აზარტის მსახურები - კვირის პალიტრა

აზარტის მსახურები

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #7-8)

"ქალი ლუდომანები აუცილებლად ბრუნდებიან შურისძიებისთვის"

კრუპიე, ანუ თამაშის წამყვანი, კაზინოში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ამ პროფესიის ადამიანებს სხვაგვარად აზარტის მსახურებსაც უწოდებენ. მათი სამუშაო ადგილი სათამაშო მაგიდაა, მოვალეობა კი მოთამაშეების დამარცხება. კლიენტების გასაგონად ისინი არასდროს მიმართავენ ერთმანეთს სახელით, ყოველთვის მოკრძალებული მანიკიური - მოკლე ფრჩხილები აქვთ და არც ერთი ჯიბე სამოსზე.

მოქმედ კრუპიეს ეკრძალება სხვა კაზინოში თამაში და მასმედიასთან ურთიერთობა. პირველი აკრძალვის მიზეზი ის არის, რომ კაზინოშიI თამაში თამაშდამოკიდებულებას იწვევს, ამას მოჰყვება ცდუნება, ვალები... როგორც ჩანს, ამისგან არც კაზინოს თანამშრომლები არიან დაზღვეული, ამიტომ აზარტული თამაშების დაწესებულება ამ აკრძალვით თავის თანამშრომლებს აზღვევს. რაც შეეხება ჟურნალისტებთან ურთიერთობას, არავის სურს იმის გასაჯაროება, რა ცოდვა-მადლი ტრიალებს მსგავს დაწესებულებებში.

ხატია (ყოფილი კრუპიე): "როცა კაზინოში იწყებ მუშაობას, თავიდანვე გაფრთხილებენ, რომ არავითარი ინტერვიუ, რადგან ეს არის დახურული ზონა, საიდანაც ინფორმაციის გატანა არ შეიძლება. თავადაც ჭაობს ეძახიან. როცა მივედი, მითხრეს: რადგან მოხვედი, ჩათვალე, აქ ხარ დარჩენილიო. ძალიან გამიკვირდა, რადგან მივედი იმ განზრახვით, რომ ეს ჩემთვის დროებითი სამუშაო იქნებოდა. საქართველოში 90-იანი წლების მიწურული იყო, კაზინოში კი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას გთავაზობდნენ, - თვეში დაახლოებით 500 დოლარს. მაგრამ ამას წინ უძღოდა ბრძოლა საკუთარ თავთან. იმ დროს სამარცხვინო იყო კაფეში, ბარსა და რესტორანში მუშაობა, კაზინოში - მით უმეტეს. მე რამდენიმე წლით წინ გავიხედე: ჯერ ერთი, დარწმუნებული ვიყავი, რომ 2-3 წელში ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება კაზინოს პერსონალის მიმართ აღარ იქნებოდა, ფინანსურ მდგომარეობასაც გავიუმჯობესებდი და სწავლასაც დავამთავრებდი. დაახლოებით 15 კაცი მაინც ვიყავით შესარჩევ კონკურსზე. აქედან უმეტესობა დღისით სწავლობდა, ღამით კი კაზინოში უნდა ემუშავა. მახსოვს, ერთIი სტომატოლოგი იყო და კაზინოში მუშაობით უნდოდა სტომატოლოგიური კაბინეტი გაეხსნა. იყო სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც ფული სწავლის დასამთავრებლად სჭირდებოდა.

თბილისის ერთ-ერთ კაზინოში კრუპიეების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობმა მიმიყვანა, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები იყო კანდიდატების შესარჩევად: მაღალი ინტელექტი, სწრაფი ანალიზის უნარი, კარგი მეხსიერება, რკინის ნერვები და ნებისყოფა. გავიარე სწავლების კურსი, სხვათა შორის, სერტიფიკატიც მაქვს.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ასეთი გამოცდა ტარდება:

