ქართული გამყინვარება?! - კვირის პალიტრა

ქართული გამყინვარება?!

ევროპაში ძლიერმა ყინვებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ ევროპას სუსხიან ამინდებს კიდევ კარგა ხანს უწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ტემპერატურა ზოგან  - 35 გრადუსამდეც დაეცეს.

ხალხი შეაშფოთა მტკვრისა და თბილისის ზღვის გაყინვამ, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბოლო ოთხი ათასწლეულის განმავლობაში დედამიწამ გამყინვარების, სულ მცირე, 6 ათეული სტადია გაიარა, რასაც არც კაცობრიობის გაწყვეტა მოჰყოლია და არც სამყარო დაქცეულა. ბუნებრივი კატაკლიზმები კანონზომიერი მოვლენაა და სამყაროს დაქცევის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ამ კატაკლიზმების დაჩქარებაში.

თამაზ ჭელიძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე : - მსოფლიოში მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ გამყინვარებას ხელს უწყობს გლობალური დათბობა, რომლის გამოც კლიმატი ცვალებადი და ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება; იმატებს ნალექების რაოდენობა, ხშირია ძლიერი წვიმები, შტორმები და ა.შ. ათობით ათასი წლის წინ, ე.წ. გამყინვარების პერიოდში, ევროპა მყინვარებით დაიფარა. ბოლო 4500 წლის განმავლობაში დედამიწაზე ასეთი გამყინვარება 65-ჯერ მოხდა. საქართველოს ეს პროცესი 1000 წლის წინაც შეეხო, როცა მყინვარწვერი ჯერ კიდევ არ იყო დაფარული თოვლით და ყინულით, მის კალთებზე კი ადამიანები ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს 4100 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერის კალთებზე ახლახან აღმოჩენილი უძველესი მონასტერი, სადაც ფუტკარი ჰყავდათ და მიწას ამუშავებდნენ. მყინვარწვერი ჩამქრალი ვულკანია. იგი დაახლოებით 10000 წლისაა. მოკლედ, ძველი მყინვარების დნობა და ახლების წარმოქმნა ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია და არა - კატასტროფა.

- კლიმატის ცვლილებას რა იწვევს?

- მიზეზი უამრავია, მათ შორის კოსმოსური, ე.წ. მელანოკოვიჩის ციკლი, დედამიწის ორბიტის თავისებურებები, რომელთა დროსაც მზის ენერგია ხან ნაკლებად მოდის, ხან - მეტად. თანაც ეს ხანგრძლივი პერიოდებია.

- შეიძლებოდა თუ არა კლიმატის ცვლილება გამოეწვია ბოლო დროს მომხდარი ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამის შედეგად დედამიწის ღერძიდან გადახრას?

- არც ღერძის გადახრის ან მისი ბრუნვის აჩქარების გამო გვმართებს აღელვება, რადგან დედამიწა ისედაც გადახრილია 23 გრადუსით. ასე რომ არ იყოს, სეზონური ცვლილებები არ იქნებოდა. ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დედამიწა ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა და 1,26 მიკროწამით აჩქარდა. გადახრის მასშტაბიც და აჩქარების სიდიდეც ძალიან მცირე მაჩვენებელია იმისათვის, რომ ბუნებაში არსებითი ცვლილებები გამოიწვიოს. დახრა, ძირითადად, სეზონურობის ცვლილებას განაპირობებს და გავლენას ახდენს კლიმატზე. მეცნიერები ბოლო წლებში მომხდარი  გლობალური ცვლილებების უმთავრეს მიზეზად სითბური გაზების მომატებას მიიჩნევენ. ძალიან დიდი გამონაბოლქვის, ე.წ. C2-ის სითბური გაზის გამოყოფის გამო კლიმატი სწრაფად იცვლება, რასაც თან სდევს ტემპერატურის უფრო სწრაფი ცვლილება, ვიდრე ეს იყო ასეული წლების განმავლობაში.

ახლა მთავარია, დადგინდეს, კლიმატის ცვლილების მიზეზი მართლაც C2-ის გამოყოფაა, თუ გლობალური დათბობა, რაც ყოველთვის წინ უსწრებდა გამყინვარებას.

- ახლა დათბობა ყველაზე მეტად სად შეიმჩნევა?

- პოლუსებზე, არქტიკასა და ანტარქტიდაში ყინულის საფარი მცირდება. ყინულის მთები დნება. მეცნიერებას შეუძლია მათემატიკური გამოთვლების შედეგად მიიღოს მოდელი, როდის რა ტემპერატურა იყო დედამიწაზე. ამ მოდელების მიხედვით, საქართველოში 1000 წლის წინ, სანამ მყინვარწვერი მყინვარი გახდებოდა, იმაზე უფრო თბილი ტემპერატურა ყოფილა, ვიდრე დღეს არის.

- ევროპაზე რას გვეტყვით?

- ასეთი სიცივე, როგორიც დღეს არის ევროპაში, იშვიათია, მაგრამ არა -  უჩვეულო.

