ხელნაწერები არ იწვიან - კვირის პალიტრა

ხელნაწერები არ იწვიან

"შემოდიოდა სიკვდილი ცელით"

ხშირად გაიგონებთ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო, - რეჟისორებმა სპექტაკლები დადგან და ფილმები გადაიღონ, მხატვრებმა ხატონ, მუსიკოსებმა მუსიკა შექმნან, ექიმებმა უმკურნალონ, მასწავლებლებმა ასწავლონო. ცხადია, სრული სიმართლეა, ოღონდ ერთი ნიუანსის გათვალისწინებით, - ამქვეყნად ვერაფერს გააკეთებ, თუკი გონიერი არ იქნები და კეთილსინდისიერება არ გაიძულებს, დარჩე იქ, სადაც სიმართლეა.

რაკი ამ წერილში თეატრში დატრიალებულ ამბებზე უნდა ვილაპარაკოთ, აკაკის დავიმოწმებთ: "აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა... მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილს ხალხს ცხოვლად და ნათლად გადასცემს. ერთსა და იმავე დროს აქტიორს ან აქტრისას შეუძლიან ამოდენა ხალხს აგრძნობინოს ისე, როგორც თვითონა გრძნობს; თვალი აუხილოს და დაანახვოს: რა არის ცუდი და რა არის კარგი; რა არის საგულისხმო ან საქები და სასიამოვნო. ერთი სიტყვით, დააფიქროს, აგრძნობინოს და აამოქმედოს".

ცხადია, იგივე ითქმის რეჟისორზეც. ამიტომაც თეატრი მოწოდებასავით იყო და ტირანული ხელისუფლება თუ ებრძოდა რამეს, აუცილებლად ჭეშმარიტ თეატრსაც. მსხვერპლი კი იყო ის, ვინც ცდილობდა, "დაენახვებინა და თვალი აეხილა"...

25 თებერვალს რუსთაველის თეატრში გაიხსნება გამოფენა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 1921 წლით დაწყებულ და 1937 წლის რეპრესიებით დასრულებულ ამბებს, რომლებმაც ლამის წელში გადატეხეს ქართული აზრი და სურვილი, დარჩენილიყვნენ იქ, სადაც სიმართლეა.

რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარინა საღარაძე:

- 25 თებერვალი უმძიმესი დღეა, საქართველო გაასაბჭოეს და ამან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ამ ფაქტისადმი მიძღვნილი გამოფენის სახელწოდება კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიდან ავიღეთ: "შემოდიოდა სიკვდილი ცელით". რაკი ამ ლექსს  სახელად "25 თებერვალი" ერქვა, აღარ წაიკითხეს ცენზორებმა, ეგონათ, სახოტბო მიძღვნა იყო და დაბეჭდეს...

ჩვენი კულტურის დიდი წარმომადგენლები შეეწირნენ რეპრესიებს. ქარცეცხლმა რუსთაველის თეატრსაც გადაუარა, - დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, ვანიკო აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია, ივანე ლაღიძე. გადაასახლეს მსახიობები თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და სუფლიორი ნინო ღვინიაშვილი... ჩვენი მუზეუმი 1932 წელს ოფიციალურად დაარსდა, მანამდე კი ია ქანთარია 10 წელი აგროვებდა  მასალებს. მუზეუმში 1935 წელს დაწერილი მისი გულსაკლავი წერილი ინახება: "3 დეკემბერს ჩავაბარე მუზეუმი, მშვიდობით, მშობლიურო რუსთაველის თეატრო, 14 წელი ერთგულად გემსახურე".

ია ქანთარია 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს, ისევე როგორც თეატრის ოთხი თანამშრომელი...

გამოფენის გახსნას დაასრულებს მურმან ჯინორიას სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი".

ბელა ჭუმბურიძე, რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი:

- ჩვენი მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში ინახება წარმოდგენებისა და სარეპეტიციო დღიურები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თეატრის მაშინდელმა დირექტორმა აკაკი ფაღავამ. ორი წლის წინ, როცა ექსპონატებს ვალაგებდით, ოციანი წლების დღიურებს გადავხედეთ და მნიშვნელოვანი ჩანაწერები ვიპოვეთ. 1920-1921 წლის სეზონია, 15 თებერვალს გადის სპექტაკლი "სამშობლო". მტერი მომდგარია კოჯორთან... რეჟისორის ასისტენტის, იორდანიშვილის რემარკაა: "გვიან დაწყება იმან გამოიწვია, რომ ჯარისკაცნი სტატისტები, რომელნიცა იღებდნენ მონაწილეობას, პოზიციაზე გააგზავნეს და ამ საღამოსთვის ზოგ ვის ვთხოვდი, ზოგ კიდენ ვისა, გამოსულიყვნენ სცენაზედ. როგორც იყო, 8 საათზე შევაგროვე სტატისტები და დავიწყეთ წარმოდგენა. თეატრი საშინელის მოლოდინშია და სიმბოლურია, რომ თამაშობენ "სამშობლოს"!

ათ დღეში თბილისი მეთერთმეტე არმიამ აიღო. დღიურებში ჩანაწერები შეწყდა. მარტში განახლდა სპექტაკლები და პირველი ჩანაწერი ეხება სპექტაკლს "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (ეს სათაურიც, თითქოს სიმბოლურია), აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია: "სპექტაკლი გვიან იწყება, სამი მოქმედება ორ მოქმედებაში ითამაშეს, რადგან გარეთ საკომენდანტო საათია. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო, ვინც ისხდნენ, ისინიც რუსთაველის თეატრის მსახიობები გახლდნენ... სცენაზე მსახიობები უგემურად თამაშობდნენ".