დაგაყენებენ რულეტთან ზურგით და ზეპირად უნდა იცოდე, რომელ უჯრაში რა რიცხვები წერია. "ფიშკების" აკრეფა, შაფლის გაკეთება (ბანქოს აჩეხის ტექნოლოგია) - ამ ტექნიკური საკითხების შესწავლას რომ მოვრჩით, ჩვენმა მასწავლებელმა, რომელსაც ჯუმბერი ერქვა, გამოცდილი მოთამაშე და პიტ-ბოსი იყო, ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩაგვიტარა. მახსოვს, რომ ვუსმენდი, რამდენჯერმე გავიფიქრე: ნეტავ რას ბოდავს-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მუშაობას შევუდექი, მივხვდი, რომ ჯუმბერი მართალი იყო.

გვიხსნიდა, რომ კრუპიეს წარმატებული თამაში მის ენერგეტიკასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული და რომ ზემოდან უნდა გრძნობდე ამ ენერგეტიკას. შემდეგ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ წარმატებულ "პალასაზე დაჯდე" და მოწინააღმდეგე დაამარცხო. თუ "ფუჭდები", ანუ "პალასა გიფუჭდება", მაგალითად, ზედიზედ ოთხი ხელი წააგე, მაგიდა უნდა დატოვო, რადგან ეს ნიშნავს, რომ "პალასიდან გადმოვარდი" და სათამაშო მაგიდა სხვა კრუპიეს უნდა დაუთმო.

დაახლოებით ორ თვეში დავეუფლე კრუპიეს პროფესიას. მახსოვს, როგორ ვინერვიულე, როცა პირველად გავედი სათამაშო მაგიდასთან. რა თქმა უნდა, პიტ-ბოსი შორიახლო ტრიალებდა და შეცდომის დაშვების უფლებას არ მომცემდა. სიტყვასიტყვით მახსოვს, როგორ გამამხნევა თამაშის დაწყების წინ: არა უშავს, ერთხელ ჩაისველებ, მერე კი ეს ყოველდღიურობად გადაგექცევაო. მართლაც ასე იყო, ვინერვიულე, მაგრამ როგორც კი ის დღე დასრულდა, თამაში ჩემთვის ჩვეულებრივ სამუშაოდ იქცა.

პირველი თამაშიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, საკუთარი თავი დავიჭირე იმაზე, რომ მსიამოვნებდა მოგება. რა თქმა უნდა, ამაში ფინანსური დაინტერესებაც იყო, რადგან განსაზღვრული პროცენტი გვეკუთვნოდა ყოველი მოგებული თამაშიდან, მაგრამ ფული იმდენად არ მახსოვდა, რამდენადაც თამაში და შესაბამისად, მოგება მოთხოვნილებად მექცა. მაშინ მივხვდი, რატომ ხდებიან ადამიანები ლუდომანები. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ ეს სურვილი დამეძლია. ფსიქოლოგიურად არ დავუშვი, რომ ეს გამხდარიყო ჩემი საქმე, რადგან ვიცოდი, ცხოვრების სხვა გზა მქონდა არჩეული.

- მოთამაშესთან ურთიერთობის უფლება აქვს კრუპიეს?

- არავითარ შემთხვევაში, რადგან ის არის შენთვის ობიექტი, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ფული უნდა წაართვა. თუმცა, მე ზოგჯერ ვარღვევდი წესებს და თუ ვხედავდი, რომ ადამიანი პირველად შემოდიოდა კაზინოში და ის-ის იყო იწყებდა თამაშს, აუცილებლად ვურჩევდი, მეორედ აღარ მოსულიყო. სხვათა შორის, ზოგი აღარც ბრუნდებოდა. ერთი მოგვიანებით შემხვდა ქუჩაში, უკვე აღარ ვმუშაობდი კრუპიედ. აღარც მახსოვდა, სამაგიეროდ, მას ვახსოვდი და მითხრა, თქვენი დიდი მადლობელი ვარო. ჯერ ვერაფრით მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგ გამახსენა: მე თქვენ გადამარჩინეთ ისეთ საშინელ სენს, როგორიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებააო. გამიხარდა, რადგან ის ერთი ადამიანი მაინც გადავარჩინე ამ საშინელებას. სათამაშო მაგიდას რომ მიუსხდებიან, სულ სხვა სამყარო, სხვა ცხოვრება იწყება. იქ მათთვის არც ქალი არსებობს და არც კაცი, არსებობს მხოლოდ კრუპიე და მოთამაშე.

