ამბავი 112-ისა, ანუ კანონიერი ქურდების მეორედ მოსვლა?! - კვირის პალიტრა

ამბავი 112-ისა, ანუ კანონიერი ქურდების მეორედ მოსვლა?!

ჩვენთან, მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, გადაუდებელი დახმარება ფული ღირს!!!

მერის დიდი ტყუილი და "გაპრავებული" ყაჩაღობა

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელეკამერების წინ განსაცვიფრებელი რამ განაცხადა. მან ახლახან დაფუძნებული, მაგრამ ჯერ აუმოქმედებელი სამაშველო სამსახურის - 112-ისთვის ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის შემოღების მიზეზი "დამაჯერებლად" განმარტა: 112 ევროპიდან გადმოვიღეთ და ფასიც იმიტომ დავადეთ, რომ სამაშველო მომსახურება უფასო ყოფილიყოო(?!). მერი დაბნეულად და გაუმართავად ლაპარაკობდა, თითქოს ნერვიულობდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ  ცრუობდა - სახელდახელოდ, იმ წუთებში თხზავდა ტყუილს.

გიგი უგულავა: - (სტილი დაცულია; ორიგინალის მოსმენა palitra.tv-ზე შეგიძლიათ სათაურით: გიგი უგულავა 112-ის ფასიანი მომსახურების შესახებ პირველ განმარტებას აკეთებს) "112-ის ერთიანი ქოლცენტრი არ გულისხმობს მხოლოდ სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებას, მისი ფუნქცია ბევრად უფრო ფართოა(!); მისი მოდელი გადმოღებულია ყველა ევროპულ ქვეყანაში(!), ისევე, როგორც ამერიკის ფედერალური და შტატების მიხედვით. შესაძლოა, გავიდეს თვე ისე, რომ რომელიმე თქვენგანმა არც დარეკოს ამ ნომერზე, მეორე ადამიანმა კი შესაძლოა ხუთჯერ დარეკოს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო და პოლიცია და ა.შ. ეს ამაზე არ არის დამოკიდებული. იმიტომ, რომ ყველასთვის საბოლოო ჯამში იყოს უფასო, ყველა თანაბრად, პროპორციის(!) მიხედვით იხდის. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ინდივიდუალური ზარი იყოს უფასო. სხვა შემთხვევაში, ეს რომ იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენ გამოიძახეთ და მეორე ადამიანს არ გამოუძახია, მაშინ გამოვა, რომ იმ ინდივიდუალური ადამიანის გამოძახების გაფასიანება მოგიწევთ".

ამ რებუსიდან მხოლოდ ერთი რამ გავიგე - ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, ისევ რაღაცაში მიჰბაძა ევროპას. თუმცა მიბაძვა ამ შემთხვევაშიც პირობითია. რა ხდება ევროპაში, რატომ შეიქმნა იქაური 112 და ვინ იხდის ფულს მისი ფუნქციონირებისათვის? ამ სამსახურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ნახავთ უამრავ ოფიციალურ, ავტორიზებულ ინტერნეტგვერდზე - ევროკავშირის ვებგვერდით დაწყებული, ფეისბუკით დამთავრებული, სადაც ევროპულ, უფასო 112-ს თავისი გვერდი აქვს და ნებისმიერი მოქალაქის კითხვებს დაუყოვნებლივ პასუხობს. ამ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: http://ec.europa.eu/information-society/activities/112/rules/index-en.htm

ევროპაში საერთო სამაშველო სამსახური 1991 წლის ივლისში შეიქმნა. ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, უბედურ შემთხვევათა მატების გამო, ევროპის სახელმწიფოებმა 112-ის შექმნა მოითხოვეს. ფრანგს, გერმანელს, ესპანელს და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ყველა მოქალაქეს საშუალება მიეცა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ისევე ეფექტიანად ისარგებლოს სამაშველო სამსახურით, როგორც თავის სამშობლოში. რომელ ევროპულ ენაზეც უნდა ლაპარაკობდეთ, დარეკავთ 112-ის საინფორმაციო ცენტრში და ოპერატორი წამსვე დაგაკავშირებთ სამაშველო ჯგუფთან, რომელიც ზუსტად დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს და დაგეხმარებათ.

რაც მთავარია, ამ სამსახურის შექმნისთანავე დადგინდა, რომ ეს მომსახურება უფასო იქნებოდა დაM მომხმარებელს ამისთვის გადასახადს არავინ დააკისრებდა.

