დამღუპველი "გადარჩენის" პროგრამა - კვირის პალიტრა

დამღუპველი "გადარჩენის" პროგრამა

ანუ სად წავიდა ხალხის მილიონები?!

"გაჭირვებულ კაცს მილიონერებისთვის ფული როგორ უნდა მეჩუქებინა?"

ასულ კვირას ადვოკატმა და თავადაც  დაზარალებულმა მარინა კორძაძემ ჩვენს მკითხველს განუმარტა ის სქემა, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, "ცენტრ-პოინტ ჯგუფმა" მოქალაქეების თანხები მიითვისა. დაზარალებულებს ჯერ კიდევ აქვთ გამოძიების დაწყების იმედი და დღითი დღე მეტ სამხილს აგროვებენ. მათი თქმით, მოსახლეობის მოტყუებით კერვალიშვილ-რჩეულიშვილები გამდიდრდნენ, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ ამბობს, სად წავიდა ხალხის მილიონები. თავის მხრივ, რჩეულიშვილები ირწმუნებიან, რომ ისე უჭირთ, ზოგჯერ ხაჭოს ფულიც არა აქვთ.

"ხაჭო რუსუდანს"

2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში რუსუდან კერვალიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება ნაღდი ფულით 1.100.000 ლარად არის შეფასებული, რაც "დექსუსისთვის" (ასლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე მმართველი კომპანიისთვის) არავის გადაუცია. ამას "ცენტრ-პოინტსა" და "დექსუსს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება არც ითვალისწინებდა. 2011 წელს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დეკლარაციაში მცირედი ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად, 2010 წელს კერვალიშვილის სახელზე აღრიცხული ნაღდი ფული (600.000 აშშ დოლარი) 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს(?!). იქ მხოლოდ დედის, ლამარა ჭიპაშვილის 500.000 აშშ დოლარია ნაჩვენები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მფლობელობაშია რამდენიმე ძვირად ღირებული სახლი, მიწის ნაკვეთი, ავტომანქანები, ფერწერული ტილოები და ა.შ. რასაკვირველია, კერვალიშვილისა და რჩეულიშვილების ამჟამინდელი ქონების რეალურ ღირებულებას ამ დეკლარაციებით ვერ შევიტყობთ. მხოლოდ ის ინფორმაცია ვიცით, რაც მედიით არაერთხელ გაშუქდა, კერძოდ, რჩეულიშვილების ბიზნესში წლიური ბრუნვა დაახლოებით 120 მლნ დოლარს შეადგენდა.

"ქალბატონმა რუსუდანმა ისიც გვითხრა, ხაჭოს ფულიც კი არა მაქვსო, - ამბობს დაზარალებული ლია ჯანიაშვილი, - მე რაღა უნდა ვთქვა, რომელმაც შვილის ქონება გავყიდე და გაჭირვებით შეგროვებული ფული ამ კომპანიას მივუტანე? თანხა  სრულად მაქვს გადახდილი და ახლა ვიგებ, რომ თურმე არ არსებობს ის ფართობი, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული", - აცხადებს დაზარალებული.

იმავეს ამბობენ სხვებიც, რომლებმაც გასულ კვირას აქცია გამართეს სლოგანით "ხაჭო რუსუდანს!" და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ხაჭოთი სავსე ქილები მიართვეს. თუმცა ქალბატონი რუსუდანი პარლამენტში არ იმყოფებოდა და მას რძის ნაწარმი აქციის მონაწილეებმა იქვე, შენობის შესასვლელთან დაუტოვეს. თუმც, ეჭვობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ხაჭო ენატრებოდეს. 2010 წელს მას საკანონმდებლო ორგანოში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით 65.836 ლარი აქვს აღებული, ხოლო 2011 წელს - 69.836 ლარი.

მევალეები ქალბატონ რუსუდანს ზარალის ანაზღაურებას პირადი ქონებით სთხოვენ.