ჩემი ყოფილი კლიენტები ხშირად მინახავს მშრალ ხიდთან. განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა არ დამავიწყდება, მშრალ ხიდზე დადიოდა, გულზე ტრაფარეტი ეკიდა, სადაც ეწერა: "სასწრაფოდ ვყიდი სახლს". ამ სურათმა შემძრა. სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ბევრი იყო. კარგავდნენ ყველაფერს, მათ შორის - ადამიანის სახესაც. ცოლები ქმრებს კაზინოში ეძებდნენ. ზოგჯერ ხუთი დღე-ღამე არ გადიოდნენ კაზინოდან.

კრუპიეები ვიცვლებოდით, მივდიოდით სახლში, რამდენიმე დღის შემდეგ ვბრუნდებოდი სამსახურში და ის მოთამაშეები ისევ სათამაშო მაგიდასთან გვხვდებოდნენ. წვერმოშვებული, მოუწესრიგებელი, გამოუძინებელი სახეების დანახვისას აშკარა იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში კაზინოდან არ გასულან. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანი სახეს კარგავს. იქ ვერ ითამაშებ. იქ ის ხარ, ვინც ხარ სინამდვილეში. მახსოვს კაცი, რომელსაც არასდროს დაუკარგავს თავი, - ეს ლერი ხაბელოვი იყო. კაზინოში სხვაც ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა და ისინი აბსოლუტურად სხვა თვალით, სხვა მხრიდან მყავს დანახული. წაგებისას იგინებოდნენ, თავში ხელებს იშენდნენ, წინ და უკან დარბოდნენ. როგორც კი მოთამაშე ღელავს, ნერვიულობს, წასულია მისი საქმე, ბოლომდე წააგებს, რაც აქვს. კაზინოს დაცვის თანამშრომლები მოთამაშეებს პატარ-პატარა სკანდალებს პატიობდნენ, მაგრამ დიდი სკანდალის დროს კი მაშინვე გააძევებდნენ. სხვათა შორის, იმ წლებში, როცა თბილისის ქუჩებში უამრავი დანაშაული ხდებოდა და ღამით ქუჩაში გამოსვლა სახიფათო იყო, კაზინოში წესრიგი იყო. ახლა თურმე იქაც აირია ყველაფერი. კრუპიეს შეურაცხყოფაც არ ყოფილა იშვიათობა.

- განსაკუთრებული რეკომენდაციები თუ გქონდათ, როგორ უნდა მოქცეოდით კაზინოს განსაკუთრებულ სტუმრებს?

- მაგალითად, ვიცოდით ვინ იყო შულერი. ისინი კაზინოს შავ სიაში იყვნენ. ამ ხალხთან განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენდით. მაგალითად, სამი შულერი რომ შემოსულიყო, ერთმანეთში ისე გადაითამაშებდნენ კომბინაციებს, რომ დიდი კუში მოეხსნათ. ამიტომ ვაკონტროლებდი, რომ თამაშის დროს ხელები მუდმივად მაგიდაზე ჰქონოდათ, ზედმეტი მოძრაობები არ გაეკეთებინათ და ა.შ.

რაც შეეხება განსაკუთრებულ კლიენტებს, ისინი ძირითადად დიდი ფულის პატრონები იყვნენ, მათ შორის - ბიზნესმენებიცა და პოლიტიკოსებიც. არ მინდა მათი ვინაობის დასახელება, რადგან ზოგი ცოცხალიც არ არის. მათთან არ მითამაშია, ალბათ, ამის შესახებ ბევრი არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ჩემით მივხვდი. ასეთი კლიენტებისთვის გამოყოფილი იყო ერთი კაცი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ჰქონდა, ანუ პიტ-ბოსი იყო.

