ვისი მიწაც კვნესოდა და კვნესის - კვირის პალიტრა

ვისი მიწაც კვნესოდა და კვნესის

მწერლის "ანდერძი"

მერაბ ელიოზიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

ტკივილად გაჰყვა  ქართული ცხინვალ-ქალაქის წარუშლელი სურათები!

მერაბ ელიოზიშვილის სიტყვა შეუძლებელია, არ მოგენატროს, რადგან იშვიათად მინახავს ასეთი ხატოვანებითა და უშუალობით გადმოეცეს ვინმეს სათქმელი. დიდხანს მეჭირა ხელში მისი "ანდერძი" და ბოლოს ეს ამბავი შევარჩიე თქვენთვის მწერლის ძარღვიანი სიტყვის გასახსენებლად, თანაც ეს ნამდვილი ამბავი, თავად მწერალს რომ გადახდა თავს, დღეს განზოგადებული და სიმბოლურია ჩვენთვის. ამ პატარა ამბავში საუცხოოდ ჩანს, ვისი მიწა კვნესოდა და ისევ კვნესის:

"ჯერ ჩვენი საგვარეულო ეკლესია დაანგრიეს, ცხინვალის ხელისუფლებმა - მესანგრეთა პოლკი, რომლის კარებწინაც ეს ეკლესია იდგა, ორი კვირის მანძილზე ფოლადითა და ნაღმით კვნეტდა, თხრიდა და აფეთქებდა და ბოლოს, როგორც იქნა, დასცა, მიწასთან გაასწორა!

პირისპირ მდგარი ქვევრმრავალი, ჩვენი ბებრისციხესავით მტკიცე მარანი ეკლესიას ზედ მიაყოლეს და საგუშაგო, ქვეშმარნიანი, სამსართულიანი კოშკის ერთი კალთაც ჩამოგვინგრიეს. სამი კედელი დღესაცა დგას კარებწინ დაზვინული ღორღითა, დუღაბითა და კუთხის ქვებით!

გზა გაიყვანეს ჩვენს ვენახზე და მძიმე "საპოღი" ააგრიალეს... საშვიდნოემბრო-საპარადედ!

მერე უკვე დავიწყებას მიეცა, ვისი და რომელი!..

ვისთვის დავიწყებას მიეცა, ვისთვის კი ტკივილად დარჩა ქართული ცხინვალ-ქალაქის წარუშლელი სურათები!

თითქმის სამოციანი წლების ბოლომდე მაინც ქართული ქუხდა და ქართულის სიჭარბით მოედინებოდა ცხოვრება ქალაქში.

განსაკუთრებით ზაფხულის ნაზად გაჯერებულ ჰაერში იყო ქართული სიტყვისა და ქართული სულის სიჭარბე, მთავარ ქუჩასა და თეატრის მოედანზე: ერთი-მეორეზე უკეთესი ქართველი გოგო-ბიჭები ხშირად საშვილიშვილოდ წყვილდებოდნენ გადარჩენილი ყვავილის ნექტარით გაბრუებულ, გოლიათი ცაცხვებისა და ვერცხლისებრი ფიჭვებით შემოკავებულ თეატრის ქუჩასა და მოედანზე!..

მწერალი მერქვა; ბუდე ახალი მოწნული მქონდა ძველი, მამა-პაპური სახლის გვერდით; გასვლაც მიხაროდა და შინ დაბრუნებაც.

ერთხელ, შინმობრუნებულს, მოასფალტებული ნაეკლესიარი გულგაღადრული დამხვდა! კომუნალური საჭიროებისათვის თხრიდნენ მკლავღონიერი ოსი ნიჩბის მუშები ჩემი წინაპრების საძვალეს! გაუდიოდათ ბოხი როხროხი: "ეს ძვალი მაგ ძვალზე დიდია! არა, ეს უფრო დიდია, გოლიათისებურიაო პირდაპირ!" - ოსურ ენაზე კამათობდნენ მუშები და ამონაყარ ძვლებს ერთმანეთს უტოლებდნენ...

ფერი დავკარგე, სისხლი გამეყინა! ფორთხილით შევედი ეზოში და ის იყო, კედელს მივეყრდნე სულის მოსათქმელად, ჩემმა თაფლისკვერმა მეუღლემ - "რა მოგივიდაო"?! - სიტყვა და ცივი წყალი ერთდროულად მაფეთა, ნირზე მომიყვანა. ვუამბე! - "წადი კალათები გაიყოლე, ცოტაც პურ-მარილი, მოზიდე ამონაყარი ძვლები და ეზოში დაკრძალეო", - დამარიგა.

როგორც კი მრავალსაუკუნოვანი ჩონჩხების ჭირისუფლად დამიგულეს ოსმა მუშებმა, როხროხი შეწყვიტეს, გაიტვრინენ; ერთბაშად მიხვდნენ, ვისი მიწაც კვნესოდა, ვისეულზეც იდგნენ მხრებჩამოშვებულები, ნამდვილ სამძიმრად თავდახრილები!

