტანა და უფრო ძვირად გაყიდვა შესთავაზა იმ საბაბით, რომ მათ სოლიდური მოგება დარჩებოდათ. დაითანხმა ამაზე, გააყიდვინა ნივთები, რაღაც საბაბით ის თანხა მთლიანად გამოართვა და კაზინოში წააგო. ასეთი "მაქინაციებით" შოულობენ ფულს მოთამაშეები და ჩადენილის გამო ხშირად იმალებიან.

მოთამაშე დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მოიგებს. წარმოიდგინეთ, როგორც ღმერთის სჯერა და სწამს მორწმუნე  ადამიანს, ისე სჯერა და სწამს მოთამაშეს ფორტუნის, რომელიც რეალურად ეშმაკია. ჩვეულებრივ ადამიანს ჯიბეში 20 ლარი რომ უდევს, მისთვის ეს 20 ლარია, მოთამაშისთვის კი სატყუარა, რომლითაც სჯერა, რომ დიდ ფულს მოიგებს.

ერთი ჩემი მეგობარი ნათესავებს შეეკედლა და იმდენი ქნა, რომ იმ ოჯახის დიასახლისიც ჩაითრია ამ საქმეში. ჩემი მეგობარი თუ 20-40 ლარს დებდა, იმ ქალბატონს რამდენიმე ასეული ლარიც არ ჰყოფნიდა. ის ქალი ვალებში ჩავარდა და სახლი გაყიდა, მაგრამ მანამ თამაშობდა, სანამ ყველა მატერიალური რესურსი არ ამოწურა. იმ ქალბატონის არ იყოს, კაზინოში წაგებული ფულის გამო ბინა მეც გავყიდე...

ერთი ამფსონი მყავდა, დილით შემომეხმიანებოდა ხოლმე და ერთად დავდიოდით სათამაშოდ. ერთხელ 2.000 დოლარი მოვიგეთ და გამოვედით. უკვე გარეთ ვიყავით, როცა დაგვიძახა კრუპიემ და შეგვახსენა: სიგარეტის საფასურის გადახდა დაგავიწყდათო. მივაწოდეთ ასდოლარიანი კუპიურა და ხურდა ფიშკებით დაგვიბრუნა. დავბრუნდით უკან და ის 2 ათასი დოლარი სულ წავაგეთ. ამის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ ეშოვა ისევ სათამაშო ფული. დაიწყო "ჩალიჩი" თითქოს საბერძნეთში გასამგზავრებელ ვიზებს აკეთებდა და ამაში 300 დოლარს იღებდა. შემდეგ კი ამ ფულს კაზინოში აგებდა. ზოგისთვის რამდენჯერმე ჰქონდა ეს თანხა გამორთმეული. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ჩემდა საუბედუროდ მეც ვახლდი. გაირკვა მისი "თაღლითობის" ამბავი და ისიც, რომ მთელი ფული კაზინოში ჰქონდა წაგებული. დაიჭირეს მევალეებმა და მძევლად აიყვანეს. მეც მომაგნეს და მასთან ერთად დამატყვევეს. სამი დღე ვიყავით მძევლად, გვემუქრებოდნენ: თუ ფულს არ დააბრუნებთ "პაიალნიკით" გაწამებთო. მერე ჩვენმა ახლობლებმა ფული შეაგროვეს და დაგვიხსნეს...

მოთამაშეს ყველაზე მეტად ამახსოვრდება რაღაც მაგარი "მორტყმა", აი, ისეთი, ადრენალინს რომ იღებს. მაგალითად, ვისაც ერთხელ მაინც "მოსვლია" "როიალ-ფლეში" ან "კარე", ის შეგრძნება აუცილებლად ემახსოვრება.  მახსოვს, ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა სამორინე "ბერიკონში" 30 ათასი დოლარი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, მოგება უკან დავატრიალეთ, მაგრამ რაღაც თანხა მაინც წამოვიღეთ. ხშირად ყოფილა, 100 დოლარით შევსულვარ და დაახლოებით 15-20 წუთში 1.500-2.000 დოლარი მომიგია. თუმცა, ისიც ხშირად ყოფილა, რომ 3-4 ათასი დოლარი მქონია და სულ წამიგია. მე თამაშის ჩემი მეთოდი მაქვს, უცებ არ ვაგებ მთელ ფულს. ხშირად სამი დღე-ღამე მითამაშია ისე, რომ კაზინოდან არ გამოვსულვარ, თუმცა ვიცი ხალხი, ვისაც ხუთი დღე-ღამეც გადაბმულად უთამაშია.

როცა მოთამაშეები იგებენ, ერთმანეთს თხოვნის გარეშეც აძლევენ ფულს. ეს რაღაც სოლიდარობის მაგვარია, - ზომბმა ზომბს "ბალახი" გაუწოდაო. ერთი სტაჟიანი მოთამაშე იყო, გარდაიცვალა საწყალი. მეტსახელად "პროკურორას" ვეძახდით, რადგან მართლაც  პროკურორი იყო. რომ თამაშობდა მთელი სხეული უკანკალებდა.

ხშირად მინახავს, რომ მამა-შვილი ერთად დადის. დედა-შვილიც მინახავს და რომ წააგებდნენ, დედა უფრო მაგრად იგინებოდა, ვიდრე შვილი. დედა იყო "მოლარე", ის იღებდა ფულს ჩანთიდან, შვილი კი დებდა. ცოლ-ქმარიც ბევრია მოთამაშეებს შორის და ჩათვალეთ, რომ ისინი დაღუპულები არიან, რადგან ოჯახური ზომბი ყალიბდება. საერთოდ, ქალები მეტად აზარტულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ბევრი ცნობილი წყვილი მინახავს კაზინოში. ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი 1.000-დოლარიან "სტავკებს" დებდა. დღეს ის ცოცხალი აღარ არის. ისეთი ქალბატონებიც არიან, კაზინოში სათამაშო ფულს პროსტიტუციით რომ შოულობენ. ერთ ასეთ ქალბატონს მეტსახელად "პელე" შევარქვით. როცა იგებდა, ყოველთვის ამ სახელს წამოიძახებდა ხოლმე - პელე ვარ, პელეო...

