საბჭოთა კავშირის "ყოფილი მეგობარი" - კვირის პალიტრა

საბჭოთა კავშირის "ყოფილი მეგობარი"

"ქართველი გერმანისტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ უცხოელ მწერალთაგან საქართველო ყველაზე კარგად ბიოლმა "გაიგოო"

ამბობენ, ჰაინრიხ ბიოლმა ახალი გერმანული ენა შექმნა პროზაში, პირველი იყო, ვინც ნაცისტური რეჟიმის დროს გაბატონებული ლიტერატურული სტილი - მაღალფარდოვანი, "ზიზილპიპილებიანი" ენა უარყო და "ადამიანური" გერმანულით დაელაპარაკა მკითხველსო.

ცხადია, ენის რეფორმატორები, მეცნიერებთან ერთად, უპირველესად მწერლები არიან ხოლმე და შორს რომ არ წავიდეთ,M XIX საუკუნის ქართველ "მამათა და შვილთა ბრძოლის" ერთ-ერთი "ფრონტიც" ხომ ენის გამო გაიხსნა და ამ ბრძოლის პერიპეტიები ჩვენი ისტორიის ნაწილად იქცა.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ არა მგონია, თუკი ვინმე უცხოელმა ილიას "განდეგილის" თარგმანი წაიკითხა და ამ ნაწარმოების იდეაზე დაფიქრდა, ანდა "კაცია-ადამიანის?!" ტკივილნარევი სარკაზმით აღფრთოვანდა, მისთვის მაინც სულერთი არ იყოს, რომ ამ ნაწარმოებების ავტორს გრიგოლ ორბელიანის თანამოაზრეებთან ენის გამარტივების გამო ჰქონდა კამათი, ანდა ის, რომ რამდენიმე ფუნქციადაკარგული ასო-ნიშანი მოაკლო ქართულ ანბანს.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჰაინრიხ ბიოლის მიერ გერმანული სალიტერატურო ენის რადიკალურად შეცვლის გამო მხოლოდ გერმანულენოვანი მკითხველი თუ აღფრთოვანდებოდა (ან პირიქით), მაგრამ მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველის სიყვარულსა და აღტაცებას, კრიტიკოსთა კეთილგანწყობასა და ბოლოს და ბოლოს, ნობელის პრემიას, ამისთვის ვერ მიიღებდა.

სხვათა შორის, სწორედ ჰაინრიხ ბიოლმა "გატეხა ნავსი", როდესაც ნობელის პრემია მიიღო 1972 წელს: ის პირველი იყო ომის შემდგომი გერმანიის მწერალთა შორის და როგორც ამბობდნენ, გერმანიას "დამნაშავის კომპლექსი მოუხსნა" - მთელი დასავლეთი გერმანია (მაშინ რომ "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა" ერქვა) ისეთი სიხარულით აღნიშნავდა ბიოლის ამ პრემიით დაჯილდოებას, თითქოს მანამდე უამრავი ლაურეატი არ ჰყოლოდეთ, ან რომელიმე მცირერიცხოვანი კუნძულოვანი სახელმწიფო ყოფილიყო.

არადა, როგორც ერთი ამერიკელი კრიტიკოსი წერდა, ბიოლი ერთ-ერთი "ყველაზე გერმანელი მწერალია გერმანელ მწერალთა შორის" - თავისი გერმანული სენტიმენტალობით (გერმანული "სიცივის" შესახებ გაბატონებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ) და დახვეწილი, მსუბუქი იუმორით.

რადგან მის გერმანელობას შევეხეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ის სულაც არ იყო სისხლით გერმანელი - მისი მამის პაპა ინგლისიდან გამოიქცა, რადგან თავგადაკლული კათოლიკე იყო და ჩათვალა, რომ იქ ანგლიკანები ჩაგრავდნენ. ბიოლი ყოველთვის ამაყობდა თავისი ინგლისური ფესვებით, თუმცა ამასაც შეფარული იუმორით აკეთებდა.

ჰაინრიხ ბიოლი 1917 წელს დაიბადა. ძუნწ ბიოგრაფიულ ცნობებში წერია, მამამისი დურგალი იყოო, მაგრამ "მთლად დურგალიც" არ ყოფილა, - ის ძვირფასი, წითელი ხის ოსტატი, ხელოვანი უფრო იყო. ჰაინრიხიც სწორედ ამიტომ დაინტერესდა მამის პროფესიით, თუმცა შესწავლა აღარ დასცალდა და დურგლობას ვერ გასცდა (ოღონდ "ნამდვილ დურგლობას").

სკოლის შემდეგ, 1936 წელს, ბუკინისტურ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა შეგირდად, ერთი წლის შემდეგ ე. წ. შრომით ბანაკში გაგზავნეს, რათა "მშობლიური მესამე რაიხის" საკეთილდღეოდ ეშრომა, კიოლნის უნივერსიტეტში შესვლაც მოასწრო, მაგრამ 1939 წელს ომი დაიწყო და ისიც საფრანგეთის ფრონტზე აღმოჩნდა.

