GJ, პოლიტიკა და ჩვენ - კვირის პალიტრა

GJ, პოლიტიკა და ჩვენ

GJ – ასე ვუწოდებთ მოფერებით ჩვენს ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთს Georgian Journal-ს, ხუთი წლის რომ უნდა გახდეს 1-ელ მარტს. ვულოცავ დაბადების დღეს!  GJ და ჩვენ ერთად ვიდგამთ ფეხს პოლიტიკაში. ჯერ პატარები ვართ და ბევრს ვერაფერს ვიტვირთავთ ამ თოთო მხრებზე, თუმცა სათქმელს ყოველთვის ვამბობთ, თანაც, გამართულად, ენის ჩლექის გარეშე! ორივე ერთნაირად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ სკანდალურ პოლიტთამაშებს, მაგრამ სერიოზულ პოლიტიკას და მთავრობის საქმეებში ჩარევას არ გავურბივართ. გვეამაყება, რომ იმთავითვე ოქროს შუალედის ბინადარნი გავხდით და დღესაც არ ვღალატობთ ძველ სამოსახლოს. ფრთხილად მივიკვლევთ მთავრობასა და ოპოზიციას შორის გამავალ ეკლიან გზას ჭეშმარიტებისკენ. დაფიქრება გვიყვარს, მაგრამ მერყეობა არ არის ჩვენი საქმე, ანუ ჩიჩიას და ბაბას ერთდროულად არ ვეპოტინებით. პოლიტიკური ნაგვის და ტალახის სროლაში გარევა არ გვიტაცებს. ტვინს არ ვუხვრეტთ მკითხველს რომელიმე პოლიტიკური თვალსაზრისის უპირატესობის წარმოჩენით. არავის ვეხმარებით საკუთარი პოლიტიკური მრწამსის დამკვიდრებაში. არ გვაინტერესებს, რა გზით ჯობია სიარული - კაპიტალიზმის თუ სოციალიზმის, თუმცა ორივეზე გვაქვს ჩვენი დაუფარავი აზრი. ერთნაირ შესაძლებლობას ვაძლევთ თავისუფალი ბაზრის და დაგეგმილი ეკონომიკის მესვეურთ. გვძულს მსჯელობა სახელმწიფო გადასახადების ზომა-წონასა და სამართლიანობაზე, რადგან გვჯერა, რომ სანთელ-საკმეველი მაინც არ დაკარგავს გზას.

ჩვენს საქმედ არ მიგვაჩნია ქალწულობის ინსტიტუტის, აბორტისა თუ დაკანონებული პროსტიტუციისთვის მხარის დაჭერა-არდაჭერა, თუმცა გზას ვუთმობთ სპეციალისტებს ამ თემებზე ღიად სასაუბროდ. თავს ვარიდებთ მიკერძოებულ კომენტარს სოციალური დახმარების პროექტებზე და ვიცით, რომ ასეთი პროგრამები ვერ იქნება პირუთვნელად სამართლიანი და მთელი საზოგადოებისთვის მისაღები. არ ვსვამთ შეკითხვებს ბიუროკრატიის სიგრძე-სიგანეზე საქართველოში, მაგრამ თუ შეგვეკითხებიან, ზუსტ პასუხს გავცემთ, რადგან ვიცით, თუ სად უჭირს ქვეყანას და როგორ იხარჯება ხალხის ფული. არც იმის გარკვევაზე ვიკლავთ თავს, კონსერვატიზმს უფრო დიდი გასაქანი უნდა მიეცეს ჩვენში თუ ლიბერალიზმს, რადგან ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ როგორ იხვეწება თანდათან ჩვენი საზოგადოება, და ჩვენ ამ სიმპათიურ პროცესში შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობთ. არ ვანთებთ ცეცხლს საჭიროების გარეშე და მოვლენათა ხელოვნურ სტიმულაციას არ ვეწევით ასეთი მცდელობის უაზრობის გამო. სამაგიეროდ, ხელს ვუწყობთ სასარგებლო კრიტიკულ მიდგომას პოლიტიკისა და მთავრობის საქმიანობისადმი, რადგან ერის აზროვნებაში ასეთი მიმართულების განმტკიცებას უაღრესად სამართლიან საქმედ მივიჩნევთ. ჩვენი კეთილი, ლამაზი და გონიერი GJ-ს ძირეული მიზანია შინაურს და გარეულს, მთელს ჩვენს  საზოგადოებას და, თუ გნებავთ, სამყაროს განუმარტოს, თუ რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი პოლიტიკასა და მთავრობის საქმიანობაში ჩახედვა და გარკვევა;

თუ რას ნიშნავს და როგორ ხორციელდება პრაქტიკულად ჩვენი სწრაფვა გახსნილი, გამჭვირვალე, არაშეზღუდულად მოაზროვნე, ცივილიზებული საზოგადოებისკენ. რუდუნებას არ ვაკლებთ ადამიანთა ცნობიერებას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის პოლიტიკოსთა გადადგმული ნაბიჯები და როგორ მოქმედებს მთავრობის გადაწყვეტილებები ხალხის რეალურ ყოფაზე. ვიცით და ხაზს ვუსვამთ იდეოლოგიურ უთანხმოებათა და ეკონომიკურ სიძნელეთა გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პრობლემების გამკლავების პროცესში, შეგნებული გვაქვს რა, რომ გზა კეთილდღეობისკენ არასოდეს ყოფილა ია-ვარდებით ნაფენი. სისტემა - GJ, პოლიტიკა და ჩვენ, არ უნდა იქნას აღქმული,  როგორც ხელოვნური ჟურნალისტურ-ფილოსოფიური წარმონაქმნი. ჩვენ სწავლა გვიყვარს და ცოდნის შესაძენად ბეჯითად ვმეცადინეობთ. ისიც კი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, პოლიტოლოგიის თანამედროვე, მკაცრად აპრობირებული სახელმძღვანელოებიდან არის ნასარგებლევი, მაგრამ კონტექსტიდან უცერემონიო ამოგლეჯის გარეშე. ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე პროგრესული პოლიტიკური იდეები სიმართლის მიმდევარი და მიუკერძოებელი გაზეთის შესაქმნელად. Gგვიხარია, რომ Gჟ-ის სტილი, ენა და შინაარსი ესადაგება იმ პოლიტიკურ სახელმძღვანელოთა დიდაქტიკურ არსს. ვვარაუდობთ, რომ მომავალშიც ასე გავყვებით არჩეულ გზას ქვეყნისა და სხვა ერთა ცხოვრების ობიექტური აღწერით დაკავებულნი. გვესმის ჟამთაღმრიცხველის ჩვენი ეს უმძიმესი როლი და სიამოვნებით ვასრულებთ მას.

ნუგზარ რუხაძე