"ზნაჩიტ, ბუდეა?!" - კვირის პალიტრა

"ზნაჩიტ, ბუდეა?!"

სახიფათო ტელევიზია ანუ "სიკვდილი" "იგრიკას" ტვირთებს

"ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ეს კაპიტულაციის გამოცხადება იქნება!"

1, 2, 3... მაგრამ 14?!

საზოგადოება ახალი ტელეკომპანიის ეთერში გასვლას დიდი ხანია ელოდება, მაგრამ მიუხედავად ლიცენზიის არსებობისა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის "იგრიკა" ეთერში გასვლას ვერ ახერხებს. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიას პირველი სიგნალი უნდა გაეშვა სატელიტზე, მაგრამ ძვირად ღირებული მოძრავი რადიოსადგური, რომელსაც ეს ოპერაცია უნდა შეესრულებინა, დაზიანებული აღმოჩნდა. ეჭვი იმისა, რომ "ქართუს" ტვირთებს, განსაკუთრებით კი ტექნიკას, შეგნებულად აზიანებენ საბაჟოში, როგორც ჩანს, საქართველოში მოღვაწე დიპლომატიურ კორპუსსაც გაუჩნდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უკვე გაითხოვეს "ქართუდან" დოკუმენტაცია და ვიდეომასალა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო არხების პერსონალს ახალ ხელშეკრულებებს უფორმებენ, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სხვა ტელეკომპანიაში გადასვლა გამოიწვევს კონტრაქტორის დაჯარიმებას 10-დან 50.000 ლარის ოდენობით.

გოჩა ხუნდაძე, მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: - ახალ ტელევიზიას ძველებურად მე-9 არხი ერქმევა. უკვე მთავრდება იმ ბაზის გარემონტება, საიდანაც მე-9 არხი გადიოდა ეთერში. ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია რედაქცია, ლაპარაკია მემონტაჟეებზე, ოპერატორებზე, სტუდიის თანამშრომლებსა და რეჟისორებზე, რომლებმაც ეთერს მიღმა უნდა მართონ პროცესი.

რამდენიმე კასტინგი წამყვანებზეც ჩავატარეთ. მაყურებელი ახალ სახეებსაც იხილავს, მაგრამ ნახავს ძველსაც, მათ, ვისაც სხვადასხვა დროს უმუშავიათ სხვადასხვა ტელევიზიაში და ახლა ჩვენთან იმუშავებენ.

ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ობიექტური ინფორმაციიის მიწოდებაზე იქნება აგებული. ტელემაყურებელს უფლება აქვს, გაიგოს სიმართლე, რომლისაც ხელისუფლებას ძალიან ეშინია. ეთერში გასვლას მარტში ვგეგმავთ. სიგნალი უნდა გაშვებულიყო სატელიტზე, მაგრამ მოძრავი სატელიტური სადგური არ მუშაობს, საბაჟოდან დაზიანებული ტვირთი მივიღეთ და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

- რადგან აპარატურა გაფუჭებულია, შეიძლება ტესტის ჩატარება. მართალია, ეს ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ უდავო ფაქტის დასადასტურებლად საუკეთესო ტესტი გამოვა. ვთქვათ, ერთის მაგივრად "ქართუმ" ერთი და იგივე აპარატურა შეუკვეთოს სამ სხვადასხვა ცნობილ მომწოდებელს, ისე, რომ ეს ტვირთი ერთდროულად შევიდეს საბაჟოზე. თუ სამივე გაფუჭებული გამოვა, როგორც ერთ ანეკდოტშია, "ზნაჩიტ, ბუდეა".

- მერე რა მორალს წავუკითხავთ ამით ჩვენს ხელისუფლებას? სხვათა შორის, სხვა ექსპერიმენტზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ აზრი არა აქვს, ისედაც ცხადია, რაც ხდება. საბაჟოს მმართველობას წითელ ზონაში შეაქვს "ქართუს" ტვირთები. ტექნიკის დაზიანება ასე არ ჩაუვლის ხელისუფლებას. არც ჩვენ გვძინავს. ყველა ტექნიკური საშუალება გვაქვს საიმისოდ, რომ ეთერში გავიდეთ. ბოლოს და ბოლოს, მომწოდებელი ფირმებიც დაიცავენ თავიანთ ინტერესებს, რადგან მათი რეპუტაცია და ფინანსური ინტერესები შეილახა.  ტვირთების გამოგზავნამდე ყოველგვარ აპარატურას ტესტირება უტარდებოდა, მერე ილუქებოდა და ისე მოდიოდა საქართველოში. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი გაფუჭებული მოდის და ამიტომ ტესტების ჩატარება საჭირო აღარ არის. აშკარაა რაც ხდება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ დიდი ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ ამბით და ყველა მასალა მოითხოვეს, რაც მივაწოდეთ კიდეც. ყველას აინტერესებს, რაშია საქმე, რადგან ასეთი "დამთხვევები" შემთხვევით არ ხდება.

