"მინდა ვიცოცხლო, რომ ჩემი პატარა შვილი მე გავზარდო" - კვირის პალიტრა

"მინდა ვიცოცხლო, რომ ჩემი პატარა შვილი მე გავზარდო"

ორი წლის წინ "კვირის პალიტრას" დახმარება სთხოვა სოხუმიდან დევნილმა მერაბ ლომიძემ. იქნებ გაზეთის ფურცლებიდან ხელისუფლებას და პრეზიდენტს მიმაწვდენინოთ ხმაო. მის ვაჟს უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება ჰიპოპლასტიკური ანემია დაემართა, რომელიც საქართველოში არ იკურნება, უცხოეთში მკურნალობა კი იმხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული, დევნილობაში მყოფი კი არა, ბევრი სხვაც ვერ შესწვდება. მაშინ მერაბმა 24 წლის გიორგის დასახმარებლად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ორი შვილის მამასაც მიმართა. მხოლოდ მკურნალობისთვის აუცილებელ თანხას სთხოვდა პრეზიდენტს და არა სახლ-კარს, რომელიც ერთხელ აფხაზეთში დაურჩა ოხრად, მეორედ კი, საკუთარი შრომით შეძენილი (და არა როგორც დევნილისთვის სახელმწიფოსგან მიცემული თავშესაფარი) შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლას შესწირა.

მერაბმა თხოვნა-ვედრების წერილი პრეზიდენტის კანცელარიასაც ჩააბარა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის გულს ხმა მაინც ვერ მისწვდა. იმის გამო, რომ გიორგის დაავადებას საქართველოში ვერ ამარცხებენ, ოჯახი იძულებული გახდა გერმანიაში, ან თურქეთში, სტამბოლში არსებულ გერმანულ კლინიკაში გადაეყვანათ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბიჭი. სახლ-კარის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მკურნალობის სრული კურსის გასავლელად და თურქეთში მკურნალობის პროცესი შეწყდა. ამით ოჯახის ყველა ცდა წყალში იყრება და გიორგის სიცოცხლე კვლავ უზარმაზარი რისკის ქვეშ დგას. მისი განკურნების სრული კურსი 80 ათასი ევრო ჯდება. გიორგის უცხოეთში არავინ არაფერს უკეთებს უფულოდ, რის გამოც იძულებული გახდა კლინიკიდან სასტუმროში გადასულიყო, თუმცა, უცხოელი ექიმები, გულისხმიერების გამო, კვირას, დასვენების დღესაც კი გამოვიდნენ სამუშაოდ, რათა პაციენტისთვის უმძიმესი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. გიორგი სასტუმროში ელოდებოდა ფულს, რომ კლინიკაში დაბრუნების უფლება მისცემოდა და მისი მხსნელი წამლის მიღება დაეწყო. საქართველოში მხოლოდ წამლის მცირე ნაწილის მისაღები თანხა შეაგროვეს...

ბიჭი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო, სადაც მდგომარეობა კვლავ დაუმძიმდა. ბოლო დღეებში სატელეფონო საუბრის დროს ხშირად ჩიოდა, რომ სახსრები სტკივა. განსაკუთრებით მუხლებში გრძნობს სიმძიმეს. სტატიის მოსამზადებლად რომ მოვინახულე, აღმოჩნდა, რომ თმის ცვენაც დაეწყო, ალაგ-ალაგ წვერი გასცვივდა,. მთხოვა, ფოტო არ გადამიღოო. ქართველ ექიმებს არ შეუძლიათ ახსნან, რატომ ვითარდება მოვლენები ასე, თურქეთში ან გერმანიაში წასასვლელად კი ფულია საჭირო, ფული, რომელსაც გიორგი ძლივს ნაშოვნი სამსახურიდან ვერ აგროვებს, ღამისთევით მიდის ოფისში, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და თურქეთში ჩასასვლელი და მინიმალური მკურნალობის მისაღები 5.000 დოლარი მაინც შეაგროვოს. “მინდა ვიცოცხლო, რომ ჩემი პატარა შვილი მე გავზარდო. უკვე მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებაზე ვფიქრობ, რომელიც განვითარებულ სახელმწიფოებში ძვირად ფასობს, საქართველოში კი ჩალის ფასიც არ აქვს. ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავს უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში, რომელთაც ბილეთის სიძვირის გამო ისევ მხოლოდ თვითონ უყურებს.

ერთ-ერთი მათგანისთვის გადახდილი ჰონორარიც კი კმარა იმისთვის, რომ მე გადავრჩე, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი ადამიანის გადარჩენა არაფერია იმასთან შედარებით, ვიდრე მავანი, თუნდაც ყავლგასული მომღერლის კონცერტზე ხანმოკლე ტკბობა.

როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, რომ ჩემს შვილს ისევე ჰყავდეს მფარველი უსიყვარულობით სავსე ქვეყანაში, როგორც მე მყავს მამა, რომელმაც ყველაფერი გაიღო ჩემთვის. ჩემი დაავადება რომ დადგინდა, საპარლამენტო არჩევნები იწყებოდა, მაშინ ვინ არ შეგვპირდა დახმარებას. გადაგვაგდეს. მე აღარ მივმართავ გადამგდებებს და ხმების გამყალბებლებს, ვისაც სახელმწიფოს მართვა ხალხის, საზოგადოების კეთილდღეობისთვის კი არა, საკუთარი ფუფუნებისთვის უნდა. მივმართავ ღირსეულ ქართველ საზოგადოებას, დამეხმარეთ, რომ გადავრჩე. თურქეთში ჩემთან ერთად ორი ქართველი მკურნალობდა, ფულის უქონლობის გამო მათაც შეწყვიტეს მკურნალობა. ისინი უკვე გარდაიცვალნენ. არ მინდა, მეც მოვკვდე. გაიღეთ მოწყალება ჩემი სიცოცხლისთვის. - ამბობს გიორგი, რომელიც ახლა სამადლოდ არის შეკედლებული მასავით დევნილი მეუღლის მშობლებთან წყნეთში. უსახლკაროდ დარჩენილი მერაბ ლომიძე კი მეუღლითურთ ქალიშვილის ქმრის ოჯახმა შეიფარა... მხოლოდ წამალი ღირს 20 ათასი ევრო. მისი მიღების დროს აუცილებელია პაციენტი კლინიკაში იწვეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან შესაძლოა ძალიან ძლიერი რეაქცია მისცეს წამალმა პაციენტს. ასევე ძალიან ძვირია კლინიკაში გატარებული თითოეული დღის საფასური.

მერაბ ლომიძე, გიორგის მამა: - “ორი წლის წინ მივმართე მიხეილ სააკაშვილს და კვლავაც მივმართავ, ნუ გადადებთ ამ წერილს გვერდზე, ბატონო პრეზიდენტო. დააყენეთ თქვენი თავი ცოტა ხნით ჩემს ადგილზე. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ შეეცადეთ იგრძნოთ, რას შეიძლება გრძნობდეს მამა, რომელსაც შვილი უკვდება. შეეცადეთ ცოტა ხნით ჩაიხედოთ ჩემს გულში და წაიკითხეთ ეს წერილი ბოლომდე. დაფიქრდით, რამდენი ჩემნაირი სვეგამწარებული მამა გყავთ ქვეყანაში, თუ ჯანდაცვის სისტემას ხალხის, თანაც ახალგაზრდების გადარჩენა არ შეუძლია, ვინ ხართ თქვენ, სასიკვდილოდ განწირული ერის პრეზიდენტი? რას აკეთებთ მის გადასარჩენად? აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ აქ არავინ იყო ჩვენი პატრონი, მტრის, რუსის ქვეყანაში წავედი ოჯახით. სხვა გზა არ მქონდა, ასე უნდა გადამერჩინა შვილები. მერე, როცა ვიგრძენი, რომ მათ გარუსების საფრთხე ექმნებოდათ, სასწრაფოდ სამშობლოში გამოვგზავნე. 2006 წელს, როდესაც ქვეყნის აღმშენებლობის იმედი მოგვეცით, მეც დავბრუნდი და ყველანაირი გაგებით დავიწყე შენება, პროფესიით მშენებელმა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს გიორგის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შედეგი ვერ მიიღეს. დახმარება ვთხოვე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე არც ერთ მათგანს არ აქვს იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც დაგვხმარებოდნენ. მხოლოდ თბილისის მერიამ დაუფიქრებლად გამოგვიყო 5.000 ლარი. შესაძლოა ეს ვინმესთვის ცოტა თანხაა, მაგრამ ჩემთვის ღვთის წყალობაა. ნუ გაწირავთ ჩემს შვილს. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ერთი კაცისთვის ამხელა ფული ძალიან ბევრია, მაგრამ გიორგი ხომ ჯერ მხოლოდ 26 წლის არის და ბევრის გაკეთება შეუძლია თავისი ერისთვის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დააყენეთ თავი ჩემს ადგილზე და თუ თქვენც არ შეგიძლიათ ფულადი სახსრების მოძიებაში დაგვეხმაროთ, კაცურად  მირჩიეთ რა ვქნა?”

P.S. მოწყალების მთხოვნელთა სახით მე მოვდივარ შენთან, ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე... გიორგის საბანკო ანგარიშის ნომრებია.

INTERMEDIARY:  CITIBANK N.A.

NEW-YORK,  USA SWIFT:

CITIUS33 ABA: 021000089

BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK

TBILISI, GEORGIA SWIFT: TBCBGE22

BEN’S Account:

GE08TB4827636612500047

NAME OF BENEFICIARY:

GIORGI LOMIDZE

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

სს "თიბისი" ბანკის

ავლაბრის სც #1

საბანკო კოდი – TBCBGE22

მიმღების დასახელება|:

გიორგი ლომიძე

ანგარიშსწორების ანგარიში

GE08TB4827636512500031