მიკვირდა, ეს ხალხი სულ მოგებული რატომ იყო, თან მსხვილ კუშებს ხსნიდნენ - 50, 100 ათას დოლარს. ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და ერთ მოხსნაზე კაზინოსთვის გაკოტრებას ნიშნავდა, მაგრამ ასე არ ხდებოდა. თან სულ პრივატმაგიდასთან თამაშობდნენ, სადაც სხვას მიახლოების უფლებაც კი არ ჰქონდა. ეს იყო ფულის გათეთრების ერთგვარი სქემა - შემოდიოდა შავი ფული და გადიოდა როგორც მოგებული თანხა. რა თქმა უნდა, კაზინოს მეპატრონეებსაც წილი რჩებოდათ.

- თუ შემოუთავაზებიათ თამაშის ჩაწყობა?

- ჩემთვის - არა, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ერთი კრუპიე დაითხოვეს სწორედ იმიტომ, რომ კლიენტთან გარიგებაში გამოიჭირეს. მაშინ ვიდეოკამერები არ იყო კაზინოებში და ამის გაკეთება უფრო იოლი იყო. როგორც მახსოვს, იმ კრუპიეს სცემეს კიდეც. მე სხვა რამეს მთავაზობდნენ. მაგალითად, თურქები თბილისში კაზინოს ხსნიდნენ და მათთან გადასვლა შემომთავაზეს. იქ, სადაც მე ვმუშაობდი, კრუპიეებს მკაცრი უნიფორმა გვეცვა: თეთრი პერანგი, შავი ბაფთა, შარვალი ან ქვედაკაბა და ჟილეტი. რა თქმა უნდა, სამოსს ჯიბე არ ჰქონდა. თურქების კაზინოში კი კრუპიე გოგონებს ღრმად დეკოლტირებული და მაღალჭრილიანი კაბები ეცვათ. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივხვდი, რაზე ჰქონდათ გაკეთებული გათვლა კაზინოს მეპატრონეებს, რადგან აზარტში შესულ მოთამაშეს ქალი და მისი სექსუალურობა ნაკლებად აინტერესებს.

- ქალი გემბლერი რით განსხვავდება გემბლერი მამაკაცისგან?

- ქალი ძალიან "ზამასკიანია". "ზამასკა" არის სიტუაცია, როცა წაგებულ ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, სურს შური იძიოს კაზინოზე და მოუგოს. ქალ ლუდომანებს ეს თვისება აქვთ, - აუცილებლად ბრუნდებიან შურისძიებისთვის, სურთ გაიმარჯვონ და სწორედ მაშინ მარცხდებიან. ქალები ვიცი, მათმა ქმრებმა არც კი იცოდნენ, რომ თამაშობდნენ, იპარებოდნენ სახლიდან და კაზინოსთან "ღალატობდნენ".

საკმაოდ მდიდარი ქალები ვიცი, რომლებმაც თამაშით თავი ისე დაიღუპეს, სიგარეტის ფულიც აღარ ჰქონდათ და ხუთლარიან ფიშკებს მათხოვრობდნენ, რომ კიდევ ეთამაშათ.

მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის ერთ-ერთი მოადგილე დადიოდა კაზინოში და საკმაოდ დიდ ფულს აგებდა, - 5-10 ათას დოლარს ერთ ჯერზე, არადა, ხელფასი 170 ლარი ჰქონდა. სრულიად აუღელვებლად მიდიოდა სახლში წაგების შემდეგ. დაკვირვებული ვარ, ვინც გასართობად შემოდიოდა, ვისთვისაც სულერთი იყო წააგებდა თუ მოიგებდა, ის აუცილებლად იგებდა.

კაზინო ეშმაკისეული მანქანაა. სხვათა შორის ვერაფრით ვიჯერებდი, როცა მითხრეს, რომ რულეტზე ციფრთა ჯამი 666-ია, სანამ თვითონ არ დავითვალე...

