"ვეძებ მოსიყვარულე ძიძას" - კვირის პალიტრა

"ვეძებ მოსიყვარულე ძიძას"

ხანდახან ძიძები ერთი გამოსაცდელი კვირით მუშაობის შემდეგ ამბობენ, - ამ ბავშვთან  მუშაობას სიკვდილი მირჩევნიაო

სიახლეზე ლაპარაკი სიახლის დამკვიდრებისთანავე იწყება, მაგრამ "ძიძების ინსტიტუტი" გამონაკლისი გამოდგა, - საზოგადოებამ მას მერე დაიწყო ამ სააღმზრდელო სისტემის განსჯა, რაც ძიძებმა თაობის გამოზრდა მოასწრეს. გადიის უძველესმა პროფესიამ ჩვენი ყოველდღიურობა მოიცვა. ძიძების მომსახურებაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება...

ამ წერილის მომზადებისას შევხვდი ახალგაზრდა ქალს, რომელმაც თავისი აღსაზრდელის მამისგან გააჩინა ბავშვი. ამას იგი სულაც არ განიცდიდა, - შვილი მინდოდა და გავაჩინე, თუ ის ვაჟბატონი მამობას არ გაუწევს, არ მენაღვლება, თვითონაც გავზრდიო. გულმა არ მომითმინა - კი მაგრამ, მათ თავის ოჯახში მიგიღეს, შვილები განდეს და ეს რამ გაკადრებინა-მეთქი. განა რა დავაშავე, მე ხომ არავისთვის არაფერი მომითხოვიაო(?!).

ამასობაში ამ ქალბატონის მწვანეთვალება ბიჭუნა აქეთ-იქით დარბოდა და ცდილობდა დედის ყურადღება მიეპყრო, თუმცა ამაოდ, დედამისი  თავისი თავგადასავლის მოყოლას განაგრძობდა, - ისე, ჩემი შვილის მამას მაგარი კრახი ცოლი ჰყავდა, შეუხედავი და თანაც უგულო. ამ ოჯახიდან წამოსვლას მანამდე არ ვაპირებდი, სანამ სადმე  თავშესაფარს არ შევიგულებდი, მაგრამ როგორც კი  ეჭვი აიღო, ქუჩაში  მისროლა. მერე მეზობელმა მითხრა, -  ცოლ-ქმარმა ერთმანეთი კი კარგად დაქოთეს, მაგრამ მეორე დღეს ისევ შეხმატკბილდნენო. თუმცა ეს ამბები მე საერთოდ არ მაინტერესებდა,  მე ხომ შვილი შემრჩა!

ეს ქალბატონი თავისი "შერჩენილი შვილით" ამჟამად თურქეთში სხვის შვილს ზრდის.  თავისი ბიჭუნა კი  იმდენად დაუძლურებულ დედას დაუტოვა, რომ ბავშვს, ფაქტობრივად, მეზობლები ზრდიან.

მეორე ახალგაზრდა ქალბატონმა კი აი, რა მიამბო - ძიძას აღარასოდეს დავიქირავებ, სამი ძიძა გამოვიცვალე და სამივემ სიცოცხლე გამიმწარაო! პირველი მატყუებდა: იმის ნაცვლად, ბავშვი სუფთა ჰაერზე, პარკში წაეყვანა სასეირნოდ, დაქალთან დადიოდა საჭორაოდ, როცა დავეჭვდი, ჩუმად მივყევი და თავზე დავადექი; მეორეს შემთხვევით შევუსწარი, - ბავშვს სადილი შეუჭამა, არადა, ცოტა ხნის ნასადილები ვიყავით; მესამე - ბავშვი კედელზე რაღაცებს ჩხაპნიდა, ის კი მობილურზე "ეკიდაო".