სვეტლანა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის სამმართველოს უფროსი: - თბილისში უჩვეულო არაფერი ხდება. მერე რა, რომ ზღვა და მტკვარი გაიყინა? ეს ადრეც მომხდარა. განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება. ზამთარში უნალექობაა ანომალია, ახლანდელი ნალექის რაოდენობა კი ნორმალურია და არც ყინვები უახლოვდება რეკორდულ მაჩვენებელს. 1972 წელს 58 დღე იყო გაყინული თბილისის ზღვა; მტკვარი რამდენიმე ადგილას იყო გაყინული და 40 სანტიმეტრი სისქის ყინულით იყო დაფარული. ამჯერად მტკვრის და ზღვის გაყინვის დროს ტემპერატურა -9 გრადუსი იყო.

1892 წელს, იანვარში, თბილისში -23 გრადუსი ყოფილა. განსაკუთრებული ყინვა ახსოვს გორსაც, მცხეთასაც. ამჟამად გორში მინიმალური ტემპერატურა -18 გრადუსი იყო, თუმცა გვახსოვს -26 გრადუსიც.

- ასეთი ამინდი რამდენ ხანს გასტანს?

- 17 თებერვლის შემდეგ თანდათან დათბება და ნელ-ნელა გაზაფხულამდე მივალთ.

პ.ს. მხოლოდ თბილისსა და ევროპაში კი არა,  აფრიკაშიც კი მოთოვა. მეცნიერული კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ამინდის ჭირვეულობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა ბუნებრივ პროცესებზეც - იქნება წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი. კაცობრიობასაც კიდევ არაერთხელ მოუწევს იმის გადატანა, რასაც ჩვენი წინაპრები, შესაძლოა, უფრო რთულად, ან იქნებ იოლადაც უმკლავდებოდნენ, რადგან ისინი უკეთ იცნობდნენ ბუნებას, მისი ენა ესმოდათ და იცოდნენ, რა როგორ აეცილებინათ თავიდან. სხვა თუ არაფერი, წინათ ჭალებში არ სახლდებოდნენ, რადგან ჭალა მდინარის საბრძანებელია, ახლა საქართველოს ჭალებში უამრავი მოსახლე ცხოვრობს, რომლებიც ხშირად ხდებიან წყალდიდობის მსხვერპლნი.

დიდ ბრიტანეთს გამყინვარება ელის?

ამბობენ, რომ თუ გოლფსტრიმი მოკვდა, გამყინვარება დაიწყება. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ თბილი დინება უკვე აღარ არსებობს. ჩრდილოეთ ატლანტიკის დინებების მთელი სისტემა პლანეტის სითბური რეგულირების საკვანძო ელემენტია. ეს დინება მთელ მსოფლიოს ახალი გამყინვარებისგან იცავდა. ამჟამად რიგ ადგილებში ცირკულაციის სისტემა მკვდარია.

გოლფსტრიმი - "მდინარე" თბილი წყლით, რომელიც ატლანტის ოკეანის გავლით მურმანსკამდე აღწევდა და ევროპას ათბობდა, ევროპას პოლარული ქარისგანაც იცავს. გოლფსტრიმის თბილი დინების გაქრობა დიდი ბრიტანეთის გამყინვარებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ისლანდიაზე ერთი სარტყლით დაბლაა, უკვე შემჩნეულია, რომ ირლანდიის საშუალო ტემპერატურა ისლანდიის ტემპერატურას მიუახლოვდა, ანუ, გლობალური დათბობა მხოლოდ დათბობას არ ნიშნავს. იტალიელმა ფიზიკოსებმა ექსპერიმენტის დროს ცივი წყლით სავსე აბაზანა გამოიყენეს და წყლის თბილ ხაზებს შეფერილობა მისცეს. შესაძლებელი იყო თბილი და ცივი წყლის ფენების გარჩევა. როცა აბაზანაში ზეთი დაამატეს, ცივ და თბილ ფენებს შორის ზღვარი წაიშალა და დინების სათავეც მოიშალა.

იგივე ხდება გოლფსტრიმის დინებასთან დაკავშირებით მექსიკის ყურესა და ატლანტის ოკეანეში. მდინარე "თბილი წყლით", რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებიდან მოდის, დასავლეთ ევროპამდე ვერ აღწევს. ის კვდება კორექსიტის გამო. Corexit - გამხსნელი, ძირითადად ნავთობის ლაქის გამხსნელად გამოიყენება. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენების უფლება ობამას ადმინისტრაციამ BP-ს მისცა...

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ნავთობის მოხმარების ზრდა სერიოზულ გავლენას მოახდენს პლანეტის თერმორეგულაციის სისტემაზე.

შესაძლოა, ტემპერატურამ 5 გრადუსით მოიმატოს

მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა გაზარდა. შედეგად, დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი. გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ამისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ ჩეხენ ტყეებს, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს...

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის ნიქოლას სტერნის გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე განაცხადა: "გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიას უტოლდება."

700-გვერდიანი გამოკვლევის თანახმად, ჰაერის ტემპერატურამ 21-ე საუკუნეში, შესაძლოა, 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობებს გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს.