გემბლინგი -ფსიქოლოგიური ნარკოტიკი - კვირის პალიტრა

გემბლინგი -ფსიქოლოგიური ნარკოტიკი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #7)

"ქვეყანა მიდის ბევრ ისეთ დათმობაზე, რაც საზიანოა სოციუმისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს ხომ ქართველების ხაფანგიცაა"

"ახლანდელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი მახსოვს კაზინოდან.ერთ-ერთი  თბილისში

პირველი "მაზავშიკი იყო"

"ეს წმინდა წყლის სულის დაავადებაა"

"ერთმა ჩემმა მეგობარმა დედამისის სასაფლაოს ფული წააგო"

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის პირველ ნაწილს - "პროფესორას აღსარება" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ ჩვენი გაზეთის ინტერნეტგვერდზე, გვირეკავდნენ და საკუთარ ისტორიებს გვიყვებოდნენ. ბუნებრივია, ყველა ამბის გაზეთის ფურცლებზე გადმოტანა ვერ მოხერხდა, ამიტომ რამდენიმე გზავნილით შემოვიფარგლეთ, რომელიც ინტერნეტით მივიღეთ kvirispalitra.ge-ზე

"საშინელებააა... დაქცეული და გაუბედურებული ვარ მაგ სენის გამო"

"კარგი იქნება, თუ ვინმე შეისწავლის სტატისტიკას, რამდენი ოჯახი გააუბედურა თამაშმა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი დაიწყო საქართველოში, თაობები დაავადდა ამ სენით და ოდესმე თუ განიკურნება, არც კი მგონია. დახურეთ ყველა სათამაშო ბიზნესი და გახსენით ფაბრიკა-ქარხნები! დაასაქმეთ ხალხი. იქნებ რამე გვეშველოს!"

"მეც ვათამაშობ და მეცოდება საკუთარი თავი, ვგრძნობ, როგორ ვყავარ დამონებული... ჩემნაირი ადამიანი სულ მოძებნის იმის საშუალებას, რომ ითამაშოს... მებრალება მასზე დამოკიდებული ადამიანი, გულწრფელად მეცოდება, ის ნარკომანია, ნარკომანი კი სიბრალულს იმსახურებს."

"გემბლერმა შესანიშნავად იცის, რომ ეშმაკს ეთამაშება და მაინც მოგებას იმედოვნებს... არადა, ეშმაკს რას მოუგებ, ან ვის მოუგია. ერთადერთი გზაა, თავქუდმოგლეჯილი გაექცე მას და ეკლესიას შეაფარო თავი. თუ არ გექნება ამბიცია, რომ თვით "ეშმაკზე მაგარი" გახდები, არც თამაშის ილუზია ჩაგითრევს. გაიქეცი, ეშმაკს გაექეცი, თორემ... ისე, ცნობისთვის, ლუდომანია უკურნებელ სენად არის მიჩნეული."

მამაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ კაზინოში ხშირად ჩხუბობს, წესით, ამის გამო შავ სიაში უნდა იყოს შეყვანილი, მაგრამ რატომღაც "ჯოჯოხეთის კარი" მისთვის ყოველთვის ღიაა. ყველაზე მეტად კი ახალგაზრდა ქალბატონის ნაამბობმა შემძრა, რომელიც  ამერიკიდან დამიკავშირდა.

ანა (34 წლის):

"წლების წინ კაზინოში ყველაფერი წავაგე: ძვირფასი ნივთები, მანქანა, სახლი, მეორე სახლი... შემდეგ მეუღლე და ერთადერთი შვილიც დავკარგე. ხუთი წელია არ მინახავს და ალბათ ვერასოდეს ვნახავ. საქართველოში გაჩერება აღარ შემეძლო და მეგობრების დახმარებით ამერიკაში ჩამოვედი. გადაწყვეტილი მქონდა მემუშავა, ვალებიც გამესტუმრებინა და უკან დაბრუნების შანსი მომცემოდა, მაგრამ თამაშის სურვილს ვერც აქ დავაღწიე თავი. მომვლელობითა და ძიძობით აქ იმდენ ფულს ვერ იშოვი, რომ თავს კაზინოში თამაშის უფლება მისცე. იქამდე მივედი, რომ ერთ-ერთ ნაკლებად პრესტიჟულ სტრიპტიზბარში ვმუშაობ და ძელზე ტრიალით სათამაშო ფულს ვშოულობ.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ ვიცი რამდენ ახალგაზრდას და მათ შორის ქალსაც აქვს გაყოფილი თავი კაზინოს ყულფში და თუ ჩემი მაგალითი ერთისთვის მაინც იქნება ჭკუის სასწავლებელი, კმაყოფილი დავრჩები."

