"სადედამთილომ დამიწუნა - ჩემი რძალი და ტრამვაის მძღოლიო?" - კვირის პალიტრა

"სადედამთილომ დამიწუნა - ჩემი რძალი და ტრამვაის მძღოლიო?"

ძმაკაცებს გადაყოლილი მანიკიურიანი"კაცი"

მადონა ნაროუშვილს ქალისათვის ერთობ უცნაური პროფესია აქვს - მძღოლია. 30 წლის წინ სენაკიდან თბილისში ჩამოვიდა, მამას სურვილი შეუსრულა - ტრამვაის საჭესთან დაჯდა  და, როგორც ამბობს, ცხოვრების გზას ახლა რომ ირჩევდეს, არაფერს შეცვლიდა.

- 30 წელია, "რული" ხელიდან არ გამიშAვია,  ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგიც ვნახე და ცუდიც. ახლა ტრამვაი ისტორიას ჩაჰბარდა და ავტობუსი დამყავს. როგორც კი სამუშაო საათები მთავრდება და ავტობუსს ავტოპარკში ვაჩერებ, გული მწყდება, თითქოს განშორება არ მინდა... ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მაშინაც კი, როცა დასვენების დღე მაქვს, ძმაკაცებს ქეიფიდან გამოვეპარები, ვჯდები ჩემს ოპელ ვექტრაში და ქალაქის ქუჩებში დავდივარ.

- ასეთი სიყვარული ცოტა ახირებას ხომ არ ჰგავს...

-  ჯერ კიდევ ბავშვს მამა სულ ბიჭის საქმეს მაკეთებინებდა. როგორც კი ქალის საქმეს მოვკიდებდი ხელს, დედაჩემსა და ჩემს დაზე მიმითითებდა - ქალები სახლში არიანო. ასეთი აღზრდის გამო ბიძების საყვედურზეც ერთი პასუხი ჰქონდა - თქვენ ოთხი ბიჭი  გყავთ და მე არც ერთი, მაგრამ  ჩემს გოგოსთან ახლოსაც ვერ მოვლენო. სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა - მადონა მძღოლი უნდა გამოვიდესო და მეც, ალბათ, ეს სიტყვები ჩამრჩა მეხსიერებაში.

სამწუხაროდ, მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა და კაცის საქმე მე დამაწვა კისერზე, თუმცა ახალგაზრდობა რომ   დამიბრუნდებოდეს, მაინც არაფერს შევცვლიდი.

- ძმაკაცები ახსენეთ... ბევრი მეგობარი გყავთ?

- ძალიან ბევრი. ისინი ქალად არც მთვლიან, უყვართ ჩემთან მოლხენა, მაგრამ რომ დალევენ, ჩემი დასაბინავებლები ხდებიან. მეუღლეებიც მშვიდად ჰყავთ - თუ მადონაც მანდ არის, მაშ, ყველაფერი კარგად იქნებაო.

ადრე 5 ლიტრ ღვინოს ვსვამდი, მეორე დღეს კი არაფერი მაწუხებდა - არც ვამხელდი, რომ დავლიე და არც მეტყობოდა. ახლა ერთ-ორ ჭიქა კარგ ღვინოს თუ დავლევ და ეგ არის. აბა, Nნასვამი საჭეს ხომ არ მივუჯდები...

- ნასვამი მგზავრები ხშირად შეგხვედრიათ?

-  ვერ ვიტან უხეშობას. 24 წლისა ტრამვაის საჭესთან დავჯექი. ხომ წარმოგიდგენია, რა იქნებოდა?.. ერთი ნასვამი ბიჭი მოვიდა და ფლირტი დამიწყო. თავი დამანებე, ვმუშაობ-მეთქი, იმან კი, რა იყო, რას იპრანჭები, თავი ვინ გგონიაო.“

უცებ მარჯვენა ბარძაყთან სითბო ვიგრძენი, დავიხედე - სისხლი მომდის; მივხვდი, რომ დამჭრა. მეც, არც ვაციე და არც ვაცხელე, გავაჩერე ტრამვაი, მივათრიე უკანა კართან და რაც ძალი და ღონე მქონდა, წიხლი ვურტყი. მერე კარი გავაღე და ტომარასავით გადავაგდე.

ასეთი შემთხვევა ხშირად მქონია. წინათ რატომღაც ქალს საჭესთან რომ დაინახავდნენ, ცუდი აზრები მოსდიოდათ თავში. ახლა ავტობუსზე ვზივარ. მგზავრი რომ დაინახავს, საჭესთან ქალია, ერთი გაჩვენათ, როგორ მიღიმის.

