"ილია მღერის: - ვაჰმე!.." - კვირის პალიტრა

"ილია მღერის: - ვაჰმე!.."

ილია ჭავჭავაძე დღემდე მტკივნეულ თემებად დარჩენილ საქართველოს წყლულებზე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ეძებდა სალბუნს და ამიტომაც გახდა საქართველოს "სული თანამდევი"... როცა ილიაზე ვფიქრობთ და ვწერთ - სამშობლოში ვართ, სამშობლოსთან ვართ...

მაინც რა გულსაკლავი იყო ის ტრაგიკული, სამარცხვინო 1907 წლის 30 აგვისტო!

ილია მეუღლესთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა დახვდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი). იარაღით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე - ილია ვარ, არ მესროლოთო! ბერბიჭEაშვილმა - ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო და იჭექა თოფმა...

ილიას სიკვდილი საქართველოს სირცხვილად იქცა,  ილიას  ხომ ქართველებმა ესროლეს... ისინი იქცნენ საქართველოს უფსკრულებადაც, რომელთა ამოვსება, გაღმა ნაპირზე გასვლის მსურველი საქართველოსათვის დღემდე შეუძლებელია... ყოველ წელს უნდა თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი მიწა მივიტანოთ და ჯერ კიდევ ძირი რომ არ უჩანს, ისეთ უფსკრულად ქცეული ტკივილის ამოვსება ვცადოთ. და თუ ჩვენ ბიბლიოთეკაში - ჩვენ რჩეულ წიგნებში უნდა აუცილებლად გვქონდეს რამე - ეს ილიას შემოქმედებაა - ის არის საყრდენიცა და საშენიც, შესამეცნებელიცა და საჯილდაოდ ქცეული ქვაც...

ერთხანს, მას მერე, რაც წიწამურთან ილიას ძეგლსა და მისკენ მიმავალი კიბის სავალალო მდგომარეობაზე დავწერეთ "კვირის პალიტრაში", გამოცოცხლდა საზოგადოება. ტელეკამერებით მიდიოდნენ და ასუფთავებდნენ, გულისშემძვრელ სიტყვებსაც ამბობდნენ... გავიდა ხანი და ისევ... იგივე კიბე, იგივე მიტოვებულობის და უსუფთაობის განცდა, იგივე მივიწყება... რატომ? იმიტომ, რომ მთავარი ილიას ძეგლისკენ მიმავალი კიბე კი არა, ის კიბეა, რომელსაც ილიასკენ მივყავართ, რომელზეც ასე მარტივად ვერ აირბენ-აიკუნტრუშებ... ამ კიბის  წინ კი დიდი უფსკრული გავაჩინეთ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წამებულმა ამბროსი ხელაიამ ამ სიტყვებით გააცილა დიდი ილია: "არა გვყავს ილია ჭავჭავაძე - მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით... თუმცა დასდუმდნენ მჭევრმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭევრმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა... მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმართ დრო-ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი? თუკი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის... მზა არს მისთვის "გვირგვინი... გვირგვინი უკვდავებისა...

შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზზედ. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლოს აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი, მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის შეძლება. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო, ილიავ!"

"ეროვნულ ტრაპეზზედ" განა ცოტანი შეწირულან? მაგრამ ერთი უბედურება გვჭირდა - სმა-ჭამის და ძღომის მოყვარულები მრავლად გვყავდა, სულ სხვა თარგით რომ სჭრიდნენ და კერავდნენ. ილია ამბობდა: "რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის...

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"...

ესენი კი თავის გულებში პასუხობდნენ, ისედაც გახარებულები ვართ: ადგილი კარგი გვაქვს, ცხოვრება - კიდევ უკეთეს, ფული - ბლომად, ძალა - ჭარბად, სიამოვნება - გაუნელებლადო! სხვები გამოსავალს პოულობდნენ: ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, აბა ჩვენ რა შეგვიძლია, ისევ თავი დავაქნიოთ, ვასიამოვნოთ და ასე გადავრჩეთო...

ვასილ ბარნოვი წერდა: "ჩვენთვის ილია იგივე საქართველო იყო... მეტადრე ღრმად მოქმედობდა ჩემზედ მისი მსჯელობა. ჰაზრთა წყობა... ძნელი იყო ილიასთან კამათი. ის უფრო ართულებდა მასთან ჰაზრთა ჭიდილს, რომ მარჯვედ იჭერდა მეტოქისაგან ნატყორც საბუთს, თავისებურად არკალებდა მას და შეუბრუნებდა მასვე, მისივე ფანდით აჯანჯღარებდა მოპირდაპირეს, მისივ იარაღით არყევ-აქანებდა, მუხლზედ დასცემდა.

მაგონდებოდა ხალხური თქმა: მიდის გმირი უიარაღოდ:

- გამარჯვება, აღსართან!

- გაგიმარჯოს!

- სად მიხვალ?

- საომრად.

- იარაღი?!

- მტერი მოიტანს!"

იქნებ ჩვენი სისუსტე იმაშია, რომ დახვედრა ვერ ვისწავლეთ, მტრის მოტანილ იარაღს ჩვენად კი არ ვიყენებთ, ჩვენსას ვახვედრებთ მტერს გამოსაყენელად...

"ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, მისი დამკარგავი"... თუმცა არსებობს ერთი გზა, რომელიც გაპოვნინებს, თავზე ნაცარს არ წაგაყრევინებს - გზა ილიასი, კიბე მისკენ მავალი - მისი დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა.