გულახდილად კახის აზრი - კვირის პალიტრა

გულახდილად კახის აზრი

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანთან

"ეს გამხნევების და მადლობის ტაში იყო..."

საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე. თუ როგორ წავიდა ის ნაკრებიდან, ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, "ლელოსთან" კი კალაძეს ნაკრებიდან წასვლის მერე არ უსაუბრია..

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ლელოს" კითხვებს კახა კალაძე პასუხობს...

- კალაძის ნაკრებიდან წასვლამ, თანაც ასეთი ფორმით, დიდი რეზონანსი გამოიწვია - მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, რაც ანალიზის უკეთეს საშუალებას იძლევა. ახლა როგორ ფიქრობ, ყველაფერი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო?

- მოდი, ნუ ვიდავებთ იმაზე, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არა, რამდენი ადამიანიცაა - იმდენი აზრია. მთავარია, რომ ეს ჩემთვის იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, მან მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, გულშემატკივრის პოზიცია ჩემთვის გასაგებია, რომ 33 წლის ასაკში, ნაკრების კაპიტანი, რომელიც სტაბილურად თამაშობს სერია ა-ში და ამ დროს ტოვებს ნაკრებს, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი მიზეზები ჰქონდა, ეს მიზეზები წლების მანძილზე თავს იყრიდა. ახლა არ ჩამოვთვლი, რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

- ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუ სპორტული? ანუ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო თუ უფრო ის გინდოდა, რომ ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებისთვის დაგეთმო?

- მსოფლიოში ჩემზე დიდ ფეხბურთელებს გამოუთქვამთ პროტესტი და წასულან ნაკრებიდან. ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, რაც თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ და მივედით იმ დღემდე, როდესაც გაკეთდა ეს განცხადება.

- დემეტრაძის ამბავზეც გკითხავ. თითქოს პრეტენზია გამოთქვი, ჩემ გარდა არავინ ხმას არ იღებსო, თუმცა როგორც შევიტყვეთ, არსებობს წერილობითი თხოვნა პრეზიდენტის სახელზე, რომელსაც ფეხბურთში მოსაქმე ბევრი ადამიანი აწერს ხელს...

- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, მარტო მე მოვაწერე ხელი და ჩემ გარდა არავინ იღებს ხმასო, ეს რაღაც ახალია. ან შესატყობი და გასაიდუმლოებული რა იყო, არსებობს ეგ მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომელსაც როგორც ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა, ისე სხვებმაც მოაწერეს ხელი... თუმცა ბევრმა სახელოვანმა და წარმატებულმა სპორტსმენმა აარიდა თავი და ხელი არ მოაწერა ამ წერილს.  ასევე იყო ორი ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ამავე საკითხზე პრესკონფერენციაზე, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრეს და არ მოვიდნენ. მე შეგნებულად არ ვასახელებ მათ ვინაობას და არც არავის განსჯას ვაპირებ.

- კულუარებში ამბობენ, პრეზიდენტს არაოფიციალურადაც სთხოვეს დემეტრაძის გათავისუფლება, მაგრამ კალაძის ხისტმა პოზიციამ ამ საკითხზე, პრეზიდენტს გადააფიქრებინა დემეტრაძის გათავისუფლებაო...

- და რას ამბობენ იმავე კულუარებში - ვინ სთხოვა პრეზიდენტსო? და რატომ არაოფიციალურად და რატომ ოფიციალურად არ სთხოვა ვინც იყოო? და კალაძის ხისტი პოზიცია, რაში მდგომარეობდა - დემეტრაძის საქმის ნორმალურად გამოძიებას რომ ითხოვს, იმაში? და პრეზიდენტს მოფიქრებული ჰქონდა და კალაძის პოზიციამ გადააფიქრებინაო, ხო? სხვათა შორის, თუ კულუარულ საუბრებზე ჩამოვარდა სიტყვა, მეც დამიკავშირდა თავის დროზე შსს-ს მაღალჩინოსანი და დემეს გამოშვებას დამპირდა თუ დემე აღიარებდა ქურდულ სამყაროსთან კავშირს, რაზეც დემეს მხრიდან კატეგორიული უარი მიიღეს და ვენაცვალე დემეს ადამიანობას, რომ არ აჰყვა ცდუნებას და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ის კაცი შევიდა ციხეში და კაცად დარჩა ბოლომდე. ზემოთ ნახსენები თხოვნის წერილის შემდეგ მე არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, სანამ დემეს აბსურდული განაჩენი არ გამოუტანეს და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის კრიმინალია ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ისიც, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში სვამს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა ვიღაცას.

- ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება რომ გააკეთე, მას შემდეგ თემურ ქეცბაიასთან ხომ არ გქონია საუბარი ამ თემაზე? თუ ისაუბრეთ, იქნებ ამაზეც გვითხრა ორიოდ სიტყვით...

- ქეცბა ჩემთვის მარტო მწვრთნელი არაა, ის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ვსაუბრობთ ხოლმე, ყველა დღესასწაულს ვულოცავთ ერთმანეთს.

- ნაკრების ფეხბურთელი აღარ ხარ და იქნებ ახლა გულახდილად და ზუსტად გვითხრა, რა ხდებოდა საქართველოს ნაკრებში? რა უშლიდა გუნდს ხელს უკეთესი შედეგის მიღწევაში?

- ნაკრების კაპიტანი როდესაც ვიყავი, მაშინაც გულახდილად ვსაუბრობდი ამ თემებზე. არასოდეს დამიმალავს და არ მოვრიდებივარ იმას, თუ რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთსა თუ ნაკრებში. ძალიან კარგი შეკრული გუნდია, თუმცა ბოლო წლებში მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ დაღი დაასვა, ყველა თავის მოდელს გვთავაზობდა, ძნელია ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა, ტრავმებიც ხელს გვიშლიდა, რომ მთელ რიგ მოთამაშეებს 100%-ით თუ არა, 70%-ით მაინც ეჩვენებინათ თავისი თავი. იყო კიდევ მთელი რიგი მიზეზებისა, ზოგი ცნობილია საზოგადოებისათვის, ზოგიც უცნობი. ან რა წარმატებებზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ამდენი წლების მანძილზე ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელი ბაზა არ ჰქონდა და რაც გაკეთდა, ისიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. ძალიან საინტერესოა, რა ხდება პრეზიდენტის მიერ საგურამოში ზარ-ზეიმით გახსნილ ბაზაზე, სადაც ეროვნულ ნაკრებს არასოდეს უვარჯიშია.

- ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე რას იტყოდი, რა არის ნეგატიური და რა არის პოზიტიური?

- სიტუაცია არის უმძიმესი, კლუბები არიან დოტაციაზე, სახელმწიფოს კი არ სურს ფეხბურთის განვითარებაში თანხები ჩადოს, რეგიონი ერთ გუნდს ვერ ინახავს. ზოგიერთ რეგიონს შეიძლება საშუალება აქვს კიდეც, მაგრამ მათ ხელმძღვანელებს სურვილი არა აქვთ. საფეხბურთო მინდვრების მდგომარეობა კატასტროფულია, რამდენიმე ქალაქში გაკეთებული სტადიონით პრობლემა არ მოგვარდება. საშინლად მძიმე სიტუაციაა ბავშვთა ფეხბურთშიც. პოზიტიურს რაც შეეხება,  გამოჩნდნენ სპეციალისტები, რომელთაც უკვე ნათქვამი აქვთ თავიანთი სიტყვა ქართულ ფეხბურთში, ავტორიტეტი, ენერგია, გამოცდილება და პასუხისმგებლობა არ აკლიათ, რაც იძლევა იმედს, რომ სწორი მიმართულება მიეცემა ქართულ ფეხბურთს.

- თუ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოვა, რა რჩევას მისცემ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის?

