"დაზარალებულები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ" - კვირის პალიტრა

"დაზარალებულები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ"

ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი აფერა?…

"ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დაგვცინის, გვეუბნებიან, თქვენი თვითმიზანი აქციების მოწყობაა და სხვა არაფერიო. გიგი უგულავასთან გვინდოდა შეხვედრა, მან კი არ მიგვიღო, თქვენსა და კერძო ინვესტორს შორის ურთიერთობაში ვერ ჩავერევიო. მაშინ ნუღარ გამართავს სამარცხვინო, ყალბ პიარაქციებს, ნუ დადგება "ცენტრ პოინტის" ვითომ აშენებულ კორპუსთან, რომელსაც მხოლოდ ფასადი აქვს შეღებილი და გასაღებს ნურავის გადასცემს. ეს ხომ ბლეფია! დიახ, ვაცხადებ, - ზოგიერთ დაუსრულებელ შენობას გაჭირვებულმა მოქალაქემ თუ შეაფარა თავი, ეს არ ნიშნავს "ცენტრ პოინტის" კლიენტისთვის ბინის იურიდიულად გადაცემას", - ამბობს დაზარალებული ია ღონღაძე. რა შეღავათებით სარგებლობს სახელისუფლებო ბიზნესი საქართველოში,  როგორ აპირებენ მოტყუებული მოქალაქეები თავიანთი უფლებების დაცვას და რა დეტალები  იკვეთება "ცენტრ პოინტისგან" მოტყუებული მოქალაქეების საქმეში, სწორედ ამის გარკვევას შევეცადეთ.

ია ღონღაძე, დაზარალებული: "გულუბრყვილო სულაც არა ვარ, მაგრამ შთამბეჭდავმა რეკლამებმა, პირადად რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის დადებითმა იმიჯმა ჩემზე გავლენა ნამდვილად მოახდინა. 6 წელი საზღვარგარეთ ვმუშაობდი, გაჭირვებით შევაგროვე ფული, ვიფიქრე, მშენებლობაში დავაბანდებ, აშენებულ ობიექტს კომერციულ ფართად გამოვიყენებ და სიბერე უზრუნველყოფილი მექნება-მეთქი. მე გეგმას ვაწყობდი, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა.

მოწინავე კომპანიის მითის მსხვრევა 2008 წლიდან დაიწყო, რაც "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებმა ყველაფერი აგვისტოს ომს, ფორსმაჟორულ ვითარებას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და სამშენებლო  მასალებზე ფასების მატებას დააბრალეს. არადა, მთავრობამ ფორსმაჟორული ვითარება არ აღიარა. სხვათა შორის, ჩვენ შორის  არიან მოქალაქეები, რომელთაც ბინები ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში, ე. ი. ომის დაწყებამდე უნდა ჩაჰბარებოდათ, მაგრამ საძირკველიც კი არ გაუთხრიათ. ცხადი შეიქნა, რომ "ცენტრ პოინტის" ჯგუფმა, რომელშიც დაახლოებით 30 სამშენებლო ფირმა მოიაზრებოდა, პიარის წყალობით შექმნა ფინანსური პირამიდა, რომელმაც თანდათან ჩამოშლა დაიწყო. ე. ი. მოსახლეობის ფულით მშენებლობები არ ან ვერ დაიწყეს, მერე უფრო მეტს შეატანინეს თანხები, რამაც ძველი და ახალი მშენებლობების ხარჯი ვერ დაფარა. კომპანიამ მოსახლეობის მოტყუების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი თანხა მიიზიდა და ფაქტობრივად, ჰაერის გაყიდვა დაიწყო. არაფერში გადაგვახდევინა ფული და წლების განმავლობაში  დაგვაკარგვინა სარგებელი, რაც ამ თანხის ბანკში შეტანით შეიძლებოდა მიგვეღო.

უფრო მეტიც, "ცენტრ პოინტს" სააკაძის მოედანზე  პროექტიც კი არ ჰქონდა დამტკიცებული, ისე დაიწყო  ფართობების გაყიდვა. რასაკვირველია, კომპანიის წარმომადგენლებთან პრეტენზიები გაგვიჩნდა, ისინი კი კლიენტების ფუჭი დაპირებებით დაიმედებას აგრძელებდნენ. კომპანიის წარმომადგენლები ტელეეთერშიც აცხადებდნენ, "ცენტრ პოინტის" კლიენტებთან დავალიანება - 8 მილიონს, ხოლო კლიენტებისგან ამოსაღები თანხა 30 მილიონს შეადგენსო. პირადად მეც გადანაწილებული თანხის ბოლო ნაწილი მქონდა შესატანი, როცა მითხრეს, თუ არ  შემოიტან, მშენებლობას დასრულების პერსპექტივა მოესპობაო. ამიტომ  თანხის ნაწილი ვისესხე და შევასრულე კომპანიასა და ჩემ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ ვერაფერი მივიღე. ამას ისიც დაემატა, რომ 2010 წლის 10 სექტემბერს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებმა

კომპანია "დექსუსთან" გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით "ცენტრ პოინტმა" "დექსუსი" დაიქირავა ვითომ როგორც მმართველი კომპანია და ჯგუფში შემავალი ყველა ფირმა გადასცა. ტელევიზიებმა ისევ გააპიარეს "დექსუსი", თითქოს ამ კომპანიამ 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და კლიენტების  წინაშე აღებულ ვალდებულებებსაც შეასრულებდა. არადა, "დექსუსი" "ცენტრ პოინტის" ქონების გადაბარებამდე ორი კვირით ადრე დაფუძნდა.