- რა არის მოგება - იღბალი თუ მათემატიკური გათვლის შედეგი?

- ზოგჯერ დგება მომენტი, რომ იღბალი გწყალობს. თუმცა, თამაშს გათვლაც უნდა. არიან მოთამაშეები, რომლებიც ითვლიან, მათ შორის ბანქოშიც, "ბლექ ჯეკში". პოკერში ვერაფერს გათვლი, რადგან მოსვლაზეა მთლიანად. ზოგი აპარატებზე თამაშობს, სადაც პროცენტია დაყენებული. უცხოეთში მოგების პროცენტს პოლიცია ამოწმებს და თუ არ შეესაბამება დადგენილს, სათამაშო კლუბების მეპატრონეებს აჯარიმებენ. ჩვენთან ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხელისუფლებასთან როგორც მოილაპარაკებენ, ისე იქნება.  მისაზიდი საშუალებებია, მაგალითად, ასეთი: დღეში 5-6-ჯერ 200-300-ლარიანი ჯეკპოტი იხსნება, ხოლო ორ თვეში ერთხელ - 15-ათასლარიანი. მე  ჯეკპოტი რამდენჯერმე დამცემია.

- პირველად შენი სურვილით შეხვედი კაზინოში?

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. 15 წელია ვთამაშობ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, კაზინოში ვინმე შემეყვანოს. ყველა იმას წყევლის, ვინც პირველად შეიყვანა. მე ჩემმა მეგობარმა შემიყვანა, ფული ჰქონდა, დაახლოებით 200 დოლარი მოვიგეთ, მერე წავედით, ვიქეიფეთ და აქედან დაიწყო ყველაფერი. ერთ მაგალითს მოგიყვები. უკვე მოთამაშე ვარ, "ბერიკონი" ახალი გახსნილია, ჩემი მეგობრებიც არიან და მათთან ერთად ერთი ახალგაზრდაც, რომელიც პირველად იყო კაზინოში. არ თამაშობდა, უბრალოდ თამაშს ადევნებდა თვალს. ცოლის ჩექმის ფული ჰქონდა, 500 დოლარი, ვეღარ მოითმინა, დაახურდავა და დაიწყო თამაში. თამაში საერთოდ არ იცოდა, ამიტომ ძირითადად ფერზე დებდა. 25 გაგორება დადო და ყველა გაარტყა. პირველი მოთამაშისთვის საერთოდ ასეა. ის 500 დოლარი მოგებით გააორმაგა. როცა გამოვედით კაზინოდან, ვუთხარი: შენ რომ საბოლოოდ დაღუპული ხარ, ვიცი, რადგან პირველ ჯერზე ასე რომ მოუვა კაცს მოგება, მისი საქმე დამთავრებულია, მხოლოდ ერთს გთხოვ, ხვალ, ორშაბათს არ მოხვიდე კაზინოში, ხოლო მერე რომ მოხვალ, ეჭვი არც მეპარება-მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი, მეორე დღეს სპეციალურად მივედი, უკვე ოფლში გაწურული იჯდა, ყველაფერი წაგებული ჰქონდა. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ წააგო კაზინოში.

- მართალია, ეშმაკის სახლს რომ ეძახიან კაზინოს?

- ეშმაკის ბორბალია, მხარზე გაზის რაღაც და არ გაძლევს საშუალებას, იქიდან თავი დააღწიო. რამდენჯერ ყოფილა, გინდა მოგებული თანხით გამოხვიდე, მაგრამ თითქოს ვიღაც გიჭერს და არ გიშვებს. შესაძლოა, აქ სიხარბე და ამპარტავნობაც მონაწილეობს, გინდა, რომ კაზინო დაამარცხო, მაგრამ რას დაამარცხებ?!

- ახლა უფრო ბევრი დადის თუ ადრე მეტი იყო?

- უმუშევრობის გამო კაზინო და სათამაშო კლუბები ის სტაფილოა, რომელიც ვირის წინ არის ჩამოკიდებული და წინ მიარბენინებს. ქალიც ბევრი დადის, ჯერ კიდევ ძველი დროიდან 7-8 ქალი ვიცი, ჩამოყალიბებული მოთამაშეები რომ არიან, ცნობილი ოჯახის წევრები, ოჯახის ქალები. ისეთი ქალებიც ვიცი, ოჯახები რომ დააქციეს.

ამ მთავრობის ადგილას რომ ვიყო, ყველა კაზინოს დავხურავდი. სულელურ იმედს მოვუსპობდი ამ ხალხს, რომ შესაძლოა ციდან რამე ჩამოვარდეს.

P.S. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, მსოფლიოში ყოველი მესამე ლუდომანი ქალია. თამაშზე დამოკიდებულება ქალებში უფრო ძლიერია და ამ სენისგან თავის დაღწევა მამაკაცებზე მეტად უჭირთ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ერთმა ტაქსის მძღოლმა ისიც კი მითხრა, კაზინოში ცნობილი ქალები ხშირად რომ დადიან, აღარ მიკვირს, მაგრამ ამ ბოლო დროს ორსულებსაც ვხედავ, წააგებენ და სახლში წასასვლელად ტაქსის ფულიც კი არა აქვთო.

"თამაში ტყუილების დიდი გუდაა"

ლორენს ოლივიე

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)