"20-ლარიანი ვაუჩერი ამომრჩევლის მოსყიდვაა" - კვირის პალიტრა

"20-ლარიანი ვაუჩერი ამომრჩევლის მოსყიდვაა"

ხელისუფლებამ პიარისთვის კარდაკარ სასიარულოდ ფეხის ქირა დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ცივი ზამთრის გამო საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს ერთჯერადად ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. პროცესი 21 თებერვალს დაიწყო და 31 მარტამდე გასტანს. ვაუჩერებს კი მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სულ ცოტა 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარა. ბიუჯეტიდან ამ ე.წ. დახმარების გაცემის მიზნით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ეკონომიკური ექსპერტების და ოპოზიციის აზრით, ეს ფული წყალშია გადაყრილი, რადგან მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს ვერაფერს უშველის და მისი დარიგებით მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იხეირებს. საქმე ის არის, რომ 20 ლარი მოქალაქეებს კომუნალური გადასახადის ანგარიშზე ერიცხებათ და გაუგებარია, რა საჭირო იყო დამატებითი ხარჯი ვაუჩერების დასამზადებლად. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს არის ხალხთან მისვლის საბაბი - ხელცარიელი ხომ ვერ მივლენ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ამიტომ საჩუქარი მოიფიქრეს, მართალია, ძალიან იაფი, მაგრამ საჩუქარს ხომ კბილს არავინ უსინჯავს, ეს რა მოგიტანიათო. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პიარისთვის კარდაკარ სასიარულოდ ფეხის ქირა დაინიშნა.

თამარ ცინცაბაძე, დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი: "ნაციონალური მოძრაობისათვის" უკვე ტრადიციად იქცა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოირგოს ხალხზე მზრუნველის მანტია და ამ როლის შესრულებისთვის გამოიყენოს ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხა. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ არ გაიზრდებოდა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება, ეს საფასური თითქმის გაორმაგდა; გადაიდგა ეკონომიკურად და მორალურად სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი - ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება, რამაც ოჯახების უმეტესობისთვის გადასახადის გასამმაგება-გაოთხმაგება გამოიწვია; ამას ემატება ბოლო დროს შემოღებული გაურკვეველი ე.წ. "112"-ის გადასახადი, რომელიც მოსახლეობის დაყაჩაღებაა. დაგეგმილია მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოცლის მორიგი აქცია - ამჯერად წყლის მრიცხველების დამონტაჟების საბაბით თითოეული ოჯახი იძულებული იქნება, მრიცხველის ღირებულება - 100 ლარი თავად გადაიხადოს. ამას წინ უსწრებდა წყლის მოხმარების საფასურის გაზრდა; აღარაფერს ვამბობთ ბაგა-ბაღების გადასახადის გაზრდაზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს -  ვინ დარჩა ამ ღონისძიებით მოგებული? მოსახლეობა? მათ უკიდურეს გაჭირვებას 20-ლარიანი ვაუჩერი ვერ უშველის. ბიუჯეტიდან 20 მილიონი წყალში იყრება მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს თანხა არ არის წყალში გადაყრილი ნაცმოძრაობისათვის - მან საბიუჯეტო თანხები კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი პიარკამპანიისთვის. მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მუდმივად უკანონოდ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს. 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვაა და არა  - მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარება.

ფაქტები ცხადყოფს, რომ ქვეყანას მართავს დამნაშავე ხელისუფლება, რომელმაც გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკით გააღატაკა მოსახლეობის 2/3. არად დაგიდევთ ხალხის კეთილდღეობას, რომ მან ღირსეულად იცხოვროს. ისინი შეურაცხყოფენ ქვეყნის მოქალაქეებს.

ოფიციალური ინფორმაციით, აბონენტებს ჯერ - ვაუჩერი, შემდეგ კი ელექტროენერგიის ქვითარი მიუვათ, რომელზეც 20 ლარი ლიმიტის სახით იქნება დარიცხული. ამ 20 ლარს კი კომპანია "თელასი" შემდგომში ავტომატურად ჩამოაჭრის. აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ამ ვაუჩერების დაბეჭდვა და ფულის გადაყრა? ასე რომ, თუ მოგაკითხათ ვინმემ ვაუჩერის გადმოსაცემად, იცოდეთ, რომ ამ ფურცელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მის მომტანს კი დავალებული აქვს,“"ჭეშმარიტ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე" გესაუბროთ".