"იავნანა" მთელი საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

"იავნანა" მთელი საქართველოსთვის

"კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლი ყოველთვიურად დაეხმარება გელაშვილების ოჯახს

ადრიანი დილაა. ძალიან ვიჩქარე, რომ ბავშვებისათვის სკოლაში წასვლამდე მიმესწრო და ჩემი თვალით მენახა რვავე: ანა, ნინო, მარიამი, გიორგი, ეკატერინე, დავითი, ბარბარე და თამარი.

ხის მაგიდასთან ვსხედვართ. მწირი საუზმე ხვავრიელი მეჩვენება, იმიტომ, რომ ოჯახის ყველა წევრი მხიარული და გულღიაა... ვერც მოზომილი ულუფა, ვერც პურის მომცრო ნატეხი, ვერც მოუხერხებელი საწოლები და ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ბავშვების თვალებში სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის ნათელ სხივებს ვერ აქრობენ. უფროსი გოგონები ფუსფუსებენ, პატარებს აცმევენ, მერე თავიანთი ხელით მომზადებულ საუზმესაც თეფშებზე აწყობენ. სულ პატარა - 3 წლის თამარი მამის ულუფას ეპოტინება...

- ეს მამას მიეცი, შენ ჩემი თეფშიდან ჭამე, - ეუბნება გიორგი. თვითონ სკოლაში წასასვლელად ჩქარობს.

ხელმოკლე ოჯახს, რომელსაც შვილების დასაწოლი ადგილიც კი არა აქვს, სტუმარი ჰყავს... უფრო სწორად, სტუმარი აღარაა, შინაურია. გიორგი სულ შემთხვევით გაიცნო ოჯახის მამამ. მერე ისე დაიახლოვა, რომ ახლა დედით დაობლებული ბიჭი სიხარულით სტუმრობს მათ ოჯახს. მოდის, როცა სითბო და სიყვარული ენატრება, მშობლიური კერა სჭირდება.

მხიარული სიცილი ისმის. თვალებმერცხალა ეკატერინე ძალიან მსუბუქად იკიდებს ჩანთას მხარზე... წიგნები არა აქვს და რა დაუმძიმებს... წიგნები არც მის და-ძმას აქვს. სკოლაში ექვსნი სწავლობენ, უფროსი XI კლასელია, ორი ბაღის ასაკისაა. დღეს კარგი დღეა. მამამ დროებითი სამუშაო იშოვა მშენებლობაზე და ავანსიც აიღო: მთელი 40 ლარი. ასე რომ, სკოლაში წასაღებად 30 თეთრიც შეხვდებათ, თითოს თითო ფუნთუშის ფული.

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, რომელსაც ჭერი პირდაპირი გაგებით მხოლოდ ნაწილობრივ აქვს, ბავშვებჩახუტებული ქალბატონი ლია ღიმილით მიამბობს, როგორ ცდილობდნენ შემოსავლის გაჩენას ის და მისი მეუღლე. როგორ გადაწყვიტეს ხაჭაპური დაეცხოთ და გაეყიდათ... ბაზრობიდან "კოკა-კოლა" მოეტანათ ნისიად. მერე ისე მოხდა, ხაჭაპურს ბავშვები ხან გაყიდვამდე ჭამდნენ, ხანაც მაშინ ხარობდნენ, თუ არ გაიყიდებოდა. შემოსავალი ვერ გაიჩინეს, მაგრამ საგადასახადოდან კი მიადგნენ - საცხობს ეძებდნენ. ნახევრად დანგრეულ ბინაში საცხობი ვერა, მაგრამ რვა ბავშვი კი ნახეს, მოღიმარი რომ შეჰყურებდნენ სტუმარ ბიძიას. მაშინ ერთადერთი სიტყვა თქვა მოსულმა, - კარგად ბრძანდებოდეთო და კარი გაიხურა. მერე იყო ნაყინის გაყიდვის მცდელობა... და რა ბედნიერები იყვნენ ბავშვები თუ შუქი ჩაქრებოდა: ვაშა, ნაყინიო, - დაიძახებდნენ და მაცივრიდან თვალის დახამხამებაში ქრებოდა გასაყიდი ნუგბარი.

პერიოდულად ჟურნალისტებიც მოდიოდნენ, მათ სტატიებს კეთილი ადამიანების გამოხმაურებაც მოჰყვებოდა ხოლმე. ბოლოს "კვირის პალიტრაში" დაწერილ სტატიას - "მეტეხის აღმართის ანგელოზებს"  ის შედეგი ჰქონდა, რომ სარეცხი მანქანა აჩუქეს.

ბევრი არც უნდათ... მხოლოდ პური არსობისა და ნახევრად დანგრეული ბინის შეკეთება-გასუფთავება.

ამ ოჯახმა იცის, რამხელა ბედნიერებაა, როცა სხვისი დახმარება შეგიძლია, ამაზე ოცნებაც ღირს და ამისთვის ცხოვრებაც...

