დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად - კვირის პალიტრა

დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად

გართობა პატრიოტული ელფერით, თუ ახალი მიმდინარეობა ფლეშთამაშებში?

ჩვენი ინტერნეტმომხმარებელი არ არის განებივრებული ქართული ფლეშთამაშებითა და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამით. სწორედ ხსენებული დანაკლისის ამოვსებას ცდილობს პროგრამისტთა და დიზაინერთა პატარა ჯგუფი, რომელიც "მედიაპალიტრაში" ამ მიმართულებით მუშაობს.

ქართულ მოტივებზე გაკეთებული თამაშების ნახვა, ჩამოტვირთვა და ონლაინთამაში საიტზე game.ambebi.ge.  შეგიძლიათ. როგორც ფლეშის სპეციალისტი ლევან ტაბატაძე ამბობს, ქართულ მოტივებზე ფლეშთამაშების გაკეთების იდეა გამომცემლობა "პალიტრა L-"ის წიგნების სერიის - "დიდი ქართველების" ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

- ყოველთვის მინდოდა, განსაკუთრებული თამაში გამეკეთებინა. ზოგადად ფლეშში ძნელია რაიმე ახლის შექმნა. ორგანზომილებიანი თამაშები წლობით იქმნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დიდი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაგვიჭირდება. ამიტომ აქცენტი სხვა რამეზე უნდა გაგვეკეთებინა.

რამ გადაგაწყვეტინათ ქართველი ისტორიული პიროვნებების ჩართვა თქვენს თამაშებში?

ლევან ტაბატაძე: - როცა "პალიტრა L"-ის გამოცემული სერიის - "დიდი ქართველების" წიგნების გარეკანზე ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვახტანგ გორგასლის 3დ გამოსახულებები დავინახე, მივხვდი, რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავით.

ჩვენი თამაშები არა მარტო გასართობია, არამედ შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მაგალითად, თუ თამაშები "ვახტანგ გორგასალი" და ვაჟა-ფშაველას "არწივის" მოტივზე შექმნილი პროგრამა მოთამაშისგან სიზუსტესა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს, "ნიკო ფიროსმანი", ვიზუალური მეხსიერების გავარჯიშების გარდა, ქართველი მხატვრის ტილოების იდენტიფიცირებაშიც გვიწყობს ხელს.

- რამდენად რთულია თქვენი თამაშები?

- ზემოხსენებული თამაშები ორგანზომილებიანი და ერთმოქმედებიანია. მოთამაშეს შეუძლია, ნებისმიერი მათგანი ონლაინრეჟიმშიც ითამაშოს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, თავის კომპიუტერში ჩამოტვირთოს და ინტერნეტის გარეშეც გაერთოს.

- ახალ თამაშზე რას იტყვი? გარდა იმისა, რომ თებერვლის მოვლენებს მიუძღვენით, რით არის განსაკუთრებული?

- ახალი თამაში - "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", რომლის პრეზენტაციაც გასაგები მიზეზების გამო სპეციალურად თებერვლისთვის დავგეგმეთ, წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავდება. თამაში დაფუძნებულია 1921 წლის ისტორიულ მოვლენებზე. სიუჟეტად აღებულია ბრძოლები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, ხოლო თამაშის მთავარი გმირია ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრამატული პერიოდია ჩვენს ისტორიაში, დრომ მაინც გმირულ-რომანტიკულ ეპოპეად შემოგვინახა.

თამაში რამდენიმე ეტაპიანია და ყოველი ეტაპი განსხვავებულია. თამაშის მთავარი გმირიც და მოქმედი პერსონაჟებიც XX საუკუნის დასაწყისისთვის შესაფერის გარემოში მოქმედებენ. თამაშს სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებული მელოდია და მუსიკალური ფონი ადევს, რაც ერთიორად ახალისებს და უფრო საინტერესოს ხდის.

ჩვენი მიზანი მხოლოდ მომხმარებლის გართობა არ არის. შეიძლება, ვინმეს ეს თამაშები ზედმეტად მარტივად მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ... და რაც უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს დავაინტერესებთ საქართველოს ისტორიით, მით უკეთესი იქნება. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ტიპის პროგრამების შექმნას. კიდევ არაერთ, ძალიან საინტერესო იდეაზე ვმუშაობთ და ჩვენს მომხმარებელს უახლოეს მომავალში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

ჩვენს თამაშს რუსულ მედიაში აშუქებენ

საკმარისია GOOGLE.RU-ზე აკრიფოთ სიტყვა "ქაქუცა" და მონიტორზე ჩამოიშლება უამრავი რუსული და რუსულენოვანი ბმული, რომელთა გახსნისას შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ქართველ ეროვნულ გმირზე: თუ როგორ ებრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი წითელ არმიას საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როგორ გახდა იძულებული, უცხოეთში გადახვეწილიყო...

ავტორებმა ამ თამაშის შექმნა, გასაგები მიზეზების გამო, თებერვლის თვეს დაამთხვიეს და ქაქუცასი არ იყოს, "მიზანშიც მოარტყეს". თამაშს "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" რუსულ მედიაში აქტიურად აშუქებენ. მაგალითად, ცნობილი რუსული საიტი -  ლენტა. რუ ახალი ქართული კომპიუტერული თამაშისადმი მიძღვნილ სტატიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების გზას მიმოიხილავს და ყურადღებას ამახვილებს თამაშის იმ სიუჟეტზე, სადაც მოსჩანს კედელზე დაკიდებული ლენინის სურათი, რომელსაც დანა აქვს დარჭობილი. იმედია, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ ფაქტს საქართველოს მხრიდან მორიგ აგრესიად არ ჩათვლიან. ეს მხოლოდ თამაშია, თანაც რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა", #8