მწერალი, რომელმაც დიკენსი "დაასამარა" - კვირის პალიტრა

მწერალი, რომელმაც დიკენსი "დაასამარა"

ამჯერად უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზრის" მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ და დარწმუნებული ვარ, ვინც გასულ ორშაბათს შეიძინა პირველი ნაწილი და უკვე კითხვაც დაიწყო, სულმოუთქმელად ელოდება მეორე ნაწილსაც.

ცხადია, წიგნს აღარ უჭირავს იმხელა ადგილი ადამიანების ცხოვრებაში, როგორც მაშინ - XIX საუკუნის ინგლისში და ამიტომ, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არაფერია იმასთან შედარებით, რომელიც იყო ხოლმე მაშინ (და არა მხოლოდ ინგლისში), როდესაც მკითხველი რომელიმე სახელგანთქმული მწერლის წინასწარ "დაანონსებულ" რომანს ელოდა: მაშინდელი ტექნიკური შესაძლებლობებით დიდი ტირაჟის ერთდროულად ჩამობეჭდვა ჭირდა (როგორც ცნობილია, მოპასანის "ლამაზი მეგობარი" 4 თვეში 37-ჯერ გამოიცა) და ამიტომ "ფანები" წიგნის მაღაზიასთან ათენებდნენ, როდესაც იცოდნენ, რომ საყვარელი მწერლის ახალი წიგნი უნდა მოეტანათ იმ დღეს, რადგან ყველას არ ეყოფოდა.

დიახ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო XIX საუკუნის ევროპაში, მათ შორის - ბრიტანეთში და არავის უკვირდა, რომ ასე ელოდნენ, მაგალითად, დიკენსის წიგნებს, მაგრამ ეს არ ეხებოდა თითქმის 40-ს მიღწეულ უილიამ თეკერეის - მისი "ამაოების ბაზარი" ინტერესით, მაგრამ საკმაოდ უნდოდ მიიღო ინგლისელმა მკითხველმა, სამაგიეროდ, ერთი კვირის შემდეგ ყველა მასზე ლაპარაკობდა!

რატომ "ემზადებოდა" თეკერეი ამდენ ხანს პოპულარობისთვის? მას მანამდეც ჰქონდა გამოქვეყნებული რომანი "ბარი ლინდონი", ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში მისი ესეები, მოთხრობები, სატირული ჩანახატები, მაგრამ ალბათ მსოფლიო ლიტერატურაში ცოტაა მწერალი, რომელსაც იმდენი ფსევდონიმი ჰქონოდეს, რამდენიც თეკერეის, - საკუთარი სახელის გარდა ყველაფერს აწერდა და თვით ლიტერატურულ წრეებშიც კი არ იცნობდნენ კარგად; ცნობილია, რომ მთელ ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟული (აქედან გამომდინარე - ყველაზე ინფორმირებული), ედინბურგში გამომავალი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი სწერდა თავის აგენტს: მახვილი კალმის პატრონი სატირიკოსი მჭირდება და ამბობენ, ვიღაც თეკერეი ყოფილა მანდ, იქნებ მოძებნო და გამიგო რამეო.

ეს "ვიღაც თეკერეი" რამდენიმე თვეში ინგლისში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მწერალი გახდა!

ჰო, რაც შეეხება ანაზღაურებას: ესეც იყო ერთ-ერთი და არცთუ მეორეხარისხოვანი მიზეზი იმისა, რომ თეკერეის "სახელგანთქმულობისთვის" არ ეცალა, მას ფული მუდმივად სჭირდებოდა და არ დაგიდევდათ, რას დაწერდა და ვისი სახელით, ოღონდ შეკვეთა ყოფილიყო.

ისე, იმასაც ამბობდნენ, ფული საკმარისი ჰქონდა, მაგრამ პირადი პრობლემების გამო სიღარიბის პათოლოგიური შიში ჰქონდა და ამიტომ არ ამბობდა უარს არც ერთ შეკვეთაზე და რედაქტორებსა და გამომცემლებთანაც მუდამ დავა-კამათი ჰქონდა ჰონორარებზეო.

შესაძლოა ასეც იყო, რადგან არანორმალური მუშაობა მან "ამაოების ბაზრის" შემდეგაც განაგრძო, როდესაც მატერიალური პრობლემების საფრთხემ ჩაიარა, გარშემომყოფებისთვის კი ის ყოველთვის გულღია და კეთილმოსურნე იყო და არასოდეს დაუწუწუნია.