რაღა თქმა უნდა, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ძიძების საწინააღმდეგო ამგვარი არგუმენტები სმენია და ინტერნეტსაიტებზე შემაშფოთებელი კომენტარებიც წაუკითხავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი, მოსიყვარულე ძიძის პოვნა შეუძლებელია. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა მშობლისთვის სულერთი არ არის, ბავშვი ვის ჩააბაროს და ძიძას გულმოდგინედ დაეძებს. ზოგადად კი ძიძებზე მოთხოვნილების გაზრდამ ბიზნესის სახე მიიღო და საგანგებო შპს-ებიც შეიქმნა, რომლებიც დამკვეთს ძიძას იმ პრინციპებით სთავაზობენ, როგორც უცხოეთშია - კატეგორიებისა და მოთხოვნების მიხედვით. თუმცა, კორექტივი აქაც შესატანია - ჩვენ ქართველები ვართ და ბევრი ისეთი მოთხოვნილება გვაქვს, რაც "უცხოურ ჩარჩოებში" ვერ თავსდება. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის წარმომადგენლები (მანანა დობორჯგინიძე, მარინა კიკნაძე) ამ მხრივ, ძირითად თავისებურებად იმას მიიჩნევენ, რომ ჩვენში არც მეტი, არც ნაკლები, მთავარი მოთხოვნა რუს ქალბატონებზეა. ამის მიზეზად ისინი სამ ძირითად ფაქტორს ასახელებენ:

- პირველი. რუს ძიძებს დიასახლისები სხვა საოჯახო საქმეების შესრულებაზეც ადვილად ითანხმებენ; მეორე, რუსი ქალბატონები ოჯახის საიდუმლოებებშIი ცხვირს არ ჰყოფენ და მესამე და მთავარი - ისინი ბავშვებს მკაცრად ზრდიან და მათ საქციელს სათანადო საზღვრებში აქცევენ. გარდა ამისა, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა ძიძებისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლება და ვიზუალური მხარე. ამასთანავე, ძიძა კუთხური აქცენტით არ უნდა მეტყველებდეს. ისეთი ნიუანსებიც არის, რომ შეიძლება ძიძა ვერც მიხვდეს, უარს რატომ ეუბნებიან. მაგალითად, ერთმა დამკვეთმა ძიძა იმიტომ გაათავისუფლა, რომ ბინაში დამონტაჟებული ვიდეოთვალით ნახა, როგორ შეაგდო ფეხით იატაკზე დაგდებული კანფეტის ქაღალდი საწოლის ქვეშ.

ეს რაც შეეხება ძიძებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლებიც არიან გაუწონასწორებელი. ამას წინათ ერთმა შემკვეთმა - ისეთი ძიძა მინდა, ჩვენი ტუალეტით არ ისარგებლოსო. და არც საჭმელს ვაჭმევთო... მეორემ, - ჩვენი ძიძა დღეში 9 ჭიქა ყავას სვამსო... თუ ასადილებთ-მეთქი, ვკითხეთ. არაო. მთელი დღე მშიერი რომ არის, იმიტომ სვამს 9 ჭიქა ყავას-მეთქი. მე ჭამა-სმა არ მქონია გათვალისწინებულიო. სამწუხაროდ, ზოგჯერ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ბავშვებიც გვხვდებიან, ხანდახან ძიძები ერთი გამოსაცდელი კვირით მუშაობის შემდეგ ამბობენ, - ამ ბავშვთან მუშაობას სიკვდილი მირჩევნიაო. როცა ბავშვი ძიძას, რაც ხელთ მოხვდება, ყველაფერს თავში ურტყამს, ასეთ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ, პატარა ექიმთან მიიყვანონ.

- ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება რომ ძიძის დაქირავება მოდური გახდა...

- ზოგადად, ყოფამ ქალი მეტად დაასაქმა და ძიძებისადმი მოთხოვნაც ამან გამოიწვია. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ძიძაზე ბავშვის გადაბარება მოდადაც იქცა. ზოგ დედას საქმე არაფერი აქვს, მაგრამ ძიძას იმიტომ ითხოვს, რომ მის მეგობარს ჰყავს. ზოგსაც ძიძა იმიტომ სჭირდება, რომ შვილზე ზრუნვა თავიდან აიცილოს. ერთი ჩვენი ძიძა გვეუბნებოდა, - ბავშვი მთელი დღე ჩემთან არის და ღამე შინ მოსულ დედას რომ მივარდება მოსაფერებლად, ის გაიძახის, - მომაშორეო!

