"ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ!" - კვირის პალიტრა

"ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ!"

"ვახტანგ რჩეულიშვილმა 2 მილიონ-ნახევარ დოლარად ღირებული მიწა თვალსა და ხელშუა აგვაცალა"

"დაზარალებული 6200 კაცი ვართ. "ცენტრ-პოინტმა" თითოეული ჩვენგანის მომავალი შეცვალა, - ზოგს სიცოცხლე მოესწრაფა, არაერთი ნერვიულობისგან სამუდამოდ დაინვალიდდა, რამდენიმე ოჯახი ბინის უქონლობის გამო შვილებს ვერ აჩენს! ზოგიერთს ემიგრანტობა "მიესაჯა", რადგან უცხო ქვეყანაში ძლივს შეკოწიწებული და მშენებლობისთვის ავანსად შეტანილი ფული ფაქტობრივად დაეკარგა. მოკლედ, უამრავი ოჯახი გაუბედურდა, რისი მიზეზიც "ცენტრ-პოინტის" დანაშაულია, რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება", - ამ წერილით მიმართეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა საქართველოს მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს.

დაზარალებულთა განცხადებით, "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" აფერის დასადასტურებლად არაერთი დოკუმენტი არსებობს. მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ იქ მეტწილად ყველაფერი დამნაშავეთა დასჯით მთავრდება. ასეთივე პრობლემები ჩვენთვის "მისაბაძი" დუბაისთვისაც არ ყოფილა უცხო. დაზარალებულები "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" ოჯახურ ბიზნესსა და უოლ-სტრიტის ლეგენდის, თაღლით ბერნარდ მედოფს შორისაც ავლებენ პარალელს (72 წლის მედოფი ფინანსური პირამიდის შექმნისთვის დააპატიმრეს და 150 წელი მიუსაჯეს, მისი ქონება, პირადი ნივთებიც კი აუქციონზე გაიყიდა. ამ უკანასკნელმა საკუთარ ფონდში 65 მლრდ დოლარი მიიღო, მაგრამ ინვესტიციები არ განუხორციელებია.). მედოფის ფინანსური პირამიდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ჩავარდა, როდესაც კლიენტებმა ანგარიშებიდან ერთდროულად 7 მილიარდი დოლარის მოხსნა მოინდომეს. მოტყუებუული მეანაბრეების სიაში არა მარტო აშშ-ის შეძლებული ადამიანები, მუსიკოსები და კინოვარსკვლავები, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებიც აღმოჩნდა. "ცენტრ-პოინტის" აფერა არანაკლებია. განსხვავება ის არის, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანაბარი არაა! ისე, რჩეულიშვილებიც კრიზისს აგვისტოს ომსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელიც მათ მიერ თანხების მითვისებას ადასტურებს", - აცხადებს ადვოკატი და ამასთან,  დაზარალებული მარინა კორძაძე, რომელიც "კვირის პალიტრას" მის მიერ გაშიფრულ სქემაზე დაწვრილებით ესაუბრა.

