როგორც ემილი დიკინსონი... - კვირის პალიტრა

როგორც ემილი დიკინსონი...

შორეული სიმარტოვიდან მოცურავს ხმა, სახება თეთრსამოსიანი არტისტისა...

ზინაიდა კვერენჩხილაძე მარტო დგას სცენაზე და ლექსს კითხულობს... თეთრი, გრძელი კაბა აცვია და ყელზეც თეთრი მანდილი აქვს მოხვეული... დარბაზი სულგანაბული უსმენს, ისმის არა მარტო სიტყვები, იმ თეთრი მანდილის მცირედი რხევაც კი... ერთი წუთით მოგეჩვენება, რომ არც სცენა არსებობს, არც პარტერი, არც თეატრი და შორეული სიმარტოვიდან მოცურავს ხმა, სახება თეთრსამოსიანი არტისტისა... ეს შედარებით გვიანდელი სურათია, უფრო ადრე კი... უფრო ადრე იყო მისი ორი უსაყვარლესი სპექტაკლი - "ანტიგონე" და "ამჰერსტის მშვენება"... თავად არტისტი ამბობდა, რომ ნათამაშები როლებიდან ეს ორი სდევდა თან მუდამ, ეს ორი იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩა, მის მეხსიერებაში კი არა, არსებაში...

ეს ფოტო "ამჰერსტის მშვენების" რეპეტიციაზეა გადაღებული. სრულიად ახალგაზრდა რეჟისორები - რობერტ სტურუა და რეზო ჩხაიძე ზინაიდა კვერენჩხილაძესთან ერთად შედიან ცნობილი ამერიკელი პოეტის - ემილი დიკინსონის ცხოვრების ფსიქოლოგიურ სიღრმეებში. იქნებ იმიტომ, რომ ეს წიაღსვლა ძალიან ბუნებრივი იყო ზინაიდა კვერენჩხილაძისათვის, სპექტაკლი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. საზოგადოებამაც შესაბამისად აღიარა არტისტი...

ვაჟა ძიგუას მოგონებიდან: "მთელი საღამო სცენაზე იდგე მარტო, პარტნიორების გარეშე, მაყურებელი აზიარო პოეტის არაორდინარულ ცხოვრებას, სრულყოფილად განაცდევინო შემოქმედის მიერ ქარტეხილებით განვლილი გზა, მხოლოდ ჭეშმარიტ არტისტს ძალუძს. ზინა კვერენჩხილაძე ამას ვირტუოზულად ახერხებდა. მისი შესრულება იმდენად მასშტაბური და პოლიფონიური იყო, გრჩებოდათ შთაბეჭდილება, თითქოს მონოსპექტაკლი კი არა, მრავალპერსონაჟიანი დადგმაა. "ამჰერსტი" თეატრმა საგასტროლოდ ლენინგრადში წაიღო. დასს თან ახლდა აწ გარდაცვლილი ჩვენი კოლეგა, ფრიად ერუდირებული თეატრმცოდნე ეთერ გალუსტოვა-გვინდაძე, რომელმაც გვიამბო, თუ როგორ მოაჯადოვა ზინა კვერენჩხილაძის ემილი დიკინსონმა თეატრალური ლენინგრადი. ჩემთვის, - ამბობდა ქალბატონი ეთერი, - წარმატების ყველაზე უტყუარი ნიშანი იყო, როდესაც მასპინძელი თეატრის ხანდაზმულმა კაპელდინერებმა, მსახიობს მადლიერების ნიშნად, ცოცხალი ყვავილების თაიგულები მიართვეს".

წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც მსახიობის სულში იმალებოდა. მას შეეძლო, მარტო დარჩენილიყო და თავისი სიმარტოვიდან, სულიდან ამოეღო მნიშვნელოვანი სახეები, სწორედ ისე, როგორც ამას ემილი დიკინსონი აკეთებდა:

"მე არავინ ვარ - შენ ნეტავ ვინ

ხარ? -

ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?

- კეთილი, მაგრამ ნურავის

ვეტყვით, -

ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ.

ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,

კიდევ კარგი, რომ არავინ არ

ვართ..."

ამ სიტყვების ავტორი ემილი დიკინსონი - უდიდესი პოეტი, მასაჩუსეტსის შტატში, ამჰერსტში დაიბადა 1830 წელს. სიცოცხლეში მისი მხოლოდ ორიოდე ლექსი გამოქვეყნდა და ასე გაიცნო მკითხველმა... არადა, ემილის გარდაცვალების შემდეგ ორი ათასამდე ლექსი იპოვეს.

ემილი დიკინსონი ძალიან უცნაური იყო. სწავლობდა ამჰერსტის კოლეჯში, ცხოვრობდა განმარტოებით... ცნობილია, რომ ჰქონდა თეთრი კაბა, რომელიც უნდოდა, მუდმივად სცმოდა, ამ სითეთრეში თავს უკეთ გრძნობდა. და ერთ დღესაც გაუჩნდა შიში, რომ ეს სიწმინდე შეიბღალებოდა, მაშინ გარე სამყაროს კარი მიუხურა. უკანასკნელი 18 წელი სრულ სიმარტოვეში გაატარა. არავისთან მიდიოდა, თუ აკითხავდა ვინმე, ნახევრად ღია კარიდან ელაპარაკებოდა... 56 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ კი ამერიკული პოეზიის გენიოსად აღიარეს.

ზინაიდა კვერენჩხილაძეს ეცნაურებოდა ეს იზოლაციაც, თეთრი სამოსის სიყვარულიც, სიმარტოვეც... არ ესწრაფოდა მქუხარე სახელს, პოპულარობას... დიკინსონისა არ იყოს, იმის მეასედი ნახა მაყურებელმა, რასაც არტისტი თავის ცნობიერებაში ქმნიდა... საბედნიეროდ, პოეზია ფურცლებმა შეინახა... ფურცლებმა შეინახეს ზინაიდა კვერენჩხილაძის მოგონებებიც, მაგრამ ბევრი რამ, რაც გაითავისა და ითამაშა ისე, რომ სცენას არ გაჰკარებია, სამუდამოდ წაიშალა..

ფოტოს შერჩა თეთრბაბთებიანი ემილი დიკინსონი, ვისთვის "ჩიტი იყო პატარა ქორი, ციცქნა ბაღი კი - ტაძარი"... იმალებოდა ემილი დიკინსონი თავისი სახლის კარს მიღმა... იმალებოდა ზინაიდა კვერენჩხილაძეც და ფარად ურჩ ხასიათს იფარებდა... ამერიკელ ქალსაც უნდოდა თავის ამარა დარჩენა და საკუთარ სიბრძნეს გატოლებული სიმართლის მოსმენა, ქართველსაც. ეს ძნელი იყო: "ყრუ და უდაბურ გამოქვაბულშიც ვერ დავრჩი ჩემი თავის ამარა, უმწეო იყო მთელი სამყარო, მე რომ ვერ იქნა და ვერ დამმალა", - კვნესოდა ერთი და იმეორებდა ექოსავით ამ კვნესას მეორე... თუმცა ეს სიძნელე მაინც დასძლიეს... ორივემ - თავისებურად...

ზინაიდა კვერენჩხილაძეს ძალიან უყვარდა ემილი დიკინსონი, რომელიც ამბობდა, რომ გარდაცვალებამდე ორჯერ მოკვდა და უკვდავებას შეეგება, როგორც მესამეს...

შემთხვევით არ უყვარდა ასე ძალიან ემილი დიკინსონი...

რეპეტიცია დამთავრდა.

დამთავრდა დიდი რეპეტიციაც - ამქვეყნიური ყოფნა...

მთავარს კი არ აქვს დასასრული...