"რობერტ სტურუა ჩემს ცხოვრებაში საჩუქარი იყო" - კვირის პალიტრა

"რობერტ სტურუა ჩემს ცხოვრებაში საჩუქარი იყო"

"არ მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ"

მშურს მხატვრების, რომელთაც არავინ სჭირდებათ იმისთვის, რომ შექმნან, თავისი სამყარო გადაიტანონ ტილოზე, - ამბობს მარინა კახიანი.

იქნებ ყველა არტისტის სათქმელსაც ამბობს. მართლაც რა სჯობია, როცა როლის მოლოდინი არ გაქვს, არ დარდობ იმაზე, რეჟისორი გხედავს თუ არა ისე, როგორც ისურვებდი... დგახარ მოლბერტთან და ხატავ... არავინ არაფერს გილამაზებს, არავინ არაფერს გიმატებს. ხარ ის, რაც ხარ...

მსახიობის ბედი კი სულ სხვაა. ჯერ ერთი, სხვებს თამაშობ, და რაც უფრო ნიჭიერად გამოგდის ეს, მით მეტად გაიგივებენ ნათამაშებ როლთან. ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის, ვინც საზოგადოებას ჰგონიხარ, სულაც არ ხარ შენ!

ის ძალიან "კაშკაშა" ადამიანია, ამიტომ ყოველთვის ყველა ამჩნევს და მერე სურვილისამებრ თხზავს კიდეც ამბებს მარინა კახიანის პიროვნებისა და ცხოვრების ირგვლივ... თავად კი, მოლბერტთან მდგომი მხატვრისა არ იყოს, ურჩევნია, ის იყოს, ვინც არის.

ბავშვობიდანვე ბალერინობა მინდოდა... სამი წლიდან სულ ვცეკვავდი... მიმიყვანეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

- ჭაბუკიანი თქვენი პედაგოგი იყო...

- იყო და დღემდე არის... სცენაზე მეც არ მინახავს, მაგრამ ფოტოები და კადრები მქონდა ნანახი. უკვე ლეგენდა იყო. მოხდა საოცრება: მეხუთე კლასში რომ გადავედით, ბატონმა ვახტანგმა აარჩია ოთხი გოგონა და ოთხი ბიჭი და სამი წელი ჩვენი პირადი პედაგოგი იყო. მას ჰქონდა საოცარი ძალა. რაც უნდა მოთენთილი ვყოფილიყავით, უხალისოდ ვმდგარიყავით ძელთან, შემოვიდოდა თუ არა, ვცოცხლდებოდით. კარს ხმაურით შემოაღებდა  და იმ წამში ყველაფერი იცვლებოდა. ის მართლაც ჯადოსნურ ძალას ფლობდა.

შემდეგ  თეატრიდან გაუშვეს. ჩვენთვის ეს დიდი ტრავმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ოპერის თეატრში მიმიღეს, არ მაკლდა როლები, თანაც კარგი პარტიები მქონდა. მამზადებდნენ ნუკრი მაღალაშვილთან ერთად საერთაშორისო ფესტივალზე წასასვლელად. ასეთი რამ 16-17 წლის გოგონას ცხოვრებაში იშვიათად ხდება, და მაინც... თეატრიდან წამოვედი. ჭაბუკიანი რომ ყოფილიყო სამხატვრო ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, არ წამოვიდოდი... ამდენი ხნის მერეც, როცა ბატონ ვახტანგს არ უფასებენ უდიდეს დამსახურებას, ძალიან მტკივა გული. ის დიდი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და ნოვატორი იყო, რატომღაც ამას სათანადოდ არ აღნიშნავენ...

- თეატრშიც შეგამჩნიეს... რობერტ სტურუამ მნიშვნელოვანი როლები მოგცათ.

- ბედნიერება იყო ის, რომ შევხვდი ამ დიდ რეჟისორს და მის სპექტაკლებში ვითამაშე.

- აქაც განმეორდა ჭაბუკიანის ისტორია, რობერტ სტურუა თეატრიდან გაუშვეს...

- რობერტ სტურუა ჩემს ცხოვრებაში საჩუქარი იყო, ისე როგორც ვახტანგ ჭაბუკიანი... მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა რობერტმა გადაწყვიტა, აეყვანა მსახიობების ჯგუფი, კერძოდ, მეოთხეკურსელები. მსგავსი რამ არც მანამდე გაუკეთებია და არც მერე...  რომ არა ეს ფაქტი, არ ვიცი, აღმოვჩნდებოდი რუსთაველის თეატრში თუ არა...   რობერტ სტურუა არა მარტო დიდი რეჟისორია, არამედ ძალიან საინტერესო და დიდი პიროვნებაც გახლავთ. ზოგჯერ ვუყურებ ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლებს - რამხელა გავლენა აქვთ სტურუასი. ისინიც მისი მოწაფეები არიან. ვიღაც ნიჭიერად აკეთებს ამას... ვიღაც უნიჭოდ... ნიუ-იორკში "მეფე ლირი" გვქონდა წაღებული. კრიტიკოსები აღფრთოვანებული იყვნენ სპექტაკლით. ერთს ვკითხე, - რა მოგწონთ ყველაზე მეტად სტურუას სპექტაკლებში, როცა ამდენი დიდი რეჟისორი და მსახიობი გყავთ-მეთქი... მიპასუხა: ჯერ ერთი, ეს რეჟისორულად უდიდესი სპექტაკლია; მეორეც, ჩვენთან სცენაზე დგას ერთი დიდი მსახიობი, დანარჩენი - მეორეხარისხოვანი. თქვენთან კი, ცხადია, რამაზ ჩხიკვაძე ნამდვილი ვარსკვლავია, მაგრამ სცენაზე სხვა დანარჩენიც დიდი მსახიობია და ეს როგორ ხდება, გაოცებული ვარო...

- რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვებაზე გკითხეთ...

- სამწუხაროა. რუსთაველის თეატრის 100 წლის იუბილეზე თავად ბატონმა რობერტმა თქვა, - თაობა მიდის, თაობა მოდის... რუსთაველის თეატრი კი კვლავაც აგრძელებს გზასო... რაც უნდა მტკივნეული იყოს, თეატრი უნდა არსებობდეს მაშინაც, როცა ჩვენ არც ერთი აღარ ვიქნებით აქ...

- ძლიერი ქალის იმიჯი გაქვთ... თვლით, რომ ასეთი ხართ?

- არა!.. უცებ აღმომხდა, რომ არა, მაგრამ ალბათ... იქნებ ცოტა ვგავარ კიდეც... ამ იმიჯის შექმნას იმ როლებმაც შეუწყო ხელი, რომლებსაც ვთამაშობდი. ხანდახან რეჟისორებს არ უნდათ შეცვალონ მსახიობის სტერეოტიპი. მშურს შარლიზ ტერონისა - ვიღაცას ხომ მოუვიდა თავში და ამ მშვენიერ ქალბატონს მისცა მონსტრის როლი! არ მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ სუსტიც ნამდვილად არ ვარ. ისეთი სირთულეები გადამილახავს ცხოვრებაში, სუსტი ამას ვერ შეძლებდა.

- ხელმოკლეობა გამოგიცდიათ?

- საშინელი სიდუხჭირე გამოვიარე, როცა მეუღლისა და მამის გარეშე დავრჩი. დედა არ მუშაობდა, შვილი პატარა მყავდა, ხელფასი ძალიან მწირი მქონდა. სიმწრით ვხუმრობდი, - თუ რამე არ გვეშველა, მათხოვრობა უნდა დავიწყო-მეთქი.

- შეიძლება ამდენი სირთულის პირისპირ მდგომმა ქალმა არ გამოხატოს სასოწარკვეთა?

- არ მინდა ვინმეს შევეცოდო! მინდა თავად დავძლიო ყველა სირთულე... ერთხელ თქვა რეჟისორმა გოგა თავაძემ რეპეტიციაზე: მარინას ვატყობ, რაც უფრო ცუდად გრძნობს თავს შინაგანად, უფრო მხიარული და ამაყი მოდისო... ასეა... ეს მერე და მერე ვისწავლე.

- მსახიობობის გარდა, შეგეძლოთ, სხვა საქმეც გეკეთებინათ წარმატებით, რომ პრობლემებს გამკლავებოდით?

- შემეძლო... პურის რიგების დროს ჩემი მეგობრის მეუღლემ მომიტანა ერთი ტომარა ფქვილი და საფუარი. რამდენიმე თვე პურს და ფუნთუშებს ვაცხობდი... თუმცა, თავი არ დავათრგუნინე მძიმე მდგომარეობას. ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი წლები გავიარე. დრო რომ გადის, უფრო კარგად აღვიქვამ, რა ბედნიერი ვიყავი. გადაღებაზე ვიყავით შატილში. ჩემი მეუღლე - გია მატარაძე იღებდა "მოკვეთილს". საოცარი იყო ვაჟას სამყაროში ყოფნა... იქ მყავდა ჩემი საყვარელი ადამიანები: შვილი, მეუღლე, დედა, რომელიც ბავშვის მისახედად წამოგვყვა... იქ იყვნენ ჩემი მეგობრებიც. სულ ვიმეორებდი: რა ბედნიერები ვართ-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ბედნიერება ერთ წელიწადში დამთავრდა, გია გარდაიცვალა...

უდიდესი სიამოვნებით მახსენდება ჩემი საყვარელი ადამიანები. ბაბუაჩემი პავლე ყუფუნია, თეთრგვარდიელი გახლდათ, კოჯრის  პოლკის უფროსი იყო... 1921 წელს ისიც მიდიოდა ემიგრაციაში, ბათუმში გემზე ავიდა, ბოლო წუთს ჩამოვიდა - რაღაცას ვიყიდიო. სინამდვილეში, დასარჩენად ჩამოვიდა. მისი ბარგი გემს გაჰყვა... მერე, სხვათა შორის, საბჭოთა მთავრობასაც ემსახურებოდა. ამბობდა, მთავარია, საქართველოში ვიყოო. ერთხანს ქუთაისის კომენდანტიც კი იყო. 1937 წელს სულ ელოდებოდა, რომ წაიყვანდნენ. მისი ყოფილი "დენშიკი" ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და ბაბუა ფიქრობდა, რომ მან გადაარჩინა.  რამდენი საოცარი ამბავი მომისმენია მისგან... რუსეთ-თურქეთის ომისას ტრაპიზონთან ოქროს ზოდები დავფალიო... მერე, გასტროლებზე რომ მივდიოდით, მეხუმრებოდნენ გავაჩეროთ ავტობუსი, ბაბუაშენის ოქროები ვიპოვოთო...

მიყვარს არა მარტო ჩემიანები, არამედ ზოგადად მშრომელი ადამიანები. რა ბედნიერებაა, გლეხი რომ ხელს ჩამოგართმევს და მის დაკოჟრილ ხელისგულს იგრძნობ!

მიყვარს საქართველოს ყველა კუთხე, მიყვარს კოცონთან ჯდომა! ბევრი რამ მიყვარს და მახსენდება...