თამაში არის სენი, მძიმე ავადმყოფობა, რისგანაც განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია. მე ლუდომანიით დაავადებულს მაშინვე ვცნობ, - სტრესი, ნერვიულობა, მუდმივად თამაშზე ფიქრი სახეზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ერთი კლიენტი მყავდა, ყოველდღე მოდიოდა, წააგებდა 50 დოლარს და მიდიოდა. დავინტერესდი, რატომ იქცეოდა ასე. როგორც მითხრა, შვეიცარიაში ჩაუტარებია ლუდომანიის სამკურნალო კურსი, თითქმის ორი წელი ყოფილა სამკურნალო ცენტრში, მაგრამ მხოლოდ ის ისწავლა, რომ 50 დოლარის წაგების შემდეგ შინ უნდა წასულიყო.

- რატომ წამოხვედით კაზინოდან?

- არ იყო ჩემი საქმე. ბოლოს უკვე დღეებს ვითვლიდი, როდის დავტოვებდი იქაურობას. მთრგუნავდა ის სიტუაცია, რომ ჩემი ხელით ვამწარებდი ადამიანებს, ვაუბედურებდი. არ მინდოდა ამაში მონაწილეობა. კაზინოში ერთი წელი და ორი თვე ვიმუშავე. მახსოვს, როცა მოვდიოდი, პიტ-ბოსმა ირონიულად გადმომხედა და მითხრა, ერთ თვეში უკან დაბრუნდები, რადგან ყველა ასე იქცევაო. როგორც ხედავთ, შეცდა.

- თუმცა, მას შემდეგ რაც კაზინოდან წამოხვედით, რამდენჯერმე სათამაშოდ მიხვედით. რატომ?

- მაინტერესებდა, რით განსხვავდებოდა ახალი კაზინოები მაშინდელისგან და რამდენჯერმე მომინდა კიდეც თამაში. სამ-ოთხჯერ ვითამაშე, მაგრამ მას შემდეგ აგერ უკვე 10 წელია, იქ ფეხი არ შემიდგამს.

კომუნისტები ოქროს მონეტებზე

ჩინელი გემბლერები არალეგალურ კაზინოებში ოქროს მონეტებით თამაშობენ. ეს ჩინეთში ახალი ტენდენციაა. მართალია მათი კანონმდებლობით ქვეყანაში აზარტული თამაშები აკრძალულია, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და მათთან დაახლოებულ მსხვილ ბიზნესმენებს ეს "არ ეხებათ". არალეგალური თამაშები ელიტურ კლუბებში ეწყობა, სადაც ოქროს მონეტებით დიდ "კუშებს" ჩადიან, მათზე კი ცნობილი კომუნისტების მარქსის, ენგელსის, ლენინისა და მაო ძედუნის პორტრეტებია გამოსახული.

გემბლერი სპორტსმენები

ცნობილ ლუდომანებს შორის სპორტსმენებიც არიან. კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა, ქვეყნის ჩემპიონატში მისი გუნდის გამარჯვებიდან სამ საათში, კაზინოში 500.000 დოლარი წააგო.

"დენდი იუნაითედის" ნახევრამცველი გრანტ ბრებნერი მას შემდეგ, რაც კაზინოში ერთ ჯერზე 100.000 გირვანქა სტერლინგი წააგო, თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში, მიშველეთო.

შოტლანდიური "სელტიკის" ექსფორვარდმა ფრენკ მაკგარვმა კი აღიარა, რომ აზარტული თამაშებით 8 წლიდან იყო გატაცებული. ამისათვის ჯერ მშობლებს ართმევდა ფულს, შემდეგ კი ლამის მთელ თავის ჰონორარს ხარჯავდა.

"მანჩესტერ იუნაითედის" ფორვარდი უეინ რუნი კი სათამაშო მაგიდასთან ნასვამი ჯდება და სულ ცოტა 30-50 ათას გირვანქა სტერლინგს ტოვებს. რა ენაღვლება, კვირაში 100.000 გირვანქა სტერლინგს უხდიან. ასე რომ ჯერ ეყოფა!