"დექსუსს" უგულავა "კრიშავს"

დაზარალებულებს დაუსრულებელი მშენებლობების მიღმა პოლიტიკური სარჩულის დანახვა არ სურთ. თუმცა, ეს კითხვა მოსვენებას უკარგავთ: "ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მასშტაბური აფერა, კერვალიშვილ-რჩეულიშვილების ბიზნესი სახელისუფლებო რომ არ ყოფილიყო?" ვახტანგ რჩეულიშვილი ხომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ვიცე-სპიკერი გახლდათ საკანონმდებლო ორგანოში, სააკაშვილის ხელისუფლებაში ქალბატონი რუსუდანი მოგვევლინა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

მარინა კორძაძე, ადვოკატი და დაზარალებული: "ახლა დაზარალებულები ერთად ვართ და ეს ძალას გვმატებს. იყო დრო, როცა "დექსუსში" დაზარალებულები ცალ-ცალკე მივდიოდით, სადაც გვეუბნებოდნენ, გვადროვეთ, მერიასთან გვაქვს ხელსაყრელი მოლაპარაკება მშენებარე ობიექტების მიყიდვაზეო. მაგრამ საჯარო რეესტრში არავითარი ნასყიდობა არ ჩანდა და უცბად "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტი" გამოჩნდა როგორც 1700 კვმ ფართისა და ზედ არსებული მშენებარე ობიექტების შემძენი. თავიდან გვეგონა, მერიის ორგანიზაცია იყო, მაგრამ შევცდით. "ფროფერთი ინვესტი", როგორც იცით, ისევ ვახტანგ რჩეულიშვილის არის. მან ის ქონება შეიძინა, რაშიც წინასწარ გადაგვახდევინა ფული და ამ ფიქციური ყიდვა-გაყიდვისგან ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღეთ".

ავთანდილ უმანკოშვილი, დაზარალებული: "მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ უგულავა "კრიშავს" "დექსუსს". მერიის მიმდებარე მე-10 ბლოკზე თვალი აქვს დადგმული. როგორც მითხრეს, უგულავა შესულა ადეიშვილთან და არასწორი ინფორმაცია მიუწოდებია, ხალხი არ იხდის დღგ-ს და კვმ-ზე 100 დოლარს, თორემ არავითარი პრობლემა არ შეიქმნებოდაო...

სინამდვილეში, რომ არ გვქონდა დასამატებელი, უგულავას ეს აღარ დაუყოლებია, წილშია მაგათთან და აბა, რას იტყოდა. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი გასკდება..."

"ტუის" "გადარჩენის პროგრამამ" დაგვღუპა!"

"ცენტრ-პოინტ ჯგუფმა" არა მხოლოდ სააკაძის მოედნის, ხოშარაულის ქუჩის, დიდი დიღმის ოაზისის, ღრმაღელის, ნაძალადევის, ბაკურიანის, წყნეთის, ყიფშიძის, მარიჯანის, ჯიქიას, კრწანისის, ორთაჭალის პროექტები დატოვა ბედის თუ "დექსუსის" ანაბარა, მას არაერთი გაწბილებული ინვესტორი მოქალაქეც ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, 260-მა კაცმა შპს "ცენტრ-პოინტ ინვესტს" დაახლოებით 6 მლნ დოლარი ასესხა და კომპანიისგან დაპირებულ 24%-ს (წლიურად) ელოდა.

ამ კომპანიას ვახტანგ რჩეულიშვილის შვილი გურამ (გუკა) რჩეულიშვილი ხელმძღვანელობდა. ფირმამ მოქალაქეებისგან სესხის აღება 2007 წელს დაიწყო და სატელევიზიო რეკლამამაც არ დააყოვნა, - "ბიზნესკურიერმა" გვამცნო, რომ საქართველოში პირველი საინვესტიციო ფონდი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის თანხას ფონდში შეიტანდა, უფრო მეტ პროცენტს დაურიცხავდა, ვიდრე ბანკი.

2007 წლის არქივში არის "ბიზნესკურიერის" ერთ-ერთი გადაცემა, სადაც ვახტანგ რჩეულიშვილი ასეთ რამეს ამბობს: "10-12% შეგიძლიათ ბანკში დეპოზიტით მიიღოთ (წლის განმავლობაში), ჩვენთან რომ შემოიტანოთ ფული, დაახლოებით თანხის 20-დან 24%-მდე სარგებელს მიიღებთ (ასევე, წლის განმავლობაში). ზოგიერთ მათგანს რომ ვაკვირდები, აქვს ბინა, რომელიც 100 ათასი, 80 ათასი, 60 ათასი ღირს. მე ვეუბნები, ძმაო, გაყიდე ეს 60-ათასიანი ბინა და უფრო იაფად, 30 ათასად იყიდე სხვა, გადაინაცვლე პრესტიჟული რაიონიდან ცოტა არაპრესტიჟულში და იმ შენს 30 ათასს ისე დაგიტრიალებ, რომ თვეში 600 დოლარს მიიღებ. ახლა ნურავინ მეტყვის, რომ 600 დოლარად ცხოვრება შეუძლებელია საქართველოში. ამიტომ ეს არის გადარჩენის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობთ".

