ძეგლად ქცეული ერთგულება - კვირის პალიტრა

ძეგლად ქცეული ერთგულება

ნუ გავწირავთ ქართულ ნაგაზს!

25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება. მეტიც, მათ შესახებ კინოლოგებმა თითქმის არაფერი იციან. ამიტომ კვლავ აქტუალურია კავკასიური და ქართული ნაგაზების გადაგვარების საფრთხე. როგორც კინოლოგები ამბობენ, თანდათან  ძნელდება დასაწყვილებლად კარგი ეგზემპლარების შერჩევა. ძაღლების პატრონები თვითნებურად ამრავლებენ ნაგაზებს, რომელთა ხარისხს არა საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმები, არამედ ის განაპირობებს, თუ რომელი ხვადი ან ძუ როგორ ჩხუბობს.

გამოფენები არა მხოლოდ სანახაობრივად არის საინტერესო, არამედ წარმოდგენას ქმნის საქართველოს, როგორც კინოლოგიური ტრადიციების მქონე ქვეყნის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ჯერაც ვერ დაურეგისტრირებია ქართული მთის ძაღლი - ნაგაზი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ჯიში. კავკასიურად წოდებული ნაგაზი კი ჩვენი გულგრილობის გამო კარგა ხანია დავკარგეთ, - რუსებმა მიითვისეს.

კლუბ "ბომბორას" მოწვევით გამოფენისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა ცნობილი რუსი ექსპერტი ვასილ მარკოვი, რომელსაც კავკასიური ნაგაზების სანაშენე აქვს რუსეთში. მას 80 ძაღლი ჰყავს და ერთ-ერთი მიუკერძოებელი ექსპერტია. რუსეთიდან ასევე ჩამოდის რამდენიმე კინოლოგიური ჟურნალის წარმომადგენელი, ჟურნალისტი სვეტლანა კაზაკოვა.

გია გიორგაძე, კლუბ "ბომბორასა" და საქართველოს კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის  პრეზიდენტი: - სვეტლანა კაზაკოვა რუსებს მოუთხრობს, თუ რა მდგომარეობაშია კავკასიური ნაგაზი თავის სამშობლოში. არასახარბიელო სიტუაციის დაფიქსირება ასეთივე გავლენას მოახდენს ჩვენი ძაღლის ჩვენად დაბრუნებისთვის სამომავლო ბრძოლაში. ამ ეტაპზე რუსები ასევე ცდილობენ მიითვისონ ჩვენი მთის ძაღლიც.

არასახარბიელოა, რომ ხალხს გამოფენაზე მოსვლა ეზარება. “წყნეთში ვცხოვრობ, წვიმს, თოვს, ამხელა გზას რა გამოივლისო...” აი, ასე წუწუნებენ ქართველები. მოსკოვში კი საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ცოლ-ქმარმა ერთი კვირა მოანდომა სამიათასი კილომეტრის გამოვლას, ძაღლი გამოფენაზე რომ გამოეყვანათ. თბილისში კი, ვისაც არ ეზარება, გამოფენაზეც იმას მოჰყავს ძაღლი და ამიტომაც ერთი და იგივე ძაღლები იმარჯვებენ გამოფენაზე. ერთი ცუდი ტენდენციაც შეინიშნება, - თუ ძაღლმა საუკეთესო შეფასება არ მიიღო, მიაჩნიათ, რომ კონკურსი“ჩაწყობილია და დაიჩაგრნენ. ძაღლი კი მაშინ იჩაგრება, როდესაც პატრონი გამოფენისთვის არ ამზადებს, არ ცდილობს მის განვითარებას, რათა სამომავლოდ უკეთესი შედეგი მიიღოს.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მეცამეტე გამოფენას ვატარებთ. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ საქმეს არ ვღალატობთ.

მსოფლიოში ძაღლის ამ უძველეს ჯიშს მოვლა და განვითარება სჭირდება, რათა არ გადაშენდეს. რუსეთში კავკასიურ ნაგაზს განსაკუთრებულად უვლიან, ამიტომაც ამ ჯიშის ლეკვს უზარმაზარი ფასი ადევს. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ამაყობენ კავკასიური ნაგაზით და ქართული მთის ძაღლით, ზრუნვა ყველას ეზარება. ამიტომაც ზოგჯერ ვფიქრობ, რუსეთს რომ არ დაერეგისტრირებინა ეს ჯიში, შესაძლოა საერთოდაც გადაშენებულიყო, ჩვენ ხომ გულგრილობით ბევრი რამ დავკარგეთ და ვკარგავთ. ჩვენი გულარხეინობის ბრალია, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო ძაღლს რუსული ჰქვია, ჩვენი ბრალია, რომ დავკარგეთ საუკეთესო ქართული ჯიში ჩაქირა. ჩაქირას თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარებიღა დაგვრჩა. ნაგაზი ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა, ის მესაზღვრეა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას იცავს. თუშეთში, გომეწარში, სადაც ფიზიკური საზღვარი არ არსებობს, ეს ძაღლები იცავენ ქართულ მიწას. მეცხვარესა და ცხვარს იმ ურთულეს პირობებში ძაღლი აძლებინებს.

