"ჩინელი მუშები კი არა, მონები ჩამოიყვანეს" - კვირის პალიტრა

"ჩინელი მუშები კი არა, მონები ჩამოიყვანეს"

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში იუსტიციის სახლს კომპანია ""ჰუან ჩუან"ის" დაქირავებული 150 ჩინელი და 60 ქართველი მუშა აშენებს. ამბობენ, რომ ჩინელებს დღეში სამოცდაათ ლარს უხდიან. თუმცა, ისინი, ასეთი გასამრჯელოს მიუხედავად, ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ და ღია ცის ქვეშ მიირთმევენ საკვებს.

ჩინელი მუშების ამბავი უმუშევართა კავშირმა გაახმაურა: "150 ჩინელი კი არა, მეტი ქართველი უნდა გვყავდეს დასაქმებული, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის 60% უმუშევარია. ხელისუფლება თავისი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას უნდა ცდილობდეს, აქ კი გადამთიელს უკეთესი პირობები აქვს. არ არსებობს კვოტა, რომელიც ინვესტორს თუ უბრალოდ, უცხოელ კონტრაქტორს, დაავალდებულებს, რომ ნებისმიერ ობიექტზე ჯერ საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ. სამწუხაროდ, ჩვენთან უცხოელები ყოველთვის უკეთეს პირობებში არიან. ერთსა და იმავე სამუშაოზე მათ უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს. ხელისუფლება ამბობს, შიმშილითაც დახოცილხართო. შეიძლება შენი ხალხი ასე გძულდეს?!"

უცხოელი მშენებლები ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბიან, მეტიც, ე.წ. სამშენებლო ოფისებში, ჯიხურებში ან ვაგონებში იკეტებიან. დედაენის ბაღშიც, სადაც ჩინელები ათენ-აღამებენ - ვერ ვნახე ინფორმატორი, ვინც ყოფილი კორტების ტერიტორიასა და რესტორან "მერცხალში" შეფარებული ჩინელების შესახებ რამე საგულისხმოს მეტყოდა. ჩინური მე არ ვიცი, ობიექტზე მომუშავე თითო-ოროლა ქართველი კი "ჩინელად” იქცა" - იმის შიშით, რომ უმუშევრები არ დარჩნენ, ხმას არ იღებენ. საქმე იქამდე მივიდა, ელიავაზე დავიწყე ხეტიალი. მინდოდა გამერკვია, დღიურად რა გასამრჯელოს ფასად იმუშავებდნენ ქართველები ჩინელების ადგილზე. ერთ-ერთი, ვინმე ჭიათურელი ბესო ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. ვარაუდობს, რომ ტყუილია, ჩინელებს დღეში 70 ლარს უხდიდნენ.

ბესო: - მიმუშავია ჩინელებთან და ვიცი, რა ძუნწებიც არიან. ამხელა თანხას არავის გადაუხდიან. კორტებზე სამუშაოდ ჩინურმა კომპანიამ ჩინელები მონებად ჩამოიყვანა, რადგან ჩალის ფასად მუშაობაზე ქართველები ვერ დაიყოლია.

- შესთავაზეს კი ქართველებს?

- იქ რამდენიმე ქართველი ბიჭი მუშაობს. იმათ ჩინელებზე მეტს უხდიან. თუმცა, ძალიან ბევრსაც არა. დღეში დაახლოებით 20 ლარამდე. ჩინელი მუშების დღიური ანაზღაურება კი 5-6 ლარია. მირჩევნია, აქ ვიდგე და დღიურ სამუშაოს ველოდო, ვიდრე მანდ მონურად ვიმუშაო. ჩინელებს არც საჭმლის ფულს უხდიან. ის ძველი რესტორანი კი მაგათი დროებითი თავშესაფარია. მერე ვაგონებში იცხოვრებენ. ამბობენ, პატიმრები არიანო, მაგათი მონური მორჩილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული. ქართველი პატიმრებიც არ იტყოდნენ ამაზე უარს, მაგრამ პატიმარი ვის ადარდებს, ქართველს, პროფესიონალსაც არ აქვს ფასი!

- რატომ ამბობენ, რომ ჩინელების დღიური ხელფასი 70 ლარია?

- ქართველებს უთქვამთ, ვიტყვით, რომ 70 ლარს გიხდით დღეში, მაგრამ სინამდვილეში ამდენის გადახდა არ შეგვიძლიაო. ეგ ჩინელი მუშები პროფესიონალები არ არიან, ამიტომაც დასჭირდათ ქართველები - ისეთი ხალხი, ვინც მართლა საქმეს გააკეთებს. ჩინელები შავ მუშებად ჰყავთ, ქართველები ასწავლიან საქმეს. მოკლედ, ვიღაცებთან მორიგება შეძლეს, მათ ჩინელებზე მეტს უხდიან, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, დღეში 70 ლარს არავინ იღებს. შესაძლოა, ხელფასი ასე გამოუწერონ, მაგრამ ამდენს არ აძლევენ...

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ "რუსთავი  2"-ის ახალი ოფისის რემონტის დროს შენობის ჩამონგრევის შემდეგ დამნაშავეების ძებნა ელიავაზე მდგარ მუშებს შორის დაიწყეს - არაპროფესიონალები არიან და ეს უბედურებაც მაგის ბრალიაო. ღმერთმა ნუ ქნას და, ამ მშენებლობაზეც რაიმე ტრაგედია რომ მოხდეს მშენებლობის ან დასრულების შემდეგ, ვინ აგებს პასუხს? ვინ ამოწმებს ამ მუშების კვალიფიკაციას? ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მუშების კვალიფიკაციის საკითხი მეტ-ნაკლებად მკაცრად იყო განსაზღვრული. მშენებლობაზე სამუშაოდ უნდა გქონოდა შესაბამისი პროფტექნიკური სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი და კვალიფიკაციის შესაბამისი თანრიგი, ან ბრიგადირი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი მუშის შესაძლებლობებზე. დღეს, როდესაც მოშლილია ექსპერტიზის სამსახური, მშენებლების თქმით, მათ კეთილსიდისიერებაზეა დამოკიდებული, ვის აიყვანენ სამუშაოდ. კარგი იქნება, თუ ვინმე ჩინელი და თურქი მუშების ნამუშევარს ქართველებისას შეადარებს... როგორც ჩანს, საქართველო  ქართველების გარეშე უნდა ვიღაცას და იმიტომაც გვიქმნიან პირობებს, რომ ჩვენ უცხოეთში გავიქცეთ, აქ კი უცხოელები ჩამოიყვანონო.

(რეპორტაჟი ამ თემაზე იხ. www.palitratv.ge-ზე.)