მაინც რა "პირად პრობლემაზე" ლაპარაკობდნენ? როდესაც მამა გარდაეცვალა, მისი დანატოვარი ფულით თეკერეიმ გერმანიის უნივერსიტეტებიც მოიარა და პარიზში ხატვის ხელოვნებასაც ეუფლებოდა, მაგრამ ერთ "მშვენიერ" დღეს ბანკი, სადაც მთელი მისი ფული ინახებოდა, გაკოტრდა. ახალგაზრდა მომავალ მწერალს (ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, მხატვარი გამხდარიყო თუ მწერალი) მაშინ დიდად არ უდარდია ეს ამბავი, რადგან დედა და მამინაცვალი - სამეფო შეიარაღებული ძალების მაიორი, რომელთანაც თეკერეი მეგობრობდა კიდეც, ეხმარებოდნენ ფინანსურად (თუმცა, ოცნება კემბრიჯში სწავლაზე ოცნებადვე დარჩა), მაგრამ როდესაც 25 წლისამ ცოლი მოიყვანა, ეს დახმარება უკვე აღარ იყო საკმარისი.

ყველაზე ცუდი მერე მოხდა: იზაბელა შოუმ (მისმა მეუღლემ) მალევე გამოავლინა "ხასიათის უცნაურობა", მაგრამ ორი გოგონას დაბადების შემდეგ ჯანმრთელობა საბოლოოდ შეერყა - ქორწინებიდან ოთხი წელი იყო გასული, როდესაც ირლანდიისაკენ მიემგზავრებოდნენ გემით. უცებ ბავშვებისა და ქმრის თვალწინ იზაბელამ ზღვაში გადახტომა სცადა. ამის შემდეგ ქალმა მთელი სიცოცხლე ფსიქიატრიულ სამკურნალოებში გაატარა (თეკერეიმ თავიდან მომვლელი იქირავა, ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა მდგომარეობის გამოსწორებისა).

მწერლისთვის, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა მეუღლე (მათ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს), ეს უდიდესი დარტყმა იყო და ამას დამატებული პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებზე მარტოს უნდა ეზრუნა: მისი ბიოგრაფები ამბობენ, რომ მაშინ დასჩემდა ეს შიში, რომ თუ ბევრს არ იმუშავებდა, მისი მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, ბავშვები უსახსროდ დარჩებოდნენ.

სხვათა შორის, ბედშავმა იზაბელა შოუ-თეკერეიმ ავადმყოფობის მიუხედავად, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 30 წელიწადი იცოცხლა, მაგრამ ცხადია, თეკერეი მის სიცოცხლეშივე ობლებთან დარჩენილი ქვრივის მდგომარეობაში იყო.

ამ მდგომარეობის ბრალი იყო თუ თანდაყოლილი ხასიათისა, თეკერეი ყოველთვის ამბობდა, რომ მწერლობა შრომაა და არავითარი მუზის ლოდინი არ არის საჭირო: ცუდ ხასიათზე ხარ? არ გინდა მუშაობა? პირობები არა გაქვს? მაინც წერე, ხატე ან მუსიკა შექმენი! მოცარტი ეტლშიც კი წერდა მუსიკას და დუქნის მაგიდაზეცო, ამბობდა იგი და თვითონაც სულ მუშაობდა. შედეგად ლიტერატურამ მისი თხზულებების 27 ტომი მიიღო, თუმცა ყველაზე პოპულარული ყოველთვის "ამაოების ბაზარი" იყო.

ისევ ამ რომანს მივუბრუნდეთ: საფიქრებელია, რომ თეკერეიმ, როდესაც სათაურს არჩევდა "ბაზრის კონიუნქტურას" გაუწია ანგარიში (როგორც ვთქვით, "ფული სჭირდებოდა"), ასე ვთქვათ, ცოტა "იეშმაკა", რადგან იმ ხანებში ინგლისში ძალიან პოპულარული იყო ჯონ ბენიანის წიგნი "მომლოცველის გზა", სადაც ერთ თავს სწორედ ასე ეწოდება: "ამაოების ბაზარი" (თუ "პატივმოყვარეობის ბაზარი") და იქ მართლა ასეთი ბაზარია აღწერილი: "აქ ყველაფერი იყიდება... ქმრები, ცოლები, შვილები... სინდისი, მეგობრობა, კდემამოსილება... ნებისმიერი საქონელი".

კონიუნქტურა რომ ვახსენეთ, ის ვიგულისხმეთ, რომ ბენიანის წიგნი იმდენად პოპულარული იყო, მკითხველი სათაურების ამ "დამთხვევის" გამო მაინც იყიდდა თეკერეის წიგნს, მერე კი მწერალს "საკუთარი თავის იმედი ჰქონდა" და ამ იმედმა არ უმტყუნა.

დასასრულ კი დოსტოევსკის ერთი წერილის ფრაგმენტს მოვიყვანთ: "ერთხელ, 1850 წელს, კრაევსკისთან შევიარე და ვუთხარი, იქნებ დიკენსმა რამე დაწეროს, საახალწლოდ ვთარგმნიდი-მეთქი. კრაევსკიმ მიპასუხა: ვინ? დიკენსი? დიკენსი მოკლეს! დიკენსს აღარავინ კითხულობს, ახლა თეკერეი გამოგვეცხადა, - მან დიკენსი დაასამარა!".