P.S. კინოლოგთა ფედერაციის ოფისში კავკასიური ნაგაზის მინიატიურულ ქანდაკებას წავაწყდი. თემურ ხინჩიგაშვილის ნამუშევარი ჯერ დაუმთავრებელია და ამიტომაც მისი გადაღების უფლება არ მომცეს. დანახვისთანავე შევყვირე, ეს რა არის, ძეგლი უნდა დადგათ-მეთქი? მასპინძლებს გაეცინათ, ნეტავ  ეგრე იქნებოდესო. რატომ, ნეტავ? ნუთუ ველოსიპედი ან კვერცხებიანი "შლოპანცები" უფრო მიმზიდველია ტურისტისთვის, ვიდრე ჩვენი ბომბორა ნაგაზი, რომლის თავდადებასა და ღირსებას უამრავი თქმულება და ლეგენდა აღწერს. გია გიორგაძემაც მიამბო, 15 წლის წინ რომ ჩაუწერია მეცხვარეებისგან: კახეთში, მთიან ფერდობზე,  ცოლ-ქმარი მიწას ამუშავებდა, იქვე პატარაც ჰყოლიათ, რომელსაც კავკასიური ნაგაზი დარაჯობდა. უცებ ბავშვი  ფერდობზე დაგორებულა, ძაღლი გაჰკიდებია, მაისურით დაუთრევია, მაგრამ  სიმძიმეს გაუფხრეწია ქსოვილი... პატარა ისევ დაგორებულა, მაშინ ნაგაზი გადამხტარა, წინ დახვედრია ბავშვს, თათები შეუტყუპებია, თავი ზედ დაუდვია და ტანი ისე აუზიდავს, რომ ბავშვი თავზე აგორებოდა და სხეულით შეეკავებინა. რომ შესძლებოდათ, ის ცოლ-ქმარი ძეგლს დაუდგამდნენ იმ ძაღლსო. ნაგაზის თავგანწირვის და ერთგულების მაგალითებს ერთი საგაზეთო სტატია არ ეყოფა.  ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ამ საქმეში მაინც გამოიჩენს თავს რომელიმე ოფიციალური ან კერძო პირი და ნაგაზის ძეგლიც დაიდგმება და გამოფენებზე გამარჯვებულებსაც პრიზად ბობმორა მეგობრების მინიატიურული სტატუეტები გადაეცემათ. მანამდე კი ეროვნულ სიმდიდრეს ჩვენს გულებში უნდა დავუდგათ ძეგლი.

აკიტა ჰატიკო

ტოკიოსთან ახლოს, სადგურ შაბუიაზე, დგას აკიტას ძეგლი. მას ჰატიკო ერქვა. ამ სევდიან ამბავს ჰოლივუდმა ფილმი უძღვნა. ჰატიკო 1923 წელს დაიბადა. მისი პატრონი, მეცნიერი უენო, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ძაღლი ყოველ დილით აცილებდა პატრონს სამსახურში, საღამოს კი იმავე ადგილზე ხვდებოდა. ერთ დღესაც პროფესორი უნივერსიტეტში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მას შემდეგ ჰატიკო 10 წლის განმავლობაში ჩვეულ ადგილას იდგა და პატრონს ელოდებოდა. ჰატიკომ იქვე დალია სული.

მალამუტი ბოლტო

ალასკაზე მალამუტებს და ჰასკებს თაყვანს სცემენ. ამ ძაღლებმა ყინულოვან მხარეში ადამიანები სიკვდილისგან იხსნა. ცნობილია ლეგენდა მალამუტ ბოლტოს შესახებ, რომელსაც ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკში უდგას ძეგლი. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ყინულოვან ოლქში დიფტერია მძვინვარებდა. გოგონა სასიკვდილოდ იყო განწირული, აფთიაქამდე კი ასობით კილომეტრი უნდა გაევლოთ. გოგონას მამამ მალამუტები და ჰასკები მარხილში შეაბა და შვილის გადასარჩენად გასწია. წამალი აიღო, მაგრამ უკან გამობრუნებულს უბედურება შეემთხვა, ძაღლები თოვლში ჩაეფლნენ, თვითონაც დაშავდა. კაცმა წამალი საგულდაგულოდ შეფუთა, ბოლტოს ყელზე შეაბა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყო. ბოლტომ ასი კილომეტრი ირბინა და წამალი დროულად ჩაიტანა, გოგონა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქანცგაწყვეტილს თათები დასისხლიანებული ჰქონდა, ხალხს ყეფით ეხვეწებოდა, რომ გაჰყოლოდნენ. ძაღლმა მაშველი პატრონის და დაშავებული ძაღლების გადასარჩენად ზუსტ ადგილზე მიიყვანა. მის შესახებ გადაღებულია ფილმები და მულტფილმები.

სენბერნარი ბარი

სენბერნარ ბარის პარიზში ძეგლი დაუდგეს, მან  40 ადამიანი გადაარჩინა გაყინვას. ძეგლს აწერია: უშველა 40 ადამიანს, 41-მ მოკლა. გადმოცემების თანახმად ბარიმ ნაპოლეონის ჯარისკაცები იხსნა სიკვდილისგან. როდესაც ჯარი ალპების გავლით სამშობლოში ბრუნდებოდა, მათი ნაწილი თოვლში ჩაიმარხა. განწირულებს მაშველად ბარი მოევლინა. ევროპაში ბარის შესახებ ასევე გავრცელებულია ლეგენდა, რომლის თანახმად ძაღლი დაკარგული ბავშვის საძიებლად გაგზავნეს, მან პატარა იპოვა და მშობლებს დაუბრუნა. ძეგლზეც ბარი სწორედ ბავშვთან ერთად არის.