პროფესორა (გამოცდილი მოთამაშე): "ერთი ჩემი მეგობრის ამბავი გამახსენდა. მოსკოვში ცხოვრობდა და ფული საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წააგო, გაკოტრდა და იძულებული გახდა ამერიკაში წასულიყო სამუშაოდ. ერთ დროს მილიონების პატრონი ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორად მოეწყო.

ერთ დღეს თამაშის სურვილმა ისევ გაიტაცა, ბენზინგასამართი სადგურის სალაროდან 20 ათასი დოლარი მოიპარა და კაზინოში წავიდა. 80 ათასი მოიგო, მაგრამ ვერ გაჩერდა და ყველაფერი წააგო. იქაურმა მეგობრებმა არ გაწირეს, ვალი გაუსტუმრეს, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად მაგრად სცემეს...

სხვათა შორის, ქართველები ევროპაშიც მიდიოდნენ სათამაშოდ. ერთი ჩემი მეგობარი ევროპის ცნობილ კაზინოში შეიხებთან ერთად მოხვდა. გვერდზე რომ შეიხი დაუჯდა მილიონიანი კუშით, ამ ჩემს მეგობარს არ მისცა მოსვენება ამპარტავნობამ და დიდი ფულით ითამაშა, საბოლოოდ კი 100 ათასი დოლარი წააგო. ვალების გამო თბილისის ბინა გაყიდა, რომელიც დაახლოებით 200 ათასი დოლარი ღირდა. რაც მორჩენილი ფულით იყიდა, ისიც გასაყიდი გაუხდა და ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ახლანდელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანიც მახსოვს კაზინოდან. ერთ-ერთი თბილისში პირველი "მაზავშიკი იყო". სერიოზული ფული მაშინ მოიგო, როცა "მანჩესტერმა" ბოლო წუთზე ფინალი "მოატრიალა" "ბაიერნთან". თუ არ ვცდები 1999 წელი იყო. კაცს 50 ათასი დოლარი ჰქონდა "გამაზული" და აგებდა, ბოლო წუთს კი 80 ათასი მოიგო.

"მოძველბიჭო" ტიპებიც დადიოდნენ. ერთი იყო, სულ ფულს ითხოვდა. თუ არ მისცემდნენ, ამოიღებდა ჯიბიდან კუპონს (მაშინ კუპონი იყო მიმოქცევაში) და ჯიბეში ჩაუკუჭავდა რომელიმე მოთამაშეს: აჰა, ძმაო, ჩემგანო. სინამდვილეში კი ხელით ჯიბეს უსინჯავდა და თუ ფულსაც ამოაყოლებდა, ანამუსებდა, გქონია და არ მაძლევდიო. ლექტორებიც მინახავს, ხელფასი რომ მოაქვთ კაზინოში და აგებენ.

რომ იტყვიან, დავბერდი უკვე კაზინოში. ვუყურებ მოთამაშეების ამ ახალ თაობას და ვხედავ, სამგლე ბოცვრებივით, როგორ მირბიან თავისი ნებით მგლის ხახაში. მიარბენინებთ შინაგანი სურვილი - თამაშის სურვილი.

ერთმა ჩემმა მეგობარმა დედამისის სასაფლაოს ფული წააგო. ჩემი არ იყოს, ისიც გაიქცა სახლიდან და რამდენიმე წელი აღმა-დაღმა დადიოდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. მოთამაშეები ალომბარდებენ ყველაფერს, კრედიტიც კი გამოაქვთ ბანკიდან, რომ შემდეგ ითამაშონ და რა თქმა უნდა, აგებენ.