ებრძოდნენ არა მარტო მათთვის მიუღებელ პირებს, არამედ ყველა დოკუმენტსა და ფოტოს, რომელიც უკავშირდებოდა ამ ადამიანებს. უნდოდათ, ადამიანთა მეხსიერებიდანაც წაეშალათ ყველაფერი.  ჩვენთან დაცულ ფოტოებზე, რეპრესირებულებს თვალები ამოკაწრული და მელნით გადათხაპნილი სახეები აქვთ. არის პროგრამები, ფოტოები, სადაც მოგლეჯილია რეჟისორ ახმეტელის გვარი. ახმეტელთან ერთად მთელი ჯგუფი დახვრიტეს. ჩვენთან ინახება ასევე სარეაბილიტაციო ბარათი, რომელიც რუსთაველის თეატრის 9 თანამშრომელს ეხება, მათგან 6 დახვრეტილი მამაკაცი და 3 გადასახლებული ქალი რეაბილიტირებულია.

გადასახლებიდან თამარ წულუკიძე და ნინა ღვინიაშვილი დაბრუნდნენ, 34 წლის ბუჟუჟა შავიშვილი კი გადასახლებაში გაიყინა.

მაშინ მუზეუმის გამგე პაპუნა წერეთელი იყო, მისი თანამშრომელი კი ესტატე ბერიაშვილი, რომელიც თეატრში კომუნისტური უჯრედის შესაქმნელად მოავლინეს. სწორედ ესტატემ გადამალა წარმოდგენისა და სარეპეტიციო დღიურები და ოცი წელი ინახავდა. მხოლოდ რეაბილიტაციის მერე დააბრუნა თეატრში. ასე გადარჩა ეს უნიკალური მასალა.

ნინა ღვინიაშვილი 20 წელი სარდაფში მალავდა ახმეტელის დიდ ფოტოს, რომელიც ნათელა არველაძემ გადმოსცა მუზეუმს. ნინა ღვინიაშვილი საოცრად უდრეკი ქალი იყო. სხვათა შორის, დედაც გადასახლებული ჰყავდა.  ნინა ღვინიაშვილზე ძალიან საინტერესოდ წერს ილია გინსბურგი:  "თავისი წინდები ნინა ღვინიაშვილმა მომცა. რუსთაველის თეატრის თანამშრომელმა.

- აიღე, აიღე, მე ორი წყვილი მაქვს, შენ კი სულ ფეხშიშველი ხარ, - მეუბნებოდა ნინა და უყურებდა ჩემს ერთადერთ წინდას, თევზის ფხით ფერადი ძაფით რამდენჯერმე დაკემსილს,  - აიღე, რისი გრცხვენია? უცხოსაგან კი არ იღებ.

ცხადია, უცხო არ იყო! ვინ თქვა, რომ სიცოცხლეში პირველად ვიხილე ეს დიდი თვალები?

- გმადლობთ, ნინოჩკა!"

როცა ხის ჭრისას მარჯვენა თვალი დაკარგა, საავადმყოფოში მიაკითხეს მეგობრებმა და შაქარი მიუტანეს. ნინას უთქვამს: ნუ იტანჯებით, გოგოებო, ასეთ ცხოვრებას ერთი თვალით რომ უყურო, სრულიად საკმარისიაო.

P. S. სანდრო ახმეტელის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ბუკლეტზე რობერტ სტურუას წაუწერია: "ხელნაწერები არ იწვიან"... მე ეს არ მჯერა. სამყაროში, სადაც მართალ სიტყვას გააფთრებით დევნიან და ანადგურებენ, ამ ცნობილ აფორიზმს პოეტურ, ლამაზ სიცრუედ მივიჩნევ.

დრო ულმობელია და, ალბათ, განსაკუთრებით დაუნდობელია თეატრის მიმართ. უდიდესმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა ქართული სული დაამკვიდრა სცენაზე, მსოფლიოს დაანახა ჩვენი ეროვნული თეატრის უნიკალურობა. და რა დარჩა მისგან? მისი სპექტაკლებიდან? მაკეტები, ესკიზები, რამდენიმე ფოტოსურათი, სარეპეტიციო ჩანაწერები... ან სად გაქრა რეჟისორი სანდრო ახმეტელი? სად არის მისი საფლავი? იმ საშინელ წლებში აქრობდნენ ადამიანს და აქრობდნენ ყველაფერს, რაც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას უკავშირდებოდა. საოცარია, ჩვენ ვიცით, ვინ გაანადგურა ქართველი ერის საუკეთესო შვილები და არ ვიცით იმ ადამიანებისა, ვინც გადაგვირჩინა ესოდენ ძვირფასი საგანძური.

მოვიდა ბრძანება, გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც კი სანდრო ახმეტელის სახელს უკავშირდებოდა. რუსთაველის თეატრის მუზეუმის თანამშრომელმა ესტატე ბერიაშვილმა შეკრიბა ძველი გაზეთები, ჟურნალები და თეატრის ეზოში ყველას დასანახად ცეცხლი ააგიზგიზა. და ის, რაც უნდა გაენადგურებინა, ჯერ იქვე, სარდაფში გადამალა და ერთი კვირა ჩანთებით ეზიდებოდა სახლში. ბატონი ესტატე კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა სუკ-ის პირდაპირ. ესეც ბედის ირონიაა. 20 წლის შემდეგ სანდრო ახმეტელის არქივი თეატრს დაუბრუნდა.

"ხელნაწერები არ იწვიან"... - რა თქმა უნდა, არ იწვიან კეთილშობილი ადამიანების წყალობით".