ჩემს მიერ გაგზავნილ კითხვაზე იტალიიდან მომწერეს, მათ ქვეყანაში, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებში, 112-ის გარდა არის სხვა სამაშველო სამსახურიც, მაგალითად 118, რომლის მომსახურებაც ასევე უფასოა...

112-ის ოპერატორის პოპულარობის გამო მისი მომსახურების სისტემა დანერგეს სხვა სახელმწიფოებმაც, მაგალითად, თურქეთმა, სადაც სამაშველო სამსახურების გამოძახება ასევე უფასოა. საქართველოში კი, მიმდინარე წელს უკვე მეორედ, თებერვლის ბოლოს, მობილურ ტელეფონებზე მოგვივა შეტყობინება 112-ის გადასახადის ჩამოჭრის შესახებ. თუ რამდენიმე ნომერი გაქვთ და თითოეულ მათგანზე თვეში 5 ლარზე მეტს იხდით, 20 თეთრი ყველა ნომრიდან ჩამოგეჭრებათა. კორპორაციული ნომრის გადასახდი 50 თეთრია. გაუგებარია, როგორც ამ გადასახადის დაწესება, ისე ტარიფის განსაზღვრის და მობილური ტელეფონებიდან გადასახადის ამოღების წესი. თითქოს ხელისუფლება სადამსჯელო ოპერაციას ატარებს იმის გამო, რომ მობილურით სარგებლობისთვის თვეში 5 ლარზე მეტს ვიხდით. როგორც აღშფოთებული საზოგადოება ამბობს, მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის კიდევ ერთი ახალი ბერკეტი შეიქმნა. "ბოროტი ხმები" იმასაც ამბობენ, ხაზინაში ფული გამოილია, არჩევნების წინ კი ასეთი გარღვევა მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია და მას ფულის შოვნის ნოუ ჰაუსკენ უბიძგებს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მომხმარებელი თვეში 5 ლარზე ნაკლებს არ ხარჯავს.

მარტივი არითმეტიკული გათვლებით მოსახლეობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის შოვნის მზაკვრული მეთოდების მოძიებაში საქართველოს ხელისუფლებას ბადალი არ ჰყავს. მეტიც, მან გაუსწრო მის მიერვე მიწასთან გასწორებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს და მათგან განსხვავებით, არა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, არამედ ყველა მოქალაქეს უბოდიშოდ ძარცვავს, თანაც კანონის სახელით ყაჩაღობს, "გაპრავებულ" წილში გვიზის და თუ არ გადაიხდი, დაისჯები. რა მნიშვნელობა აქვს, ყაჩაღი შემოგივარდება და ცხელი უთოთი გაიძულებს ფულის გადახდას, თუ თანხის დაქვითვის მაუწყებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგივა. # 489 განკარგულების შესაბამისი პუნქტის თანახმად, გადასახადისთვის თავიდან არიდების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები არ აგცდებათ. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს გვახდევინებს იმ სამსახურისთვის, რომელიც ჯერ არ შექმნილა - სამაშველო სამსახური 112 სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ ასეთი ძალადობრივი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დედაქალაქის მერი თვალის დაუხამხამებლად ტყუის. ყველგან ფასიანია (მაშინ, როცა ყველგან უფასოა. - ავტ.) და ჩვენ რა ვქნათო(?!).

P.S. ბატონო გიგი, 2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, "112 "-ის შექმნის შესახებ, რომლითაც დაფუძნდა საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა. ეს სამსახური შსს-ს  დაქვემდებარებაში შედის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. შსს-ს და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა შრომის ასანაზღაურებლად ხელფასიდან გადასახადს ისედაც ვიხდით. ესე იგი, ერთსა და იმავე გადასახადს ორჯერ გვახდევინებთ, ისევე, როგორც ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადებს. თქვენ ნაგვის გადასახადის გაზრდით გაზარდეთ ელექტროენერგიის გადასახადი; ამჯერად სატელეფონო გადასახადების "წილში გვიჯდებით". აი, ეს არის სიმართლე და აღიარეთ, თუ შეგიძლიათ! რა საჭიროა ტყუილები და ევროპა? ნუთუ ასეთი ბრიყვები გგონივართ?! შეიძლება...