- ეს ე. წ. ფინანსური პირამიდა მხოლოდ იმ პრინციპს არ გულისხმობს, რომელიც არაერთხელ გახმაურდა, - კომპანია გამოაცხადებდა ერთი კორპუსის მშენებლობას, გააკეთებდა მასშტაბურ ტელერეკლამას, მშენებლობის დაწყებამდე ბინების დიდ ნაწილს გაყიდდა, წინასწარ აღებულ თანხას ისევ ახალი პროექტების რეკლამირებას მოახმარდა და, ფაქტობრივად, ისევ ჰაერს გაყიდდა. "ცენტრ-პოინტის" თაღლითური სქემის ერთ-ერთი მახასიათებელი, კანონის ენაზე თუ ვიტყვით, ცრუმაგიერი კომპანიების შექმნაა, რომელთა რჩეულიშვილებთან კავშირი აშკარად დასტურდება. ყველა ამხანაგობა თუ შპს, რომლებთანაც ხელშეკრულებები გავაფორმეთ ("ცენტრ-პოინტ ჯგუფის" მითითებით), ფაქტობრივად, ცრუმაგიერი ფირმებია. ამას ადასტურებს ის, რომ დღეს ამხანაგობებისა და შპს-ების ყველა დირექტორის უფლებამოსილება მინდობილობით გადაცემული აქვს "ცენტრ-პოინტის" დირექტორსა და "დექსუსის" (კომპანია, რომელსაც "ცენტრ-პოინტმა" მართვის უფლება დროებით გადასცა) ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას. ე. ი. მენაშენეთა ხელშეკრულებები გაფორმდა ამხანაგობებსა და შპს-ებთან, ხოლო თანხის შეტანა დაგვევალა ,,ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში", რომლის დირექტორიც ასევე რჩეულიშვილების  ნათესავია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ცენტრ-პოინტს" არც მშენებლობის ლიცენზია ჰქონდა და "სხვას" უკვეთდა მშენებლობას, რომელსაც თავად მართავდა. "ცენტრ-პოინტმა" თაღლითური საქმიანობა ასე დაიწყო: თანდათან შეიქმნა მის ჯგუფთან არსებული პატარ-პატარა (არცთუ დიდი კაპიტალის მქონე) კომპანიები, რომელთაგან 22-ზე ინფორმაცია მოვიპოვე. დამფუძნებლებად ყველგან თითქმის ერთი და იგივე გვარები ფიგურირებს. ზოგიერთი კომპანია უკვე ლიკვიდირებულია. ამ შემთხვევაში წვრილ-წვრილი ფირმების შექმნა თაღლითური სქემის აუცილებელი პირობაა, რათა დაზარალებულთა პრეტენზიები და ფინანსური ზარალი ცალ-ცალკე იქნეს განხილული, ერთად არ დაანგარიშდეს. მეტწილად  ამ კომპანიების ქონების გაყიდვა მოქალაქეებს  ზარალს ვერ აუნაზღაურებს (სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ პროკურატურა იმითაც დაინტერესდება, უხდიდნენ თუ არა ეს წვრილ-წვრილი კომპანიები სახელმწიფოს გადასახადებს).

2006 წელს გადავწყვიტე ბინის აშენება და მივმართე "ცენტრ-პოინტის" გაყიდვების მენეჯერს, რომელმაც ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-სთან გამგზავნა და გავხდი მისი რიგითი წევრი. გამიფორმეს ხელშეკრულება, გამიწერეს გრაფიკი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დიდი პირგასამტეხლო უნდა გადამეხადა. გრაფიკით გათვალისწინებული თანხები პირნათლად, დაუგვიანებლად გადავიხადე, - 71 ათას 380 დოლარი რჩეულიშვილების "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში" შევიტანე.

2007 წლის ბოლოს ბინა უნდა მიმეღო, მაგრამ მშენებლობა დასრულებული არ იყო, რამდენიმე სართულიღა აკლდა. კომპანიაში მთხოვეს, ოღონდ არ გვიჩივლოთ და ბინას კიდეც გაგირემონტებთო. დავთანხმდი და დაპირება ხელშეკრულებაშიც აისახა. მერე კი რაც მოხდა იცით, - 2010 წელს ამხანაგობებმა და შპს-ებმა, რომელთანაც ხელშეკრულებები გვქონდა დადებული, ჩვენს დაუკითხავად უფლებამოსილება "ცენტრ-პოინტს" გადასცეს, მან კი "დექსუსს" გადააბარა (მისმა დირექტორმა ივანე ცაგურიამ მართვის უფლების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებთან ერთად დააფუძნა "დექსუსი", რომლის საწესდებო კაპიტალი 100 ლარით იყო განსაზღვრული). ტელეარხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დექსუსს" 350-მილიონიანი ინვესტიცია უნდა მოეზიდა, რაც მორიგი ბლეფი აღმოჩნდა. შევხვდი "დექსუსის" ერთ-ერთ დამფუძნებელს და ვკითხე, თუ მართლაც მოგებაზე ორიენტირებული კომპანია ხართ და არა თაღლითური გარიგების მონაწილე, მაშინ რა თანხით განისაზღვრება თქვენი პირადი შენატანი ამ ბიზნესში-მეთქი? ჩემი პირადი შენატანი მხოლოდ ინტელექტიაო, - მიპასუხა ამაყად.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ივანე ცაგურიამ  ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის და შპს "ცენტრ-პოინტის" მინდობილი პირის სახელით შეტყობინება გამომიგზავნა და ახალი პირობები შემომთავაზა, - ყოველ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი უნდა დამემატებინა და გადამეხადა საერთო თანხის 18%, რაც თურმე Dდღგ-ის გადასახადის დაფარვას გულისხმობდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ წინადადებას არ დავთანხმდებოდი, "დექსუსი" ფართის რეალიზაციის უფლებას იტოვებდა, საიდანაც მიღებულ თანხას შემცირებული ოდენობით გადამიხდიდა. დავიანგარიშე ყველაფერი და გამოვიდა, რომ "დექსუსი" უკეთეს შემთხვევაში 71 ათასი დოლარიდან მხოლოდ 30 ათასს დამიბრუნებდა. ეს კაბალური, უფრო მეტიც, დანაშაულებრივი წინადადება იყო.