"იგრიკას" კუთვნილი ტვირთის დაზიანებაზე "ქართუ ჯგუფის" ინფორმაციას შემოსავლების სამსახური სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა (სტილი დაცულია): "შპს "იგრიკას" კუთვნილი ტვირთი, Mercedes Benz-ის მარკის მიკროავტობუსი, შემოვიდა ბათუმის პორტში ამა წლის 9 თებერვალს, 13.00 საათზე. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით განხორციელდა ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა, რომელიც კანონის ყველა წესის დაცვით მოხდა. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ შპს "იგრიკას" წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ დათვალიერების პროცედურაზე დასწრება. ტვირთი წითელ დერეფანში არ მოხვედრილა. მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად. საბაჟო პროცედურების თანახმად, ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა. კუთვნილი მიკროავტობუსი შპს "იგრიკამ" პორტის საკონტეინერო ტერმინალიდან 9 თებერვალს, 18.00 სთ-ზე გაიყვანა. პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა. დაზიანების შესახებ შემოსავლების სამსახურმა შეიტყო მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, როდესაც შპს "იგრიკას" წარმომადგენლებმა გამართეს პრესკონფერენცია. ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ".

ვლადიმერ ხუნდაძე, "იგრიკას" საბაჟო წარმომადგენელი: - შემოსავლების სამსახურის განცხადება თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. ლიტვაში მობილური სარეპორტაჟო სატელიტური სატელევიზიო სადგური 450 ათას ევროდ შევიძინეთ. ტვირთის ლიტვიდან გამოსვლისთანავე ჩვენ მუდმივი კავშირი გვქონდა მძღოლთან და მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელთან. ტვირთი ბათუმის პორტში ხუთშაბათს, დღის 12-ის ნახევარზე ბორნით შემოვიდა. ბუნებრივია, ჩვენი წარმომადგენლები დახვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილი იყვნენ, დასწრებოდნენ პროცედურებს, საბაჟოდან გამოაძევეს. მოქმედი კანონმდებლობით ტვირთის დათვალიერებას აუცილებლად უნდა დაესწროს ტვირთის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში არათუ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ დაასწრეს პროცედურებს, არამედ მძღოლიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტვირთის ჩამოტანაზე. ჩვენმა წარმომადგენლებმა არაერთხელ სცადეს ტერიტორიაზე შესვლა, მაგრამ ეუბნებოდნენ, არა გაქვთ შესვლის უფლებაო, თუმცა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დოკუმენტი იმისა, რის საფუძველზე არ გვასწრებდნენ ტვირთის დათვალიერებას.

საბაჟოდან გამოძევებულ ლიტველ მძღოლს უთხრეს, მანქანას პლომბს არ ავხსნით, მხოლოდ დავათვალიერებთო. მანქანის საბაჟოდან გამოყვანის უფლება 5 საათსა და 30 წუთზე მოგვცეს, ლუქები უკვე მოხსნილი იყო. თბილისში ჩამოყვანის შემდეგ მანქანა ისევ დაილუქა, შედგა ერთობლივი აქტი ჩვენსა და მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელს შორის, რადგან ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებული იყო, ჩამოსულიყო საქართველოში, ტესტირება გაეკეთებინა გამოგზავნილი აპარატისთვის, შეემოწმებინა და მიღება-ჩაბარების აქტით გადმოეცა ჩვენთვის. გამყიდველი კომპანიისა  და საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს SGS-ის  წარმომადგენლები საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდნენ,  ტესტირება სამშაბათს დაიგეგმა, ტელეკომპანია მეცხრე არხის ტერიტორიაზე. იმავე დღეს იყო დაგეგმილი სიგნალის გაშვება სატელიტზე, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. არც ერთი ელექტრონული მოწყობილობა არ ჩაირთო. აპარატურა არ მუშაობს. დაზიანებულია კვების მიმწოდებელი ბლოკები, თეფშიც კი არ გაიშალა. მომწოდებელი კომპანია ვარაუდობს, რომ მართვის ბლოკიც დაზიანებულია. ლიტველებმა გვკითხეს, რატომ მიატოვეთ მანქანა საბაჟოზეო და როცა მძღოლებმა განუმარტეს, საბაჟოდან გამოგვაძევესო, მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა.

