"ჩვენთან ყველაფერი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია..." - კვირის პალიტრა

"ჩვენთან ყველაფერი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია..."

"ბიბლუსის ახალი მაღაზია გუდვილში"

ორშაბათს, 27 თებერვალს, როცა "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთის ამ ახალ ნომერს მიიღებს, ქავთარაძის #1-ში, "გუდვილში" გაიხსნება წიგნის მაღაზიათა ქსელის -  "ბიბლუსის" კიდევ ერთი მაღაზია. ახლა უკვე ყველაფერი მზადაა და "გუდვილში" მოსული მომხმარებელი ინტერესით აკვირდება, რა ხდება ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე წიგნის ამ ლამაზ მაღაზიაში.

- იმდენი ამტკიცეს, ქვეყანა უწიგნურიაო, რომ მგონი, თავდაცვის მექანიზმი ამუშავდა და ადამიანები წიგნებს მიუბრუნდნენ, - გადაულაპარაკა ჩემ წინ მდგომმა მამაკაცმა თანმხლებს და ამაყად გადახედა "ბიბლუსის" ახალ მაღაზიას, - გულს უხარია!

გულს მართლაც უხარია, როცა ხედავ, როგორ გამოდიან მაღაზიიდან წიგნებით ხელდამშვენებულები, ან როგორ დგანან თაროებთან და დაკვირვებით ათვალიერებენ საინტერესო ლიტერატურას.

უცნობი მამაკაცი ნუგზარ ლომთათიძე გამოდგა. როგორც მითხრა, ერთი სული აქვს, მაღაზია გაიხსნას, რადგან "გუდვილში" ხშირად უწევს სიარული და ბარემ იმასაც იყიდის, რაც ასე ძალიან უნდოდა - საქართველოს ისტორიის ახლად გამოცემულ ოთხტომეულს.

- შვილისთვის მინდა, წაიკითხოს, შეიყვაროს! ადრე რომ გამოპრუტუნებულს ეძახდნენ, ისეთ ხალხს ახლა ხუმრობით გამოკომპიუტერებულს ვეძახი. აბა, როგორია, კომპიუტერის მეტი რომ არაფერი უნდა ადამიანს.

- მოგწონთ ახალი მაღაზია? - ვკითხე თანამოსაუბრეს.

- მომწონს და იცით, რატომ? თუ სურსათის საყიდლად მოხვედი "გუდვილში" და წიგნზე არც გიფიქრია, მოულოდნელად "ბიბლუსის" მაღაზიას წააწყდები, შემოხვალ და... ძალიან მოსახერხებელია, რომ ერთი მოსვლით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.

ახალგაზრდა ქალმა სანოვაგით დატვირთული მძიმე ჩანთა იქვე დადო და გამოგველაპარაკა:

- ბავშვთან ერთად რომ მოვალ "გუდვილში", აქ დავტოვებ; 14 წლის ბიჭია, დაათვალიეროს წიგნები, იქნებ რამემ დააინტერესოს, - თქვა და გამეცნო კიდეც: - ციალა აბაშიძე  ვარ, პედაგოგი, ძალიან მინდა, წიგნიერი და განათლებული თაობა გავზარდოთ. ასე გემოვნებით მოწყობილ მაღაზიას, შეუძლებელია, გულგრილად აუარო გვერდი. ხომ გაგიგონიათ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ეს სასიამოვნო გარემო და ილუსტრირებული წიგნები აუცილებლად მიიზიდავს ადამიანს.

ნინო მელაშვილი, წიგნის მაღაზიათა ქსელ ,,ბიბლუსის" შესყიდვების მენეჯერი: "წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი" 2008 წლის 23 მაისს დაარსდა.

"ბიბლუსის" ახალი მაღაზია რიგით ოცდამეათეა.

ორშაბათს, როცა მაღაზია გაიხსნება, ნებისმიერ მყიდველს დავასაჩუქრებთ დაგროვების ბარათით, მაშინაც კი, თუ შენაძენი 10 ლარზე ნაკლები ღირებულების იქნება. ჩვეულებრივ, 10-ლარიანი შენაძენის შემდეგ მომხმარებელს ვუხსნით დაგროვების ბარათს და ყოველ მომდევნო გადახდილ 15 ლარზე ვურიცხავთ 1 ქულას. დაგროვილი ქულებით შეგეძლებათ საჩუქრის არჩევა. "ბიბლუსის" მაღაზიები მომხმარებელს სთავაზობს წიგნის ფართო არჩევანს - ქართულ და უცხოურ საბავშვო, მხატვრულ, სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურას. ჩვენი მიზანია წიგნების გავრცელება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პერიფერიებშიც. "ბიბლუსის" მაღაზიებში ხშირად იმართება პრეზენტაციები და საბავშვო აქციები, რომლებში მონაწილეობის მიღება  ყველა მსურველს შეუძლია.

ჩვენთან ყველაფერი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია... ვაფართოებთ როგორც ქსელს, ისე არჩევანსაც..."

ცხადია, "ბიბლუსი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაღაზიათა ქსელია. ინტერესი არ ცხრება, მაღაზიების გახსნას ითხოვენ რეგიონებშიც. იციან, რომ "ბიბლუსის" არსებობა ხსნილი გზაა წიგნის სამყაროში მოგზაურობისათვის, ამიტომ ყოველი ახალი მაღაზიის გახსნა ამაღლებულ განწყობას უქმნის ადამიანებს.