რამდენიმე რუსმა ოფიცერმა შეუფერებლივ ჩაგვიარა. კიდევ რამდენიმე მიჰყვა იმ წინა რამდენიმეს, ნაწილში შეილალნენ...

მუშებს პური ვაჭამე და გაფერილი ძვლები შინ გადმოვასვენე, რამდენიმე დღეს გასტანა ამ უმძიმესმა სიამოვნებამ.

ხეივანქვეშ სამარხი გავუჭერი და ნიმბით თავშემსუბუქებულმა ძვლები ახალ საძვალეს მივაბარე.

ხარებასავით ფრთაშესხმული ვცხოვრობდი და დავდიოდი იმ ჩემს მშობლიურ ქალაქ ცხინვალში!..

ერთი მოუჭიქავი, პატარა ჯამფილა ამოვართვი მიცვალებულ წყვილს და სუფრისათვის შევინახე. თან აღარ ჩავაყოლე ახალ საძვალეში, ცხინვალის იმ ყველა სიკეთის სიმბოლოდ მიჭირავს დღესდღეობით ხელში!..

იმავე თვეებში ერთმა ჩემმა ტოლმა, ახალგაზრდა რუსმა ოფიცერმა მეწაღის ჯიხურთან ჩამომჯდარს, იმ ორი-სამი თვის წინანდელი ჭრილობა განმიახლა: რას საქმიანობდითო? - მკითხა გულმოდგინედ. ვუამბე. გადაირია! "ოი, იობ ტვოიუ, რტა-ტა-ტა-ტა, ოი, იდრიტ-ტვოიუ, ტრაა-ტა-ტა-ტა-ტა!" - არ გაჩერებულა, ტყვიამფრქვევივით დამიშინა და მომაყარა ახალგაზრდული ნიჭიერებით შემსუბუქებული საგინებელი, ადგილიდან მოიძრა და ნაწილისკენ ისე გაქუსლა, ნალები უბრწყინავდა მზეზე: - ჩვენ ცოცხლებისთვის ვერ მიგვიხედია, ბარათსაც ძლივს ვახერხებ ორ-სამ თვეშიო და ეს მოცლილი, ეს სულელი, ექვსასი-შვიდასი წლის ძვლებს ეზიდებოდაო სახლში, წინაპრის ძვლებსო... იობ ტვოიუ, ტრა-ტა-ტა-ტა! - ისე გარბოდა, მომენდომებინა, ვერც დავეწეოდი!.."

ამბავი კონკრეტულია და თან მარადიული, მართალია და თან სიმბოლოებით დახუნძლული: ასე იყო და ასე არის...

მერაბ ელიოზიშვილი მყარად იდგა ქართულ მიწაზე, რადგან ექვსასი-შვიდასი წლის წინაპრების ჭირისუფლად იდგა. მათ დანატოვარ მასპინძლადაც იდგა, უხვქვევრიანი ელიოზიშვილების მარნის ამავსებლად და იქიდან უძველესი ჯამ-ფილით საქართველოს სადიდებელი სადღეგრძელოს შემსმელად რჩებოდა. ვენახის გამშენებლად, ვაშლისა და ატმის დამყნობად, მიწის გადამბრუნებლად, ქართული, ძარღვიანი სიტყვის მთქმელად და მწერლად გვეიმედებოდა. თავად მას კი ის მიწა ეიმედებოდა, სადაც პაპის, პაპის პაპის, იმათი პაპებისა და პაპების ძვლები ეგულებოდა. ხვდებოდა, დასაცავი იყო ეს კურთხეული მიწა და იცავდა, როგორც შეეძლო. ნელ-ნელა შემოეცალნენ განცხრომას მიცემული ქართველები, რუსის ჩექმაც ნელ-ნელა უასფალტებდა ყველაფერს ირგვლივ. გული ძალიან სტკიოდა, რომ ნელ-ნელა იმ დაფერილი ძვლებივით უმწეო დარჩა საფლავთმთხრელების წინაშე. გულიანი ჭირისუფალი კი არავინ გაუჩნდა ამ ამბავს...

უკვე ორმოცი დღეა, იმ მიწად იქცა, რომელსაც ასე ეთაყვანებოდა...

რაც უნდა თქვა და როგორი კარგიც  უნდა იყოს მრავალეროვნულ ქალაქში თანასწორი ცხოვრება, იმას არაფერი შეედრება, შენს ყოფნას მიწისქვეშეთიდან შენი პაპების გოლიათური, ნაომარი, ხმალნაჭდევი დაფერილი ძველი ძვლები რომ ამართლებენ.

ახლა იქიდან გაამართლებს ჩვენს ბრძოლასა და სურვილს, რომ გადავრჩეთ: ვაზიც ვახაროთ და ღვინოც დავაყენოთ, მიწაც დავხნათ და ხორბალიც დავთესოთ... იქაც მივიდეთ - ცხინვალში, მისი ეზოს ხეივანში გადასვენებულ წინაპართა ნაშთებთან და ვეჭირისუფლოთ. მხოლოდ ეს გზაა ქართველად დარჩენის გზა.