6 წელია უკვე დიდი თამაში აღარ მითამაშია, მაგრამ აპარატებით ვთამაშობ და შეიძლება ითქვას, რომ ამით სურვილს ვიკლავ, ჩემს  დოზა "ფსიქოლოგიურ ნარკოტიკს" ვიღებ. ეს არის ალბათ გემბლინგისგან განკურნების მაქსიმუმი. რეალურად ხომ ეს დაავადება არ იკურნება. ბევრი მოთამაშე მინახავს, წლების განმავლობაში რომ არ შესულა კაზინოში, მაგრამ წლების შემდეგ ისევ შეუპყრია თამაშის სურვილს. ერთ ბოლოდროინდელ მაგალითს გეტყვით. ერთ ჩემს მეგობარს 10 წელი თავი ჰქონდა დანებებული თამაშისთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვიღაცამ კაზინოში გაყოლა სთხოვა. ჯერ გასართობად ითამაშა, ხუმრობდა კიდეც: თურმე თამაში არ დამვიწყებიაო. ერთ კვირაში "ჩვეულებრივ რეჟიმში" ჩადგა, წააგო ყველაფერი და "ჩაძვრა" ისევ ვალებში, სახეზე მოთამაშისთვის დამახასიათებელი მიწისფერიც დაუბრუნდა.

ექიმი ვარ, 25 წლის სტაჟით, უამრავი ფსიქოლოგიური სწავლება მაქვს წაკითხული და გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ამ დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებულია ვერ შეცვლი."

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი: - ერთხელ დაგვპატიჟეს და "რულეტკა" ვითამაშე. მეუღლესთან ერთად ვიყავი და "მთელი სიამოვნება" მეუღლეს დავუთმე. არ მიყვარს სერიოზული თამაში, რადგან ვიცი, რომ ძალიან აზარტული ვარ და ვიცავ თავს. აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის, შეუძლია, დამოკიდებული გახადოს ადამიანი. პრობლემა ის არის, რომ თუ ღრმად შესულ მოთამაშეზე ვისაუბრებთ, დოსტოევსკისეული "მოთამაშის" კატეგორიაში რომ არის, გაცილებით რთულია, დაანებებინო თავი, ვიდრე ნარკომანს - ნარკოტიკებისთვის. ეს წმინდა წყლის სულის დაავადებაა. როცა ძალიან რთული პერიოდი იყო, ბევრი ვიცი, შედიოდა კაზინოში და ფერზე ან კენტსა და ლუწზე დებდა, სადაც მოგება მინიმალურია. თითო-ორ ლარს იგებდნენ და იმ დღისთვის ჰყოფნიდათ. ისინი არ მიჯაჭვულან ამ სფეროს. ვინც სიამოვნების მისაღებად შედის, ის უფრო ხდება დამოკიდებული. ეს მძაფრი ემოციაა, იმავე სიმძაფრის, როგორიც მანქანის სწრაფად ტარება, მთამსვლელობა, სადაც საკუთარ თავს ეჯიბრები, საკუთარ შესაძლებლობებს ზომავ...

მოთამაშეს ძალიან უვიწროვდება ცნობიერება, აღარ ახსოვს აღარც წარსული, არც მომავალი და არც ის, რა ხდება გარშემო. ამას შექმნილი გარემოც უწყობს ხელს და პროცესს მთლიანად ეძლევა... აზარტული თამაში მაშინ ისადგურებს ადამიანში, როცა დასაწყისში იგებს. როგორ თამაშობენ შულერები? თავდაპირველად, მოაგებინებენ მსხვერპლს, მას უჩნდება განცდა, რომ იღბლიანია, მერე იწყება წაგების ზონა. იმის მოლოდინში, რომ მოგებიანობა დაუბრუნდება, მიჯაჭვული ხდება თამაშზე. აზარტული თამაშების მოყვარულებმა იციან, რომ გამოუცდელ ადამიანს კაზინოში ბედი სწყალობს. თავის დროზე ექსპერიმენტებს ვატარებდი იმაზე, თუ ვის უმართლებს, როგორ და რა შემთხვევაში. არსებობს ამ მიმართულების მეცნიერების დარგი და მხოლოდ ჩემი დაკვირვების შედეგი არ არის, რომ იღბალსაც აქვს კანონზომიერებები. იღბალი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი მშვიდად არის თუ ღელავს. თუ ღელავს, წააგებს. თუ მშვიდად არის, იგებს, მაგრამ სიმშვიდე შესაძლოა იყოს იმის შედეგი, რომ მან თამაში არ იცის, ანდა იმის, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულია. სხვათა შორის, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს ბედი სწყალობთ.