წლების წინ ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ლიამ ორი ახალშობილი შეიფარეს. ერთი სულ 10 დღისა იყო, მეორე - 7 დღისა. დედისაგან უარყოფილ პატარებს ქალბატონი ლია აჭმევდა ძუძუს. ორ წლამდე ორივე ისე გაზარდეს, შვილებისაგან არ გამოურჩევიათ. განშორებაზე არც იფიქრებდნენ, მაგრამ მოძღვრის რჩევით, უშვილო წყვილებსაც რომ გამოეცადათ მშობლობის ბედნიერება, დათანხმდნენ. დღემდე დედაშვილური და მამაშვილური სიყვარული კი დარჩათ მათი.

წერილი გელაშვილებმა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მისწერეს და შედეგიც გამოჩნდა: გელაშვილებს "კვირის პალიტრა" დაუმეგობრდა. ჩვენი საგამომცემლო სახლი ყოველთვიურად დაეხმარება ამ ღვთისმოსავ ოჯახს.

საბედნიეროდ, თბილისი თბილი ქალაქია... მთელი საქართველოა თბილი.

"იავნანამ" თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე ის გააკეთა, რასაც ყველაზე მეტად უნდა ვაფასებდეთ - ადამიანებს სიკეთის გამოვლენის საშუალება მისცა.

თავიდან იავნანელებმაც ის იცოდნენ, რაც დანარჩენმა საზოგადოებამ იცის. ეგონათ, ბავშვთა სახლებში უდედმამოები ცხოვრობდნენ. ჰქონდათ პროექტი - უცხოეთში უნდა გაეგზავნათ ბავშვები დასასვენებლად. გადაწყდა, უდედმამო ბავშვები შეერჩიათ. აღმოჩნდა, საქართველოში მხოლოდ თითო-ოროლა უდედმამო ბავშვი იყო. საბავშვო სახლებში მცხოვრები 5200 ბავშვიდან ობოლი მხოლოდ 156 იყო. ძალიან ბევრ ბავშვს დედაც ჰყავდა, მამაც და ბებიაც, მაგრამ საბავშვო სახლში ცხოვრობდა, რადგან ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ჰყავდა.

სწორედ მაშინ გაიგეს ბევრი სულისშემძვრელი ამბავი:

დედამ ერთ-ერთი პატარა ბავშვთა სახლს ჩააბარა, რომ შიმშილისგან არ მოჰკვდომოდა. ეს ბავშვი საჭმელს არ ჭამდა, დედას უნახავდა, რომელიც დღედაღამ ბავშვთა სახლის ჭიშკართან იდგა.

"იავნანამ" თანადგომა გადაწყვიტა. დაიწყო ამ ბავშვების გამოყვანა და ოჯახებისთვის დაბრუნება.

საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეო ჯორბენაძე იმ დღეს იხსენებს, როცა ეს ამბავი ტელევიზიით მოჰყვა. ისიც დასძინა, ასეთი დედის დახმარება მეგობრებს შეეძლოთ.

- მეორე დღესვე დამირეკეს და  მკითხეს, როგორ გავერთიანდეთ სამეგობროშიო და მივხვდი, ეს იყო იდეა პროექტისა. მას მერე დაიწყო სამეგობროების შექმნა.

დღეს უკვე 46 სამეგობრო გვყავს. მასში გაერთიანებული არიან როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. თითო ოჯახი ჰყავს თითო სამეგობროს აყვანილი, უხსნიან საბანკო ანგარიშს, მეურვეობენ... ზოგი ისე მეგობრობს, რომ ყველა ხელმოკლე ოჯახის ხშირი სტუმარია, ზოგი ვინაობას არც ამხელს. ის 5 ლარი, რომელიც სამეგობროს წევრებმა ხელფასიდან ყოველთვიურად უნდა გაიღონ,  ვიღაცისათვის არაფერია, ვიღაცისათვის სასიცოცხლო ძალას იძენს. ერთადერთი პირობა, დახმარება ერთი წელი არ უნდა შეწყდეს.

- ერთ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვიდა თანამშრომელი, - კიდევ ერთ სულისშემძვრელ ამბავს მიამბობს თეო, - არ უნდოდა გამოჩენა, ისე მოჰქონდა შემოწირულობა და ეხმარებოდა უპოვართ. ისე მოხდა, ეს ბიჭი აგვისტოს ომში დაიღუპა და დღეს ჩვენ  ვეხმარებით მის სამ დაობლებულ ბავშვს. ეს იყო გია რომელაშვილი. აქცია კი, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მიეძღვნება. ამ დღისთვის საქართველოში ჩამოდის სამი დიდი საოპერო მომღერალი.

P.S. "იავნანადან" გამოსულს ისევ გელაშვილების ოჯახი დამიდგა თვალწინ.

დიდი ბედნიერებაა, სამეგობროს წევრი თუ გახდი. თუ შენი შეწირულობით ბავშვები ნოყიერ სადილს მიირთმევენ და სკოლაშიც წიგნებით სავსე ჩანთებით ივლიან; წვიმა ლოგინზე თუ არ დაედინებათ; არც მშივრებს დაეძინებათ დღის ბოლოს მოტანილი პროდუქტის მომზადების მოლოდინში.