"დექსუსი" გარდა იმისა, რომ სრულიად უგულებელყოფდა პირვანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, დღგ-ის გადახდის ვალდებულებასაც უკანონოდ მაკისრებდა. ამიტომაც საგადასახადო სამსახურს მივწერე წერილი, რომლის პასუხითაც გაირკვა, რომ 2009 წლამდე შექმნილ ამხანაგობებზე 18%-იანი დღგ-ის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი არ მოქმედებდა.

რაც მთავარია, იმ თანხაში, რომელიც ჩვენ "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში" შევიტანეთ, ყველაფერი იყო გათვალისწინებული, მოგების გადასახადის ჩათვლით. ამ საქმეში სისხლისსამართლებრივი დანაშაულიც აღმოვაჩინე. სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლში განმარტებულია, რას ნიშნავს ცრუმაგიერი მფლობელობა და რა სასჯელით კვალიფიცირდება. რჩეულიშვილებს თანხების მითვისებაც უმტკიცდება. სააკაძის მოედანზე, მერიის უკან, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწებზე საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ობიექტები უნდა აშენებულიყო. ფართები დაყოფილი იყო ბლოკებად. მაგალითად, ნახევრად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მე ბინა უნდა მიმეღო, ხელშეკრულებაში მე-10 ბლოკში იყო აღრიცხული. მშენებარე ობიექტი არქიტექტურის სამსახურის რუკაზეც არის აღნიშნული. ეს ბლოკები (შესაბამისი ფართებით) საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდი "021"-ით იყო აღრიცხული.

ახლახან გაირკვა, რომ  საკადასტრო კოდი "021" ორად, "095" და "094" კოდებად გაიყო. "095" კოდით აღრიცხული ფართები გასხვისდა შპს "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციებზე", რაც იმას ნიშნავს, რომ მერიის უკან 1700 კვადრატული მეტრი მიწა თვალსა და ხელშუა აგვაცალეს, რაც საბაზრო ფასით დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების ქონებაა. არ გაინტერესებთ, ვინ დგას შპს "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების" უკან? ისევ და ისევ "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე ცაგურიაა მისი დირექტორი, დამფუძნებელი კი საზოგადოება "ფროფერთი ინვესტია". თავის მხრივ, "ფროფერთი ინვესტის" დირექტორი ისევ ცაგურიაა, დამფუძნებელი კი ვახტანგ რჩეულიშვილი!

ე.ი. ისევ რჩეულიშვილმა აგვწაპნა მიწა. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ?!

მე კი ერთი უწყებიდან მეორეში დავდივარ და ვარკვევ, სად გაქრა ის მე-10 ბლოკი, სადაც ხელშეკრულების თანახმად საცხოვრებელი ბინა უნდა მიმეღო? ჯერჯერობით პასუხს ვერავინ მცემს. პირიქით, სოციალურ ქსელში დამემუქრნენ კიდეც, გამაფრთხილა უცნობმა პირმა, რომელიც თავს ვახტანგ რჩეულიშვილის მეგობრად აცხადებს. მესიჯი დაახლოებით ასეთია, - თუ ამ ამბის ქექვას არ შეეშვები, სადაც უნდა იყო, მოგძებნიანო. დანარჩენი სამართალდამცავებმა გაარკვიონ.

მე, როგორც მოქმედი ადვოკატი, პატივს ვცემ ზურაბ ადეიშვილს, ის პროფესიონალი იურისტია და იმედია, ჩვენი დოკუმენტებით დაინტერესდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაირკვეს, სად წავიდა 6200 კაცის ფული? თანაც, "ცენტრ-პოინტი ჯგუფს" ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები პირნათლად რომ შეესრულებინა, ბიუჯეტში (მოგების გადასახადის ჩათვლით) ხომ მეტი თანხა შევიდოდა.

(გაგრძელება იქნება)