- ამას სჭირდება ანალიზი და ანალიზის შედეგად შესრულდება მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის ბავშვთა ფეხბურთში, არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. აუცილებლად უნდა მიხედვა და ყურადღება საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ასამაღლებელია მსაჯობის დონე, მოსამზადებელია სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრები ფეხბურთელთათვის. მთელი რიგი ღონისძიებებია ჩასატარებელი. აუცილებელია, ფეხბურთელთა ანაზღაურება გაიზარდოს და 16-18 წლის ნიჭიერი ახალგაზრდები ხელფასისათვის არასაფეხბურთო ქვეყნების კლუბებში არ მიდიოდნენ სათამაშოდ. ყველაფერ ამას უნდა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა.

- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ, რას აპირებ - პოლიტიკოსობას, თუ ისევ ფეხბურთში საქმიანობას?

- ჯერ აქტიურ სპორტში ვარ და კარიერას როდესაც დავამთავრებ, გეგმებსა და მიზნებზე შემდეგ ვისაუბროთ.

- თემურ ჩხაიძემ გვითხრა, რომ "გაგრას" დუბლების მწვრთნელობიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას დაუჭირა მხარი. "გაგრას" ვთხოვეთ კომენტარი და არ გააკეთა...

- თემურ ჩხაიძე ლანჩხუთის "გურიის" თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, თამაშობდა თბილისის "დინამოში", იყო საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების კაპიტანი და ასეთ პატივსაცემ ადამიანს როგორ მოექცნენ. ადამიანმა გამოხატა თავისი აზრი და ამისათვის დაისაჯა. ნუთუ თემურ ჩხაიძისნაირ ამაგდარ ადამიანებს თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალებაც კი არ უნდა ჰქონდეთ?!

აქვე თემას გადავუხვევ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის "ტორპედოს" ყველა გულშემატკივარს და სრულიად ქუთაისს თანაგრძნობა გამოვუცხადო ცნობილი ფეხბურთელის, მერაბ მეგრელაძის გარდაცვალების გამო. ნამდვილად დიდია მთლიანად ქართული ფეხბურთისათვის ბატონი მერაბის მიერ გაწეული ღვაწლი და ამაგი.

- ნაკრებიდან რომ წახვედი, თანაგუნდელებმა არ დაგირეკეს, რა გითხრეს კობიაშვილმა და იაშვილმა? და გუნდის იმ წამყვანმა ფეხბურთელებმა, მანამდე რომ დატოვეს ნაკრები, მაგალითად, შოთა არველაძემ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა ჯამარაულმა... როგორი იყო მათი რეაქცია?

- მადლობა ბიჭებს, ყველას, - ნაკრებიდან წასულსაც და მოქმედ ფეხბურთელებსაც, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბევრმა თავისი აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ღიად და დაუფარავად გამოხატა პრესის ფურცლებიდან.

- კალაძე თვითონ თუ აპირებს ინვესტიციების ჩადებას ქართულ ფეხბურთში?

- აუცილებლად, უბრალოდ, ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მთელ რიგ პროექტებს ვერ ვახორციელებ, მაგრამ აუცილებლად ჩავერთვები ქართული ფეხბურთის ინვესტირებაში. მე ყოველთვის გვერდით დავუდგები ქართული სპორტის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

- ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება რომ გააკეთე, ტაში დაგიკრეს - როგორ ფიქრობ, რის გამო დაგიკრეს ტაში?

- ამ თემაზე სპეკულაცია დაიწყო ერთდროულად რამდენიმე მართულმა საინფორმაციო საშუალებამ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ესენი ჩამოყალიბდნენ, ეტყობა, ტაშის დამკვრელთა ამოცნობაში, სინამდვილეში კი ვინც ტაში დამიკრა, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ეს იყო ჩემი გამხნევებისა და ნაკრებში გატარებული წლებისადმი მადლობის გამომხატველი ტაში...

დავით თავართქილაძე

გაზეთი "ლელო" #33

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)