რა შემთხვევაში მოახერხებს "იგრიკა" მაუწყებლობას - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში მოახერხებს "იგრიკა" მაუწყებლობას

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობას სატელევიზიო მარათონში ჩაბმა და არჩევანის გაკეთება მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "იგრიკა" სატელიტური ტელევიზიის "მაგთისატის" ქსელში ჩაერთვება, რომელში ჩართვაზეც ნაცმოძრაობის არხებმა უარი განაცხადეს.სახელისუფლებო საკაბელო ტელევიზიად მონათლული "სილქნეტი" კი, მიუხედავად "მაესტროს" ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა, ამ უკანასკნელის მაუწყებლობას თავის ბადეში ბლოკავს; შესაბამისად, საეჭვოა, რომ "იგრიკამ" "სილქნეტის" ქსელში გამოანათოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "იგრიკა" მაუწყებლობას მარტიდან იწყებს. "იგრიკას" - "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფები, რომელთა ტექნიკურ აღჭურვილობას ჯერ შესაბამისი ლოგოთიც კი ვერ გამოარჩევთ, გადაღებებზე დადიან და, როგორც ამბობენ, საცდელი მაუწყებლობისთვის ემზადებიან. ნაციონალური არხების ტყვეობაში მოქცეულ მაყურებელს, სულ ცოტა, ალტერნატიული ინფორმაციის მიღების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორ აპირებს "იგრიკა" სამაუწყებლო სიგნალი საქართველოს ყველა ოჯახს მიაწოდოს.

ლიცენზიის არქონის გამო, "იგრიკა" ვერ შეძლებს საერთო სიხშირით მაუწყებლობას, მაგალითად ისე, როგორც ამას "რუსთავი 2", "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "მზე" აკეთებენ. შესაბამისად, მის ნახვას უფასოდ ვერც თბილისის და ვერც საქართველოს რეგიონების მოსახლეობა შეძლებს. ლიცენზიის შემთხვევაში  სატელევიზიო სიგნალი ჯერ თბილისის ანძას გადაეცემა, საიდანაც თბილისსა და მცხეთას ფარავს, შემდეგ კი რეტრანსლატორების საშუალებით რეგიონებს.

სამაგიეროდ, "იგრიკა" - "მეცხრე არხს" საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. საკაბელო მაუწყებლობის შემთხვევაში, ახალდაფუძნებულ ტელევიზიას ყველა შანსი აქვს, ხელშეკრულება ივანიშვილის ძმის მფლობელობაში არსებულ "გლობალ TV"-ს გაუფორმოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიას მხოლოდ ლოკალური დაფარვის მასშტაბები ექნება და მის გადაცემებს აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი იხილავს. აქვე უნდა ითქვას, რომ "გლობალ თV"-ს ერთ-ერთი ძვირი პაკეტი და მომსახურება აქვს და ფინანსური თვალსაზრისით ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

"იგრიკას" თანამგზავრული სიხშირით მაუწყებლობის ლიცენზიაც აქვს. ამ შემთხვევაში "იგრიკა" მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ნაციონალური არხების მსგავსად "თურქსატზე" გავა. თუმცა ამ შემთხვევაშიც რიგით მაყურებელს სიგნალის მისაღებად სატელიტური "თეფში" დასჭირდება. უღირს თუ არა ივანიშვილს ამხელა ხარჯის გაღება და საქართველოს მოსახლეობისთვის "თეფშების" ყიდვა, ესეც საკითხავია. გარდა ამისა, არსებობს რეალური შანსი, რომ თანამგზავრული ანტენების მონტაჟი, მაგალითად თბილისში, ქალაქის იერსახის დამახინჯების საბაბით აიკრძალოს კიდეც...

"იგრიკას" ეთერში გასასვლელად კომპანია "მაგთიკომთან" თანამშრომლობაც განიხილება, რომელმაც ცოტა ხნის წინ მომხმარებელს სატელიტური ტელევიზია "მაგთისატი" შესთავაზა. ეს არის ციფრული თანამგზავრული მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიგნალის მისაღებად "თეფში" და "რესივერია" საჭირო. თანაც, დღეისათვის "მაგთისატი" 75 უცხოურ არხს მოიცავს მხოლოდ. ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ ტელეარხებთანაც, მაგრამ მის ბადეში ჩართვაზე უარს ამბობენ ნაციონალური არხები. გამოდის, რომ "მაგთისატის" აბონენტს არჩევანის გაკეთება მოუწევს ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციურ არხებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, "იგრიკა" სწორედ "მაგთისატის" საშუალებით აპირებს ტრანსლირებას, მაგრამ კომპანია "მაგთიკომის" დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. "იგრიკა" ჯერჯერობით მითური არხია, ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან მათი წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ისინი ჩვენთან არ მოსულან და შესაბამისად, არც რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს,“- განაცხადა ირაკლი ლობჟანიძემ.

"იგრიკაში" კი ამბობენ, რომ ეთერში მაინც გავლენ, თუ როგორ, ამას არ აკონკრეტებენ. "ეს რომ გითხრათ, როგორ ვაპირებთ სატელევიზიო სიგნალის გადაცემას, მაშინვე რამეს მოიფიქრებენ და დაგვბლოკავენ", - გვითხრა "იგრიკას" ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმერ შენგელაიამ.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ივანიშვილს თანამგზავრული მაუწყებლობისთვის პლატფორმა ფრანგულ სატელიტზე აქვს ნაყიდი. გამოდის,  "იგრიკას" ერთი გზა კიდევ რჩება - პლატფორმა ფრანგულ სატელიტზე. სხვათა შორის, თანამგზავრები გამოიყენება, როგორც პირდაპირი გადაცემებისთვის ოჯახებში დამონტაჟებული თეფშის საშუალებით, ასევე ისინი გადაცემას უზრუნველყოფენ მიწისზედა მიმღების საშუალებით - სპეციალური გამანაწილებელი ანძით. მართალია, ამ დროს არხების შეზღუდული რაოდენობით მიწოდება ხდება, მაგრამ ივანიშვილს ახლა ერთი არხის ტრანსლირებაც ეყოფა. ტელემაუწყებლობამ რომ ნებისმიერ ოჯახში შეაღწიოს, აშკარაა ივანიშვილს ქვეყნის მასშტაბით გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასეთი ინფრასტრუქტურის  მოწყობას დრო და ფული უნდა. ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროს "ქართუს" ტვირთები ქვეყანაში დაუზიანებლად ვერ შემოდის, ახლა ესეც პრობლემაა და ფულის ფუჭად ფლანგვა გამოდის. აი, დრო კი ივანიშვილს ძალიან ცოტა აქვს, ამიტომ ისეთი პარტნიორი სჭირდება, ვისაც გამართული ინფრასტრუქტურა და საქართველოს ნებისმიერ აბონენტთან შეღწევა შეუძლია.

და კიდევ, ივანიშვილი ინტერნეტტელევიზიასაც აკეთებს. ამბობენ, რომ ინტერნეტის მიწოდების ისეთი წყაროს საშუალებით, რომელიც მან მოიპოვა, მომხმარებელს ინტერნეტმაუწყებლობის შეუფერხებლად მიღების შესაძლებლობა ექნება.