თითქმის ომის დამთავრებამდე დარჩა არმიაში (1945 წლის ადრე გაზაფხულამდე) და დასავლეთ უკრაინასა და ყირიმშიც იბრძოდა, ბოლოს კი ამერიკელებს ტყვედ ჩაჰბარდა.

სხვათა შორის, ერთი მისი თანამებრძოლი იგონებდა, - გვეგონა, ბიოლი უფრო ადრე დაყრიდა იარაღს და მოწინააღმდეგეს ჩაჰბარდებოდა, რადგან უფროსობის გასაგონადაც კი არ მალავდა თავის აზრებსო (ფაშისტებისადმი მის დამოკიდებულებას გულისხმობდა). როდესაც ვინმე გამოჩენილი კაცი გახდება, ხშირად ხდება ხოლმე, რომ მისი ნაცნობ-ახლობლები "იხსენებენ", როგორი კეთილშობილი, მამაცი და "ყველაზე კარგი" იყო ის ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არავინ იცნობდა. მაგრამ ბიოლისა და ფაშისტების ურთიერთობის შესახებ მისი თანამებრძოლის ნათქვამის უტყუარობას ისიც ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ 1933-36 წლებში ჭაბუკი ბიოლი ერთადერთი იყო თავის კლასში, ვინც "ჰიტლერიუგენდში" შესვლაზე უარი თქვა, - რომ შევადაროთ, ეს დაახლოებით იგივე იყო, 1937 წელს საბჭოთა კავშირში კომკავშირში შესვლაზე რომ გეთქვა უარი!

საბჭოთა კავშირი ვახსენეთ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მისი სამი მოგზაურობა ამ ქვეყანაში: პირველად, 1966 წელს, მოსკოვი, ლენინგრადი და თბილისი მოინახულა (ჩვენთან "მამაპაპურად უმასპინძლეს" და თვითონაც კარგად მოულხინა), შემდეგ, 1968 წელს, ისევ ლენინგრადს ეწვია, რადგან დოკუმენტურ ფილმს იღებდა დოსტოევსკის შესახებ ("მწერალი და მისი ქალაქი"), 1972 წელს კი კვლავ ჩამოვიდა თბილისში. ის ქართველ გერმანისტებთან მეგობრობდა, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ უცხოელ მწერალთაგან (ჩვენთან ხომ 50-60-იან წლებში სხვა დიდი მწერლებიც სტუმრობდნენ) საქართველო ყველაზე კარგად ბიოლმა "გაიგოო".

საბჭოთა კავშირში ის ლამის "ნომენკლატურულ მწერლად" იქცა - მისი წიგნები გაცილებით დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა, ვიდრე თვით გერმანიაში, სანამ... მოკლედ, რუსებს "იაღლიში" მოუვიდათ: საბჭოთა პროპაგანდას ეგონა, რადგან ბიოლი ყველაზე დახვეწილად და საჯაროდ ლანძღავს ფაშიზმს, უკვე "ჩვენიაო". მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულმა, ჯერ ერთი-ორ ინტერვიუში გააკრიტიკა სსრკ-ში არსებული სიტუაცია, შემდეგ სახლში მიიღო საბჭოეთიდან გაძევებული ლევ კოპელევი და ალექსანდრე სოლჟენიცინი, ხოლო როცა მალულად გაიტანა მოსკოვში დარჩენილი სოლჟენიცინის ხელნაწერი, მისი და "პროლეტარული სახელმწიფოს" მეგობრობაც დამთავრდა, - ბიოლის წიგნები წითელ მოედანზე არ დაუწვავთ და არც ბიბლიოთეკებიდან ამოუღიათ, მაგრამ დაბეჭდვა აკრძალეს და მისი ხსენებაც მოისპო სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში (სხვათა შორის, ვერ ვიტყვით, ამით მწერალს არაფერი დაჰკლებიაო: საკმაოდ მსუყე ჰონორარები მისდიოდა მოსკოვიდან).

ჰონორარებთან დაკავშირებული ერთი უცნაური ფაქტი უნდა გავიხსენოთ ჰაინრიხ ბიოლის ბიოგრაფიიდან: მისი პირველი რომანი დაიბეჭდა... სულ ბოლოს და თანაც მისი სიკვდილის შემდეგ(!). საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ პირველი დიდი მოთხრობის გამოქვეყნებამდე (ზოგ თარგმანში რომანსაც უწოდებენ - "მატარებელი დროულად მოდის", 1949), ჯერ კიდევ 1947 წელს დაუწერია რომანი ("ჯარისკაცის მემკვიდრეობა"), მაგრამ ფული სჭირდებოდა და მოთხრობებად "დაუნაწილებია", რათა მეტი ჰონორარი აეღო.

რადგან ჩვენი ადგილი შეზღუდულია გაზეთის გვერდზე, ვერ მოვახერხებთ თვით იმ რომანზე საუბარს, რომელსაც "50 წიგნის პროექტით" გთავაზობთ, "კლოუნის თვალთახედვა" ბიოლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ის ისეთ წიგნებს განეკუთვნება, წყალივით იკითხებაო, რომ ამბობენ, თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომანის ღირსებას. ეს უფრო იმ "უბრალო" ენისა და სტილის დამსახურებაა, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ.

ასე რომ, წინ მართლაც დიდი სიამოვნება გელით.