ფსიქოლოგ ნინო კანდელაკის (საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი) პრაქტიკაში ასეთი შემთხვევაც ყოფილა:

- ერთი  ბავშვი მომიყვანეს, უკვე სკოლის მოსწავლე, კარგად აღზრდილი, გონიერი, მაგრამ აგრესიული, მათ შორის კლასელების მიმართაც. მშობლებმა ვერაფერი უშველეს, მიუხედავად იმისა, ძალიან თბილი და კარგი ადამიანები იყვნენ. ბავშვთან საუბარში გავარკვიე, რომ არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავდა - მოსიყვარულე (რაც ყველაზე მთავარია), განათლებული, უამრავი რამე უსწავლებია ბავშვისთვის, მაგრამ ერთხელაც ძიძა  საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ბავშვს კი ის ისე უყვარდა, რომ განშორება ვერ გადაიტანა. ამან კი აგრესია გაუჩინა. იჯდა და მხოლოდ ძიძას სწერდა წერილებს, - არ მიმატოვო, ეს ღალატიაო. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად...

სამწუხაროდ, არსებობს ძიძების სხვა კატეგორიაც, ერთნი, შეგნებულ დანაშაულს სჩადიან და მეორენი, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აკეთებენ, მაგრამ უსიყვარულოდ. მაგალითად, ერთმა მშობელმა გამანდო, - ჩემს შვილს ძიძა არაყს ასმევდა, რომ დაეძინა. შემთხვევით მივუსწარით და მეუღლეს ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდანო. ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად არანაკლები ზიანის მიყენება შეუძლიათ იმ ძიძებს, რომლებიც თავის საქმეს პედანტურად, მაგრამ უსიყვარულოდ  აკეთებენ. ძიძას აუცილებლად სიყვარულის უნარი უნდა ჰქონდეს, ბავშვი უნდა უყვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ აღზრდაზე ლაპარაკი დამთავრებულია. რაც მთავარია, უსიყვარულობას ბავშვი მაშინვე გრძნობს. თუ მოზრდილია, ამაზე ლაპარაკობს, თუ ჩვილია - ტირის, ავადმყოფობს, - ენა თუ ვერა, სხეული იძლევა რეაქციას. და თუ დედა გულისყურიანია, შვილს აკვირდება, აუცილებლად მიხვდება, რა სჭირს. ფსიქოლოგიურად ყველაზე გამართლებული ის არის, რომ სამ წლამდე ბავშვს აუცილებლად დედა ჰყავდეს გვერდით და იგრძნოს, რომ დედას თავგანწირვით და უპირობოდ უყვარს, ისეთი როგორიც არის. მაგრამ როცა იმავე ბავშვის აღსაზრდელად დედის მუშაობა აუცილებელია, მაშინ მას უნდა ჩაენაცვლოს ისეთი ადამიანი, რომელიც ასევე უპირობოდ მიიღებს ბავშვს ისეთს, როგორიც არის, რომელიც ეტყვის, - შენ ძალიან კარგი ხარ, შენ ყველაფერს შეძლებ და არ შეაშინებს გუდიანი კაცით ან ჯოჯოებით - ეს კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ყოველი შიში ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის მომავალზე იმოქმედებს.

იდეალური ძიძის პოვნა ბედნიერებაა. ამისთვის კი საუკეთესო ვიდეოთვალი ჩვენი გულია. ის ყოველთვის გრძნობს, რას ასხივებს ადამიანი. თუ გული გეუბნება, რომ ვინმესი რაღაც არ მოგწონს, ისეთი ადამიანი არ უნდა დაიახლოო, მით უფრო შვილის აღზრდა არ უნდა მიანდო.