- რამდენად უწყობს ხელს ლუდომანიას ქვეყნის პოზიცია, ქვეყანაში ეს ბიზნესი განავითაროს?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რაც შეიძლება მეტი გადასახადი ამოიღოს, აღარ უნდა გვაკვირვებდეს კაზინოების გახსნა, საიდანაც სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ფეხზე არ დამდგარა, მსგავს სტრატეგიას ირჩევს და ყველაფრის უფლებას აძლევს ჩამოსულს, ტურისტებს, ეს განსაკუთრებით ტიპობრივია ტურისტული ქვეყნებისთვის. როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - მეზობელ ქვეყნებშიც, პრაქტიკულად აკრძალულია სათამაშო დაწესებულებები, დანატრებული ხალხი საქართველოში ჩამოდის და ნებისმიერ მოსახვევში შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება. ქვეყანა მიდის ბევრ ისეთ დათმობაზე, რაც საზიანოა სოციუმისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს ხომ ქართველების ხაფანგიცაა.

ლას-ვეგასს სინგაპურმა "გადაუჯოკრა"

სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბოლო დროს სათამაშო ბიზნესის მსოფლიო დედაქალაქს - ლას-ვეგასს, სინგაპურის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. სინგაპურში აზარტული თამაშების ბიზნესი სულ ორი წელია არსებობს, მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოში არსებული კაზინოების ბრუნვამ 2011 წელს უკვე 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ, როცა ლას-ვეგასში კაზინოების ბრუნვა გასულ წელს 8 მილიარდიდან 6-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურში კაზინოში შესვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აკრძალულია, სამაგიეროდ, ტურისტებისთვის ფართოდ არის კარი ღია. მხოლოდ გასულ წელს სინგაპური 11,65 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, საიდანაც ყოველმა მეორემ კაზინოშიც სცადა ბედი.

შემაშფოთებელი სტატისტიკა

ბევრ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს კანონი არეგულირებს. მაგალითად, ყაზახეთსა და რუსეთში კაზინოების მოწყობა მხოლოდ პერიფერიულ ზონებშია ნებადართული. 2013 წლიდან დედაქალაქიდან კაზინოები სომხებსაც გააქვთ. 1998 წელს თურქეთში კაზინოები მასობრივად დაიხურა იმ მიზეზით, რომ ეს არალეგალურად ნაშოვნი ფულის გათეთრების საშუალება იყო, რაშიც პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული. სამორინეების მოწყობა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც აკრძალულია. საგანგაშო სტატისტიკამ გერმანიის მთავრობაც დააფიქრა - კვლევის თანახმად, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500 ათასი ლუდომანი ჰყავთ. შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, გერმანიის ხელისუფლება კაზინოებს ვერ ელევა, რადგან მხოლოდ შარშან სათამაშო ბიზნესიდან ამოღებულმა გადასახადებმა ქვეყნის ხაზინა 4,5 მლრდ ევროთი შეავსო.

სხვათა შორის, აზარტული თამაშების მსოფლიო შემოსავალი ძალიან სწრაფად, წელიწადში დაახლოებით 9,2%-ით იზრდება და 2015 წლისთვის 183 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სწრაფი ტემპით იზრდება ონლაინკაზინოს შემოსავლებიც.

მსოფლიო ხალხებს შორის ყველაზე აზარტულები თურმე ავსტრალიელები არიან და კაზინოში წლიურად ერთი ზრდასრული ავსტრალიელი საშუალოდ 1.288 დოლარს ხარჯავს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)