ფირმის დამფუძნებლები გიორგი ქანანაშვილი, ირაკლი კილაურიძე და ივანე ცაგურია არიან, ფირმის საწესდებო კაპიტალი კი მხოლოდ ას ლარს შეადგენდა. "დექსუსმა" დაზარალებულ კლიენტებს პირგასამტეხლოს გადახდის ნაცვლად, ძველი ხელშეკრულებების ანულირება და ახლის გაფორმება მოსთხოვა. დაზარალებულებს გადახდილი თანხის  18% უნდა დაემატებინათ, რაც თურმე დღგ-ის გადასახადი იყო. 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის დამატებაზეც იყო ლაპარაკი. ახალი ხელშეკრულება იმასაც ითვალისწინებდა, რომ ბინის გაჯით გალესვის ვალდებულება "დექსუსს" აღარ ეკისრებოდა, ე.ი. თეთრი კარკასის ნაცვლად შავს ჩაგვაბარებდნენ. "დექსუსს" შეეძლო მშენებარე ობიექტის ჰიპოთეკით დატვირთვაც, რასაც არავინ დასთანხმდებოდა. მახსოვს, გავიფიქრე, ამათ ხელშეკრულებას ხელი რომ მოვაწერო, არათუ გადახდილ ფულს დამაკარგვინებენ, იმ სახლსაც წამართმევენ, სადაც ახლა ვცხოვრობ-მეთქი. სხვათა შორის, იყო შემთხვევები, როცა კლიენტმა "ცენტრ პოინტს" ფული გადაუხადა რომელიღაც მიწის ფართობზე მშენებლობისთვის, მოგვიანებით კი გაარკვია, რომ ის ფართი უკვე ბანკს ჰქონდა გადაცემული. არაერთი დაზარალებულის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა, სადაც "დექსუსის" წარმომადგენლები "ცენტრ პოინტის" სახელით წარდგნენ".

ვალერი ზარდიაშვილი, დაზარალებული:  "ჩემი საქმე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მცნო და კომპანიას ზარალის ანაზღაურებაც დაავალა, მაგრამ დღემდე არაფერი მიმიღია. "ცენტრ პოინტში" ფულის შეტანა 2006 წლიდან დავიწყე, 2009 წლის დამდეგს უნდა ჩაებარებინათ უკვე დასრულებული შენობა. 2010 წელს, როცა საძირკველიც კი არ იყო გაჭრილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართე, მოვითხოვე ჩემი თანხის უკან დაბრუნება და ზარალის ანაზღაურება, რაც ძირ თანხაზე 10%-ის დამატებას გულისხმობდა. მაგრამ მოსამართლემ პროცენტების ათვლა არა 2006 წლიდან, როცა მე კომპანიაში თანხის შეტანა დავიწყე, არამედ მხოლოდ 2009 წელს შეტანილი თანხიდან დაიწყო, როცა  უკვე სრულად მქონდა შესრულებული ჩემი ვალდებულება. 2012 წლის 5 იანვარს უნდა დაწყებულიყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ხელთ სააღსრულებო ფურცელიც მქონდა და მოქმედებას შევუდექი, მაგრამ მხოლოდ 64 ათასი ლარის აღება მოვასწარი. 6 თუ 7 იანვარს ხელში მომაჩეჩეს გადაწყვეტილება აღსრულების სამი თვით გადავადების თაობაზე. ეს კანონის უხეში დარღვევაა. აღსრულების გადავადება მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება. ჩემი ზარალი კი დაახლოებით 160 ათას დოლარს შეადგენდა. ეს კიდევ არაფერი, აღსრულების უზრუნველსაყოფად "დექსუსის" დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოხსნეს. ამ ხნის განმავლობაში

"ცენტრ პოინტის" მმართველი ჯგუფი მაშანტაჟებდა, ამ ქონებას მალე გავასხვისებთ და ყველაფერს დაკარგავო.

მეტიც, კომპანიამ აღმსრულებელს მიმართა, რომ უკან დამაბრუნებინონ ის 64 ათასი ლარიც, რომლის აღებაც მოვასწარი. იმედი დამეკარგა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ოდესმე აღასრულებენ. ამიტომ გადავწყვიტე სტრასბურგის სასამართლოს მივმართო.

(გაგრძელება იქნება)