რადგან "ქართუს" ტვირთები დაზიანებული მოდიოდა ჩვენამდე, შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ გასული წლის 9 დეკემბერს მივწერეთ წერილი, მოეცათ უფლება განბაჟებამდე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეგვემოწმებინა ტვირთები. ამის უფლება  კანონით გვაქვს, მაგრამ შემოსავლების სამსახურიდან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ცოტა ხნის წინ ტვირთების ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც შემოწმების დაჩქარებული ვადა სამიდან 5 სამუშაო დღემდე განისაზღვრა. პირველად მართლაც გამოუშვეს ექსპერტი, მან შეამოწმა ჩვენი ტვირთი და სიტყვიერად დაადასტურა, რომ რაღაც-რაღაცები დაზიანებული იყო, მაგრამ რატომღაც დაგვიანდა დასკვნის მოცემა. როცა ექსპერტს დავუკავშირდით, გვითხრა, ამ საქმეს ჩამომაშორესო. როცა ეს გავაპროტესტეთ, ექსპერტიზის ბიუროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, ეს ექსპერტი კომპეტენტური არ იყო და ახალი ექსპერტიზა უნდა დავნიშნოთო. უცებ გაგვაქანეს ტვირთის შესამოწმებლად ახალ საექსპერტო ჯგუფთან ერთად.

შეამოწმეს ტვირთი, მაგრამ ჩვენ ვითხოვდით ტექნიკის ფუნქციონალურად შემოწმებას, რაც არაფრით არ გააკეთეს. არადა, ფუნქციონალურ შემოწმებას მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა უნდა, განსაკუთრებულ ოპერაციასთან კი არა გვაქვს საქმე. თუ დაზიანებაა, Error-ს გიწერს. მოკლედ, მთელი თვე გააჭიანურეს დასკვნის მოცემა და ბოლოს მოგვწერეს, სამწუხაროდ, ჩვენ არა გვყავს სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტები აპარატურის ფუნქციონალურად შესამოწმებლადო(?!). საკუთარი სამსახურის დისკრედიტაციასაც კი არ მოერიდნენ, რომ დასკვნა არ მოეცათ. რა აღარ ვცადეთ, მაგრამ იმის მექანიზმი, რომ აპარატურა დაუზიანებელი შემოვიტანოთ ქვეყანაში, ვერ გამოვნახეთ. ყველა ჩვენს ქმედებაზე ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღო კონტრზომები. 14 ტვირთიდან, ძლივს მოვახერხეთ მხოლოდ ორიოდე, ისიც უმნიშვნელო აპარატურის დაუზიანებლად შემოტანა.

იმ საბაჟოსთან, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მორგებული კანონითა და ინსტრუქციით არის შეიარაღებული, რომელიც ჭიშკრის გადალახვის საშუალებასაც არ გაძლევს, ბრძოლა წარმოუდგენელია. მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლა, მედია და დიპლომატიური კორპუსის ყურადღება თუU გადაარჩენს ჩვენს ტვირთებს.

- სასამართლოს არ მიმართავთ?

- სწორედ ეს უნდათ. სასამართლოში იპოვი სიმართლეს? ხან სხდომა დაინიშნება გვიან, ხან მოწმე გახდება ავად, ხან ექსპერტის კომპეტენციას დაიწუნებენ და მოჯადოებულ წრეს დაემსგავსება სასამართლო პროცესი, ჩვენ კი დროის დაკარგვის უფლება არა გვაქვს. ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვაქვს ტექნიკის მომწოდებელ პარტნიორ კომპანიასთან. სწორედ ისინი მოითხოვენ სიმართლის გარკვევას ქართულ სასამართლოში. ჩვენ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოგვიწერია, შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტიც ჯერჯერობით ღია რჩება, რამეთუ საქონელი არ არის ქონებრივად უნაკლოდ ჩაბარებული. ამ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით მსოფლიოს გავაგებინოთ, რაც ხდება. თუმცა, იმ პარტნიორების არეალიც შეზღუდული გვაქვს, რომელთაც  საქონლის შემოტანა შეუძლიათ. ჩვენ ტექნიკის მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი ტვირთები საბაჟოში დაუწვეს ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორ ქართულ კომპანიებს.

- მაგალითად?

- შპს "ინდენტს", რომელიც  "სონისა" და "პანასონიკის" ოფიციალური დილერია საქართველოში. ახლა ცდილობენ შეაკეთონ ეს ტექნიკა და ისე ჩაგვაბარონ. ცხადია, ასეთ პირობებში ამ კომპანიებისთვის ზარალი და დამატებითი პრობლემაა ჩვენთვის მომსახურების გაწევა. ბევრი კომპანია ისეა შეშინებული, ტელეფონზე საუბარსაც ერიდება. ბოლო ორი თვეა მილიონზე მეტი ღირებულების აპარატურა დააზიანეს, მანამდე კი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებლების აპარატურა გაგვიფუჭეს. ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ტვირთს ეგრეთ წოდებულ წითელ დერეფანში ატარებენ. არა აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, ტექნიკური მარილი თუ  გენერატორი.

- სიგნალის გაშვებას ეთერში როგორ აპირებთ?

- შეკეთების იმედი გვაქვს. არსებობს ალტერნატიული გზები. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ეს კაპიტულაციის გამოცხადება იქნება!