დიპლომატები ქართულად აცეკვდნენ... - კვირის პალიტრა

დიპლომატები ქართულად აცეკვდნენ...

"თბილისი ჩვენი სიყვარულის ქალაქია"

ამას წინათ სტოკჰოლმის ერთ-ერთ გარეუბანში გამართულ ქორწილში ქართული საცეკვაო მუსიკა ჟღერდა, ნეფე-პატარძალი კი სტუმრებს ქართული ცეკვით აწონებდა თავს. ეს ამბავი განსაკუთრებულია იმით, რომ სიძეც და პატარძალიც შვედები არიან, საქართველოში შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეას ტუბესსონი და მისი მეუღლე ჯენი. ქართული ცეკვა საგანგებოდ შეისწავლეს თბილისში, სტილიზებული ფოლკლორის თეატრის "ნაბადის" ხელმძღვანელ ნინო ტურაბელიძესთან.

ბატონ ელჩსა და მის მომავალ მეუღლეს სტოკჰოლმში გამგზავრებამდე "ნაბადის" სარეპეტიციო დარბაზში შევხვდი, გატაცებით ცეკვავდნენ ქართულს, როგორც თვითონ უწოდებენ, მარადიული სიყვარულის ცეკვას. ანდრეასი და ჯენი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ ინტერვიუზე.

ანდრეასი: - ჯენი კარგა ხანია სწავლობს ქართულ ცეკვებს. ერთხელ ვნახეთ ქართულ ქორწილში, როგორ ცეკვავდა ნეფე-დედოფალი და ისე მოგვეწონა, ჩვენც მოგვინდა, შეგვესრულებინა.

ჯენი: - 6 თვეა, ამ დარბაზში დავდივარ. უკვე რამდენიმე ქართული ცეკვა ვიცი. არ გაგიკვირდეთ და, შვედური ხალხური ცეკვები არ ვიცი. ჩვენთან ფოლკლორი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც საქართველოში, ძალიან მომწონს აჭარული და ოსური. ლამაზი და მოხდენილი ცეკვებია.

ანდრეასი: - საქართველოში კიდევ წელიწად-ნახევარი მოგვიწევს ყოფნა და ქართულ ცეკვებს და ზოგადად ფოლკლორს უკეთ გავიცნობთ.

- ერთმანეთი თბილისში ჩამოსვლამდე გიყვარდათ?

ანდრეასი: - ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით, მოსკოვში, თბილისში ჩამოსვლამდე მხოლოდ ნაცნობები ვიყავით. აქ ჩამოსვლისას კი ერთმანეთი შეგვიყვარდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ თბილისი ჩვენი სიყვარულის ქალაქია.

- ქორწილი სად გექნებათ?

ჯენი: - სტოკჰოლმის გარეუბანში. მაგრამ როდესაც თბილისში  ჩამოვალთ, აქაც აღვნიშნავთ დაქორწინებას და ჩვენი სტუმრები ქართველებიც იქნებიან.

ანდრეასი: - ძალიან გვიყვარს თბილისი, კიდევ სტეფანწმინდის გერგეთის სამების ტაძარი, სადაც ისე კარგად ვიგრძენით თავი, რომ გადავწყვიტეთ ქართული ენაც შევისწავლოთ. სიმღერაც ძალიან მოგვწონს... ძალზე რთული შესასრულებელია.

ანდრეასი და ჯენი ერთადერთი უცხოელი წყვილი არ არის, რომელიც ქართულ ცეკვებს სწავლობს. როგორც "ნაბადის" ხელმძღვანელი ნინო ტურაბელიძე ამბობს, უცხოელები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ცეკვებს და ქართულ ნაციონალურ სამოსსაც იკერავენ.

ნინო ტურაბელიძე: - უკვე ერთი წელია ჩვენთან სხვადასხვა საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სწავლობენ ქართულ ხალხურ ცეკვებს.  სპექტაკლების ნახვის შემდეგ უცხოელი სტუმრები კულისებში გვაკითხავენ და ინტერესდებიან, როგორ შეიძლება ქართული ცეკვის ილეთების შესწავლა. განსაკუთრებით შვედები აქტიურობენ. ელჩი და მისი მეუღლე პირველი შვედი წყვილი როდია. ჩვენთან ცეკვავდა ასევე შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ძალიან ლამაზი გოგონა, რომელმაც ერთი შვედი ახალგაზრდა აქ გაიცნო და ერთმანეთი შუყვარდათ. მათაც გადაწყვიტეს, რომ თბილისში დაბადებული სიყვარულის პატივსაცემად ცეკვა "ქართული" შეესწავლათ.

უცხოელ მოცეკვავეთა შორის ასევე გამორჩეულია იაპონიის საელჩოს თანამშრომელი გოგონა, რომელიც მეექვსე თვეა ცეკვას სწავლობს და ქართული ნაციონალური კოსტიუმების შეკერვაც გადაწყვიტა.

ხშირად არც ვკითხულობთ, ვინ ვინ არის, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთი საზრუნავი გვაქვს, ვასწავლოთ ჩვენი ხელოვნება.

ერთი შვედი ქალი სწავლობდა ქართულ ცეკვებს. 8 თვის ორსული ისეთი მონდომებით ცეკვავდა მთიულურს და ისეთ ჩაკვრებს აკეთებდა, რომ გული მიჩერდებოდა შიშით, ნაადრევი მშობიარობა არ დაეწყოს-მეთქი. მოკლედ, ცეკვა-ცეკვაში გააჩინა შვილი.

- ქართველები ინტერესდებიან ხალხური ცეკვების შესწავლით?

- ბევრია ისეთი, ვისაც ქორწილისთვის უნდა ქართული ხალხური ცეკვის შესწავლა. მომრავლდა ჩოხიანი სიძეებიც, რაც ძალიან სასიხარულოა.

ახლო მომავალში ვაპირებთ ორიგინალური პროექტის განხორციელებას, ჩვენს მოწაფე უცხოელებთან ერთად წარმოდგენებს დავდგამთ. ისინი ჩვენს ცეკვებს შეასრულებენ, ჩვენ კი მათ ფოლკლორს შევისწავლით.

საქართველოში ბევრი საელჩოა აკრედიტებული და გაგვიჭირდება ყველა ქვეყნის ცეკვების მოკლე დროში შესწავლა, მაგრამ ნელ-ნელა ამ პროექტს მოვამზადებთ.

"ნაბადს" შვედეთის ელჩის დაქორწინებამდე ორი შვედი მუსიკოსიც სტუმრობდა. შვედეთის სამეფო კოლეჯის პედაგოგებმა, ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლებმა ემილი დურმა და იოჰანეს იაკობსონმა და მათმა ქართველმა კოლეგებმა ჯერ გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, შემდეგ კი "ნაბადში" ერთობლივი კონცერტიც გამართეს. მაყურებლის აღფრთოვანება ერთობლივმა ნომერმა გამოიწვია. ქართველმა მუსიკოსებმა შვედურ მუსიკას ისე ააყოლეს ქართული აკორდები, თითქოს მუსიკა და ტექსტი სწორედ ერთმანეთისთვის იყო დაწერილი.