ავთანდილ ქურხული, დაზარალებული "ინვესტორი": "პენსიაზე რომ გავედი, ძალიან გამიჭირდა. 600 ლარი მქონდა ხელფასი და უცბად 34 ლარზე დამოკიდებული აღმოვჩნდი.

კომუნალურ ხარჯებს ვერ ვფარავდი. იძულებული გავხდი, შვილი გადმომეყვანა ჩემს ბინაში (რომელიც 39 კვადრატული მეტრია), მისი ბინა  კი გამეყიდა და ბანკში ფულის ჩადებით საარსებო საშუალება მომეპოვებინა. ერთმა ამხანაგმა მირჩია, "ცენტრ-პოინტთან" დაიჭირე საქმე, ხალხს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობსო. მივედი "ცენტრ-პოინტში" და ვიკითხე, თუ რამე საეჭვოა, მითხარით, ბინა უნდა გავყიდო და თქვენთან ფულის ჩადებით სულ არ დავიღუპო-მეთქი. როგორ გეკადრებათო. ასე შევიტანე 35.000 ლარი. 2009 წლის ივნისში აღარ მომცეს პროცენტული სარგო, თუმცა გავაპროტესტე ეს ამბავი და დირექტორი, ვინმე ძოწენიძე დამპირდა, 25 მილიონის აქტივებს გავყიდით  და პროცენტს პირგასამტეხლოსთან ერთად მიიღებთო. დაპირებულ დროს რომ მივედი, ძოწენიძე მოხსნილი დამხვდა, რჩეულიშვილმა კი მითხრა, პროცენტსაც და პირგასამტეხლოსაც მე კი არა, ძოწენიძე დაგპირდაო.

დავამ სასამართლო ინსტანციაში გადაინაცვლა, სადაც კურიოზული ვითარება შეიქმნა. "ცეტრ-პოინტმა" შესაგებელით გვიპასუხა, თქვენი ფული "დექსუსს" მოჰკითხეთო. "დექსუსმა" სასამართლოზე გვითხრა, ჩემთვის არაფერი მოგიბარებიათ და რას ითხოვთო.

სასამართლო კოლეგიამ თავისი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, განმიმარტა, რომ ხელშეკრულებაში რისკის ფაქტორი იდო, ე. ი. თანახმა იყავით, ეს ფული კომპანიისთვის "გეჩუქებინათო". არადა, ამ კომპანიის დამფუძნებლების დეკლარაციებს რომ ვკითხულობ, თმა ყალყზე მიდგება. გაჭირვებულ კაცს მილიონერებისთვის ფული როგორ უნდა მეჩუქებინა? კარგა ხანს დავეძებდი "ტუის" (ვახტანგ რჩეულიშვილს), მემალებოდა. ბოლოს დავურეკე და ვუთხარი, კაცი კი არა, ნაგავი ყოფილხარ-მეთქი. ეგრევე ყურმილი დაკიდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ერთ-ერთ გაზეთში ჩემთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, ქალბატონმა რუსუდანმა დამირეკა და მითხრა, ვალდებულება მაქვს თქვენ წინაშე არა მხოლოდ როგორც "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელს, არამედ დეპუტატს და ამ ფულს აუცილებლად გადაგიხდითო. მას შემდეგ 4 კვირა გავიდა და აღარავინ შემხმიანებია.

ვახტანგ რჩეულიშვილი: "30.000-ს ისე დაგიტრიალებ, რომ თვეში 600 დოლარს მიიღებ..."

2007 წლის არქივში არის "ბიზნესკურიერის" ერთ-ერთი გადაცემა, სადაც ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს: "10-12% შეგიძლიათ ბანკში დეპოზიტით მიიღოთ, ჩვენთან რომ შემოიტანოთ ფული, დაახლოებით თანხის 20-დან 24%-მდე სარგებელს მიიღებთ. ზოგიერთ მათგანს რომ ვაკვირდები, აქვს ბინა, რომელიც 100 ათასი, 80 ათასი, 60 ათასი ღირს. მე ვეუბნები, ძმაო, გაყიდე ეს 60-ათასიანი ბინა და უფრო იაფად, 30 ათასად იყიდე სხვა, გადაინაცვლე პრესტიჟული რაიონიდან ცოტა არაპრესტიჟულში და იმ შენს 30 ათასს ისე დაგიტრიალებ, რომ თვეში 600 დოლარს მიიღებ. ახლა ნურავინ მეტყვის, რომ 600 დოლარად ცხოვრება შეუძლებელია საქართველოში. ამიტომ ეს არის გადარჩენის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობთ"

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე

(გაგრძელება იქნება)