...ერთხელ ერთი ქალბატონი ამოვიდა მუსკომედიის თეატრთან და მკითხა, ხომ მიდის ეს ავტობუსი სადგურის მოედანზეო. ვუპასუხე, კი, დეიდა, მიდის-მეთქი. 3-4-ჯერ გამიმეორა კითხვა და ჩემგანაც პასუხი რომ მიიღო, თავის ზურგს უკან მდგომ ახალგაზრდა ქალს განწირული ხმით უკივლა, შენ კი არა, მძღოლს ვეკითხები, დაეტიე შენს ადგილზეო. სარკეში დავინახე, მგზავრები გულიანად იცინოდნენ და ჩემზე ანიშნებდნენ, სწორედ ის ქალბატონი მძღოლი გპასუხობდათო. ბოლო გაჩერებაზე იმ ქალბატონმა დარცხვენილმა  მომიბოდიშა. ისე, მირჩევნია, კაცივით ვიყო ჩაცმული, ასე უფრო მოსახერხებელია  საჭესთან დომა.

ერთხელ ჩემი  მანქანით იგოეთში მივდიოდი. ახლობლის მანქანა დავინახე გაჩერებული. გადმოვედი. დახმარება უნდოდა, თან სალონში პატარა ბავშვიც ჰყავდათ. რამდენიმე წუთში, როგორც კი პრობლემა მოვაგვარეთ, მესმის, ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნება - ვაიმე, რა კარგი კაცია, როგორ დაგვეხმარაო. მეორემ კიდევ -  უფრო კარგი იქნებოდა, მანიკიური რომ არ ესვასო. მანქანის პატრონი, ჩემი ახლობელი, საბურავთან იყო ჩაცუცქული და სიცილით იგუდებოდა. ბოლოს როგორც იქნა, ამოთქვა, მოდი, გოგო აქ, ხომ ხედავ, შენმა მანიკიურმა გაგყიდაო.

- ქალბატონო მადონა, მითხარით, უხეშ მგზავრებს ადვილად ვიგერიებდიო; თაყვანისმცემლების საქმე როგორღა იყო?

- სადედამთილომ  დამიწუნა - ჩემი რძალი და ტრამვაის მძღოლიო? ჩემმა“გულის სწორმაც მხარი აუბა. ძალიან განვიცადე, შეურაცხყოფილი ვიყავი. ხომ გითხარით, მამა ადრე გარდამეცვალა, ოჯახის ტვირთი მე დამაწვა, დამოუკიდებლობას შევეჩვიე. დაც ახალგაზრდა გარდამეცვალა და სამაგიეროდ, მისი ქალიშვილი გავზარდე. ბულგარეთში დასასვენებლად ყოფნის დროს 16 წლის მომტაცეს, თორემ აქ ვინ რას გამიბედავდა? ახლა შვილიშვილიც მყავს, კარგი სპორტსმენი დადგება, მგონი.

ისე, საოჯახო საქმეების კეთებაც შემიძლია - კერვა, ქსოვა, ნამცხვრის გამოცხობა. სენაკის ხალიჩების საქსოვ კომბინატში ვმუშაობდი, ვეებერთელა დაზგებზე ხალიჩებს ვქსოვდი, მაგრამ კიდევ კარგი, ის კომბინატი დაიშალა. ერთი და იმავე გარემოს ყურება ცუდად მხდის. 1.000-ლარიან სამსახურშიც კი 15 დღეზე მეტხანს ვერ გავძლებ. სახლში არაფერს მაკეთებინებენ, მაგრამ რაიმეს გაკეთებამ თუ მომიწია,  იმდენს  ვბუზღუნებ, ურჩევნიათ, თავი დამანებონ. სამაგიეროდ, ბუნებაში მწვადის გემრიელად შეწვა შემიძლია. ბოსტანში გავთოხნი, დავთესავ, კედლებს გავლესავ, კაფელს ავაკრავ,”"რასტვორსაც" მოვზელ, ოღონდ საჭმელს ნუ გამაკეთებინებ...

- თქვენს დისშვილსაც რომ მძღოლის პროფესია აერჩია?

- არ დავუშლიდი, პირიქით, მარტო ჩემს დისშვილს კი არა,

ყველა ქალს ვთხოვდი, საოჯახო საქმეებსაც მიხედეთ და საჭესაც მიუსხედით-მეთქი. მეც Bბევრი კოლეგა  მეგობარი გამომიჩნდებოდა და ამდენ კაცებში მარტოც აღარ ვიქნებოდი.

გურამ სოზაშვილი